საზარელმა ისტორიამ, სტატიას თუ დავეყრდნობით, სერიოზული ტრავმა მიაყენა გოგონას. ისტორიის მთავარი გმირები, გოგოსთან და მის ქმართან ერთად, ქმრის დედა და გოგოს დედა იყვნენ.
დედამთილი მოძალადე შვილს არათუ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, არამედ მასთან ერთად ძალადობს 16 წლის გოგონაზე.
დედამთილები, რძლები, მულები ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო აგრესიულები და შეუწყნარებლები არიან ქალების მიმართ, ვიდრე მამაკაცები. მათი ძალადობა ხშირად პერმანენტულ ხასიათს ატარებს. იმდენად, რომ სამივე სიტყვას თითქოს უკვე ნეგატიური დატვირთვა აქვს.
საქართველოში, განაკუთრებით კი რეგიონებში და სოფლებში უფრო მეტად, არ არსებობს სოლიდარობა – გენდერული ნიშნით. ქალები ქალების წინააღმდეგ გამეტებით იბრძვიან და ლამის პირველები იღებენ ხელში ქვებს “გარყვნილი” ქალების ჩასაქოლად.
რატომ ძალადობენ ქალები ქალებზე, რატომ არ უჩნდებათ ახალგაზრდა გოგონების მიმართ გენდერული სოლიდარობა?
ამ კითხვაზე პასუხის მოძებნა არც ისე ადვილია. მით უმეტეს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, ყოველთვის თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს.
ფაქტია, ეს აგრესიაა. და ჩემი აზრით ის ვერ რეალიზებული პირადი ცხოვრებიდან მოდის. აგრესია ვირუსია, ის სწრაფად ვრცელდება, რადგან აგრესია ბადებს აგრესიას. ქმარი ძალადობს ცოლზე, ცოლი შვილებზე. შვილებიდან ნაწილი მოძალადე ხდება, ნაწილი ისევ მსხვერპლი და ასე უსასრულოდ.
ქალების ვერ რეალიზებული პირადი ცხოვრება, ერთ დიდ აგრესიაშია გადაზრდილი. ეს აგრესია ავტომატურადაა მიმართული ყველა იმ ახალგაზრდა ქალის მიმართ, რომლებიც არ ემორჩილებიან საზოგადოების მიერ დაწესებულ ცხოვრების წესებს. ეს აგრესია არა მხოლოდ ე.წ. თავისუფალი ქალების, არამედ “ეჭვმიტანილი” ქალებისკენაცაა მიმართული. როგორც 16 წლის ქობულეთელი გოგოს შემთხვევაში. (რომელიც საბოლოოდ ქალიშვილი აღმოჩნდა. სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ მისმა ქმარმა სექსუალური კავშირის დამყარების დროს მისი აპკი ვერ გაარღვია).
ქალები, რომლებიც თავისუფალ ურთიერობებში ებმებიან, ყოველდღიურად უწევთ მორალის სადარაჯოზე მყოფი ერის თავდასხმისგან დაცვა. რა თქმა უნდა, ქალებს აქვთ სამართლებრივი უფლებები, მაგრამ არ აქვთ ე.წ. მორალური უფლებები. ამ ქვეყანაში კი “მორალი” ინდივიდებზე თავდასხმის და მათი განადგურების კარგი იარაღია.
ამიტომაც ქალების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი არღვევს ჩარჩოებს და ცხოვრების წესებს საკუთარ თავს თვითონ უწესებს.
თუ 16 წლის ხარ, ამ წერილს კითხულობ და ფიქრობ, რომ თავად არ დაემორჩილები “დადგენილ ნორმებს”, იზრუნე საკუთარი თავის გაძლიერებაზე. თუ არ გექნება იმდენი ფული, რამდენიც გჭირდება, მოგიწევს არა საკუთარი, არამედ იმ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის წესებით ცხოვრება, რომელიც თქვენ ფინანსურად გეხმარებათ.
არადა საქართველოში ქალებს თავისუფლება მხოლოდ ერთი მიზეზით არ აქვთ. იმიტომ, რომ თავისუფლებისთვის არ უბრძოლიათ.