აივ დადებითი, 25 წლის

პირველი შოკი – მე აივ ინფიცირებული ვარ

10.08.2014 | 6844 |
პირველი შოკი – მე აივ ინფიცირებული ვარ

-ქალბატონ  მაია აქ არის? – ვიკითხე ექიმი, რომელმაც სისხლი ამიღო. წესის მიხედვით, ანალიზის პასუხიც სწორედ მან უნდა მითხრას.

-დაელოდეთ, დაბრძანდით, – მითხრა მეორე ექიმმა და მეც მაია ცინცაძის მაგიდის წინ დავჯექი, ვცდილობ ვიყო ხალისიანი. საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ 3 წუთში ყველაფერი მეცოდინება და ჩემი ნერვიულობა ფუჭი აღმოჩნდება.  ოთახში მყოფი ექიმი ახალგადრდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილზე საუბრობს, მეც ავყევი საუბარში, განვიხილავთ ვერსიებს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. რამდენიმე წუთში შემოდის მაია ექიმიც. მესალმება და მეკითხება, რატომ დავიკარგე. სისხლი ერთი კვირის წინ ჩავაბარე, პასუხი მეორე დღეს იყო, მაგრამ სიმპტომი (თეთრი ნადები პირის ღრუში), რის გამოც ანალიზი ჩავაბარე, მეორე დღეს უკვე აღარ მქონდა. თავი დავარწმუნე, რომ რადგან სიმპტომი გაქრა, აივ ინფიცირებული არ ვიქნებოდი. შესაბამისად, ანალიზის პასუხის გასაგებად ერთი კვირის შემდეგ მივედი, როცა სხვა საქმე არ მქონდა.

მაია ექიმი დაჯდა თავის მაგიდასთან, კომპიუტერში რაღაც გახსნა და მეუბნება:

-გაკეთდა თქვენი ანალიზი, პირველ ჯერზე ვირუსზე მივიტანეთ ეჭვი, ხელახლა გადავამოწმეთ და ვირუსის არსებობა დადასტურდა, აივ ინფიცირებული ხართ.

ეს რამდენიმე წუთი არასდროს არ დამავიწყდება, ფილმის კადრებივით ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

ერთადერთი, რაც მახსოვს, გარშემო ყველაფერი გაჩერდა, მინდა რაღაც ვთქვა და ენას ვერ ვამოძრავებ, საერთოდ ვერ ვრეაგირებ, არაფერს ვგრძნობ, მგონია, რომ ეს მე კი არა, სხვას უთხრეს, ვიღაცას.

მაია ცინცაძე და მეორე ექიმი ჩემს დამშვიდებას ცდილობენ, მიხსნიან, რომ ეს სასიკვდილო დიაგნოზი არაა.

არა, თეორიულად მეც ვიცი, რომ აივ ინფექციის სისხლში არსებობა მომაკვდინებელი არაა, მახსენდება ყველაფერი, რაც ამ ინფექციურ დაავადებაზე წამიკითხავს. როცა ანალიზის პასუხის გასაგებად მივდიოდი, ვფიქრობდი, რომ მზად ვიყავი ნებისმიერი პასუხის გასაგებად, რადგან უამრავი რამ მქონდა წაკითხული აივ ინფექციაზე, მკურნალობაზე, გარდა ამისა, ექიმმა ანალიზის აღებისთანავე ამიხსნა ყველაფერი და გარკვეულწილად შემამზადა ნებისმიერი პასუხისთვის. მიუხედავად ამისა, ძალიან რთული აღმოჩნდა ამის გაცნობიერება.

ექიმი მიხსნის, რომ აივ ინფიცირებულები თუ არ იმკურნალებენ, მხოლოდ მას შემდეგ, 7-8 წელში ვითარდება შიდსი – შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომი, რა დროსაც ადამიანის იმუნიტეტი ინგრევა და ნებისმიერი დაავადება შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.  წლების განმავლობაში აივ ინფექცია სისხლის ჯანმრთელ უჯრედებს კლავს და იმუნიტეტს აქვეითებს, როცა იმუნიტეტის დონე საგრძნობლად ეცემა, იწყება ანტირეტროვირუსული მკურნალობა, რის შემდეგაც სხეულში ვირუსი იკლებს, იმუნიტეტი უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას და ადამიანები ჯანმრთელად ცხოვრობენ ათეულობით წელი. მართალია, მკურნალობის შედეგად სხეულში მოძრავ სისხლში ვირუსი რამდენიმე თვეში ქრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს განკურნებას. აივ ინფექციის ვირუსი რჩება ლიმფურ კვანძებსა და ძვლის ტვინში. თუ ადამიანმა ექიმის დანიშნული მკურნალობა წესისამებრ არ ჩაიტარა, ვირუსი ხელახლა იწყებს გამრავლებას და იძენს რეზისტენტულობას – წამლისადმი გამძლეობას. მკურნალობა კი ერთადერთ რამეს გულისხმობს – ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს 2 აბის მიღებას. არც ისე რთულია, არა?

მიუხედავად ამ ყველაფრის გაგებისა, ვერ ვწყნარდები, ემოციების მოთოკვა მიჭირს. მაია ცინცაძემ ტელეფონზე დაურეკა ვიღაცას და უთხრა, რომ მოსულიყო. ცოტა ხანში ოთახში შემოდის მხიარული, ახალგაზრდა ქალი, რომელიც საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურება. გამეცნო.

მეუბნება, რომ 15 წელია აივ ინფიცირებულია, ყოველდღიურად იღებს აბებს, აკონტროლებს ვირუსსს და შესაბამისად, ჯანმრთელობას, მუშაობს, ჰყავს ოჯახი და არის ბედნიერი. მომიყვა თავის ამბავი, როგორ შეეგუა ამ დაავადებას, როგორ გაუმკლავდა და ახლა როგორ ცხოვრობს.

აივ ინფექციის მკურნალობა საქართველოში 2004 წლიდან უფასოა. ჩემი პირველი აივ ინფიცირებული ნაცნობი იხსენებს, რომ როცა მას დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობ თვეში 900$ ღირდა და ბევრი ადამიანი სწორედ იმიტომ დაიღუპა, რომ ამის საშუალება არ ჰქონდა. გარდა ამისა, არ არსებობდა არანაირი საკონსულტაციო ცნეტრი, სადაც ადამიანებს პირველი შოკის გადატანაში ფსიქოლოგიურად დაეხმარებდონენ.

-როცა დიაგნოზი დამისვეს, ერთი წელი დეპრესიაში ვიყავი, სახლიდან ვერ გავდიოდი, კალენდარზე დღღეებს ვინიშნავდი, არც არავინ იყო, ვინც ფსიქოლოგიურად დამეხმარებოდა, – მითხრა ჩემმა ნაცნობმა და ასევე გაიხსენა, რომ შემდეგ მეგობრებთან ერთად შექმნა ფონდი, სადაც აივ ინფიცირებულებს სხვადასხვა სერვისს უფასოდ სთავაზობენ და სტრესის დაძლევაში ეხმარებიან.

დავმშვიდდი. პირველმა შოკმა გამიარა. დავინახე პატარა იმედი და დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ სიტუაცია ძალიან უიმედო არ არის. ექიმი მიხსნის, რომ მეორე დღეს უნდა გამიკეთონ ყველანაირი გამოკვლევა, გაიგონ იმუნიტეტის მდგომარეობა, ვირუსების რაოდენობა, ვარ თუ არა ინფიცირებული სხვა ვირუსებით. მოკლედ, დიდი პროცესი იწყება. მეორე დღეს 11 საათზე დამიბარეს. ვითომ დამშვიდებულმა დავტოვე შიდსის ცენტრი, რომელიც თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ინფექციურ საავადმყოფოში მდებარეობს. ფეხები არ მემორჩილება. სახლში როგორ მივედი არ მახოვს. მთელი ღამე ვერ დავიძინე, გულ-მკერდის არეში საშინელ ტკივილს ვგრძნობ და სიკვდილის მეტზე ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. მთელი ღამე ველოდი, როდის გათენდებოდა, რომ ექიმთან მივსულიყავი. ახლა ჩემი ერთადერთი იმედი ინფექციური საავადმყოფოს ეზოში მდებარეობდა.

პ.ს. ჩემი ამბის მოყოლას შემდეგ პოსტებში აქტიურად გავაგრძელებ. ამ პოსტების მიზანია ერთის მხრივ, დავეხმარო საკუთარ თავს სტრესის დაძლევაში და მეორეს მხრივ, ოდნავ მაინც ამაღლდეს ცნობიერება ადამიანებში აივ ინფექციაზე, ნაკლები ინერვიულონ იმაზე, რაც სანერვიულო არაა და იცხოვრონ ჯანსაღად. შემდეგ პოსტებში მოვყვები, როგორ ვუმკლავდები სტრესს, როგორ ვმკურნალობ და საერთოდ, რა პრობლემების გადალახვა მიწევს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზე.

HIV Positive
HIV Positive