ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ნიუ იორკის არტექსპოს ქართველი მხატვრები

ნიუ იორკის არტექსპოს ქართველი მხატვრები

თითქმის ოთხი ათეული წელია ნიუ იორკის არტექსპო მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ მხატვრებს მასპინძლობს. ის მსოფლიოში ნატიფი ხელოვნების ყველაზე დიდი ბაზრობაა, სადაც ხელოვანებს, გალერეებს, მყიდველებს, კერძო კოლექციონრებს, კურატორებს ყოველგვარი შუამავლების გარეშე შეუძლიათ სახელოვანი თუ დამწყები არტისტების ნამუშევრების გაცნობა–შეძენა.

2016 წელს საგამოფენო სივრცეში, რომელსაც მდინარე ჰადსონი ესაზღვრება და “პირსი 94” ჰქვია, ორმოცდაათი ქვეყნის ოთხასზე მეტმა არტისტმა თავისი ნამუშევრები წარადგინა: ფერწერა, სკულპტურა, ფოტოგრაფია, კერამიკა, ლითოგრაფია, მინის ნაკეთობა, პრინტი. იმ მხატვართა შორის, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში თავიანთ ნამუშევრებს გვაცნობდნენ და ჰყიდნენ, იყვნენ ქართველი ხელოვანებიც: ზაზა და ემზარ ხაბულიანები, მიხეილ მიქაბერიძე, რუსუდან ხიზანიშვილი, გიზო ვაშაკიძე, გოჩა ნარიმანიძე და ირაკლი ყარაულაშვილი, რომლებმაც ამ არტსივრცეში როგორც ჯგუფური, ასევე სოლოექსპოზიცია გამართეს. დამწყები მხატვრისთვის მაია მიმინოშვილისთვის კი ეს “არტექსპო–2016” საერთოდ პირველი გამოფენა იყო.

ამ არტსივრცეში ადგილის ყიდვა [ოთხი ათასი დოლარიდან  ოცი ათასამდე] ისეთი ქვეყნის წარამომადგენლებისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ ძვირია. თუმცა საქართველოს კულტურის სამინისტრო იმ მხატვრებს, რომლებმაც ნიუ იორკის არტექსპოდან მოწვევა მიიღეს და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მიმართეს, არ დაეხმარა. მოწვევის მიუხედავად, მხატვარი ემზარ ხაბულიანმა აშშ–ის ვიზა ვერ მიიღო. გამოფენაზე კი მისი ნახატები კერძო მყიდველებმა და გელერეებმა შეიძინეს.

ემზარ ხაბულიანისთვის ეს ნიუ იორკული დებიუტი იყო, მისი ძმა ზაზა ხაბულიანი კი უკვე მესამე წელია დიდი ვაშლის ქალაქის არტექსპოში მონაწილეობას იღებს და მასსა და მის მოდერნისტულ ფიგურატიულ ნამუშევრებს კარგად იცნობენ. ზაზა ხაბულიანი თითქმის ოცი წელია აშშ–ში ცხოვრობს და თავს მხოლოდ მხატვრობით ირჩენს. არტექსპოს მიმდინარეობისას მისი და მისი ძმის ნახატები ჰავაის არტგაერთიანებამ Harte Intrenaitonal Gelleries შეიძინა, იმ სამუზეუმო ინსტიტუციამ, რომლის კედლებზე რემბრანდტის, პიკასოს, შაგალის, მიროს ნამუშევრებია განთავსებული. ხაბულიანები პირველი ქართველი მხატვრები არიან, რომელთა ნახატები ამ გრანდების გვერდით გამოიფინება. ჰავაის გალერისტებმა ხაბულიანები გაისად ლას ვეგასში დაპატიჟეს, სადაც ერთმანეთს ის არტისტები შეხვდებიან, რომელთა ნამუშევრები Harte Intrenaitonal Gelleries -მა შეიძინა.

მიხეილ მიქაბერიძის გამოფენები არაერთ ევროპულ ქვეყანაში გაიმართა. გერმანიაში მცხოვრები მხატვრის ხელწერა ადვილად იცნობა – მკვეთრი ფერები, ქართული მოტივები, თბილისის ქუჩების სევდიანი ინტონაციები, კარები, სახლები, ველოსიპედები, ცხოველები. მიხეილ მიქაბერიძე ნიუ იორკის არტექსპოზე მესამედაა და მისი ფერწერის საყიდლად, ასე ვთქვათ, ძველი მყიდველებიც მოვიდნენ.

გიზო ვაშაკიძის ხელწერას იმპრესიონისტულ სტილს აკუთვნებენ და ეს მისი პირველი ნიუ იორკული არტექსპოა. შარშან შემოდგომაზე კი მან ამ ქალაქში ბერძნული თემის ფესტივალის ფარგლებში თავისი ფერწერული ტილოები გამოფინა. ამ ექსპოზიციის შემდეგ მხატვარმა ჩელსისა და სოჰოს თავისი ნამუშევრები გაუგზვანა და სან დიეგოსა და მაიამის გალერეებიდან მოწვევა მიიღო. მიიწვიეს ნიუ იორკის არტექსპოზეც, სადაც პეიზაჟები, ნატურმორტები და აბსტრაქციები წარადგინა.
რუსუდან ხიზანიშვილის ნამუშევრები ფოლკისა და ნეოექსპრესიონიზმის ნაერთია. მისი ნახატები იფინება გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთში. რუსუდანს უკვე წლებია ამერიკაში კოლექციონერები ჰყავს (მისი ერთ–ერთი ექსპოზიცია ჩრდილოეთ კაროლინაშიც გაიმართა), რომლებიც არტექსპო–2016 ზე მოვიდნენ, რათა მხატვარი პირადად გაეცნოთ და რუსუდანის სხვა ნამუშევრები შეეძინათ. ამას წინათ მხატვარმა ნიუ იორკის გალერეის Ca D’oro მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და გალერეამ მისი ტილოები გამოფინა.

ქართველი მხატვრები 2017 წლის ნიუ იორკულ არტექსპოზეც ჩამოვლენ და იმედოვნებენ, რომ ყოველი შემდეგი სახელოვნებო ბაზრობა წინასთან შედარებით უფრო შედეგიანი იქნება.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო