ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

საქართველოს დროშა ნიუ იორკში, უოლ-სთრითზე, ომში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნისთვის

09.08.2026
საქართველოს დროშა ნიუ იორკში, უოლ-სთრითზე, ომში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნისთვის

8 აგვისტოს, შაბათს, ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, უოლ-სთრითის ბრინჯაოს ხართან, დავით ცქიფურიშვილის ინიციატივით, ამერიკული დროშის გვერდით საქართველოს დროშა აღიმართა.

უიქენდზე, ტრადიციულად ტურისტებით გადაჭედილ ამ ადგილას, ზოგი ჩერდებოდა კითხვით: “რომელი ქვეყანაა?” ზოგიერთს, ჩვენდა გასაკვირად, პასუხი უკვე ჰქონდა. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მათთვის ნაცნობი აღმოჩნდა. სხვებისთვის კი ეს იყო პირველი შეხვედრა ქვეყანასთან, რომლის შესახებაც ან არაფერი იცოდნენ, ან მხოლოდ მცირე რამ ჰქონდათ გაგონილი.

“რატომ აღმართეთ?” — კითხულობდნენ აქ.

პასუხი 2008 წლის 7 აგვისტოა: რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან თვრამეტი წელი გავიდა. თუმცა, თუ მე მკითხავთ, ჩვენი უახლესი ისტორიის ეს ომი გაცილებით ადრე დაიწყო — 1991 წლის 9 აპრილს, იმ წამიდან, როცა უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა და 1921 წლის კონსტიტუციის მოქმედება აღადგინა.

ამ დღეს აღმართული დროშა, უპირველესად, იმ ქართველი სამხედროების ხსოვნას ეძღვნებოდა, რომლებიც აგვისტოს ომში დაიღუპნენ; მათ, ვინც ტყვეობაში ეწამა; მათ, ვინც ცოცხალი დაბრუნდა, მაგრამ ომი შინ, მეხსიერებაში „წამოიღო“ და დღემდე თან ატარებს.

საქართველოს დროშა უოლ-სთრითზე ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.

ამ დროშას კიდევ ერთი, პირადი ისტორია აქვს.

11 წლის წინ, 26 მაისს, როცა საქართველოს დროშა აღიმართა, მე და ჩემს მეგობარს გია ხუროშვილის ჩვილი ბავშვები გვეჭირა ხელში. ისინი მაშინ ჯერ კიდევ პატარები იყვნენ იმისთვის, რომ რამე სცოდნოდათ დროშაზე, საქართველოზე ან იმ ადამიანების სახელებზე, რომელთა ხსოვნასაც ქვეყნის მთავარი სიმბოლო ატარებდა.

ახლა ის ჩვილები უკვე თინეიჯერები არიან და ყველაფერი იციან ამ ომზე. მათ გვერდით კი მათი ბებია დგას,  ნაზი ხუროშვილი,  რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე სწორედ აქ მოვიდა.

სამი თაობა ერთი დროშის ქვეშ, ნიუ იორკის უოლ-სთრითზე.

ნიუ იორკი, საქართველოს და აშშ-ის დროშები უოლ-სთრითზე

ნიუ იორკი, უოლ-სთრითი. ია მერკვილაძის ფოტო