აივ დადებითი, 25 წლის

აივ ინფექციასთან ბრძოლის 15 თვე

17.11.2015 | 3159 |
აივ ინფექციასთან ბრძოლის 15 თვე

ზუსტად 1 წელი და 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აივ-დადებითის დიაგნოზი დამისვეს.  იმ დროს ვირუსების რაოდენობა სისხლში 10 მილიონამდე იყო, CD4 ლიმფოციტების რაოდენობა(ანუ იგივე იმუნიტეტი) კი 200-ზე დაბალი. სრულიად ჯანმრთელი ადამიანის იმუნიტეტი 600-ზე მაღალია.  ერთი სიტყვით, ძალიან ახლოს ვიყავი ჯანმრთელობის შეუქცევად გაუარესებასთან. მკურნალობა დაუყონებლივ დავიწყე. მას შემდეგ დღეში 2 აბს ვიღებ, რომელსაც თითქმის არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს. დღეს, 2015 წლის 17 ნოემბერია. ვირუსის რაოდენობა სისხლში 40-ს ჩამოსცდა, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი ორგანიზმში მინიმალური რაოდენობითაა, არ აზიანებს მას(ამ მდგომარეობას, Undetectable viral load-ს ეძახიან). ასეთ დროს დაუცველი სექსუალური კავშირისას ერთი ადამიანიდან მეორეზე აივის გადაცემის მხოლოდ 4%-იანი თეორიული შანსი არსებობს, ძირითადად, ვირუსი არ გადაეცემა. რაც შეეხება CD4 ლიმფოციტების რაოდენობას, ის უკვე 400-ზე მაღალია, ანუ ჩემი იმუნიტეტი თითქმის მიუახლოვდა ვირუსამდელ, ჯანმრთელ მდგომარეობას. ფიზიკურად ძალიან კარგად და ჯანსაღად ვგრძნობ თავს და უკვე ერთი წელია ჯანმრთელობის არანაირ პრობლემას არ შევუწუხებივარ. ერთი სიტყვით, სრულფასოვანი ცხოვრებით ვცხოვრობ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მეტ-ნაკლებად ოპტიმისტურად და იმედიანად ვიყავი განწყობილი, იყო შემთხვევები, როცა ძალიან ვითრგუნებოდი და მომავალი, ცოტა არ იყოს, ბუნდოვნად მესახებოდა, არ მსურდა შორეულ პერსპექტივაში რაღაც დამეგეგმა. პირად ცხოვრებაზეც ფიქრი არ მინდოდა.

დღეს ყველაფერი პირიქითაა. გვერდით მყავს ადამიანი, რომელთანაც თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რომელმაც ურთირთობის დაწყებიდან პირველივ წუთიდანვე იცოდა ყველაფერი და გვერდით მედგა. რა თქმა უნდა, სტრესიც იყო, ნერვიულობაც, თუმცა, მგონია, რომ ყველაფერი უკან დარჩა და წინ ერთად ძალიან ბევრი და მაგარი წლები გველის.

აივ-ის პრევენცია

თვე არ გავა ისე, რომ მსოფლიოში აივ ინფექციასთან დაკავშირებით რაიმე ახალი, უფრო და უფრო იმედისმომცემი ინფორმაცია არ გავრცელდეს.

ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, სულ უფრო და უფრო წარმატებული ხდება აივ ინფექციის პროფილაქტიკური  მკურნალობა, იგივე PrEP, რაც გულისხმობს ყოველდღიურად მედიკამენტ ტრუვადას მიღებას იმ ადამიანის მიერ, ვისაც აივ ინფექცია არ აქვს, თუმცა, რისკ ჯგუფს მიეკუთვნება. კვლევებით დადგენილია, რომ აღნიშნული პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად რისკ ჯგუფებში აივ-ით ინფიცირების რისკი  90%-ით იკლებს.

მაგალითად, აშშ-ში PrEP-ის ტესტირებაში მონაწილეობა 437-მა მამაკაცმა და ტრანსგენდერმა ქალმა მიიღო. კვლევაში მონაწილეებს ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მათ ჰქონდათ დაუცველი სექსი და შესაბამისად, რისკ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ. აღმოჩნდა, რომ კვლევის დასრულებისას აივ-ით მხოლოდ 2 ადამიანი დაინფიცირდა. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ ისინი პრევენციული მედიკამენტის არასრულ დოზას იღებდნენ. პრევენციული მკურნალობა სულ უფრო პოპულარული ხდება აშშ-ში. მიუხედავად ამისა, მკურნალობის აღნიშნულ მეთოდს მოწინააღმდეგეებიც ყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს სექსის დროს კონდომების გამოყნებას შეამცირებს.

აივ-ის მკურნალობის ახალი, რევოლუციური მეთოდი

ინფორმაციამ აივ-ის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტის შექმნის შესახებ, რამდენიმე დღის წინ საერთაშორიოს მედიის ყურადღება მიიქცია.

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა ViiV Healthcare-მა განაცხადა, რომ უკვე დასრულდა ახალი ანტივირუსული მედიკამენტის გამოცდის მეორე ეტაპი. ახალი წამლის გამოცდა უკვე რამდენიმე წელია კომპანია ViiV Healthcare სხვა ფარმაცევტულ კომპანიებთან GlaxoSmithKline, Janssen და  Pfizer-თან ერთად ატარებს.

მკურნალობის ახალი მეთოდი წარმოადგენს ინექციას, რომელსაც აივ დადებით ადამიანებს უკეთებენ 4, ან 8 კვირაში ერთხელ, რის შემდეგაც მათ არ სჭირდებათ ანტივირუსული მედიკამენტების ყოველდღიურად მიღება. კვლევების პირველი და მეორე ეტაპით დადასტურდა, რომ ინექცია, ხშირ შემთხვევაში, აბებზე ეფექტიანია.

წამლის გამოცდის მესამე და საბოლოო, დასკვნითი ეტაპი 2019 წელს დასრულდება, ამ დროის განმავლობაში კი წამალს ინფიცირებულთა უფრო დიდ წრეზე გამოცდიან. დიდი ალბათობით, მკურნალობის ახალი მეთოდი კომერციულ ბაზარზე სწორედ 2020 წლისთვის გამოვა. მკურნალობის აღნიშნული მეთოდი რევოლუციურია იმ კუთხითაც, რომ ის მთლიანად ცვლის მიდგომებს აივ დადებითი ადამიანების მკურნალობის მიმართ. გარდა ამისა, ის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, რადგან ადამიანებს ყოველდღიურად არ მოუწევთ იმაზე ფიქრი, არ გამორჩეთ აივის სამკურნალო აბების მიღება. წამლის მიღების რეჟიმის არევა კი, ხშირ შემთხვევაში, ვირუსს უფრო აგრესიულსა და წამლისადმი რეზისტენტულს ხდის, რამაც შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს.  როგორც მკვლევარები ამბობენ, ახალ წამალს, გარდა მცირე ტკივილისა ინექციის ადგილზე, გვერდითი ეფექტი თითქმის არ გააჩნია.

შიდსის ცენტრის მონაცემები საქართველოში აივ/შიდსით ინფიცირებულთა შესახებ

საქართველოს შიდსის ცენტრის მონაცემებით, 2015 წლის 7 ოქტომბრი მდგომარეობით, 1989 წლიდან დღემდე აივ ინფიცირების 5257 შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 3 875 მამაკაცია, 1 382 – ქალი. 2015 წლის 9 თვეში გამოვლენილია 562 ახალი შემთხვევა, რაც  2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 36.9%-ით მეტია.

აივ ინფექციისგან დაცვის ყველაზე ეფექტიანი გზა დაცული სექსუალური კავშირია, თუმცა, არსებობს ვირუსის გადაცემის სხვა გზებიც. თუ მოხდა ისე, რომ მაინც დაინფიცირდით, ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული, რადგან დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში ცხოვრებას ჩვეულებრივ, ჯანმრთელად გააგრძელებთ. გარდა ამისა, საქართველოში აივ-ის დიაგნოსტირება და მკურნალობა სრულიად უფასოა. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შიდსის ცენტრს თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ეზოში, მისამართზე: ყაზბეგის 19, ან გაეცანით ვებგვერდს aidscentre.ge და დარეკეთ ცხელ ხაზზე 032 239 80 18.

p.s დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის მსახიობი ჩარლი შინი აივ დადებითია. მის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.