ახალი ამბებიბლოგებიია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„პუტინს ყელში გაეჩხირება უკრაინა“ – უკრაინელების აქცია ნიუ იორკში

„პუტინს ყელში გაეჩხირება უკრაინა“ – უკრაინელების აქცია ნიუ იორკში

24 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ოფიციალურად გამოცხადებული შეჭრის დღეს, ათასზე მეტი უკრაინელი და სხვა ეროვნების ადამიანი დღის 12 საათზე ნიუ იორკის ცენტრში, თაიმს სკვერზე შეიკრიბა და უკრაინის სახელმწიფოს ოცმეტრიანი დროშა ააფრიალა.

უკრაინის ჰიმნს ენაცვლებოდა შეძახილები: „შეაჩერეთ ომი!“, „პუტინ ხუილო!“, „გაუმარჯოს უკრაინას!“, „დიდება გმირებს!“, „რუსეთის ჯარი – ოკუპანტია!“, „პუტინი – ციხეში!“

„მე რუსეთის მოქალაქე ვარ. აქ კი იმისთვის მოვედი, რომ გავაპროტესტო სრულიად წარმოუდგენელი რამ – სამხედრო აგრესია იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მიყვარს და ახლობელია ჩემთვის. მომხდარის შესაფასებლად თავში მხოლოდ უცენზურო სიტყვები მომდის“ – მითხრა ალექსანდრა მ., აქციის მონაწილემ.

ელა გ.:  „მეც რუსი ვარ. მთელი ეს დღეებია ვტირი და ახლაც მეტირება… ვერ წარმოიდგენთ, როგორ მრცხვენია. რუსეთს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ცივილიზაციისა და ადამიანობის მტერია”.

„ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ჩვენ სამშობლოს, უკრაინას, ჩვენ ოჯახებსა და მეგობრებს სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადოთ. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას რუსეთის აგრესიის დაგმობას ვთხოვთ, პუტინისთვის კი – პერსონალური სანქციები დაუწესებას“ – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ვალენტინა ბარდაკოვამ [საინიციატივო ჯგუფი – Razom for Ukraine].

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

თაიმს სკვერიდან საპროტესტო აქციის მონაწილეები შეძახილებითა და პოლიციის ესკორტით გაეროში რუსეთის მისიისკენ გაემართნენ, სადაც მათ სხვა პროტესტანტები დროშებითა და პუტინის ფიტულით შეუერთდნენ.

„პუტინს ყელში გაეჩხირება უკრაინა, ჩვენ გავიმარჯვებთ, რაც არ უნდა დაგვიჯდეს!” – მითხრა აქციის მონაწილემ, ვლადიმერ დავიდენკომ, „დადგა დრო, როცა მსოფლიოს ეს ბოროტება სამუდამოდ დასამარდეს!“

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო