ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან | | |

კარლო კაჭარავა ნიუ იორკის “ფრიზზე”

კარლო კაჭარავა ნიუ იორკის “ფრიზზე”

„ფარდული“ (The Shed, 2019) – ასე ჰქვია ნიუ იორკის სახელოვნებო მულტიმედიურ ტერიტორიას, რომელიც, როგორც მისი დამაარსებლები ამბობენ, XXI საუკუნისაა და XXI საუკუნისთვის შეიქმნა. წელს, ისევე როგორც შარშან, სწორედ „ფარდული“ მასპინძლობდა Frieze New York–ს („ფრიზი ნიუ იორკი“, 18-22 მაისი, 2022), არა მარტო მსოფლიო დედაქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, პრესტიჟულ და კომერციული თვალსაზრისით მომგებიან სამხატვრო ღონისძიებას, არამედ, ზოგადად აშშ–ისთვისა და სხვა ქვეყნებისთვისაც.

წელს “ფრიზი” ათის გახდა და ამჯერად მას მთელი მსოფლიოდან სამოცზე მეტი არტდილერი/გალერეა სტუმრობდა.

2018-ში “ფრიზზე” ცნობილი ქართველი მხატვრის, ნათელა იანქოშვილის ნამუშევრები გერმანულმა გალერეამ, Galerie Kornfeld-მა წარადგინა, პოსტკოვიდურ 2022-ში კი ბრიტანულმა გალერეამ – Modern Art-მა სანია კანტაროვსკისა და სკოტ პორტნოის კურატორობით ქართველი მხატვრის, პოეტის, ესეისტისა და არტ-კრიტიკოსის კარლო კაჭარავას (1964–1994) ნამუშევრები გამოფინა.

2021 წელს, ლონდონში, კაჭარავას ექსპოზიცია – “ადამიანები და ადგილები” ოქტომბერ–დეკემბერში გაიმართა და მას Frieze London-ის (13-17 ოქტომბერი, 2021) კურატორები, არტდილერები და ხელოვნების მოყვარულები სტუმრობდნენ.

კარლო კაჭარავას სიკვდილის შემდეგ მისმა ნამუშევრებმა ნიუ იორკში “ფრიზამდეც” იმოგზაურა. 1998 წელს ქართული არტჯგუფებების – “მეათე სართულისა” და “არქივარიუსების” ლიდერის ნახატები Joyce Goldstein Gallery-ში (მაშინდელი დირექტორი ირინა პოპიაშვილი) გამოიფინა, 2017 – ში კი – Metro Pictures -ში.

კარლო კაჭარავა

კაჭარავას ნამუშევრები თხრობითი ხმის ინტენსივობითა და ფორმალური გამომგონებლობით გამოირჩევა. ზედაპირები ხშირად ფრაგმენტულია, მერყეობს კომიქსების მოდულურ უჯრედებს, მხატვრულ აბსტრაქტულ პასაჟებსა და გამოხატულად არტიკულირებულ ილუზიებს შორის.

კაჭარავას სიუჟეტები გრაფიკული თეატრალურობითაა მოქსოვილი. მისი სცენების ონეიროლოგიური ხარისხი საკუთარ ფორმას ნიუანსებისადმი დეტალურ ყურადღებაში იძენს. ასევე, საგნებისა და ადგილების სპეციფიკაში, რის შედეგადაც კომპოზიციები აკვიატებულად მოუხელთებელია, თუმცა ამავე დროს ადგილისთვის შესაბამისი და ზუსტი. “Fur Helena” (1989) ესაა მისი შეყვარებული, შვედი ინტელექტუალი, რომელიც მნახველს პირდაპირ უყურებს.

მისი სხვა ნახატები ოცნებაა პრესაბჭოურ თბილისზე, როგორც საერთაშორისო ბოჰემის დედაქალაქზე. კაჭარავას შემოქმედება პირადი და კოლექტიური კატასტროფებისა და სურვილების ბმებს იკვლევს და თან ხაზს უსვამს არსებით მისწრაფებასა და გაწბილებას სწრაფად გალღობილიაღმოსავლეთის ბლოკისსამხატვრო და პოლიტიკური კულტურის ცენტრში– გვამცნობს Modern Art-ის რეცენზია.

ამერიკული ჟურნალის, Artforum-ის 2022 წლის იანვრის გამოცემაში (ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა Artforum–ი კარლო კაჭარავას ნამუშევრებს ბეჭდავს და ახსენებს) გამოქვეყნდა ლონდონელი მწერლის, “ფრიზ – 2016” – ის ჯილდოს მფლობელის, დანიელ კულპანის რეცენზია კაჭარავას ლონდონურ “ვოიაჟზე”.

ადამიანებმა და ადგილებმა საშუალება მოგვცა შეგვეხედა კაჭარავას თავისებურ ვიზუალურ სამყაროში, რომელიც სავსეა სულიერი მელანქოლიითა და მანათობელი წესრიგით.

მან გატაცებების თავბრუსდამხვევი სპექტრი აითვისაქართული ხელოვნების ისტორიიდან ვიდრე როკ მუსიკამდე, ფუტურიზმიდან ვიდრე დასავლურ ფილოსოფიამდე და ტაროს კარტივით აჭრა, თითქოს ისტორიის სამომავლო სვლის ამოცნობას შეეცადა.

განსაკუთრებული ენერგია გამოსჭვივის მისი სტილების აღრევისგან, რომელშიც თითქმის ყველაფერს, მაგრამ არც მთლად სრულად, აქვს აზრი და ძილსა და ცნობიერს შორის ჰიპნოზურ მდგომარეობას იწვევსკაჭარავას შემოქმედებაში განწირული რომანტიკოსები და მარტოსული მეოცნებეები ორეულებივით მრავლდებიან. საკულტო შეპყრობილობის მისი პირადი სამყარო მის თავში გაჭედილი მუდმივი მოზარდის მარტოხელა ხატისადმი თაყვანისცემაა – წერს დანიელ კულპანი.

კაჭარავას ნახატები ხშირად თამაშობენ, ერთმანეთს აჯახებენ ტექსტსა და გამოსახულებას, თამაშობენ ნახატის ზედაპირის ფორმასთან, მაგრამ მათში ერთგვარი მელანქოლიაცაა – ჯოი ლლოიდი, ბრიტანული ჟურნალი Studio Internaitonal-ი.

კაჭარავა იყო დანგრეულ სამყაროში ინფორმაციის პორტალი, ნიცშეს ხიდი, თავისუფლების განდიდება, მთელი სამყაროს მოცვის მწველი სურვილი. ამიტომაც ოცნებობდა სწორედ ლონდონში თავისი ნამუშევრების ჩვენებაზე, ქალაქში, რომელიც შესაძლოა მისთვის იმ დროისთვის მთელ სამყაროს ნიშნავდა – ჰენ მენგიუნი, ბრიტანული ჟურნალი Luncheon No.12

საქართველოდან მან დაასახელა ქვეყნის ლიტერატურული მოღვაწეები, ვაჟა ფშაველა და ილია ჭავჭავაძე, საზღვარგარეთიდან მან გამოარჩია ალბერ კამიუს, ამერიკელი პოეტის ალენ გინსბერგის, ფრანგი მწერლისა და სიურრეალისტის ანდრე ბრეტონისა და იტალიელი კინორეჟისორის ფედერიკო ფელინის შემოქმედება.

ერთი პატარა მაგალითია მომღერალ ნიკ ქეივის სახელის გამოჩენა კაჭარავას ერთერთ ნამუშევარზე, რომელიც ახლა Modern Art –ის გამოფენაზეა წარდგენილი. ნახატი 1992 წლით თარიღდება, როდესაც ახლა უკვე ცნობილი, ავსტრალიაში დაბადებული მუსიკოსის ფიგურა ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო, თუნდაც დასავლეთში. მაგრამ კაჭარავამ მისი კასეტა მაინც დაიჭირა ხელში.”– ენდრიუ ნორთი, ბრიტანული ჟურნალი The Calvert Journal-ი.

უფრო ადრე კი Art in America Magazine–ის კრიტიკოსი ჯონათან გუდმანი წერდა:

ბუნებამ უთუოდ უხვად დააჯილდოვა ქართველი მხატვარი და კრიტიკოსი კარლო კაჭარავა. მისი ნატიფი გემოვნება, კოლოსალური ინტელექტი და ნიჭი კაცობრიობის სულიერ მიღწევათა უახლესი გამოვლინებაა. მისი პერსონა სრულიად აირეკლება მისსავე შემოქმედებაში იმდენად, რომ სიტყვა და ხატი ერთმანეთს ავსებს. კარლოს მხატვრობა, სამეცნიერო ნაშრომები, 90-იანი წლების მსოფლიო ხელოვნების უდიდესი მიღწევაა

ისტორიული გროტესკი და ბედისწერის წინააღმდეგ ამხედრებული ეს უზარმაზარი შემოქმედება ბოლომდე ინარჩუნებს იდუმალების, ორიგინალობის, გენიალურობის ელფერს. მათი ავტორი დროის მიღმაა“.

ნიუ იორკი ქართველი ხელოვანის ნამუშევრების სტუმრობას ლონდონზე არანაკლები აღფრთოვანებით შეხვდა. გაზეთმა The New York Times – ის რეცენზენტმა რობერტ სმითმა კარლო კაჭარავას ორი ნამუშევარი: „Am Abend Brot” (1992) და “მეფეების გარყვნილება” (1993) დაბეჭდა.

„Modern Art–ი ნიუ იორკში კვლავ წარადგენს კარლო კაჭარავას (1964–1994) იდუმალ სიუჟეტებს; მხატვრის, კრიტიკოსისა და პოეტის, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი თბილისში (საქართველო) გაატარა. კაჭარავას პატარა, მუქი, სტილიზებული ნამუშევრები, ისევე, როგორც კაია ალთოფას (გერმანელი მხატვარი და მუსიკოსი..) ზოგი ნამუშევარი, ერთდროულად არქაულია და თანამედროვეც. ისინი ხატავენ ილუსტრაციებიდან და კომიქსებიდან, ხშირად აერთიანებენ ენას, კოლაჟს და ასახავენ რომანტიკის, ინტრიგებისა და აუღელვებელი იუმორის ნაზავს, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის “ნუარი” შეიძლება ეწოდოს“ – წერს The New York Times-ის ავტორი.

მსოფლიო კოლექციონერების, კურატორებისა და არტ კონსულტანტების ამერიკულმა ფორუმმა, საერთაშორისო ონლაინ ჟურნალმა Ocula-მ, კაჭარავას “კლოუნის” (1992) წარდგინებით ქართველი მხატვარი 2022-ის “ფრიზის” საკონსულტაციო რჩეულ ათ საუკეთესო არტისტს, ფრენსის პიკაბიასა და ელ ჰელდს შორის დაასახელა. ამერიკულმა ჟურნალმა Cultured-მა კი კაჭარავას ნამუშევრების კოლექცია ექვს საუკეთესო სოლო– გამოფენათა ნუსხაში შეიყვანა.

აი, რას წერს ჟურნალი Cultured:

მხატვარი კარლო კაჭარავა თავის ნაწარმოებებს ქმნიდა 1980-იანების შუაბოლო წლებიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე – 1994 წელს 30 წლის ასაკში ტვინის უეცარი ანევრიზმისგან ადრეულ გარდაცვალებამდე. მან დატოვა მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მემკვიდრეობა: ფერწერა, ნახატი, პოეზია და კრიტიკა, რომელიც სამშობლოს კულტურის საზღვრების შესუსტებას წაახალისებდა. საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობისკენ მღელვარე მოგზაურობის მოწმე, კაჭარავას ნამუშევრები ქმნის მკაფიო ვიზუალურ სამყაროს, აზარტული პერსონაჟებით, რომლებიც XX საუკუნის ურბანულ და ინდუსტრიულ ლანდშაფტს ეჯახება“.

დამოუკიდებელი კურატორი ანა კატსი კი ასე აფასებს ქართველი ხელოვანის შემოქმედებას:

„კაჭარავა ნაკლებად ცნობილი იყო თავის მშობლიურ საქართველოში. სიკვდილის შემდეგ კი, მას ის პატივი ერგო, რაც მხოლოდ გამორჩეულების ხვედრია და მაინც კაჭარავა იყო ხაზგასმით კულტურის ტრანსნაციონალური წარმომადგენელი, რომლის ცხოვრებისეულმა გამოცდილებამაც, დაუოკებელმა ცნობისმოყვარეობამ და მოგზაურობამ გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში იგი ქართულ კონტექსტის მიღმა მყოფ კოსმოპოლიტად გადააქცია”.

კარლო კაჭარავა

პირადად ჩემთვის (და არა მარტო), საქართველოს 1990-იანების ტრაგიკული ქარტეხილების, “ძველის” ნგრევიდან ვიდრე “ახლის” შექმნამდე გადარჩენისთვის მებრძოლი თაობის წარმომადგენლისთვის, კარლო კაჭარავა 1990-იანების ბოლოს, ინტერნეტის გაჩენასთან ერთად “გაცოცხლდა”, თუ არ ჩავთვლით, ჩემი ძმის, ლევანის, სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტისა და მისი მეგობრების საუბრებსა და აკადემიის კედლებს მიღმა გატანილ ინფორმაციას.

ჩემი ძმის სტუდენტობაც 1980-იანების ბოლოსა და 1990 – იანების დასაწყისს დაემთხვა. Modern Art-ის ვებსაიტზე კაჭარავას ნამუშევრების თვალიერებამ მთაწმინდაზე ჩემი სახლი, ავტომატების კაკანის ქვეშ დახაზული არქიტექტურული პროექტები, ნავთის სუნი და ფრედი მერკურის სიკვდილისგან მიღებული შოკი გამახსენა… ერთი მხრივ, ცნობისმოყვარეობისა და სიხარულის განცდა გამიღვიძა – კაჭარავას უნიკალური მხატვრული ინტონაცია მეხსიერებაში ახალგაზრდობის, სიყვარულის, დასავლური კულტურებით/სუბკულტურებით დაინტერესების, გატაცებებისა და ნახევრად თუ სრულად აბსურდულ–სიურრეალისტურ ფიგურებს ავანგარდისტულ განზომილებას აძლევს და აცოცხლებს; ზოგი – იტალიური ნეორეალიზმიდანაა, ზოგი პოსტმოდერნიდან და ზოგიც – პრიმიტივიზმიდან.

მეორე მხრივ, ეს ბადებს სევდას, ნაღვლიან ნოსტალგიას ექსტრავაგანტურობის განცდებზე, ფედერიკო ფელინისეული მუდმივი ბალაგანის წრებრუნვაზე, რომელიც დროთა განმავლობაში ეგზოტიკიდან რუტინული გახდა, მაგრამ დასავიწყებლად არ გემეტება.

განსაკუთრებით მიყვარს კარლო კაჭარავას ირონიული „ინგლისი დიდია, სერ!“ (1984) – მუქ ვარდისფერ კოსტიუმ–ცილინდრში, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ცოტა მოფილოსოფოსო–მოანარქისტო ჰუმანიტარი, წვერმოშვებული “შემოდგომის აზნაური”, რომელიც ენიო მორიკონეს მუსიკის ფონზე უქარო თუ ქარიან ამინდში უკომპასო გემივით დააბიჯებს და, ალბათ, ჯიბეში უდევს სიუზენ ზონტაგის წიგნი “ფოტოგრაფიაზე”, რომელიც ბიბლიოთეკიდან წამოიღო…

და მოხდა ისე, რომ გაუცხოებისგან დაღლილი ეს “დენდი” ამერიკაში ქართველ ემიგრანტს, ნიუ იორკში მცხოვრებს, თბილისიდან ლონდონის გავლით მესტუმრა და Cinema Paradiso–ს კინომექანიკოს ალფრედოსავით თვალი ჩამიკრა.