ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ალექსანდრე ლიგინის “შეწყვეტილი ფრენა“ – 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლი საქართველოდან

ალექსანდრე ლიგინის “შეწყვეტილი ფრენა“ – 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლი საქართველოდან

„ყველაფერი იოლია ამქვეყნად. აბსოლუტურად ყველაფერი. ზემტყორცნმა ძალამ აგიტაცათ, გაგრძნობინათ ფრენის ხიბლი და როგორც ბარტყი მიგიშვათ ნებაზე, რომ უკვე თვითონ შეეჭიდოთ სირთულეებს და თვითონვე მოახერხოთ მათი დაძლევა? ვინც ეს შეძლო, უკვე სერავს სივრცეს და ჩამოვარდნის აღარ ეშინია, სხვებმა კი ფრთები დაიმსხვრიეს, ანდა თუკი გაუმართლათ ამ საბედისწერო განსაცდელს მხოლოდ სხეულის დაზიანებით გადაურჩნენ. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ან სასურველ სიმაღლემდე ვერ ააღწიეს, ან ფრენისას ხელი მოეცარათ. ახლა ქვემოთ დგანან ან მიწას გართხმულები გაღოღავენ, ზოგი კი ამ ძალას წყევლა–კრულვას უთვლის, რამაც ასე მტკივნეულად დაანარცხა”. – ალექსანდრე ლიგინი, “გაფრენა”, 1995. *

„მგონია, რომ მსოფლიო პირქვე დაემხო და არსებობა შეწყვიტა. ჩამოიქცა უკანასკნელი ცადაწვდენილი ციხესიმაგრე და თავის გოროზ ნანგრევებქვეშ მომიყოლა. მანამ ისეთი ჰაეროვანი და თვალწარმტაცი ჩანდა, მისი ჰაეროვნება სუნთქვას მიკრავდა, ახლა კი სწორედ მან ამომართვა სული. საკუთარ თავს გვერდიდან ვუყურებ და რატომღაც მეცინება – მსოფლიოს ტანჯულთა რიგებს კიდევ ერთი შეემატა.

ადრე მეგონა, რომ ჩემი ციხე–სიმაგრე უზადოდ იყო ნაშენი, არაფერს ჰგავდა, ტოლს არავის უდებდა, სინამდვილეში კი არაფერი ახალი არ მომხდარა! არც პირველი ვარ, ასე უბედურად რომ ვგრძნობ თავს! ისე მინდა, ამ უსულო სხეულს ხელი დავავლო, მკლავებზე გადავაწვინო და შთავბერო მთელი სიყვარული, რაც კი დამრჩენია და მერე… დაჟინებით ველოდო, როდის ჩაიბუდებს სიცოცხლე, როდის ჩაუდგება სული. თავს ვიტყუებ? კი, ეს ნამდვილად ჰგავს თავის მოტყუებას და არც არავინაა, ბრალი რომ დავდო, საკუთარი თავის გარდა” – ალექსანდრე ლიგინი, “დაფანტული ცრემლები”, 1995. *

***

ალექსანდრე ლიგინი

ტრაგედიიდან ოცი წლის თავზე, 2022 წლის 11 სექტემბერს ალექსანდრე ლიგინის (1973–2001) ჩანაწერებისა და ფოტოების ვებგვერდზე გამოჩნდა რიცხვი 6940… დღეს ეს ციფრული პლატფორმა 7902-ს უჩვენებს. ვებგვერდი ალექსანდრეს დაღუპვის დღიდან გასულ დღეებს ავტომატურად ითვლის. წელს იგი 50 წლის გახდებოდა.

ალექსანდრემ იმ საბედისწერო დილას, სიკვდილამდე 27 წუთით ადრე ერთ–ერთ ფოტოპლატფორმაზე თავისი გადაღებული ფოტო ატვირთა: დახურული ფანჯარა, რკინის ან სულაც არა რკინის ჟალუზებით, სინათლისა და ჩრდილის ზოლებით. იმ დილას ცრა საათის მაგივრად, სამსახურში რვაზე მივიდა, ტაქსით. ეჩქარებოდა, ბევრი საქმე ჰქონდა.

ალექსანდრე ლიგინის ფოტო

“მსოფლიო სავაჭრო ცენტრის” შენობაში პროგრამისტად მუშაობის გარდა ალექსანდრე ლიგინი ჟურნალ Today’s Photographer-ის ლიცენზირებული ფოტოკორესპონდენტი იყო. სახლშიც ჰქონდა ფოტოსტუდია და კომპიუტერებზე უფრო მეტად პატარა “მოწყობილობა”, 35-მილიმენტიანი ფოტოაპარატი უყვარდა. ოცნებობდა ფოტოტურზე აფრიკაში, თუნდაც ორი თვით, რომ ცხოველები გადაეღო… ასე ამბობს მისი მეგობარი მარკ როგოვი, რომელთან ერთადაც ლიგინმა კომპიუტერული კომპანია დაარსა.

“საშასთან ტელეპათიური კავშირი მქონდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩვენ ერთმანეთის სატელეფონო ზარს წინასწარ ვხვდებოდით… არიან მეგობრები, რომლებიც მიდიან და მოდიან. არიან მეგობრები, რომლებიც რჩებიან. და არიან მეგობრები, რომლებიც თავად ხართ. და თუ ასეთები მიდიან, რჩება სიცარიელე. ჩემთვის სწორედ ასეთი იყო საშა” – ამბობს მარკ როგოვი.

ახლა ქვედა მაჰნეტენზე “კოშკი – ტყუპების” პირველი ანუ ჩრდილოეთი შენობის, 104-ე სართულის იმ კაბინეტის მაგივრად, სადაც ალექსანდრე ლიგინი მუშაობდა, “11 სექტემბრის ნაციონალური მემორიალი და მუზეუმია”. დღე და ღამ მარმარილოს ოთხკუთხედ ავზში წყალი ქვევით, კიდევ ერთ, ოღონდ შავ ხვრელს დამსგავსებულ წყალსატევში ვარდება, 13 მეტრის სიღრმეში და მერე – სადღაც გაედინება ან სულაც უკან ბრუნდება… ოდესღაც ცათამბჯენების ექვს ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიას ახლა თავისი ვებგვერდი აქვს და იქ საიდენტიფიკაციო ნომრად – 11716746 – ალექსანდრე ლიგინია “დაფიქსირებული”.

დაუნდობელია ბედისწერა. სწორედ მაშინ, როცა ლიგინები ამერიკაში გადმოსვლას გეგმავდნენ, ანუ 1993 წელს, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკთან ტერაქტი მოხდა. მაშინ “მხოლოდ” ექვსი ადამიანი დაიღუპა. წინა და ამ საუკუნეში “გრაუნდ ზიროუზე”, პენტაგონთან და პენსილვანიაში დაღუპულთა მემორიალურ მარმარილოს დაფაზე ამოტვიფრულ 2977 მსხვერპლთა სახელ-გვარს შორის ალექსანდრე ლიგინიცაა. ამ ავზის არქიტექტორმა მაიკლ არადმა თავის ქმნილებას “ხილული არარსებობა” უწოდა. ქალაქის ფინანსური ცენტრის ყველაზე ხმაურიან ადგილზე სამუდამო სიმშვიდის პატარა კუნძულია, მხოლოდ ჩანჩქერის ხმა და ყოველი წლის 11 სექტემბერს მიკროფონში დაღუპულთა გამოცხადებული გვარ–სახელების ექო.

ალექსანდრე ლიგინი მეგობართან ერთად

იმ დღეს ალექსანდრე სხვაგან რომ ყოფილიყო ანდა სამსახურში რომ დაეგვიანა, როგორც ეს “ტყუპებში” მომუშავე ხათუნა ბათლიძეს მოუვიდა და ამიტომაც გადარჩა, ალბათ, კატასტროფის ეპიცენტრისკენ გაიქცეოდა, ტრაგედიის ადგილზე ფოტოებს გადაიღებდა და ვებგვერდზე ატვირთვა მოუწევდა, დრო და დრო ფოტოდოკუმენტალისტიკის „აფუდეიტით“

წინა დღეს, 10 სექტემბერს, მისი ოჯახი საშას საცოლე ანა კლეკლთან ერთად ქორწილის თარიღსა და ადგილზე მსჯელობდა. ქორწილი 20 ოქტომბერს დაიგეგმა.

11 სექტემბრის დილას თავისიანებთან დარეკვა, ფოტოს ატვირთვა მოასწრო და იქნებ იმის გაფიქრებაც, ეს წამი, მგონი, სადღაც უკვე აღვწერეო ან სიზმარში ვნახეო. უკანასკნელი ზარი დედასთან იყო … “დედა, მიყვარხარო”, უთხრა.

2018 წელს ამერიკულმა გამომცემლობა Liberty Publishing House (ნიუ იორკი, 1984) რუსულ ენაზე გამოსცა ალექსანდრე ლიგინის წიგნი “შეწყვეტილი ფრენა”, რომელშიც თავმოყრილია მისი პროზა, პოეზია და მხატვრული ფოტოგრაფია.

ალეკსანდრე ლიგინის წიგნი

ალექსანდრე ლიგინი ბავშვობაში

„დაიბადა თბილისში, 16 წლისამ დაამთავრა ფიზიკა – მათემატიკური სპეცსკოლა. იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და იგი 21 წლის ასაკში დაამთავრა,” – მიყვება ალექსანდრე ლიგინის დედა, ვალენტინა ლიგინა.

“– სწავლის დროს, 1990 – 1992 წლებში მეცნიერებთან ერთად ბერლინის უნივერსიტეტის სემინარებში მონაწილეობდა და იქ თავის სამეცნიერო ნაშრომებს წარადგენდა. პირველივე კურსიდან პროგრამირებით დაინტერესდა და როცა მეორე კურსს ამთავრებდა, ამერიკული კომპიუტერული კომპანიიდან PIE Systems, Inc, Beverly Hills, CA ერთობლივი სამუშაოს შეთავაზება მიიღო. საშამ ამ კომპანიისთვის მუშაობა დაიწყო. მაშინ მას თვეში 20 დოლარს უხდიდნენ. ეს იყო 1992 წელი. საქართველოში ძალიან ცუდი, გაჭირვების ხანა დადგა და ჩემი შვილი ძალიან გვეხმარებოდა. მერე ამ კომპანიამ საშა სამუშოდ ამერიკაში მიიწვია. 1993 წელს მწვანე ბარათიც მივიღეთ და 1994 – ის სექტემბერში თბილისიდან ნიუ იორკში ერთად გადავედით.

ალექსანდრე ლიგინი დედასთან ერთად

საშა კალიფორნიაში გადავიდა – იქ, სადაც ზემოხსენებული კომპანია იყო. სამსახურით ძალიან კმაყოფილი იყო და წარმატებული პროფესიონალი გახდა. მაგრამ ჩვენ, ოჯახს ერთად ყოფნა ძალიან გვინდოდა და ამიტომ საშა კალიფორნიიდან წამოვიდა და ნიუ იორკში დაბრუნდა. აქ მას სამსახურს ბევრი კომპანია სთავაზობდა და მალევე იპოვა… რაღაც დროის შემდგომ მის მეგობართან ერთად თავისი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა, ცხადია, თავისი სპეციალობით და დააარსა კიდეც – შვიდკაციან კოლექტივს ხელმძღვანელობდა.

2001 წელს საშამ ორი კომპანიიდან Microsoft–დან და Cantor Fitzgerald – დან შეთავაზებები მიიღო. ორივეგან ინტერვიუ რვა საათი მიმდინარეობდა და ორივეგან აიყვანეს. Cantor Fitjerald–ი კი იმიტომ აირჩია, რომ მისგან Microsoft – ზე ერთი დღით ადრე მიიღო თანხმობა და თავისი პასუხიც აცნობა. მოერიდა მეორე დღეს დათანხმებულზე უარის თქმა და დასძინა, ამჯერად ასე იყოს, “მაიკროსოფტში” გადასვლას კი ყოველთვის მოვახერხებო და 2001 წლის თებერვალში მსოფლიო სავაჭრო ცენტრში Software Architect – ად დაიწყო მუშაობა. მოსწონდა იქაურობა. ხუმრობდა, თქვენთან რომ წვიმაა, ჩემთან, ღრუბლებში, 104–ე სართულზე მზე ანათებსო.

საშა ბევრს კითხულობდა, წერდა, იბეჭდებოდა, უყვარდა ფოტოგრაფია. ფოტოგრაფის დიპლომიც აიღო. ინტერნეტში მისი სახელობის საიტია… წლებია ეს საიტი მუშაობს და მის “სასტუმრო წიგნში” ნაცნობები, მეგობრები საშაზე მოგონებებს ტოვებენ. ბევრმა მის უკანაკნელ ფოტოს წინასწარმეტყველური ფოტო უწოდა. ჰო, ეს წინათგრძნობა იყო…

საშამ პირველად თავისი ტექსტები 1995 წელს წამაკითხა, როცა მე ნიუ იორკიდან კალიფორნიაში ჩავედი. სულ პატარა რომ იყო, პოლიტიკური სატირების წერა დაიწყო. ერთხელ სკოლაში ასეთი თავისუფალი თემა მისცეს –” რას ეტყოდით ბაბუა ლენინს?” საშამ დაწერა, თუ როგორ მიდის ქუჩაში პატარა ბიჭი, ხვდება ლენინი, რომელიც დემონის ხმით ეკითხება – ბიჭუნავ, როგორ ხარ?! ბიჭს ძალიან შეეშინდება და თავქუდმოგლეჯილი გარბის. ეს იყო ლენინთან ურთიერთობის გამოცდილებაზე მისი მოკლე “ნაწარმოები”.

სექტემბერში საშას საცოლე ანა მოსკოვიდან ჩამოვიდა და 20 ოქტომბრისთვის – მათი ქორწილის სამზადისში ვიყავით. მაგრამ სწორედ ამ დღეს ეკლესიაში ჩემი შვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადავიხადეთ.

როცა ამ უბედურების ამბავი გავიგეთ, ცხადია, ჩემ საშას ვეძებდით ყველგან, ველოდით, იმედი გვქონდა… მერე საკმაოდ დრო გავიდა… მისი ვერაფერი იპოვეს, ვერაფერი, რაც დნმ – თი საშას იდენტიფიკაციას მოახდენდა. რა გვექნა? 1 დეკემბერს მე და ჩემმა ქმარმა ურნა მიწით ავავსეთ და საშა ასე დავასაფლავეთ.

იმ პერიოდისთვის ჩემი გოგო ფლორიდაში ცხოვრობდა. 1 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე იგი მირეკავს და მეუბნება – “დედა, დამესიზმრა, რომ ორი პოლიციელი მოვიდა და მითხრეს, რომ საშა იპოვესო”… და მართლაც, სიმბოლური დასაფლავებიდან რამდენიმე დღის მერე ჩვენთან მართლაც მოვიდნენ პოლიციელები – ერთი ასაკოვანი და მეორე ახალგაზრდა. მოვიდნენ და მითხრეს, რომ საშა იპოვეს, და მე, საღ გონებაზე მყოფმა შევყვირე – „ცოცხალი?!…“

საშას “ნარჩენები” დნმ–ის მიხედვით ხუთჯერ იპოვეს და ჩვენ საშა კიდე ხუთჯერვე დავასაფლავეთ. იპოვიდნენ და მერე მოდიოდნენ თანაგრძნობით, გვატყობინებდნენ…

გული ძალიან მწყდება, რომ აშშ–ში საქართველოს საელჩომ ყურადღება საერთოდ არ გამოიჩინა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივმართეთ. სამძიმრის წერილიც კი არ გამოუგზავნიათ… გული ძალიან გვეტკინა.

ჩემი შვილი 28 წლის იყო, სიცოცხლე ძალიან უყვარდა და ცხოვრებას ჩქარობდა …”

11 სექტემბრის ნაციონალური მემორიალი და მუზეუმი. ია მერკვილაძის ფოტო

***

“ცხოვრება ცარიელია, უფრო სწორედ, რაღაც მომენტის მერე ჩასახლდა ჩემში ეს სიცარიელე. თითქოს ღილაკს ვიღაცამ ხელი დააჭირა და სინათლე გამორთო. ეს სინათლე მოშორებით ენთო და ძნელად თუ მისწვდებოდი. ისევე როგორც ყველაფერი სრულყოფილი – თეთრი იყო და წმინდა, მისკენ სვლა შეიძლებოდა და იმის დაჯერება, რომ არსებობს!… გაფრენის შეგრძნება… ან ფეხქვეშ მიწის გამოცლის და ჰაერში გამოკიდების… ან მუდმივი ვარდნის გამო. გაუთავებლად დაძუნძულებ უდაბნოში მგლის მსგავსად და ჰერმიონას დაეძებ, მაგრამ ყველა შენი მცდელობა ამაოა… არის ვინმე, ვინც სანთელს ამინთებს, ვიდრე ცოცხალი ვარ და არა – საფლავზე?” – “ბრაზიანი მონოლოგი”, 1995.

ალექსანდრე ლიგინის ფოტო

ალექსანდრე ლიგინის ფოტო

„იყო! რა საშინელი სიტყვაა, თითქოს ერთი ხელის მოსმით ამოძირკვეს, უცებ ჩადგა მკვეთრი ზღვარი არსებულსა და ყოფილს შორის. ცხოვრების დინება შეწყდა, არადა შეიძლებოდა გეცურა ულამაზესი გორაკების გასწვრივ, მაშინ მეჩვენებოდა, რომ არ ღირდა მათი ტკბობით დროის დაკარგვა, მზერის შეჩერება, ჯერ კიდევ მოვასწრებდი, ყველაფერი წინ მქონდა, მთავარი იყო წინსვლა. ახლა კი ყოველი ასეთი გაშვებული მომენტი ბასრ ტკივილს იწვევს, წარმოსახვა საოცარი სიმკვეთრით დაკარგული ბედნიერების სურათებს ხატავს, უკან გაბრუნებს, რეალობის განცდას კარგავ და გრძნობის მორევში თავიან – ფეხებიანად ეშვები. ახალ ახალი დეტალები ამოტივტივებას იწყებს და ცდილობ არაფერი გამოგრჩეს…. მაგრამ გონება გულზე სუსტია. გონების საღი არგუმენტები წინ ვერ აღუდგება ურყევ რწმენას კარგისა თუ სიკეთის მიმართ, ამიტომ ამ ფიქრებს სადღაც მიერეკები და დროდადრო კვლავ მოგონებებს აკითხავ, მერე კი ეს სასურველი მომავალში გადმოგაქვს და ელოდები… და ელოდები ვიდრე ძალა შეგწევს.” – ალექსანდრე ლიგინი, “წარსული”, 1995. *

  •  „რუსუდან ჭუბაბრიას თარგმანი (“ნამსხვრევები”, 2020)