ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

რუსული გავლენა და ფსევდოეკლესიურობა – ინტერვიუ ბასილ კობახიძესთან

რუსული გავლენა და ფსევდოეკლესიურობა – ინტერვიუ ბასილ კობახიძესთან

თეოლოგი და ყოფილი დეკანოზი ბასილ კობახიძე საფრანგეთში, ბორდოში ცხოვრობს, სადაც, მისი თქმით, 17 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადა და თავყრილობის ადგილები, მათ შორის, ეკლესიები, დაკეტა. საფრანგეთში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება 1905 წლის შეთანხმებით, რომელიც სახელმწიფო სეკურალიზმს აკანონებს. ფრანგ სასულიერო პირებს ხელფასი არ აქვთ ელზას – ლოტარინგიის რეგიონების გარდა, სადაც გერმანული კანონმდებლობა დატოვეს.

  • როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა განაპირობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ობსკურანტული ტენდენციების მქონე ორგანიზაციად ჩამოყალიბება და რა შეცდომები დაუშვა სახელმწიფომ მასთან მიმართებაში?

უპირველეს ყოვლისა ეს განაპირობა რუსეთის ეკლესიის გავლენამ, სამღვდელოების ტოტალურმა გაუნათლებლობამ და ქრისტიანული სწავლების ჩანაცვლებამ აპოკალიპტური შიშებით, გამოგონილი მისტიური სასწაულებითა და ფსევდოეკლესიური ფოლკლორით. ათწლეულების განმავლობაში საზოგადოება არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ამ პრობლემას, ხოლო სახელმწიფო, ყველა მთავრობა  ეკლესიას უზარმაზარ ფულს, ქონებასა და გავლენას აძლევდა. სწორედ ამიტომ ამ გლობალური პანდემიის დროს მივიღეთ სერიული მკვლელი ეკლესია, რომელიც ხალხს დაუბრკოლებლად ავირუსებს.

  • საქართველოს კონსტიტუცია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს აღიარებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეცვალა საქართველოს დამოუკიდებლობის წლებმა და, გნებავთ, ავტოკეფალიის დაბრუნებამ ამ დებულების შინაარსობრივი და ფორმალური არსი და რა იყო არასწორად გაგებული ცნებაში – „განსაკუთრებულ როლი“?

საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ე.წ. კონკორდატი, არის ცალსახად უარყოფითი მოვლენა, რომელმაც დააზიანა ქართული სახელმწიფოებრიობა. „განსაკუთრებული როლი“ ეკლესიის აღმოჩნდა მხოლოდ ის, რომ იგი ხალხს ხოცავს და ამას შეშინებული სახელმწიფო და საზოგადოება შორიდან აკვირდება.  კონკორდატის საფუძველზე ეკლესია ქართულ სახელმწიფოს სისხლს წოვს; ართმევს უზარმაზარ უძრავ-მოძრავ ქონებას და თანხებს. მაგალითად საკონსტიტუციო შეთანხმების ერთ-ერთი მუხლი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია აუნაზღაუროს ეკლესიას საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზარალი. მაშინ როდესაც ჩვენი სახელმწიფო არ არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, ჩვენს მოსახლეობას არავითარი ზარალი არ მიუყენებია მღვდლებისთვის და გაუგებარია, რატომ უნდა იღებდეს კონტრიბუციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც მოსახლეობის გადასახადებისაგან იქმნება.

  • არც ისე დიდი ხნის წინათ საქართველოში ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოჰყვა ძალიან არაადეკვატური რეაქცია და მორალური პანიკა. სამღვდელოების ზოგიერთი წარმომადგენელი იმასაც ამბობდა, რომ ჰომოსექსუალიზმი, როგორც „ავადმყოფობა“, ეკრანზე ყურებით მაყურებელზე გადავიდოდა და ხალხი “სოდომ–გომორას” სენით დაავადდებოდა. ისინი მრევლს, სრულიად ერს ამ ფილმის ჩვენებების ჩაშლისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა ახლა, მომაკვდინებელი ვირუსის პანდემიის დროს, როცა ეკლესია “დამცავ ზომებს” არ იღებს და მრევლს, ფაქტობრივად, ხალხმრავალ ადგილებში – ტაძრებში ეპატიჟება, რასთან გვაქვს საქმე და რა გადაწყვეტს ამ პრობლემას?

მორალური პანიკა ეკლესიის ხელში ეფექტური იარაღია იმისთვის, რომ მრევლი დაზაფროს და შემდეგ თავისი მიზნებისათვის გამოიყენოს. დღეს, გავიმეორებ, ეკლესიის მანიაკალური მიზანია ადამიანების დავირუსება. სწორედ მორალური პანიკის ატეხვის ერთ-ერთი გამოხატულებაა მიტროპოლიტ შიო მუჯირის ქადაგება, სადაც მან განაცხადა, რომ კორონავირუსი ღმერთმა მოგვივლინა სექსუალური უმცირესობების არსებობისა და იმ ქალების გამო, რომელთაც აბორტი აქვთ გაკეთებული. ასეთი თითის გაშვერა საზოგადოების გარკვეული წევრებისადმი და მათი დადანაშაულება გვაგონებს შუასაუკუნეების ალქაჯებზე ნადირობას, როდესაც ევროპაში ქრისტიანები ხოცავდნენ ებრაელებს და ამბობდნენ, რომ შავი ჭირი სწორედ მათ გამოიწვიეს.

  • ისტორიულად, როგორ ხვდებოდა მასობრივ კატაკლიზმებს ქართული ეკლესია და ზოგადად მართლმადიდებელი სამყარო? იყო თუ არა ეპიდემიებთან გამკლავების პრეცენდენტები ეკლესიის ჩართულობით?

საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ ცნობები მწირია და ეპიდემიებთან მისი დამოკიდებულების შესახებ ჩემთვის თითქმის არ არის ცნობილი. თუმცა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ეპიდემიის დროს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე ბაგრატიონმა მრევლი მიატოვა და თბილისიდან გაიქცა, თუმცა ხალხი მას ქალაქის ბოლოს დაეწია და უკან დააბრუნა.

  • საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, ასე ვთქვათ “ორაზროვან”, თითქოს შეჯიბრის პოზიციაში/ მიმართებაში ხელისუფლებასთან. გაამყარა თუ არა ეს  თეოკრატიული  ორაზროვნება მისმა საბიუჯეტო ორგანიზაციად გადაქცევამ?

ცხადია, იმ უზარმაზარმა თანხებმა, რომელსაც საპატრიარქო იღებს არა მხოლოდ ბიუჯეტიდან, არამედ სხვადასხვა სამთავრობო ფონდებიდან, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ხელისუფლებასთან დაახლოვებული თუ რუსეთში მცხოვრები ოლიგარქებისაგან, უკიდურესად გააძლიერა ეკლესია, როგორც კორპორაცია. საპატრიარქო გადაიქცა სახელმწიფოდ სახელმწიფოში. ასეთი მდგომარეობა არც ერთ ქვეყანაში არ არის. ამან და მოსახლეობაზე ეკლესიის  ტოტალურმა გავლენამ გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო სრულიად უსუსური აღმოჩნდა, რათა  ეკლესიის მიერ ხალხის დავირუსებისათვის ხელი შეეშალა.

  • კორონასთან ბრძოლის ქრონოლოგიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფო უსუსურია და არა თუ უსუსურია, დაგიპნოზებულივით შეასრულებს ეკლესიის სურვილებს და არ დაემორჩილება არა მარტო საღ აზრს, არამედ – გაეროს რეზოლუციას კორონასთან ბრძოლის თაობაზე, რომლის თანასპონსორი საქართველო იყო. ამას მოწმობს ერთ–ერთი წამყვანი ქართველი ინფექციონისტის “სთეითმენტი”, არადა მთელ მსოფლიოში ჰიპოკრატეს ფიცი ექიმს ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა სახის სპეკულაციებიდან იმთავითვე ათავისუფლებს. რასთან გვაქვს საქმე და ჩაითვლება თუ არა ეს ე.წ. დისციპლინარულ, გნებავთ, „ეთიკურ გადაცდომად”, მაგალითად, დასავლეთში, საფრანგეთში?

ასეთი საშინელი პანდემიის დროს, რა თქმა უნდა, ექიმი-ინფექციონისტის უპირველესი მოვალეობაა ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულება და ხალხის დახმარება. ასე იქცევა ექიმების უმრავლესობა საქართველოში. მაგრამ რადგან ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის არა ადამიანების სიცოცხლე, არამედ მომავალ არჩევნებში გამარჯვება, რაშიც მას ეკლესიის დახმარების იმედი აქვს, მთავრობა ზეწოლას ვერ ახდენს ეკლესიაზე, მაგრამ ახდენს ექიმებზე, რათა მათ უღალატონ ჰიპოკრატეს ფიცს და  მკვლელი ეკლესია აქონ და ადიდონ.

  •  ცნობილია არაერთი მოსაზრება, რომ მართლმადიდებლობა თავისი არსით ვერ პასუხობს თანამედროვე ეპოქის გამოწვევებს და ის ქვეყნები, სადაც იგი დომინანტია, მეწინავის სტატუსს ვერ დაიმკვიდრებს. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას და რა არის ამ პრობლემის მიზეზი?

საქართველოში მართლმადიდებელი ქრისტიანობა საერთოდ არ არსებობს. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბოლომდე ჩაკლა ის ქრისტიანობა, რომელიც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი და სახარების სწავლების მაგივრად ხალხს მისცა თავის რუსული ყაზარმული რელიგიით გაჟღენთილი გონების ნაჟური. საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ ფორმალურია, ხოლო ეკლესიის სწავლება არის სწორედ რუსული ფსევდოქრისტიანობა და რუსეთი ამას მშვენივრად იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის. რად ღირს თუნდაც სამღვდელოების წარმომადგენლების არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთადერთი მოძმე არის რუსეთი; რომ რუსეთი უნდა გვერჩივნოს დამპყრობლად და არა ამერიკა; რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წართმევა არის ჭკუის სწავლების მიზნით უფროსი ძმის შინაურული წამოთაქება უმცროსი ძმისათვის. ზემოხსენებულს უბრალოდ ვციტირებ. სახეზეა ერთმორწმუნეობის ოდიოზური მითის პოლიტიკურ-იდეოლოგიური მანიპულაცია.

  • ხშირად გაისმის, რომ ღმერთმა კორონა სამყაროს ცოდვების გამო მოუვლინა და ამ პანდემიის მიზანიც ადამიანთა უსუსურობისა და ღვთიური დიდი ძალის დემონსტრაციაა. რახან ღმერთი გვსჯის ე.ი.იგი არსებობს. როგორ ახსნიდით ამ მოვლენას და ანალიზისა თუ სინთეზის რომელმა “ხერხმა” შეიძლება გასჭრას საშუალო სტატისტიკურ, როგორც ამბობენ, “ეკლესიურ” ადამიანზე?

თანამედროვე ქრისტიანი პანდემიითაა დაზაფრული. ჩვენი წინაპრების ცხოვრებაში, საქართველოში თუ სხვაგან, ეპიდემიები იყო ჩვეულებრივი მოვლენა, რომელთან წინააღმდეგ მთელი ძალების გამოყენებით იბრძოდნენ როგორც სახელმწიფოები, ასევე ეკლესიები. საკმარისია გადავხედოთ ეპიდემიოლოგიის ისტორიას, რომ ამაში დავრწმუნდეთ. მაგალითად, იქ ვნახავთ, რომ პატრიარქები თვითონ აწყობდნენ მკაცრ კარანტინებს, რადგან ეპიდემიური ავადმყოფობების საწინააღმდეგო ვაქცინა ჩვენს წინაპრებს არ გააჩნდათ, ისევე როგორც დღეს ჩვენ კორონას ვაქცინა არა გვაქვს. ჰოდა, ეპიდემიის გავრცელების ერთადერთი დაბრკოლება იყო მკაცრი კარანტინი.

[green_box]ინტერვიუები თემაზე – კორონავირუსი და ეკლესია[/green_box]

  • ძნელბედობის ჟამს ბუნებრივია, როცა ადამიანებს უნდათ ღმერთს შველა (ეს შველა, როგორც წესი, სასწაულის სინონიმია) სთხოვონ, ილოცონ ღვთის სახლში, წირვას დაესწრონ, სანთელი დაანთონ, ტრადიციისამებრ აღდგომას საფლავებზე გავიდნენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ მიუხედავად დიდი საფრთხისა, ისინი ეკლესიაში მაინც იმიტომ მივიდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ თუ აღდგომას (ან შობას) ეკლესიაში არ შეხვდებიან, თავის თავში ათეისტებს “აღმოაჩენენ” ანდა ვინმე მათზე იტყვის –
    “თუ შეგეშინდა ღვთის სახლში მისვლის, ერთი კოვზიდან ზიარების, მაშინ  მორწმუნე არ ყოფილხარო”… რას ეტყოდით მათ?

ასეთ განცხადებებს უკვე დიდი ხანია აკეთებს მართლმადიდებელი ეკლესია, რაც დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას. სახარების სწავლებით არც ტაძარი, არც წირვა, არც ზიარება, არც რიტუალები კერპები არაა. პანდემიის დროს, ქრისტეს მიმდევარმა უნდა გამოიჩინოს კაცთმოყვარეობა, სოლიდარობა, დარჩეს სახლში, რათა არ დაავირუსოს მოწყვლადი თანამოძმეები. როგორც გვასწავლის იესო ქრისტე – შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ არ განიხილავენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის მმართველები წირვის მხოლოდ ტელეტრანსლაციის /ონლაინ მაუწყებლობის თემას, როგორც ეს მოხდა რომის პაპის წმინდა პეტრეს ტაძრიდან, სადაც პაპი მორწმუნეებს ცარიელ მოედანზე მიმართავდა. ყველასთვის მომგებიანი იქნება თუ ეკლესია “კომპრომისზე წავა”, ტექნიკის ამ საშუალებას გამოიყენებს (ტელეტრანსლაციები აქამდეც არსებობს) და ამით არაერთი სულიერი შვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს გადაარჩენს. ლოგიკურად, ეკლესია მორწმუნეთა რაოდენობის შენარჩუნებით უნდა იყოს დაინტერესებული. თავად მღვდლებს ხომ აქვთ თანამედროვე ტელეფონები, “გაჯეტები”,  “ეშმაკისეული ხრიკები”? მაგალითად, თუნდაც ონლაინ ჩართვა ფეისბუქზე ძალიან მარტივად განსახორციელებელი ამბავია.

პანდემიამ ადამიანებში შიშები ბუნებრივად გამოიწვია და ამ შიშმა ქრისტიანობისგან განძარცვულ ეკლესიაში გამოიწვია უკიდურესი ფანატიკური აღტკინება, როგორც ფსიქოლოგიური დამცავი საშუალება. ამიტომ მღვდლებისა და მრევლის უმეტესობას ქრისტესთვის მოწამეობა დავირუსება ჰგონია. ეს კატასტროფული სიტუაციაა, როდესაც ეკლესია არც მრევლს ინდობს და არც სასულიერო პირებს. ეს გამოწვეულია იმ მრავალწლიანი, ბნელი, რუსულ-შავრაზმული პროპაგანდით, რომელსაც ახორციელებდა და ახორციელებს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მისი საპატრიარქო.