ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ჯიპებმა სამღვდელოების დიდი ნაწილის სიდუხჭირე მიჩქმალა – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ჯიპებმა სამღვდელოების დიდი ნაწილის სიდუხჭირე მიჩქმალა – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მანჩესტერში ცხოვრობს და საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მანჩესტერისა და ბირმინგემის ქართული სამრევლოს წინამძღვარია.

  • ბრიტანეთში როდის, როგორი სახელმწიფო გზავნილით/ბრძანებით მოხდა ეკლესიების დახურვა  და როგორი იყო მრევლის რეაქცია?

ეს სავსებით ბუნებრივად მოხდა და ყველას ესმის, რომ ეს ზომები ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიიღეს. ყველა ვლოცულობთ, რომ მალე დასრულდეს პანდემია და ადამიანებმა ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება. ყველა აცნობიერებს, რომ საგანგებო წესების დაცვა აუცილებელია ისევ და ისევ ღვთის უმთავრესი ქმნილების, ადამიანის გადასარჩენად.

  • როგორ დაახასიათებდით საერო და რელიგიური ძალაუფლების ურთიერთმიმართებას ბრიტანეთში და როგორ ხდება მისი რეგულირება?

მოგეხსენებათ, ინგლისის ეკლესია, ანუ ანგლიკანური ეკლესია, სახელმწიფო ეკლესიის სტატუსის მატარებელია, გაერთიანებული სამეფოს მონარქი ინგლისის ეკლესიის მეთაურად იწოდება, სინოდების გადაწყვეტილებებს და საეპისკოპოსო პირების გამორჩევას მონარქი ამტკიცებს, სხვა ეკლესიები კი,  ბუნებრივია, უფლებამოსილებას კანონის ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებენ. გაერთიანებულ სამეფოში მართლმადიდებლებიდან ყველაზე ძლიერი და მსხვილი ერთეული ბერძნული ეპარქიაა, ესე იგი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის ეპარქია. მის გარდა ასევე ფუნქციონირებს ანტიოქიის, მოსკოვის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის საპატრიარქოების ეპარქიები.

[green_box]როგორ ხვდებიან პანდემიის დროს აღდგომას მართლმადიდებლები საბერძნეთში – ინტერვიუ[/green_box]

  • როგორ ფიქრობთ, რაზე იყო დამოკიდებული ეპიდემიაზე რეაქციის ოპერატიულობა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს საეკლესიო ელიტის, მრევლის განათლებისა და ფანატიზმის საკითხი?

გამოწვევებზე პასუხი სახელმწიფოს, საზოგადოების შეგნების დონეზეა დამოკიდებული. აუცილებელია მეტი განათლება, მეტი კანონმორჩილება და მეტი პრაგმატულობა. სხვანაირად ძლიერი სახელმწიფო და მოწესრიგებული საზოგადოება ვერ აშენდება და ეს მდგომარეობა პირდაპირ პროპორციულად ეკლესიის მდგომარეობაზეც აისახება.

  • თქვენი დაკვირვებით, პრობლემაზე რეაგირების სიჯანსაღეზე ქვეყნის წყობას ჰქონდა მნიშვნელობა?

რა თქმა უნდა. რამდენადაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, იმდენად მეტად ცივილიზებული და განვითარებულია იგი, შესაბამისად იგი აისახება ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე. გაერთიანებული სამეფო მონარქიის და დემოკრატიის სინთეზის საუკეთესო ნიმუშია.

[green_box]ეკლესია და კორონავირუსი – გერმანიის მაგალითი[/green_box]

  • როგორ ფიქრობთ, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა  ეკლესია ბიუჯეტიდან და როგორია თქვენთვის იდეალური ეკლესია?

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება ყოველთვის გულისხმობს ეკლესიაზე გავლენის მოპოვებას. ამიტომ სჯობს ეკლესია თავად ახდენდეს საეკლესიო შემოსავლების (შესაწირი, საეკლესიო ნივთების გაყიდვა, საეპარქიო და სამონასტრო მეურნეობა, წარმოება და ა.შ.) ცენტრალიზაციას და გეგმაზომიერ განკარგვას.

პრეზიდენტ სააკაშვილიდან მოყოლებული საქართველოს საპატრიარქო კი ფინანსდება ყოველწლიურად, მაგრამ სამღვდელოებას არც ხელფასი აქვს და ეპარქიების საგრძნობი ნაწილიც არანაირად არ ღებულობს აქედან წილს. შესაბამისად,

საქართველოს ეკლესიის სამღვდელოება სრულიად არათანაბარ ვითარებაშია, სამღვდელოების სერიოზული ნაწილი სიდუხჭირეშია, მაღალი იერარქიის ჯიპებმა და რეზიდენციებმა სამღვდელოების დიდი ნაწილის სიდუხჭირე მიჩქმალა და გააფერმკრთალა ხალხის აღქმაში. ქართველ მღვდლებს არ გვაქვს არც საპენსიო და ჯანდაცვის დაზღვევა. ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ მოწესრიგებულ და ძლიერ ეკლესიაში არ ხდება, როგორც იტყვიან, ქართველი სამღვდელოება ბედის ანაბარაა მიტოვებული.

იდეალური ეკლესია კი ასეთია: მისი სამღვდელოება და მრევლი უნდა ბრწყინავდეს სამართლიანობით, განათლებით, საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული საქმიანობით. სარწმუნოება საქმეთა გარეშე მკვდარიაო, ბრძანებს წმ. იაკობ მოციქული. შესაბამისად, იდეალური ეკლესიის საქმეები და შედეგებიც იდეალური იქნება საზოგადოების ჰარმონიული განვითარებისა და ძლიერი ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად არა იმიტომ, რომ ეკლესიის საქმეა სახელმწიფოს მშენებლობა, არამედ იმიტომ, რომ ეკლესიის საქმეა ადამიანების სულიერი და გონებრივი გაჯანსაღება, საზოგადოებაში მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულის ხელშეწყობა, რაც ასე მწვავედ აკლია საქართველოს.

[green_box]დაკეტილი ეკლესიების ქველმოქმედება იტალიაში პანდემიის დროს – ინტერვიუ[/green_box]