“აქ, ამერიკაში მუშაობა ტკივილს ჰგავს… რა გაგიკვირდა, ჰო, ტკივილს. აქ ტკივილი ნორმალურია, საშიში არაა, რომ გტკივა. საშიში ისაა, რომ ნელ – ნელა ეგუები მას.” – ამას ამბობს ნუნუ, უფრო სწორად, მის წინ მდგარ ოვალურ სარკეს უყვება. ფეხებთან კი ჩემოდანი დევს, რომელზეც მისი სახელი “ნუნუ” აწერია.
სცენაზე ასეთი ჩემოდანი შვიდია და აწერია “მარიამი”, “ხატია”, “ანანო”, “სალომე”, “ქეთი”, “ნიცა”… სპექტაკლი შვიდი დედის ამბავს გვიყვება, თუმცა – ექვსით მთავრდება.
ხატიას პერსონაჟი ემიგრაციაში გარდაიცვლება და საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ასწრებს… თითოეულ ქალს კი ერთი კაცი წარადგენს – სიმბოლო საზოგადოების, ოჯახის, განმკითხველ-მაკრიტიკებლის და იმ ადამიანების, ვინც საქართველოში დარჩა.
სპექტაკლის განმავლობაში მაყურებელი ფიქრობს, რომ მთავარი აქცენტი დედების ისტორიებზეა, დასასრულს კი ირკვევა, რომ ეს კაცი სინამდვილეში ერთ-ერთი ქალის ქმარია და თავადაც – მთავარი პერსონაჟი. ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვე ამერიკიდან გზავნილ თანხას იღებს, მერე ამ ფულით ცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებს, თითქოს ასეც უნდა იყოს. მაყურებელი კი მხოლოდ სპექტაკლის ბოლოს აცნობიერებს, რომ გამოგზავნილი თანხის უკან დგას დედის უდიდესი მსხვერპლი, მონატრება, ტკივილი, ცრემლი და გადავადებული ცხოვრება, შესაბამისად – გადავადებული დედობაც.

სცენა სპექტაკლიდან “გადავადებული დედობა”
– “შვილი რამდენი წელია არ გინახავს?” ეკითხება ქალებს ეს კაცი, ნიშნის მოგებით… ნიცას ფულის გაგზავნის ქვითარი ხელში უჭირავს და ამბობს “აი, ასე გამოიყურება ნამდვილი სიყვარული”. კაცი თანხას იღებს და სიცილით მაყურებლის დარბაზში უჩინარდება.
ისინი რეალური ემიგრანტული ისტორიების ქართველი ქალები არიან, ოჯახიდან შორს გადახვეწილები. სიტყვა “შორს” არავინ იცის სად მთავრდება და თან ყოველდღე იცვლის ფორმას — ხან დროა, ხან სიჩუმეა, ხან ძალიან განსხვავებული “ზიპ კოდი”, ხან გაშვებული ზარებია, ხან ინტერნეტის პრობლემა და უძილო ღამე – როგორაა ახლა? როგორ ჩაიარა გლანდების ოპერაციამ? სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა ხომ არ უსაყვედურა?
დაშორება აქ არ არის მხოლოდ გეოგრაფია ან იდენტობის პრობლემა — ეს არის ყოველდღიური მდგომარეობა, სადაც დედა და შვილი ერთდროულად არსებობენ, მაგრამ არა ერთ სივრცეში. ესაა მუდმივი განცდა-ტვირთი, რომ ერთდროულად ორი ცხოვრებისთვის არავინ დაბადებულა, მაგრამ, აი, შენ ისე “გაგიმართლა”, რომ ეს შეგძლებია. თან თუ ამას დიდი ქალაქის დიდი მარტოობაც ემატება…
სცენაზე ქართველი ქალები — არაპროფესიონალი მსახიობები — საკუთარ ისტორიებს გვიყვებიან, თუმცა მათ მონათხრობში ერთი და იგივე სევდა ისმის: ემიგრანტი დედების უხილავი ცხოვრება, შვილებთან განშორება, დანაშაულის განცდა, მონატრება და მარტოობა. ჩემს ნაცნობებსა და მეგობრებს შორის არიან ქალები, რომლებმაც საქართველოში სამი თვის ჩვილი დედას დაუტოვეს და შემდეგ საკუთარი შვილი უკვე სკოლის დამამთავრებელ ასაკში „გაიცნეს“. არის ისეთიც, რომელსაც საქართველოში შვილი მოუკლეს, მაგრამ ვერ დაბრუნდა — მიცვალებულსაც სჭირდება პატრონობა, თუმცა ცოცხლად დარჩენილებზეც ხომ უნდა იზრუნოს.
რეჟისორ ნინო იმედაძის პიესამ და სპექტაკლმა – “გადავადებული დედობა” ამერიკულ თეატრალურ სცენაზე [სპექტაკლი სამჯერ ნიუ იორკში და ერთხელ ფილადელფიაში აჩვენეს] გააცოცხლა ისედაც მთვლემარე, ქრონიკულად მწვავე ჭრილობა – ემიგრანტის ტკივილი, სიყვარული, თავგანწირვა და ის მძიმე რეალობა, რომელსაც უამრავი ქართველი დედა გულით ატარებს. სპექტაკლში იგი თავადაც მონაწილეობს, ოღონდ მისი შვილის, ვიქტორიას სახით, რომელსაც ბებია აძინებს… რეჟისორმა “გადავადებული დედობა“ საკუთარ დედას მიუძღვნა.

სცენები სპექტაკლიდან “გადავადებული დედობა”

სცენა სპექტაკლიდან “გადავადებული დედობა”
ჩემს მეხსიერებაში ეს პირველი სპექტაკლია, სადაც დედასა და შვილს შორის დაშორება არა მხოლოდ თემა ან ფონია, არამედ ცოცხალი ტკივილი, რომელსაც სასცენო სივრცე განსაკუთრებული სიმძაფრითა და დაუფარავი ემოციური სიმართლით გვაგრძნობინებს.
“როცა სცენაზე ჩემმა შვილმა დედაჩემის ემიგრანტულ ისტორიაში ჩემი როლი, ანუ ჩემი ბავშვობა ითამაშა, ცხადი იყო, რომ სცენაზე არა მხოლოდ ჩემი შვილის თვალებით ვუყურებდი ჩემს წარსულს, არამედ პირველად ვხედავდი, როგორ გადაიქცა ჩემი ბავშვობა სხვის მიერ ნაამბობ ისტორიად” – ამბობს ნინო იმედაძე.

ნინო იმედაძე დედასთან, თამარ გელენიძესთან ერთად.
- დღეს რატომაა ეს დაშორება განსაკუთრებით აქტუალური თქვენთვის, როგორც ავტორისთვის?
ემიგრაცია არ დასრულებულა, ის დღესაც გრძელდება. ყოველდღე ვხვდები დედებს, რომლებიც შვილებთან ვიდეოზარით ცხოვრობენ, მათ პირველ ნაბიჯებს, დაბადების დღეებსა და წარმატებებს ეკრანიდან უყურებენ. მინდოდა, მაყურებელს დაენახა, რა ფასად მოდის ის ფული, რომელსაც საქართველოში აგზავნიან. მის უკან დგას დიდი სტრესი, მარტოობა, მონატრება და დანაშაულის განცდა.
ეს სპექტაკლი ჩემი მადლიერების გამოხატულებაა მშობლის მიმართ და ყველა იმ დედისადმი, რომლებმაც შვილების უკეთესი მომავლისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე არჩევანი გააკეთეს. ის, რომ სპექტაკლში „გადავადებული დედობა“ ერთ-ერთ მთავარ როლს ჩემი შვილი ასრულებს, ამ ისტორიას ჩემთვის კიდევ უფრო პირადსა და ემოციურს ხდის.
- არის თუ არა ამ პიესაში კონკრეტული სოციალური კონტექსტი, თუ ის მთლიანად ინტიმურ სივრცეში რჩება?
პიესას მკაფიო სოციალური კონტექსტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ემიგრანტი დედის პირად განცდებზეა აგებული, ეს ისტორია ასახავს თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ პრობლემას: ემიგრაციას, ოჯახების იძულებით დაშორებას და ამ რეალობის გავლენას როგორც მშობლებზე, ისე – შვილებზე.
- 90 იან წლები – როგორ ხსნით იმ ეპოქის ატმოსფეროს — როგორც ფონს თუ როგორც პერსონაჟს?
მე ვარ იმ თაობის შვილი, რომელმაც 90-იანი წლების მძიმე რეალობა საკუთარ თავზე გამოსცადა და ამ ტკივილს დღემდე მეხსიერებაში ატარებს. მე ვარ შვილი, რომელმაც ბავშვობაში დედასთან განშორება მძიმედ განიცადა. „გადავადებული დედობა“ დაიბადა რეალური ისტორიებიდან, ნამდვილი ცრემლებიდან და იმ თაობის საერთო ტკივილიდან, რომელმაც ემიგრაციის ყველაზე მძიმე წლები საკუთარ თავზე გამოსცადა.
ჩემთვის ყველაზე რთული იყო იმ განცდებთან დაბრუნება, რომლებიც წლების განმავლობაში გულში მქონდა ჩუმად დაგროვილი. როდესაც ამ თემაზე ვწერდი, აღარ ვიყავი მხოლოდ ავტორი ან რეჟისორი, არამედ ისევ ის ბავშვი ვხდებოდი, რომელიც დედის მონატრებით ცხოვრობდა.
მინდოდა, სპექტაკლი მხოლოდ ტკივილზე არ ყოფილიყო. მინდოდა, მაყურებელს დაენახა დედების გმირობა, მათი ძალა, თავგანწირვა და ის უსაზღვრო სიყვარული, რომელიც მათ გადაწყვეტილებებს უდევს საფუძვლად.
ჩემი აზრით, უმეტეს შემთხვევაში ემიგრაცია თავისუფალი არჩევანი არ არის, როდესაც დედა იძულებულია დატოვოს შვილი, ოჯახი და ქვეყანა იმისთვის, რომ მათ უკეთესი მომავალი შეუქმნას, ამას არჩევანს ვერ დავარქმევთ. ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეალობის შედეგი.
დედები მიდიან არა იმიტომ, რომ შვილებისგან შორს ყოფნა სურთ, არამედ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ დავარქვი სპექტაკლს „გადავადებული დედობა“.
დედობა არ ქრება… ის უბრალოდ იძულებით გადადის ტელეფონის ზარებში, მონატრებაში, მოლოდინსა და წლების შემდეგ დაგეგმილ ჩახუტებაში. მინდა, ეს სპექტაკლი წარსულის ტკივილზე მეტად მომავლის იმედად დარჩეს. იმედად, რომ დადგება დრო, როდესაც არჩევანი ოჯახსა და მომავალს შორის გასაკეთებელი აღარ იქნება; როდესაც წარმატება განშორების ფასად აღარ მოიპოვება და მეტი ოჯახი შეძლებს ბედნიერად ცხოვრებას სამშობლოში, ოჯახთან ერთად, საკუთარ სახლში.

ნინო იმედაძე
- როგორ ცხოვრობდით ქუთაისში?
ჩემი პირველი შეხვედრა სცენასთან ხუთი წლის ასაკში შედგა, დავდიოდი ქუთაისის საბავშვო მუსიკალურ თეატრში, ვმონაწილეობდი სხვადასხვა შემოქმედებით პროექტში და შეიძლება ითქვას, რომ სცენაზე გავიზარდე. სწორედ იქ ვისწავლე შრომა, პასუხისმგებლობა და, რაც მთავარია, მაყურებელთან გულწრფელი ურთიერთობა.
ამერიკაში 13 წლის ასაკში ჩამოვედი, დედამ ჩამომიყვანა. თინეიჯერი ვიყავი და სრულიად ახალ სამყაროში აღმოვჩნდი. იყო მონატრება, რომელიც წლების შემდეგაც არ გამქრალა. იყო ისეთი დღეები, როდესაც ყველაფერი ძალიან რთული ჩანდა. თუმცა ამ გზამ გამაძლიერა, ტკივილმა ბევრი რამ მასწავლა და დამარწმუნა, რომ ოცნებებს მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინც არ ნებდება.
- როგორია თქვენი ემიგრანტული სტაჟი?
27 წლის ემიგრანტი ვარ. 2007 წელს მანჰეტენზე დავამთავრე Barbizon School-ის თეატრალური მიმართულება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვიდექი სცენაზე, სწორედ ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა, ჩემი სიყვარული ხელოვნებისადმი პროფესიულ ცოდნასთან დამეკავშირებინა. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს შემოქმედებით გზაზე, რომელიც დღემდე გრძელდება.
ემიგრაციამ ბევრი გამოწვევა მომიტანა, მაგრამ სწორედ ამ ყველაფერმა დამანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია უცხო ქვეყანაში ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. მოგვიანებით დავოჯახდი და გარკვეული პერიოდი ჩემი მთავარი პრიორიტეტი ოჯახი იყო, თუმცა ხელოვნებისადმი სიყვარული არასოდეს გამნელებია.
მიუხედავად იმისა, რომ სცენას დროებით ჩამოვშორდი, ოცნება არასოდეს მტოვებდა. ოცი წლის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ჩემს საყვარელ საქმეს. ამასთანავე, ამჟამად რეჟისურის ფაკულტეტზე ვსწავლობ და მომავალ წელს დიპლომირებული რეჟისორი გავხდები.
- თქვენ აშშ-ში პირველი ქართული თოჯინების თეატრის დამაარსებელიც ხართ.
მქონდა იდეა, რომ ნიუ იორკში ქართველი ბავშვებისთვის ამერიკაში პირველი ქართული თოჯინების თეატრი შემექმნა და 2022-ში ამგვარი თეატრი მართლაც გაჩნდა.
ჩემი ორგანიზაცია – „ქართული გენი“ ბავშვებისა და მოზარდებისთვის მრავალფეროვან, ქართულენოვან, კულტურულ, საგანმანათლებლო და თეატრალურ პროექტებს ახორციელებს. „არტ-იმედი“ არის „ქართული გენის“ ფარგლებში მოქმედი საბავშვო მუსიკალური თეატრი, რომლის პირველი პროდუქტი საბავშვო მიუზიკლი „თოვლის დედოფალი“ 2025 წლის დეკემბერში დაიდგა და პატარებისა და დიდების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ამა წლის ივნისში კი წარვადგინეთ ინგლისურენოვანი საბავშვო მიუზიკლი „ალადინის ლამპარი“. სპექტაკლი იყო თოჯინური თეატრის, ცოცხალი სამსახიობო შესრულების, ინგლისურენოვანი მუსიკისა და ქართული ცეკვის თანამედროვე ქორეოგრაფიის, არანჟირების სინთეზითა და, ცხადია, ბავშვების აქტიური ჩართულობით.

სცენა სპექტაკლიდან „ალადინის ლამპარი“
- ამჟამად რა ტიპის პროექტებს ახორციელებთ და რა ფორმატს სთავაზობთ ქართველ ემიგრანტებს?
– მე ჩემ საყვარელ ქუთაისს, ცხადია, არ ვივიწყებ და მესამე წელია მაისში „ქუთაისობას” ანუ “გვირილობას“ – სახალხო დღესასწაულს ვაწყობთ. ამ ფესტივალს საქველმოქმედო მისიაც აქვს – ყოველწლიურად ვეხმარებით ერთ ადამიანს ან ოჯახს, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.
ასევე გვაქვს ე.წ. “სალონური შეხვედრები”. ესაა საუბრები ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანებთან, მწერლებთან. ეს საღამოები იქცა სივრცედ, სადაც ადამიანები არა მხოლოდ სტუმრების შემოქმედებასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეცნობიან, არამედ მათთან გულწრფელ დიალოგშიც ერთვებიან.
გადაცემების სერიის – “სილუეტი” ფარგლებში ვიდეოკამერაზე იწერება წარმატებული და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მონათხრობი. მიზანი მათი ცხოვრებისეული გამოცდილების, პროფესიული გზისა და წარმატების ისტორიის გაზიარებაა.
პროექტი “შინ” საბავშვო გადაცემაა – უნიკალური ფორმატი, რომელიც ამერიკაში დაბადებული ქართველი ბავშვების ისტორიებს აცოცხლებს. პროექტის ფარგლებში იწერება მათი ინტერვიუები, სადაც ისინი ქართულ ფესვებზე, ემიგრაციაზე გვესაუბრებიან. ეს არის მნიშვნელოვანი არქივი მომავალი თაობებისთვის, რომელიც ქართული იდენტობის შენარჩუნებას ემსახურება.
პროექტი “ქართველი თინეიჯერები” კი აერთიანებს წარმატებულ ქართველ პროფესიონალებსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველ თინეიჯერებს. ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა პირისპირ შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს. პროექტი ქმნის თაობებს შორის დიალოგს, ახალ შესაძლებლობებსა და მოტივაციას.
- როგორ შეიქმნა სპექტაკლი „7ა კლასი“ და რა ხდის მას მნიშვნელოვანს თქვენი სტუდიის მსახიობებისთვის და მაყურებლისთვის?
სპექტაკლი “7ა კლასი” მზადების პროცესშია. იგი მაყურებელს ბავშვობის ყველაზე ძვირფას მოგონებებში დააბრუნებს. ეს იქნება ისტორია მეგობრობაზე, თანადგომაზე, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობაზე და იმ ადამიანურ ღირებულებებზე, რომლებიც ხშირად სწორედ ბავშვობაში ყალიბდება და მთელი ცხოვრება მოგვყვება.
ჩემი მიზანია ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე მეტი მუსიკალური სპექტაკლი შევთავაზო. პარალელურად, ვმუშაობ ინგლისურენოვან თეატრალურ პროექტებზეც. სპექტაკლები კარგი საშუალებაა ამერიკელ მაყურებელს ქართული კულტურა გავაცნო.






