ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდანრედაქტორის ბლოგი

ნიუ იორკი, ბრუკლინი, „ქართულია“

06.08.2026
ნიუ იორკი, ბრუკლინი, „ქართულია“

ყველა დიდ ქალაქს თავისი ფარული რუკა აქვს — ის, რომელიც ქუჩების სახელებზე მეტად ადამიანების მოგონებებით, ხმებითა და სურნელებით იკითხება. 

ნიუ იორკი სწორედ ის ქალაქია, სადაც მსოფლიოს უამრავმა კუთხემ თავისი პატარა კერა იპოვა. აქ ჩამოსულ ემიგრანტებს თან მოჰქონდათ არა მხოლოდ ბარგი და იმედი, არამედ ენაც, ტრადიციაც, სამზარეულოც, კულტურაც და სურვილი — უცხო მიწაზე საკუთარი სამყაროს შექმნის. ასე გაჩნდა ნიუ იორკის Little-ები – პატარა სამყაროები დიდ ქალაქში, სადაც ადამიანს შეეძლო ქუჩის კუთხეში საკუთარი ქვეყნის ხმა მოესმინა, ნაცნობი გემო ეპოვა და დროებით მაინც ეგრძნო თავი შინ.

Little Italy, Chinatown, Koreatown, Little Ukraine, Little Greece, Little India, Little Odessa – ეს უბნები ერთ დღეში არ შექმნილა. ისინი XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ჩამოსული ემიგრანტების შრომით, ოცნებებითა და ერთმანეთის გვერდით ცხოვრების სურვილით შეიქმნა. აქ გაჩნდა რესტორნები, მაღაზიები, გაზეთები, ეკლესიები და კულტურული კერები — ადგილები, სადაც უცხო ქალაქში ახალი იდენტობა იბადებოდა.

Little Italy (პატარა იტალია) თავდაპირველთან შედარებით დღეს მართლაც პატარაა, უფრო სწორად — დაპატარავდა, მაგრამ საუკუნის წინ ის იტალიური კულტურის ერთგვარი დიდი „კონცენტრატი“ იყო: ემიგრანტებისა და მათი შვილების სამყარო, რომლებიც ორ რეალობას შორის ცხოვრობდნენ — იტალიურ ტრადიციასა და ამერიკულ ყოფას შორის.

ამ გამოცდილებას ყველაზე კარგად თავად იტალიელი ნიუ იორკელის, მარტინ სკორსეზეს ფილმი – “მკაცრი ქუჩები“ (“Mean Streets“, 1973) ასახავს — იტალიური კვარტლის რომანტიზაციითა და ნოსტალგიით. სკორსეზეს კამერა თითქოს ამბობს: „ეს ქუჩები მხოლოდ შენობები არ არის — აქ ხალხის მეხსიერება ცხოვრობს“.

ლევან კოღუაშვილის ფილმი, „ბრაითონ მე-4“ (Brighton 4th, 2021) კი ქართველი ემიგრანტის შეწყვეტილ თვითრეალიზაციაზე, ვალებთან და კრიმინალურ გარემოსთან გამკლავების ყოველდღიურობაზე, გაცრუებულ იმედებსა და დაკარგულის ძიებაზე მოგვითხრობს.

კოღუაშვილის კამერა თითქოს ამბობს: „ეს ბინები მხოლოდ სახლები არ არის — აქ მოლოდინი ქირით ცხოვრობს“. 

ბრუკლინის King Highway-ზე ფეხით თუ გაივლით, სხვადასხვა ქვეყნის პატარა სამყაროს გადაეყრებით. უკრაინული, თურქული, უზბეკური, ქართული, ესპანური, რუსული და ჩინური წარწერები ერთმანეთს ენაცვლება; ღია კარებიდან ქუჩაში გამოდის სანელებლების, ახლად გამომცხვარი პურის, ნიგვზის, ხაჭაპურის თბილი და ყავის მაცოცხლებელი სურნელი — თითქოს თითოეული სახლი და პატარა მაღაზია თავის ისტორიას ჰყვება.

ნიუ იორკი სწორედ ასე იქმნება — ქალაქი, რომელიც მხოლოდ უბნებისგან კი არა, ადამიანების მოგონებებისგანაა ნაშენი. ბოლო წლებში აქ ქართულ ენასაც უფრო ხშირად გაიგონებთ, ვიდრე ადრე. ამ სივრცეში ქართული კულტურის სხვადასხვა კერაც არსებობს.

ამ მრავალხმიან ქუჩაზე 2022 წელს ერთი ქართული მისამართი გაჩნდა სახელად — „ქართულია“ (Qartulia). კართან ქართული დროშა მიგანიშნებთ, რომ ეს უბრალოდ მაღაზიაცაა და უფრო მეტიც: თაროებზე ქართული წიგნებია, გვერდით — თიხის ნაკეთობები, მათ შორის, ღვინის ჭურჭელი, ყანწები, სუფრები, ჩანთები, თავშალები, ხელნაკეთი ნივთები, ქართველი დიზაინერების ნამუშევრები და პატარა დეტალები, რომლებშიც ქვეყნის ისტორია და ხასიათია ჩადებული.

მაღაზია “ქართულია”

აქ ჯერ ქართული ენა გესმის და მხოლოდ შემდეგ — ინგლისური. ვიღაც ახალჩამოსულს უხსნის, თუ სად შეიძლება ქართული მაწვნის ყიდვა; ვიღაც საქართველოში გამგზავრებაზე საუბრობს; ვიღაც უბრალოდ ჩურჩხელას ყიდულობს, რადგან მის შვილს ჩურჩხელის გემო არასოდეს გაუსინჯავს; ვიღაც კი ქართველი თუ არაქართველი მეგობრისთვის საჩუქარს ეძებს და რჩევა სჭირდება.

ასეთი ადგილები შემთხვევით არ ჩნდება.

„ქართულიას“ ისტორია ბრუკლინის სხვა მისამართიდან იწყება — ბრაიტონ ბიჩზე, ოკეანის მხარეს მდებარე ქართული საცხობიდან, Little Georgia-დან (2019), რომლის არსებობასაც ქუჩაზე ისევ ქართული დროშა მიგანიშნებთ.

საცხობი Little Georgia

თავიდან დავლიანიძეების ოჯახური ბიზნესის მიზანი ქართული სამზარეულოს გახსენება/გაცნობა და მისი პოპულარიზაცია იყო. შემდეგ ქართულ კულინარიულ სივრცეში კერძებთან ერთად თანდათან გაჩნდა ქართული წიგნები, თიხის ნაკეთობები, ყანწები და სუვენირები — ნივთები, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ ინტერიერის ნაწილი იყო. მალე აღმოჩნდა, რომ ხაჭაპურის მოყვარულებს მხოლოდ მისი დაგემოვნება კი არა, ამ ნივთების შეძენაც სურდათ.

ეს თითქოს პატარა დეტალი იყო, მაგრამ სწორედ აქ დაიბადა მთავარი იდეა: ემიგრანტს მხოლოდ მშობლიური გემო არ ენატრება. მას ენატრება წიგნიც, რომელსაც ბავშვობაში კითხულობდა; თიხის დოქიც, რომელიც ბებიის სახლში იდგა; ქართული ანბანიც, რომელიც პირველმა “მასწმა” შეასწავლა; ხევსურული ორნამენტები, ფიროსმანის ფერები და სამშობლოდან ჩამოტანილი ყველაზე ჩვეულებრივი ნივთიც კი.

სწორედ ამ მოთხოვნამ შექმნა „ქართულია“ — ადგილი, რომელიც კულინარიასთან ერთად საქართველოს კულტურულ სახესაც წარმოადგენს. აღმოჩნდა, რომ პატარა სივრცესაც შეუძლია დიდი ამბის მოყოლა — ამბის ქვეყნის გემოზე, ხელოვნებაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ათასობით კილომეტრის მოშორებითაც საკუთარ ფესვებთან კავშირს ინარჩუნებენ.

“ქართულიამ“ გახსნის წელსვე მოხვდა The New York Times-ის კულინარიული განყოფილების რედაქტორის, ნიკიტა რიჩარდსონის სტატიაში, რომელმაც ბრაიტონ ბიჩის შესახებ მომზადებულ მასალაში მკითხველს ეს ადგილი გააცნო. რიჩარდსონი წერს, თუ რა ტრანსპორტით აღმოჩნდებით ხალხმრავალ ქართულ საცხობში, Little Georgia-ში, სადაც თავად შეიძინა „საშუალო პიცის ზომის კარტოფილისა და ყველის ხაჭაპური“ და მაცივრიდან ქართული ბრენდის, „ნატახტარის“ ლიმონათი გამოიღო.

„აქ ყველა ნივთი თუ ნუგბარი საქართველოდან მოდის. თითოეული ნაკეთობა ათასობით კილომეტრს გადის, სანამ ბრუკლინის თაროებზე აღმოჩნდება“, — ამბობს „ქართულიას“ თანამფლობელი ნინი დავლიანიძე. — „ამის უკან დგას რთული ლოჯისტიკა, გადაზიდვები, საბაჟო პროცედურები, მომწოდებლებთან ყოველდღიური ურთიერთობა და ის უხილავი შრომა, რომელსაც მომხმარებელი თითქმის ვერასოდეს ხედავს.

„ქართულია“ პატარა სივრცეა, მაგრამ იმავე იდეით არის შექმნილი, რომლითაც ნიუ იორკის ბევრი ცნობილი ეთნიკური უბანი ჩამოყალიბდა: სურვილით, რომ კულტურას ჰქონდეს ადგილი, სადაც ის იცხოვრებს, განვითარდება და საკუთარ ისტორიას სხვებსაც გაუზიარებს“.

ქართულ – ინგლისური, მინიატურული “ვეფხისტყაოსანი” „ქართულიაში“

თიხის ჭურჭელი “ქართულიაში”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ნინი დავლიანიძე ამერიკაში საცხოვრებლად 2019 წლის ნოემბერში, პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გადავიდა. საქართველოში მას უკვე ჰქონდა ჩამოყალიბებული პროფესიული გზა, თუმცა ნიუ იორკში ახალი ცხოვრების დაწყება და სრულიად განსხვავებულ გარემოში საკუთარი ადგილის პოვნა მოუწია.

უცხო ქვეყანაში ბიზნესის შექმნა მხოლოდ ფინანსურ რისკს არ ნიშნავს. ეს გულისხმობს სრულიად განსხვავებული საგადასახადო სისტემის შესწავლას, ლიცენზიების მიღებას, სამართლებრივი პროცედურების გავლას, ფართის მოძიებას და ყოველდღიურ შრომას იმისთვის, რომ იდეა რეალობად იქცეს. წლების წინ დაწყებული ეს პატარა სივრცე დღეს იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე თავად დამფუძნებლებს თავდაპირველად წარმოედგინათ. „ქართულიას“ ჩვენებურებთან ერთად ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებიც ხშირად სტუმრობენ.

ნინი დავლიანიძე

მაღაზია “ქართულია”

თავად არაერთხელ გახლდით იმის მოწმე, რომ “ქართულიას” სულ უფრო ხშირად სტუმრობენ ისინი, ვისაც აინტერესებს, რას ნიშნავს ქართული ღვინის ტრადიცია (თუმცა მაღაზიაში ღვინო არ იყიდება, ის წარმოდგენილია Little Georgia-ში), რატომ განსხვავდება ქართული კერამიკა, რა ისტორიები იმალება ქართული წიგნების ყდებს მიღმა და როგორ გამოიყურება თანამედროვე ქართული ბრენდები — ჩანთები, სამკაულები, აქსესუარები, საათები და ხელოვნების ნიმუშები.

აქ შეიძლება შეხვდეთ როგორც ექსკლუზიურ ყდაში გამოცემულ ბიბლიასა და „ვეფხისტყაოსანს“, ასევე თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნებს. თაროებზე ათასამდე ქართული წიგნია — როგორც ქართველი ავტორების, ასევე უცხოელი მწერლების ნაწარმოებების ქართული თარგმანი. ყოველ კვირას „ქართულიაში“ ახალი წიგნები ჩამოდის. მსურველს შეუძლია მაღაზიას სასურველი გამოცემა შეუკვეთოს და ის უახლოეს დღეებში ნიუ იორკში აღმოჩნდება.

მაღაზია “ქართულია”

აქ შეხვდებით ვაჟა-ფშაველას, ჭაბუა ამირეჯიბს, გურამ დოჩანაშვილს, ნაირა გელაშვილს, აკა მორჩილაძეს, ნინო ხარატიშვილს, დავით ტურაშვილსა და ბევრ სხვა ავტორს. არის პერიოდები, როცა ყველაზე მოთხოვნადი გრიგოლ რობაქიძის წიგნები ხდება. ვინც რობაქიძეს ეძებს, “ქართულიაში” მის ცნობილ სიტყვებსაც იხსენებს: „საქართველო დაჭრილი მზეა… დაჭრილი, მაგრამ მაინც მზე“. ეს ფრაზა განსაკუთრებით ახლოს დგას ემიგრანტის განცდასთან — ქვეყანასთან კავშირის შენარჩუნებასთან მაშინაც კი, როცა ადამიანი მისგან ათასობით კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს.

„ქართულიამ“ უმასპინძლა ემიგრანტი მწერლის: მარი ჩიკვაიძის სადებიუტო წიგნის პრეზენტაციასაც, თანამედროვე დიზაინერებიდან წარმოდგენილია ავთანდილის, მეგი გაბუნიას, „ნელბის“, „ფაფანაკისა“ და სხვათა პროდუქცია.

მარი ჩიკვაიძე წიგნის – “თვითმარქვიას” პრეზენტაციაზე “ქართულიაში”

ნინი დავლიანიძისთვის ეს მხოლოდ სავაჭრო სივრცე არ არის. აქ იმართება წიგნების პრეზენტაციები, საბავშვო კითხვის დღეები, ქართველი დიზაინერებისა და მეღვინეების შეხვედრები.

„ქართულიას“ გუნდის იდეა კიდევ უფრო შორს მიდის — ეს ნიუ იორკის ქართული კუთხე უნდა გახდეს პლატფორმა ქართველი მეწარმეებისა და ხელოვანებისთვის, რომელთაც თავიანთი პროდუქციის ამერიკაში წარდგენა სურთ. ამასთან, ონლაინ-მაღაზიის განვითარება საშუალებას მისცემს ქართული პროდუქციის მოხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტებთან.

„ქართულია“ პატარა სივრცეა ბრუკლინში, მაგრამ მისი ამბავი ბევრად დიდია. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთმა მისამართმა შეინარჩუნოს ენა, გემო, წიგნი, ხელოვნება და მეხსიერება — და როგორ შეიძლება პატარა „ლიტლ ჯორჯია“ გახდეს ადგილი, სადაც საქართველო სხვებისთვისაც აღმოსაჩენი ხდება.

_______

ფოტო: ია მერკვილაძე, ნეტგაზეთი