ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

უკრაინა მაისურებზე – ნინო მერკვილიშვილი ნიუ-იორკიდან

უკრაინა მაისურებზე – ნინო მერკვილიშვილი ნიუ-იორკიდან

24 თებერვლის შემდეგ ნინო მერკვილიშვილის მიერ შექმნილ მაისურებზე საქართველოსა და უკრაინის დროშები, რუკები, “რუსკი კორაბლ იძი ნა ხუი” და დღევანდელობისთვის კიდევ სხვა აქტუალური სიტყვა–ფრაზები და სიმბლოებია გამოსახული. ნიუ იორკში დადიან ადამიანები, რომელთა მაისურზეც დატანილ საქართველოს რუკას უკრაინის დროშა აქვს გადაფარებული სიტყვებით – I Stand With Ukraine.

თავის მცირე ბიზნესს პროფესიით ინგლისურისა და ინფორმატიკის პედაგოგმა ნინო მერკვილიშვილმა “ანდე” დაარქვა – ოჯახის წევრების სახელების ინიციალებითა და იმ აზრითაც, რომ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა თავისი თავისა და ახლობლების გახარება “ანდეს”  შეიძლება ანდონ.

ნინო ამერიკაში ოთხი წლის წინათ ჩამოვიდა. საქართველოში ყოფნისას, სანამ ემიგრაციას გადაწყვეტდა, ტყავისგან საქართველოს რუკა გამოჭრა, მაისურზე დააკერა, ჩაიცვა და ოკეანის გაღმა ოჯახთან ერთად გადაფრინდა. ემიგრაციაში ნინოსთვის, მისი ოჯახის წევრებისთვის და არა მარტო მათთვის ასეთი მაისურები სევდანარევი სიხარულისა და ბოლო თვეა ომის საწინააღმდეგო პროტესტის გამომხატველად გადაიქცა.

“პანდემიის დროს, როცა მთელი ოჯახი სახლშო ვიჯექით, ჩემი კომპანია დავარსე. შევიძინე სხვადასხვა დანადგარები, ყველა საჭირო ნივთი, რომელიც მაისურების შექმნაში დამეხმარებოდა.” – მიყვება ნინო. ” – დავიწყე საქმე, რომელიც მეც მახარებს და საქართველოს მონატრებულ ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებსაც. ვცდილობ მყიდველს სხვადასხვა სიახლეები შევთავაზო, მაგალითად, მაიუსრებზე ქართველი მწერლებისა და პოეტების სახელ–გვარები, ჯინსის ჩანთებზე სიტყვები “ბედნიერი დღე”; მასიურებზე, ბამბის პერაგებზე ქართული ასოები, ფრაზები. ეს ასო– ნიშნები ერთგვარი გზავნილია არა მარტო, ასე ვთქვათ, ჩვენ საიდენტიფიკაციოდ თუ ვინ და საიდან ვართ, არამედ – შინაარსობრივადაც თუ სად და ვისთან ვდგავართ.

– ყველაზე პოპულარული თქვენი “უკრაინული მაისურები” გახდა…

– როცა, უკრაინაში ომი დაიწყო გაუსაძლისი გახდა ამდენი სისასტიკის ყურება, მოსმენა… ერთადერთი რაც ყურადღების სხვა რამეზე გადატანაში მეხმარებოდა, ეს იყო ჩემი საქმე. მთელი კოლექცია უკრაინის თემას მივუძღვენი. გაყიდული პროდუქციიდან ჩემი შრომის ანაზღაურების თანხას ვაგროვებდი და ერთხელ უკვე მოვახერხე უკრაინელი პატარებისთვის სხვადასხვა პირველადი საჭიროების ნივთების გაგზავნა. ჩემ ბიზნესს “მცირე ბიზნესი” კი ჰქვია, მაგრამ მცირეზე მეტის გაკეთება ნამდვილად შეუძლია. მალე, ასე ვთქვათ, ამ ჰუმანიტარულ დახმარებას მეორედაც გავაგზავნი და ასე შევეცდები ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს მხარში დავუდგე.”