ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან | | |

გაეროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, რუსეთმა – არა

28.05.2020 | 449 |
გაეროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, რუსეთმა – არა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გაეროში საქართველოს მისიამ გაეროს გენასამბლეის პრეზიდენტისგან და ქვეყნების ელჩებისგან მოლოცვები მიიღო, რუსეთიდან – არა. და რომც ყოფილიყო, რუსეთის მილოცვა არალეგიტიმური და არარელევანტური იქნებოდა, რადგანაც ეს ქვეყანა საქართველოს მის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში არ ცნობს. თავის მხრივ, საქართველო დამოუკიდებლობის დღეებს არ ულოცავს რუსეთს, სირიას, ვენესუელას, ნიკარაგუასა და პალაუს. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობენ.

იმის გამო, რომ გაეროს მუშაობა ონლაინ რეჟიმზეა, მილოცვები ამავე ფორმატში, ონლაინ ჩატის საშუალებით იყო. იორდანიის დამოუკიდებლობისა და არგენტინის რევოლუციის დღეები – 25 მაისიც ამგვარად აღინიშნა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობის დღეები.

27 მაისს, ცხადია ონლაინ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელზეც გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს მთავრობას მუდმივად არ ეძლევა საშუალება დაიცვას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა. რუსეთის ფედერაციის მიერ ამ ორი რეგიონის ხანგრძლივი ოკუპაცია იწვევს ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების მუდმივ დარღვევებს. მიუხედავად COVID-19-ის პანდემიისა, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმისა და პრინციპის დარღვევით, აგრეთვე გაეროს გენერალური მდივნის გადაუდებელი გლობალური ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოწოდებისა, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ მავთულხლართებისა და ე.წ. „სასაზღვრო ნიშნების“ აღმართვას და ე.წ. „ცეცხლსაწინააღმდეგო“ სანგრების თხრას ორივე ოკუპირებული რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი ერთდროულად მიმდინარეობდა 13 ქართულ სოფელში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების სიახლოვეს მდებარეობს” – განაცხადა კახა იმნაძემ.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო იღებს ვალდებულებას ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) 2008 წლის რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამოძიების კუთხით. საოკუპაციო ძალის მიერ თანამშრომლობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის მექანიზმების შეშვებაზე უარი კი ამ პროცესს აფერხებს.

„რუსეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „გადასასვლელი ადგილების“ არაჰუმანურმა და უპასუხისმგებლო ჩაკეტვამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება და შედეგად საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უდანაშაულო ადამიანების სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ, 20 მაისს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი მაცხოვრებელი, ჯუმბერ მილაძე იმის გამო გარდაიცვალა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა მას სამედიცინო ევაკუაციის საშუალება მდგომარეობის კრიტიკულ გაუარესებამდე არ მისცა. საოკუპაციო ხაზის გასული წლის სექტემბერში დახურვის შემდეგ, ეს უკვე 14-ე ეთნიკურად ქართველის სიკვდილია” – განაცხადა კახა იმნაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ადგილზე არსებული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიაზე არც ერთ საერთაშორისო მონიტორინგის ინსტიტუტის წარმომადგენელს არ უშვებს.

„შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუშვას ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული სერვისების დაუყოვნებელი და უპირობო შესვლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების პირობებში დახმარების გადაუდებელ ზომებს საჭიროებს” – განაცხადა კახა იმნაძემ.