ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (1638) აშშ-ის ბიბლიოთეკების სისტემებში ყველაზე ძველია და ამავე დროს, წიგნებისა და ხელნაწერების ყველაზე დიდ კერძო კოლექციასაც მოიცავს. ბიბლიოთეკის საცავებშია ოც მილიონზე მეტი ტომი, ოთხასი მილიონი ხელნაწერი, ათი მილიონი ფოტო და ერთი მილიონი რუკა. ხელნაწერი თუ ნაბეჭდი მასალების რაოდენობის მიხედვით იგი კონგრესისა და ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკის შემდეგ მესამეა აშშ-ში.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს 1942 წელს დაარსებული ჰაუტონის ბიბლიოთეკა, რომელიც ცნობილია ძველი წიგნებისა და ხელნაწერების უნიკალური ნაკრებით, მის კოლექციაში – The Donald and Mary Hyde Collection of Dr. Samuel Johnson – კი ინახება არა მარტო ინგლისური ენის „ნათლიის”, ცნობილი მწერლისა და ლექსიკოგრაფის სემუელ ჯონსონის, არამედ გეორგიანული ინგლისის მწერლის, ოლივერ გოლდსმიტისა და ინგლისელი დრამატურგის, დეივიდ გარეკის წიგნები და ხელნაწერები.
თითქმის სამი საუკუნის შემდეგ, შექსპირის ნაწარმოებების, თომას ელიოტისა და ემილი დიკენსონის ხელნაწერებისა და სხვა ანტიკვარულ ნიმუშებს შორის, ამ კოლექციაში ბინა დაიდო XVIII საუკუნეში გამოცემულმა ბიბლიამ ქართულ ენაზე.
ეს არის 1743 წელს, მოსკოვში, შეზღუდული რაოდენობით (ამბობენ, რომ 300 ეგზემპლარი დაისტამბა) დაბეჭდილ ბიბლიათაგან ერთ-ერთი, რომელიც მნიშვნელოვანია თავისი ისტორიული და კულტურული ღირებულებით თუნდაც იმიტომ, რომ იგი დევნილი ქართველი სამეფო ოჯახის მიერ გამოიცა; იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ენასა და კულტურას სამშობლოდან შორს ინარჩუნებდნენ.
2025 წლის თებერვალში ჰარვარდის უნივერსიტეტმა ნუსხურ-ხუცური დამწერლობით დაბეჭდილი უნიკალური ბიბლია დეივისის ცენტრის ქართული პროგრამების ყოფილი და ახლანდელი ხელმძღვანელების, სტივენ ჯონსისა და ნათია ჭანკვეტაძის ძალისხმევით ჰოლანდიელი წიგნებით მოვაჭრისგან, რობერტ ა. ვან დენ გრავენისგან 75 000 დოლარად შეიძინა.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო
ქართველებისთვის ეს წიგნი არა მარტო რარიტეტია, არამედ ქართული კალიგრაფიით შენახული მეხსიერებაა და წარმოადგენს ქართული ბიბლიური ტექსტის ადრეული ბეჭდური სტანდარტის იშვიათ ნიმუშს, XVIII საუკუნის აღმოსავლეთ ქრისტიანული ტექსტების ბეჭდვისა და გავრცელების უნიკალურ ისტორიას.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ამ გამოცემის შეძენამ მისი ბიბლიოგრაფიული ფონდი მნიშვნელოვნად გაამდიდრა და აშშ-ში ქართული კულტურისა და ენის შესწავლის შესაძლებლობას ხელი შეუწყო. ეს შენაძენი ამდიდრებს აქ უკვე არსებულ კოლექციას, რომელიც საქართველოს ისტორიის წარმოაჩენს როგორც რელიგიური ხელნაწერებით, ასევე XX საუკუნის სახელმწიფო დოკუმენტებითა და მხატვრული ფილმებით. იგი ხაზს უსვამს ქართული დამწერლობისა და წიგნის ბეჭდვის ისტორიის საერთაშორისო აღიარებას.
ლუქს – სტილით, ე.წ. ფრანგული აკინძვის ტიპის “ბაკარას ბიბლიად” ცნობილი წმინდა წერილი ქართულად სირთულეებისა და გაჭირვების პირობებში გაჩნდა. დასტამბვის პრობლემები გამოცემამდე ოცი წლით ადრე დაიწყო. მას მერე, რაც ქართველებმა ადგილობრივი სტამბის დაარსება შეძლეს, შეკრიბეს არა მარტო ტექნოლოგიები, არამედ ენისა და შრიფტის სპეციალისტები, ქართული “ბეჭდვის სახლი” ოსმალეთის იმპერიის თავდასხმის შედეგად სრულად განადგურდა. 1720-30 წლებში, დაუსრულებელი გარე თუ შიდა კონფლიქტების გამო, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში იძულებით პოლიტიკურ ემიგრაციაში აღმოჩდნენ.
სწორედ რუსეთში, სამთავრობოებად დანაწევრებული საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, ქართლის მმართველის ვახტანგ VI-ის ორი ვაჟის, ბაქარისა და ვახუშტის ძალისხმევით გამოიცა ბიბლია, რომელიც ახლა აშშ-ის ბიბლიოთეკაში ინახება.
ძმებს, მოსკოვში, ცხადია, ქართველი მბეჭდავების პოვნა ძალიან გაუჭირდათ. სამშობლოში ისინი ისედაც თითზე ჩამოსათვლელი იყვნენ, რადგან იქ ტიპოგრაფიული საწარმოები არ არსებობდა. ამას გარდა მათ პრობლემები შეუქმნა რუსეთის სინოდმა – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველმა ორგანომ, რომელიც ბეჭდვის “ბიზნესს” სრულად აკონტროლებდა. ბოლოს როგორც იქნა გაჩნდა ბიბლია, მაგრამ იმავე სინოდმა ბიბლიის საქართველოში გაგზავნის საკითხი გაართულა და ამ ნებართვას ქართველები ოცი წელი ელოდნენ.
დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ბიბლიის 100 ეგზემპლარი კავკასიური მთებით გადაიტანეს, თუმცა ამის პირდაპირი დასტური არ არსებობს. 1812 წელს მოსკოვში შეჭრილ ნაპოლეონს გადამწვარ – დაცარიელებული ქალაქი დახვდა. “მოსკოვის ხანძარს” ბიბლიის დარჩენილი რაოდენობაც შეეწირა.
1920 წლის 29 ივლისს ჰარვარდის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტიური და სომხური ენის სპეციალისტმა, ლინგვისტიკის პროფესორმა, პოლიგლოტმა რობერტ პიერპონტ ბლეიკმა (1886–1950), რომელიც სანკტ-პეტერბურგში ივანე ჯავახიშვილთან, გიორგი ჩუბინაშვილთან და აკაკი შანიძესთან ერთად სწავლობდა, ჰარვარდს ეს ბიბლია დროებით გადასცა. ცნობილია, რომ რუსეთიდან ბლეიკი 1918 წელს საქართველოში გაემგზავრა, სადაც იმავე წლის 8 თებერვალს დაარსებულ უნივერსიტეტში ასწავლიდა და კიდევაც გახდა ერთ-ერთ ცნობილი და პატივსაცემი ქართველოლოგი.

რობერტ პიერპონტ ბლეიკი. ფოტო: ვიკიპედია
ბლეიკი და მისი მეუღლე ქართული ხელნაწერებისა და ტექსტების ფოტოგრაფიული ასლებით დაბრუნდნენ აშშ-ში, სადაც მეცნიერმა ქართველოლოგიური კვლევები კვლავ გააგრძელა.
1935 წლამდე ჰარვარდის პროფესორს ივანე ჯავახიშვილთან მიმოწერა ჰქონდა. ჯავახიშვილმა მას ჰარვარდის უნივერსიტეტის არქივისთვის თავისი “ქართველი ერის ისტორიისა” და “ქართული სიმართლის ისტორიის” ასლები გაუგზავნა. 1928 წელს რობერტ პიერპონტ ბლეიკი ჰარვარდის უნივერსიტეტის ვაიდენერის ბიბლიოთეკის დირექტორად დაინიშნა. ეს ბიბლიოთეკა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროს ტექსტების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კოლექციაა. აქაა გუტენბერგის ბიბლიაც (1450).
როცა ბლეიკი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან წავიდა, ბიბლია მის კერძო კოლექციაში დაბრუნდა. მერე, როგორც ჩანს, გასხვისდა და მისი, ასე ვთქვათ, რამდენიმე დროებითი მფლობლის შესახებ საჯაროდ არაფერია ცნობილი.
ახლა, ფაქტობრივად ერთი საუკუნის შემდეგ, ჰარვარდს ქართული ბიბლია უკან დაუბრუნდა.
ეს ბიბლია ინახავს ბლეიკამდე მისი მფლობელების კალიგრაფიასაც – ისინი ბიბლიის ფურცლებზე თავის კვალს ტოვებდნენ. მათ შორისაა ამბავი ბიჭზე, რომელიც 1851 წელს წერეთლების ოჯახში დაიბადა და იქვეა მისი გარდაცვალების თარიღიც – ოთხი თვის შემდეგ. 1890 წელს გაკეთებული წარწერა მიგვითითებს, რომ ოდესღაც ეს ბიბლია ქუთაისელ მწერლებს, ილია ნაკაშიძესა და მის მეუღლეს, ნინოს ეკუთვნოდა.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო
***
ჰაუტონის ბიბლიოთეკის კოლექციის – The Donald and Mary Hyde Collection of Dr. Samuel Johnson -ის კურატორი ჯონ ოვერჰოლტი ამბობს, რომ ჰარვარდის ბიბლიოთეკები იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების საუნჯეა.
„ჩვენი სტუდენტების სწავლა – კვლევისა და ჰარვარდის ფილიალების მუშაობის გარდა, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ჩვენი კოლექციები აინტერესებს, შეუძლია უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში მოვიდეს და ჩვენი უფასო გამოფენებიც დაათვალიეროს. სტუმრებს სულ უფრო ხშირად ციფრულ წვდომასაც ვთავაზობთ. ცხადია, იმათაც, ვისაც ბიბლიოთეკაში მოსვლა პირადად არ შეუძლია“.
- როგორია თქვენი ბიბლიოთეკის ქართული ნაწილი?
ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებით დიდი ქართული კოლექცია. ჩვენს ონლაინ კატალოგში დაახლოებით 50 ნივთია. მაგრამ გვაქვს XII საუკუნის სახარების შესანიშნავი ხელნაწერი, რომელიც, ცხადია, ონლაინ ვერსიითაც არის წარმოდგენილი. ჩემი კოლეგა, თანამედროვე წიგნებისა და ხელნაწერების ასოცირებული კურატორი რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის დოკუმენტებს აქტიურად აგროვებს, განსაკუთრებული ინტერესია რუსეთის საზღვრებს გარეთ არსებული რესპუბლიკების მიმართაც.
ჩემი საკურატურო განყოფილება 1800 წლამდე შექმნილ მსოფლიოს ყველა წერტილის ნებისმიერ ნიმუშს მოიცავს. ეს იმდენად ფართო სფეროა, რომ შეუძლებელია ყველაფერში ექსპერტი ვიყო. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ჩვენი ერთ-ერთი მისიაა უნივერსიტეტში ჩვენი კოლეგების მუშაობის მხარდაჭერა, ამიტომ, როდესაც სტივენსა და ნათიას ვუთხარი, რომ ეს შენაძენი მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული კვლევების პროგრამისთვის, ეს ჩემთვისაც ძალიან სასარგებლო ინიციატივა იყო.
კოლექციისთვის რარიტეტის შენაძენის გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნივთის პერსპექტივა, რომ იგი გამოყენებული იქნება კვლევაში, სწავლებაში, გამოფენებში და ა.შ. დეივისის ცენტრმა განაცხადა, რომ ბიბლიის მიმართ დიდი ინტერესი აუცილებლად იქნებოდა, თუ მას ჰაუტონისთვის შევიძენდით.
წიგნის აქტუალურობა კი უკვე დადასტურდა იმ მოკლე დროშიც, რაც ის აქაა.
- რა მასალისგანაა ეს უნიკალური ქართული ნიმუშები და როგორ შეაფასებდით მათ მნიშვნელობას?
საბედნიეროდ, ჩემი ეპოქის წიგნები, როგორც წესი, დამზადებულია გამძლე მასალისგან, როგორიცაა ბამბის ქაღალდი ან პერგამენტი. ეს ხშირად აადვილებს მათ შენახვას, ახალ წიგნებთან შედარებით, რომლებიც დაბეჭდილია ქაღალდზე, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება მსხვრევადი გახდეს.
ამ ნივთების კარგად შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანია კომფორტული და სტაბილური პირობები და ჩვენი წიგნების დასტები ზედმიწევნით მკაცრად კონტროლდება იდეალური ტემპერატურისა და ტენიანობის შესანარჩუნებლად.
როდესაც ნივთი სამკითხველო ოთახში გაგვაქვს, ჩვენ ვთანამშრომლობთ მკვლევრებთან, რათა უზრუნველვყოთ მასალის უსაფრთხოება და მოწიწებით მოპყრობა. ასევე, ჩვენ გვაქვს წვდომა კონსერვაციის ძალიან გამოცდილ გუნდთან, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, წიგნების შეკეთება პროფესიულად შეუძლია.

ია მერკვილაძის ფოტო
კოლექციაში უძველესი ნივთები – პაპირუსის ფრაგმენტებია ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი რამდენიმე საუკუნით დათარიღებული. უძველესი სრული ხელნაწერები თარიღდება პირველი ათასწლეულის გვიანდელი პერიოდით.
- თქვენი აზრით, ჰარვარდისთვის ქართველოლოგიის ცენტრს რა მნიშვნელობა აქვს?
მე არ ვარ საქართველოს ექსპერტი, მაგრამ ჰარვარდში მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მხარე სწორედ ისაა, რომ ექსპერტიზის წარმოუდგენელი მრავალფეროვნებით ვარ გარშემორტყმული, ისევე როგორც ჩემი კოლეგებით საქართველოს შემსწავლელი პროგრამიდან. ჰარვარდისთვის ბიბლია ქართულ ენაზე ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია.
მართალია, ასეთი რამის გაკეთება ხშირად არ შემიძლია, მაგრამ ნამდვილად ვარ დაინტერესებული დეივისის ცენტრის პროგრამის მხარდაჭერის გაგრძელებითა და ქართველ პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ია მერკვილაძის ფოტო










