ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

დაკეტილი ეკლესიების ქველმოქმედება იტალიაში პანდემიის დროს – ინტერვიუ

დაკეტილი ეკლესიების ქველმოქმედება იტალიაში პანდემიის დროს – ინტერვიუ

ინტერვიუ მღვდელმონაზონთან ლეონიდე ებრალიძესთან, რომელიც იტალიაში, რომში ცხოვრობს, აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტის დოქტორანტი და ლატერანის უნივერსიტეტის ლიტურგიული ღვთისმეტყველების მიწვეული პროფესორია.

  • თქვენი გამოცდილებით, როდის და როგორი სახელმწიფო გზავნილით, ბრძანებით მოხდა იტალიაში ეკლესიების დახურვა და როგორი იყო მრევლის რეაქცია?

იტალიაში ტაძრების დახურვა ხელისუფლების სპეციალური განკარგულებით არ მომხდარა. ხელისუფლებამ ზოგადად აკრძალა  შეკრებები, ეს აკრძალვა კი ადგილობრივმა საეკლესიო იერარქიამ, კათოლიკეებმა და მართლმადიდებლებმა გამოცემის დღიდანვე გაითვალისწინეს და სპეციალური დეკრეტებით აცნობეს დაქვემდებარებულ სამრევლოებს, რომ საეკლესიო მსახურება უნდა შესრულებულიყო დახურულ კარს მიღმა, მრევლის დასწრების გარეშე.

საინტერესოა, რომ ზოგიერთმა საეკლესიო რეგიონმა, მაგალითად, ლომბარდიამ, ხელისუფლების მიერ მიღებულ შეზღუდვებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყვიტა საჯარო მსახურება. როგორც ლომბარდიის რეგიონის ერთ-ერთმა მაღალმა იერარქმა  პირად საუბარში მითხრა, მათ მიიღეს ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილება, რადგან ეკლესიისათვის უდიდესი მორალური დარტყმა იქნებოდა ტაძარში თუნდაც ერთი ადამიანი რომ დაავადებულიყო. რა თქმა უნდა, რეაქციები საეკლესიო ხელისუფლების დეკრეტებზე არაერთგვაროვანია. არიან ადამიანები რომლებიც მიიჩნევენ, რომ სხვა გამოსავალი უნდა მოეძებნათ; არიან ადამიანები, რომლებიც, პირიქით, ამართლებენ ამას.  ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია – ყველა ემორჩილება. იმ ერთეულ დარღვევებს კი, რომლებსაც უკანასკნელ თვეში ჰქონდა ადგილი და რომლებზეც პოლიციას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, უკვე საეკლესიო ტრიბუნალები იძიებენ.

  • როგორ დაახასიათებდით საერო და რელიგიური ძალაუფლების ურთიერთმიმართებას იტალიაში და როგორ ხდემა მისი რეგულირება?

იტალია სამოქალაქო სახელმწიფოა. ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისაგან გამიჯნულია, მაგრამ ამავე დროს ეკლესია წარმოადგენს ძლიერ ორგანიზაციას, რომელსაც პატივს სცემს იტალიის ხელისუფლება და საზოგადოება. საუბარი არ მაქვს ვატიკანზე, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საუბარი მაქვს იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციაზე (იტალიელი ეპისკოპოსების სინოდზე), რომელიც მართავს იტალიაში კათოლიკურ ეკლესიას. ხშირად სახელმწიფოსა და ეკლესიის შეხედულებები არ ემთხვევა ერთმანეთს, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის აბორტი, ან ოჯახის ქრისტიანული კონცეფცია. რა თქმა უნდა, ეკლესია ცდილობს დაიცვას თავისი პოზიციები, სახელმწიფო კი თავის პოზიციებს იცავს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ჭიდილი მიმდინარეობს კანონის ფარგლებში, არა ძალადობრივი გზით.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულ კანონმდებლობასთან შედარებით, ის იტალიური კანონმდებლობა, რომელიც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას არეგულირებს, გაცილებით დახვეწილია. ასევე სხვა დონეზეა ამ ურთიერთობათა გამოცდილება, პოლიტიკური კულტურაც.  იმედია, მომავალში საქართველოშიც უფრო მეტად დაიხვეწება ეს ურთიერთობები და ხელისუფლებაც და ეკლესიაც უფრო მეტ გამოცდილებას, პოლიტიკურ კულტურას შეიძენენ.

  • როგორ ფიქრობთ, რაზე იყო დამოკიდებული ეპიდემიაზე რეაქციის ოპერატიულობა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს საეკლესიო ელიტის, მრევლის განათლება?

მოგეხსენებათ, იტალია იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელსაც მოუწია გამკლავებოდა კორონავირუსის მასშტაბურ ეპიდემიას. აქ ეტაპობრივად მიიღეს ის ყველა ზომა, რაც შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიზიარა. პრობლემა იმაშია, რომ თავიდან მოსახლეობა ვერ მიხვდა მდგომარეობის სიმძიმეს და არასერიოზულად მიუდგა შესაბამისი ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.  რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში საეკლესიო მოღვაწეების სამოქალაქო კულტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ცხადია, იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციას ჰქონდა იმისი რესურსი, რომ სამოქალაქო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები გაეპროტესტებინა, გაესაჩივრებინა და ა.შ., რაც, ამ ურთულეს სიტუაციაში ეპიდემიასთან გამკლავებას მხოლოდ ხელს შეუშლიდა.

ხელის შეშლის ნაცვლად, ეპისკოპოსთა კონფერენციამ სპეციალურად 200 მილიონი ევრო გამოყო ეკონომიური კრიზისისაგან დაზარალებული ღარიბი ოჯახებისა და სამედიცინო დაწესებულებების დასახმარებლად. გარდა ამისა, სხვადასხვა საეკლესიო ორგანიზაცია მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სახელმწიფოს, როგორც სამედიცინო, ასევე სოციალური  კუთხით, საერთო ჯამში საუბარია ეკლესიის მხრიდან გაღებულ 500 მილიონ ევროზე. რა თქმა უნდა ამ კოლოსალური თანხების მობილიზებას შეეწირა არაერთი სასულიერო პირის თვიური ხელფასი, მაგრამ ჩემი კათოლიკე კოლეგები ამ საკითხს ღირსეულად უდგებიან, მათ მიაჩნიათ, რომ ამჟამად ეკლესიის მოწოდება არის მოყვასის მსახურება. ასეთი მიდგომა აღტაცებას იმსახურებს.

  • თქვენი დაკვირვებით, პრობლემაზე რეაგირეგირების სიჯანსაღეზე ქვეყნის წყობას ჰქონდა მნიშვნელობა [ტოტალიტარიზმი/დემოკრატია/პოსტსაბჭოთა/მონარქია/ თეოკრატია)?

რთულია ამ თემაზე საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთნაირად ზარალდებიან ქრისტიანული კულტურის, დემოკრატიული იტალია და ირანის ისლამური სახელმწიფო; კომუნისტური ჩინეთი და ლიბერალური ამერიკა…

  • როგორ ფიქრობთ, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ეკლესია ბიუჯეტიდან და როგორია თქვენთვის იდეალური ეკლესია?

დიახ, უნდა ფინანსდებოდეს. რა თქმა უნდა ეს დაფინანსება უნდა ხდებოდეს არა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული ბუნდოვანი შეთანხმებების საფუძველზე, არამედ დეტალურად გაწერილ საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით. ეკლესიის დაფინანსების სხვადასხვა მოდელი არსებობს, ამაზე მსჯელობა და საუკეთესოს შერჩევა შესაძლებელია. ეკლესიამ კი, თავის მხრივ, იურიდიული ვალდებულება უნდა აიღოს საბიუჯეტო ფონდების ხარჯვის გამჭვირვალობაზე. ზოგადად ეკლესიის ადმინისტრაციას მრევლის წინაშე ისედაც აქვს მორალური ვალდებულება, იყოს აბსოლუტურად გამჭვიტვალე.

ჩემთვის იდეალური არის ეკლესია თანაზიარებისა, გაზიარებისა, ერთობისა,  თავგანწირვისა, როგორადაც ის ჩაიფიქრა იესო ქრისტემ, ამ სხეულის თავმა.  ამიტომ ეკლესია ყოველთვის  და ბუნებრივად არის ასეთი, მიუხედავად იმისა, ვპასუხობთ თუ არა მისი ცალკეული წევრები ან თუნდაც ადმინისტრაციული ერთეულები ამ მაღალ იდეალებს.