ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

სოლიდარობა უკრაინას – ქველმოქმედები და ქართველი ხელოვანები ამერიკიდან

სოლიდარობა უკრაინას – ქველმოქმედები და ქართველი ხელოვანები ამერიკიდან

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მეორე დღესვე ამერიკაში მოღვაწე არაერთმა ხელოვანმა და აქტივისტმა ანტიპუტინური პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

რეჟისორმა დეივიდ ლინჩმა რუსეთის პრეზიდენტს ასე მიმართა: “არსებობს ბუნების კანონი, მკაცრი კანონი… რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ახლა, ბატონო პუტინო, თქვენ სიკვდილსა და ნგრევას სთესთ და თქვენ ხართ ამაზე პასუხისმგებელი. ყველა სიკვდილი და ნგრევა უკან დაგიბრუნდებათ”.

ამერიკელი პროზაიკოსები: პოლ ოსტერი და მერილინ რობინსონი მსოფლიოს იმ ათას მწერალსა და პოეტს შორის იყვნენ, ვინც განაცხადა, რომ „შეუძლებელია არსებობდეს თავისუფალი და უსაფრთხო ევროპა თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე”.

კომპოზიტორმა, ცნობილმა პანკ–როკერმა პატი სმითმა უკრაინის ჰიმნი ინგლისურად შეასრულა, ხოლო ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი (არნოლდ შვარცენეგერი, მილა კუნის, ჯარეტ ლეტო, ჰიუ ჯეკმენი და სხვები) საჯარო განცხადებებით პროუკრაინულ კომპანიებს შეუერთდა.

ოსკაროსნები შონ პენი და ანჯელინა ჯოლი ომის მიმდინარეობის დროს კიევში ჩავიდნენ. ცნობილი არტისტები: იოკო ონო და ბონ ჯოვი უკრაინელებს თანხების მობილიზაციითაც დაეხმარნენ.

„საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ (AFG,1994) ხელმძღვანელის, მარუსია ჭავჭავაძის ორგანიზებით აპრილში აშშ–ში მცხოვრებმა და კურსდამთავრებულმა ქართველმა ხელოვანებმა თავიანთი ნამუშევრები ონლაინ აუქციონზე გაიტანეს. აუქციონზე წარდგენილი იყო ეთერ ჭკადუას, პაპუნა დაბრუნდაშვილის, ზურა გულიშვილის, თიკა გზირიშვილის, თედო რეხვიაშვილისა და თემურ სხულუხიას ნამუშევრები.

თედო რეხვიაშვილის ნამუშევარი

“– იდეა ქართველ მხატვარს ეთერ ჭკადუას ეკუთვნის“, – მიყვება მარუსია ჭავჭავაძე. „– შარშან ამ მხატვართან ერთად საკმაოდ წარმატებული აუქციონი ჩავატარეთ. ჩვენი მისიაა საქართველოში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანების დახმარება. უკრაინაში ომის დაწყებამ კი, ცხადია, უკრაინელების მხარდაჭერა გადაგვაწყვეტინა. ორგანიზაციას აქვს 2008 წლის აგვისტოს ომის დროინდელი ქველმოქმედების გამოცდილება, რომელიც ამჯერად უკრაინელების დასახმარებლად გამოვიყენეთ.

ეთერ ჭკადუას “სნაიპერი”

ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონის მეშვეობით პოტენციური დონორებიც გავიცანით. გაყიდული ნამუშევრებისგან მიღებული ფული გადავეცით საქართველოში ჩვენ ოფისს, რომელიც მოგროვებულ თანხას უკრაინელი ლტოლვილების რეაბილიტაციას, განათლებას, საკვებისა და წამლების ყიდვას მოახმარს”.

დღეს „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ მუშაობენ საქართველოში მყოფ უკრაინელ მოხალისე–ლტოლვილების ჯგუფებთან, რომლებმაც თბილისიდან ხმელეთით, ჰაერით, წყლით ზაპოროჟიეში, ხარკოვსა და დნიპროს საავადმყოფოებისთვის საქონელმიწოდების ჯაჭვის შექმნა შეძლეს.

ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრები” უკრაინისთვის დახმარებას ფუთავს

საქართველოში უკრაინის საელჩო საავადმყოფოების მიერ მოთხოვნილი საჭირო ნივთების– მოწყობილობების სიას ადგენს, AFG–ის თბილისის ოფისი მათ შეძენას, შეგროვებას და შეფუთვას იწყებს – სახვევი მასალა, ბეტადინი, ხელთათმანები, ტკივილგამაყუჩებლები, მშრალი საკვები. უკრაინელები უკრაინაში კი საჭირო ლოკაციებზე ამ ტვირთების მიტანას უზრუნველყოფენ.

„საქართველოს ამერიკელი მეგობრები”, გარდა ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი ფართის მოძიებისა, მათთვის სამსახურებსაც ეძებს. ასევე დაიწყეს უკრაინელი ბავშვებისთვის არტ–რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც ერთ–ერთ სახელმწიფო სკოლაში განთავსდა და მასში ქართველი მხატვრები ჩაერთნენ.

თემურ სხულუხიას “ომის სახე”

***

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ნიუ იორკის ცენტრში, თაიმს სკვერზე, რომელიც ამერიკაში მცხოვრები უკრაინელებისა და სხვათა ლამის ყოველდღიურ საპროტესტო შეკრების ტერიტორიად გადაიქცა, გაჩნდა ზურა ბუშურიშვილის ადამიანის სიმაღლის, მცირე ზომის კვარცხლბეკზე მდგომი ცისფერ – ყვითელ ფერებში გადაღებილი “მებრძოლის” სკულპტურა. “მებრძოლს” მხრებზე სისხლის კვალია. ეს ხელოვანის ადრინდელი ნამუშევრის ასლია, რომელიც მან 24 თებერვალს უკრაინის დროშის ფერებად გადაღება.

„– ამით ჩემი გაბრაზების გამოხატვა მინდოდა“, – ამბობს ზურა ბუშურიშვილი, „– რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ვერ გამიჯნავ ხელოვნებასა და პოლიტიკას. კაცობრიობამ უნდა გააცნობიეროს, რომ დიქტატურების გამო ხვალ შეიძლება პლანეტა გაქრეს, რომ ამ სამყაროში ჩვენ ყველანი დროებით ვართ.

“მებრძოლი” ჩემი ძველი ნამუშევარია, რომელსაც პანდემიის დროს პირბადე გავუკეთე და თაიმს სკვერზე დავდგი. რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებისთანავე “მებრძოლი” უკრაინისა და სისხლის ფერებშია. ახლა იგი იმ სახლის სახურავზე დგას, სადაც ვცხოვრობ და ნიუ იორკს გაჰყურებს“.

ზურა ბუშურიშვილის “მებრძოლი”

***

აპრილში „ამერიკის უკრაინულ ინსტიტუტში“  გაიმართა საინიციატივო ჯგუფის – “დედები საქმისთვის” (Mom for Couse) საქველმოქმედო თავყრილობა სახელწოდებით “საღამო უკრაინისთვის”, რომელზეც უკრაინელებთან ერთად ქართველი დედებიც მივიდნენ. შეგროვებული 120 ათასი დოლარი ორგანიზაციას “ერთად უკრაინისთვის” (Razom for Ukraine) გადაეცა.

ორგანიზაციის” დედები საქმისთვის” საქველმოქმედო აქციაზე. ია მერკვილაძის ფოტო

„დედების საქმისთვის“ ონლაინ შექმნილი ჯგუფია. ჩვენი კავშირი დედების არაფორმალური გაერთიანება, რომლის მიზანია სხვათა ოჯახების დახმარება“ – მიყვება “დედები საქმისთვის” წევრი ა. გ. (უსაფრთხოებიდან გამომდინარე მისი სახელ–გვარს არ ვასაჯაროებთ), „ – ცხადია, ნიუ იორკელი დედები პანდემიის დროს ონლაინ ვიკრიბებოდით. მაშინ ფიზიკურად ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება არ არსებობდა. ონლაინ შეხვედრები რეალურ შეხვედრებში გადაიზარდა და როცა ჩემ სამშობლოში ომი დაიწყო, უკრაინელმა დედებმა საქველმოქმედო წვეულებების გამართვა გადავწყვიტეთ.

ჩვენი უპირველესი მიზანია უკრაინელების დახმარება. ბევრ ჩვენგანს ოჯახები, კოლეგები, მეგობრები უკრაინაში ჰყავს. ამიტომაცაა, რომ ჩვენ უშუალო, ემოციური ბმა გვაქვს იმ წარმოუდგენელ უბედურებასთან, რაც ახლა ჩემ სამშობლოში ტრიალებს.

ია მერკვილაძის ფოტო

არ ვიცით მომავალში რა იქნება, მაგრამ აქ და ამჟამად ჩვენ უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიებებით ქვეყნის დახმარებას ქველმოქმედებით თუ უკრაინული კულტურის მხარდაჭერით ვგეგმავთ, “ამერიკის უკრაინული ინსტიტუტი” კი ამისთვის ყველაზე შესაბამისი ადგილია.

არაერთმა ადგილობრივმა მეწარმემ დაგვიჭირა მხარი, თავისი პროდუქცია გვაჩუქა, დაგვიფინანსა დიდი თუ მცირე ხარჯები. საღამოზე უკრაინული სამუსიკო თუ საცეკვაო ანსამბლები უანგაროდ გამოვიდნენ, “პისანკები” [მოხატული სააღდგომო კვერცხები] მოგვიტანეს, ბევრმა ადამიანმა ჩვენი ტკივილი გულწრფელად გაიზიარა. მხოლოდ ასეთი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უკრაინის დახმარებას“.

ორგანიზაციის – „დედები საქმისთვის” საღამოდან. ია მერკვილაძის ფოტო

***

მხატვარი ცისანა ჯანაშვილი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პორტრეტის შესაქმნელად მას პროტესტის განცდამ და ამ პიროვნების მიმართ მოწიწებამ უბიძგა.

ცისანა ჯანაშვილის “ვოლოდიმირ ზელენსი”

„ამერიკელები ზელენსკისა და მის ოჯახს თავშესაფარს სთავაზობდნენ, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა თავის ხალხთან ერთად ბრძოლა და თავგანწირვა შეგნებულად აირჩია.

უკრაინა და საქართველო რაღაცით ისრაელს ჰგავს. სამივე ქვეყანაში მყავს ახლობლები, მეგობრები, რომლებიც მუდმივი ტერორის ქვეშ იმყოფებიან.

ომის თემაზე შევქმენი სამი ეტიუდი. სამივე ნგრევის, ტანჯვისა და სასოწარკვეთის თემაზე: „საშინელი სამსჯავრო“, „ომის საშინელება“ და „უკრაინის დედა“… ფეხმძიმე ქალი, რომელმაც არ იცი რა ელის მას, რა ელის მის ჯერ არდაბადებულ ჩვილს. ასევე დავხატე ივდითი – ბიბლიური პერსონაჟი, რომელიც სამყაროს გადამრჩენელად ევლინება და ბოროტებას, სატანას ამარცხებს”.

ცისანა ჯანაშვილის “უკრაინის დედა”