ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან | | |

პაპუნა დაბრუნდაშვილის „ქვეცნობიერთა გაყოფა“ – სოლო გამოფენა ნიუ იორკში

პაპუნა დაბრუნდაშვილის „ქვეცნობიერთა გაყოფა“ – სოლო გამოფენა ნიუ იორკში

მარტის მიწურულს მანჰეტენზე მდებარე Artefact Gallery-ში ქართველი მოქანდაკის, პაპუნა დაბრუნდაშვილის სოლო გამოფენა გაიმართა.

ექსპოზიციაზე სახელად – „ქვეცნობიერთა გაყოფა“ წარმოდგენილი იყო ხელოვანის როგორც ძველი, ასევე ახალი ნამუშევრები, 12 ქანდაკება და 13 გრაფიკა. მათ შორის იყო ხელოვანის უკვე გაყიდული ნამუშევრები, რომელიც კერძო კოლექციონერებმა მას გამოფენისთვის ათხოვეს.

ეს თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულის, პაპუნა დაბრუნდაშვილის პირველი ამერიკული პერსონალური გამოფენაა. მანამდე კი მას მონაწილეობა ქართველ და სხვა ეროვნების მხატვრებთან ერთად არაერთ ჯგუფურ ექსპოზიციაში მიუღია.

„- ამერიკასთან კავშირი 2000 წლიდან მაქვს“, მიყვება პაპუნა დაბრუდაშვილი, „პირველად სან ფრანცისკოში რამდენიმე თვით სტუმრად მამიდასთან ვიყავი, მაშინ პატარა ვიყავი და სან – ფრანცისკოს ხელოვნების აკადემიაში ჩვენს მეგობართან დავდიოდი. შემდეგ, 2014 წელს, იგივე ქალაქში ჩემ ძმასთან სტუმრად ჩავედი და ამის შემდეგ მაინც ნიუ იორკში გადავწყვიტე ჩამოსვლა.

2016 წელს სტუმრობისას ნიუ იორკმა აღმაფრთოვანა, არა მარტო იმიტომ, რომ ეს მსოფლიოს მთავარი მეგაპოლისია, არამედ იმითაც, რომ აქ ხელოვნების დიდი სიყვარული და დაფასება ვიგრძენი. ამიტომ გადავწყვიტე ნიუ იორკში დროებით დავრჩენილიყავი და ჩემი საბუთების შეგროვება ვიზის გაგრძელებისთვის დავიწყე.

პარალელურად შევეცადე ჩემი პროფესიით მემუშავა, ამისთვის კი ჯერ ისეთი კომპანია უნდა მეპოვა, რომელიც ჩემით დაინტერესდებოდა. მარტივი ნამდვილად არ იყო – დღის განმავლობაში მემუშავა, ხოლო საღამოს შემოქმედებითად – ჩემს თავზე. ჩემ საყვარელ საქმეს თავი ვერ და არ დავანებე და ჯგუფურ გამოფენებში აქტიურად მონაწილეობის მიღება დავიწყე“.

  • ნიუ იორკი მუდმივი და დროებითი სკულპტურების ქალაქია

ძირითადად ქვაზე ვმუშაობ. მიყვარს მყარი მასალა. საერთოდ ქანდაკებას აღვიქვამ როგორც სივრცეში განაწილებულ ფორმას, რომელიც სინათლის არეკვლით, სხვადასხვა გრადაციით ჩემს გონებაში აღიბეჭდება.

ამ ბოლო დროს დიდად აღარ მიზიდავს თხრობითი, რეალისტური ფიგურების კეთება. უპირატესობას სივრცეში აბსტრაქტულად გამოკიდებულ, განსხვავებული განწყობის შემქმნელ ფორმას უფრო ვანიჭებ. ინსპირაცია კი ნიუ იორკი, ბუნება და ბუნებაში არსებული ფორმებია.

ჩემი დიდი ტრიგერებია მუსიკა, ადამიანის ფსიქოტიპები და, ჩემივე „ტალღები“. ამ ბოლო დროს ვცდილობ, რომ როგორც კი მუზა მესტუმრება, მალევე „ჩამოვაყალიბო“ იგი იმად, რასაც იმ წამს ვგრძნობ.

„პარალელური სამყაროდან“

ყველაზე მეტად, როცა ქანდაკებაზე ვმუშაობ, მიყვარს Radio Head /Thom Yorke- ის მოსმენა. ჩემთვის ყველაზე მეტად შემოქმედებითი ენერგია ამ ჯგუფს მოაქვს, თითქმის ყველა ჩემი ნამუშევარი მისი მუსიკის მოსმენის დროს შევქმენი. თითქოს იგი ტვინში რაღაც ჭანჭიკს ატრიალებს, მიხსნის გონებას. თითქოს ცოტა დეპრესიული, სხვისთვის მოსაწყენი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის ისეთი მრავალფეროვანია და ღრმაა, რომ არ ვიცი რა ვთქვა… ხატვის დროს უფრო ჯაზს ვუსმენ – მაილს დევისი, სჩეტ ბეიკერი. მუსიკა მაპროვოცირებს და ამავე დროს – კარს მიხსნის.

მომწონს, რომ ამ ქალაქში ქანდაკება ერთ ადგილზე არაა მიჯაჭვული, ამავე დროს არსებობს დროებითი ქანდაკებები და ასეთებს ხშირად იხილავთ იუნიონ სკვერზე და ცენტრალ პარკში. ამგვარი კონცეფცია თითქოს შეესაბამება ამ გიჟური ტემპის ქალაქის მაჯისცემას.

ნიუ იორკი ჩემთვის ქანდაკებების ბუდეა. მე ამ დიდ და მაღალ შენობებს, როგორც ქანდაკებებს, ისე წარმოვიდგენ ხოლმე. ზოგადად უფრო მომწონს მრავალფიგურიანი კომპოზიციები. სხვათა შორის, ეს ქალაქი ინსპირაცია იყო ჩემი ქანდაკებისა The Worlds inside the World (სამყაროები სამყაროს შიგნით). მას შემოკლებით NY (ნიუ იორკი) დავარქვი. ესაა სხვადასხვა ფერის ქვები, მდგარი ერთ სიბრტყეზე, მიწაზე…

„გუშაგი“

  • გამოფენას რატომ დაერქვაქვეცნობიერთა გაყოფა“?

ჩემთვის ტვინში არსებული პროცესების ნაკადები, რომელიც ასოცირებულია საგანთან ან გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ აზროვნებასთან, შეხედულებების გაყოფასთან, დაკავშირებულია უშუალოდ ქვისთვის ფორმის მიცემის იმპულსთან. მოკლედ ეს დინამიკა ჩემში მუდმივია და ამიტომ მინდოდა ჩემ პირველ პერსონალურ გამოფენას სწორედ ეს სახელი დარქმეოდა.

  • აბსტრაქციები თავისთავად ინტერპრეტაციების დიდი ველია. რამდენიმე ნამუშევარს თავად ხომ არ დაურთავდით ახსნას?

მაგალითად, სკულპტურა „ასვლა-აზიდვა“. ჩემთვის ასე ითარგმნება: გავაღიავოთ სხვა სამყაროები – ეს ჩვენი შანსია თავი დავიზღვიოთ და ჩვენი გადარჩენის პერსპექტივები გავაუმჯობესოთ.

„ასვლა-აზიდვა“

„სევდა“. სევდის მიზანია ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე საკუთარი თავი ძლიერად, ცოცხლად და მამაცად ვიგრძნოთ. სევდა გვაიძულებს გავჩერდეთ და ვკონცენტრირდეთ, ამიტომ, როგორც წესი, თავს დაღლილად, შენელებულად და მოვლენების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეებად ვგრძნობთ.

„სამყაროები სამყაროს შიგნით“ (New York/NY). მე დამხვდა სამყარო, რომელიც უამრავ სამყაროს მოიცავს. ადამიანები სხვადასხვა რასის, გონებისა და შეხედულებების, სინდისისა და ოცნებების. და ამისდა მიუხედავად, ისინი ერთად ცხოვრობენ, ესმით ერთმანეთის და ერთმანეთს პატივს სცემენ.

„ცხენის ტორსი“ – მე ნახევარი ვარ, მაგრამ მაინც ვცდილობ!

„კომუნიკაბელური“ – ადგილი და გარემო, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ, ჩვენ პიროვნებას განსაზღვრავს. ჩვენ ვითვისებთ ტრადიციებს, კულტურულ ნორმებს და რთული ხდება ცუდისა და კარგის ცნებებში ორიენტირება. ადამიანს მრავალმხრივი შეფასებების გაკეთება შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა იგი საკუთარი კულტურის საზღვრებს გადაკვეთს და სხვა საზოგადოებასთან ურთიერთქმედებს.

„ქვეცნობიერებათა გაყოფა“ – „თუ ვინმე საუბრობს ქვეცნობიერზე, მე არ შემიძლია ვთქვა, გულისხმობს თუ არა იგი ტოპოგრაფიულ ტერმინს იმისთვის, რომ აღნიშნოს ის, რაც ცნობიერების ქვეშაა ანდა „ხარისხობრივად“ სრულიად სხვა ცნობიერებას აღნიშნავს – მიწისქვეშეთივით. ერთადერთი რაცაა ნდობის ღირსი – ესაა წინააღმდეგობა ცნობიერებასა და ქვეცნობიერს შორის“– ზიგმუნდ ფროიდი.

„სიყვარულის ამბავი“

  • საქართველოში მოქანდაკეობა ნიკოლაძისა და კანდელაკის სკოლისაააქ კი, სხვა მოდუსია

ამ ორმა ადამიანმა საქართველოსთვის მართლაც ძალიან დიდი საქმე გააკეთა – ქანდაკების ძალიან ძლიერი სკოლა ჩამოაყალიბა, რაც შეეხება აქაურ, ამერიკულ ტენდენციებს – აქ მოქანდაკეები გაცილებით თავისუფლად მუშაობენ, რადგან გამოხატვის ფორმებიცა და საშუალებებიც გაცილებით მრავალფეროვანია. აქ წამყვანია ორიგინალური იდეა და ეს გაცილებით საინტერესო პროცესია. ამიტომ კონსერვატორ ხელოვანებს, მოქანდაკეებს უფრო მეტი გამბედაობა და “წითელი ხაზების’ გადაკვეთა გვჭირდება.

ქანდაკება ჩემთვის ძალიან გულისხმიერი „პროდუქტია“ და ამიტომ თუ მილიონი მიზეზის გამო რატომღაც გულში სიცარიელე გაჩნდა, ყოველთვის არის შანსი ამ სიცარიელეს ფორმა და შინაარსი მიეცეს.

ტომ იორკი მღერის: „ჩემ გულში სიცარიელეა და აქ ფესვს სარეველა იკიდებს“… სარეველაც არაა ცუდი სასკულპტურო „მოდელი“, მაგრამ სხვა უამრავი ვარიანტიც არსებობს. ვარიანტების გამოკრისტალება კი უკვე, როგორც აქ იტყვიან, „ჩემი ბიზნესია“, ანუ ჩემი საქმეა.