ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

რელიგია, პანდემია და სახელმწიფო იაპონიაში – ინტერვიუ

რელიგია, პანდემია და სახელმწიფო იაპონიაში – ინტერვიუ

მარიამ ინაბა საერთაშორისო ურთიერთობებს თბილისში, “თავისუფალ უნივერსიტეტში” სწავლობდა, ხოლო თეოლოგიას – კიოტოს დოშიშას უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე. ამჟამად იგი კიოტოში ცხოვრობს და ამავე ქალაქის პრეფექტურის საზღვარგარეთის ბიზნეს– ცენტრის კოორდინატორია.

  • თქვენი გამოცდილებით, იაპონიაში როგორ, როდის  და რაგვარი სახელმწიფო გზავნილით/ ბრძანებით მოხდა ტაძრების დახურვა  და როგორი იყო მორწმუნეების რეაქცია?

მოგეხსენებათ, იაპონიაში უმეტესად ბუდისტური და შინტოისტური ტაძრებია. ამავე დროს სხვა რელიგიების მიმდევრებიც სრულ ჰარმონიაში არსებობენ. სახელმწიფოს მხრიდან ტაძრების დახურვის გზავნილი/ბრძანება არ ყოფილა. ბუდისტური ტაძარი მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებით დაიხურა. შინტოისტური ტაძრები მუდმივად ღიაა, შესვლა უფასოა და ქრისტიანული ან სხვა ტაძრებისგან განსხვავებით, შიგნით არ შედიხარ.

კიოტოში და ზოგადად იაპონიის სხვა ადგილებშიც ტაძრები მხოლოდ სალოცავი ადგილი არ არის. ტაძრებს უამრავი ტურისტი სტუმრობს, როგორც ადგილობრივი, ასევე – უცხოელი. ამგვარ ადგილებში ვირუსის გავრცელების საშიშროებაც კიდევ უფრო მეტია და ამიტომაც ასე თუ ისე პოპულარულმა ტაძრებმა გადაწყვიტეს შეეწყვიტათ მომლოცველებისა და ტურისტების მიღება. ხალხის რეაქცია ადეკვატური და სიტუაციის შესაბამისია. ახლა ასეა საჭირო და არც არავინა წინააღმდეგი.

[green_box]ეკლესია და კორონავირუსი – გერმანიის მაგალითი[/green_box]

  • როგორ დაახასიათებდით საერო და რელიგიური ძალაუფლების ურთიერთმიმართებას იაპონიაში და როგორ ხდება მისი რეგულირება?

რელიგიას, კერძოდ კი, შინტოიზმს იაპონიის ისტორიაში განსაკუთრებული როლი აქვს, რადგანაც იმპერატორი შინტოს ღმერთების პირდაპირ შთამომავლად ითვლება. ამის მიუხედავად რელიგია და საერო ხელისუფლება სრულიად გამიჯნულია.

  • როგორ ფიქრობთ, რაზე იყო დამოკიდებული  ეპიდემიაზე რეაქციის ოპერატიულობა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს მორწმუნეთა განათლების/ფანატიზმის საკითხი?

როგორც აღვნიშნე, იაპონიაში რელიგიას თავისი კუთვნილი ადგილი აქვს. შესაბამისად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოწოდების (კანონმდებლობის მიხედვით იაპონიის ხელისუფლებას ბრძანების გაცემისა და მკაცრი ზომების მიღების უფლება არა აქვს) შემდეგ – „დარჩით სახლში“, ზოგმა გაითვალისწინა ეს თხოვნა და ზოგმა – არა. ისეთ ქვეყნებში, სადაც რელიგიას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, ვფიქრობ, ზუსტად ამ დროსაა საჭირო ეკლესიის ადეკვატური ქცევა და საკუთარი მრევლის მოფრთხილება. როცა ეკლესია ხვდება, რომ მას აქვს მრევლის მართვის დიდი უნარი, მან სახელმწიფოს გადაწყვეტილებებს უნდა აუბას მხარი, მანაც მოუწოდოს სიფრთხილისკენ და სახლში დარჩენისკენ.

[green_box]ჯიპებმა სამღვდელოების დიდი ნაწილის სიდუხჭირე მიჩქმალა – დეკანოზი ილია ჭიღლაძე[/green_box]

სამწუხაროდ, იაპონიამ ზომების მიღებაში საქართველოსგან განსხვავებით ოპერატიულობა არ გამოიჩინა და ახლა იმკის ამ სავალალო შედეგს. რაც შეეხება განათლებას და ფანატიზმს: ჩემი აზრით, როცა რწმენა და რელიგია ფანატიზმში გადადის, იგი უკვე აღარ არის ნამდვილი. აუცილებელია ყველას ჰქონდეს საკმარისი განათლება და ცოდნა როგორც საკუთარი რელიგიისა, ისე სხვა სფეროებისაც. მაგალითად, ზოგადი თავდაცვის, ან თუნდაც ჰიგიენური წესების შესახებ. როცა გეუბნებიან თავშეყრა არ შეიძლება და ერთმანეთს უნდა მოვერიდოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე დახურულ სივრცეში არ უნდა ვიდგეთ და საერთო ჰაერი ვისუნთქოთ. ძალიან მარტივია.

[green_box]დაკეტილი ეკლესიების ქველმოქმედება იტალიაში პანდემიის დროს – ინტერვიუ[/green_box]

  • თქვენი დაკვირვებით, პრობლემაზე რეაგირების სიჯანსაღეზე ქვეყნის წყობას ჰქონდა მნიშვნელობა?

იაპონიაში კონსტიტუციური მონარქიაა, ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი და არის საპარლამენტო დემოკრატიაც. გადაწყვეტილებების დიდ ნაწილს პრემიერ-მინისტრი პარლამენტთან შეთანხმებით იღებს. ამ შემთხვევაშიც პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს განცხადებების საფუძველზე კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ჯერ შვიდ პრეფექტურაში და შემდეგ მთელ იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაგრამ რეაგირება  მაინც საკმაოდ გვიანი იყო. და  ეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა ერთხმად ამბობდა – ტოკიოც ნიუ იორკის ბედს გაიზიარებს და უარესი მოხდებაო. ზემოთ უკვე დავწერე და კიდევ განვავრცობ. პრემიერ-მინისტრის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იყო მხოლოდ რეკომენდაცია. სამწუხაროდ, იაპონიის კონსტიტუციის თანახმად, მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვა შეუძლებელია. ამიტომ, მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებითა და ადგილობრივი მერების მოქმედებით დაკეტეს კაფე-რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, ატრაქციონების პარკები, ტურისტული სანახაობები. ის ადგილები, სადაც ძირითადად ხდებოდა ყველაზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მაგალითად, კიოტოში ყველა დიდი სავაჭრო ცენტრი დაკეტილია. ასევე დაკეტილია კაფე-რესტორნების გარკვეული ნაწილი, ნაწილი კი „თეიქ-აუთ“-ზე მუშაობს. დაკეტილია ტანსაცმლის მაღაზიები, მაგრამ ღიაა სუპერმარკეტები.

ჩემს სახლთან ახლოს გადახურული სავაჭრო ქუჩაა, სადაც არის კაფეები, სუპერმარკეტები, ხორცის და ბოსტნეულის მაღაზიები, პატარა პარკი. შაბათ-კვირას რომ გაიაროთ, უამრავ ხალხს ნახავთ. კაფეები ღიაა და ხალხიც ბევრია. სუპერმარკეტში შესვლა შეუძლებელია, ოჯახებით მოდიან და ვაჭრობენ. პარკში ბავშვები ჰყავთ გამოყვანილი და სხვა ბავშვებთან ათამაშებენ. ამიტომაც გუშინდელი მონაცემებით კიოტოს ქალაქში 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კვლავ მატულობს. თავად კიოტოს პრეფექტურაში მთლიანად 300–ზე მეტი ინფიცირებულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაცრი ზომების მიღების უფლება.

[green_box]როგორ ხვდებიან პანდემიის დროს აღდგომას მართლმადიდებლები საბერძნეთში – ინტერვიუ[/green_box]

  • როგორ ფიქრობთ, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ეკლესია ბიუჯეტიდან და როგორია თქვენთვის იდეალური ეკლესია?

ჩემი აზრით, არ უნდა ფინანსდებოდეს ისეთი ტაძრები, რომლებსაც  საკმარისი მრევლი ჰყავს და შემოწირულობითა თუ გაყიდული სანთლებით ან სხვა ნივთებით ტაძრის ხარჯების ანაზღაურება შესაძლებელია.

იაპონიის ბუდისტური ტაძრების მაგალითს მოვიყვან: კიოტოში ასობით ბუდისტური ტაძარია, მათ შორის, ბევრი იუნესკოსი და იაპონიის ეროვნული საგანძურია. ბევრი მათგანი იმდენად პოპულარულია, რომ ხალხს ვერ იტევს. ძირითადად ტურისტები სტუმრობენ. გუგლის საძიებო სისტემაში კიოტო რომ ჩაწეროთ, ბევრი ტაძრის ფოტო პირველივე გვერდზე ამოხტება. ერთ-ერთია ტენრიუჯის ტაძარი არაშიამაში (კიოტო), რომლის ბაღი არის ძალიან ცნობილი და იუნესკოს სიაშიცაა. მას ყოველ დღე უამრავი ხალხი სტუმრობს. ტაძარში შესვლა ფასიანია და თუ ბაღის ნახვაც გინდა, ამის გადასახადიც ცალკეა. ამ ტაძრიდან ათი წუთის სავალზე არის სხვა ტაძარი – სეირიოჯი, სადაც ჩემი ნაცნობი ბერი მსახურობდა. იგი  სხვა ტაძარში იმიტომ გადავიდა, რომ ხელფასი არ ჰქონდა და, ფაქტობრივად, მოხალისედ იყო. მას ჰყავს ოჯახი, რომელსაც რჩენა სჭირდება. რაკიღა ტენრიუჯი ცნობილია და უფრო მეტი მოვლა სჭირდება, ის უფრო მეტ დაფინანსებას იღებს. ამას ვიზიტორების მიერ გადახდილი თანხა ემატება და იქვეა შესაწირი ყუთი, რომელიც მთლიანად ივსება. სამაგიეროდ, სეირიოჯის ტაძარს ცოტა ხალხი სტუმრობს და არც შემოწირულობა აქვს და დაფინანსებაც – ნაკლები. ამიტომ ვთვლი, რომ თუ სახელმწიფო მაინც და მაინც ეკლესიას უნდა დაეხმაროს, უნდა დააფინანსოს ისეთი ტაძრები, რომელსაც  მატერიალური მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება და თავს ვერ ირჩენს.

[green_box]ეკლესია, პანდემია და სახელმწიფო – როგორ გადაწყდა საკითხი ავსტრიაში[/green_box]

ჩემთვის იდეალური ეკლესია არ არსებობს, რადგან ღმერთი ყველგანაა. ღმერთია იქ, სადაც მე ვილოცებ: სახლში, გარეთ თუ სადმე პარკში ან თვითმფრინავში. მე ხშირად დავდივარ ერთ ბუდისტურ ტაძარში, სადაც ისეთ სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ, როგორც არსად სხვაგან. იგი ცნობილი  არაა, ხალხი იქ არ დადის და, ფაქტობრივად, იქ  მხოლოდ მე ვარ სტუმარი. გარშემო ულამაზესი ბუნებაა. რომ დაჯდები და ბუნების ხმას უსმენ, ჩემთვის ეს საოცარი განტვირთვაა. მერე რა, რომ ბუდისტური ტაძარია, იქაც მილოცია. ჩემთვის ღმერთს სახელი არ აქვს, ღმერთი ყველასია და ყველას ჩვენი ღმერთი გვყავს. ზოგისთვის ბუდაა, ზოგისთვის ალაჰი და ა.შ.

იაპონელების დამოკიდებულება რელიგიასთან სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ჩემი მეუღლის დედის მხარე შინტოისტები არიან, მამის – ბუდისტები. ბავშვი როცა იბადება მოსალოცად შინტოისტურ ტაძარში მიჰყავთ, როცა ადამიანი იღუპება, ბუდისტი ბერი მოჰყავთ. აღნიშნავენ კათოლიკურ შობას, ქორწილის ცერემონიას ატარებენ შინტოისტურ ტაძარში ტრადიციული საქორწილო კიმონოთი; კათოლიკური სტილის ცერემონია თანამედროვე სამოსით მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, აქაც არიან გამონაკლისები და ვინც თავიდანვე ბუდისტურ ოჯახშია აღზრდილი, ბოლომდე ინარჩუნებს ტრადიციებს; ვინც კათოლიკეა, ბოლომდე კათოლიკეა და ა.შ. მაგრამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სინკრეტიზმის მიმდევრები არიან. სინკრეტიზმში კი ბუდიზმისა და შინტოიზმის შერწყმაა და  იაპონურად  მას “შინბუცუ შიუგო” (神仏習合) ჰქვია.

[green_box]რუსული გავლენა და ფსევდოეკლესიურობა – ინტერვიუ ბასილ კობახიძესთან[/green_box]