აივ დადებითი, 25 წლის

აივ ინფექციის მკურნალობის პირველი შედეგი

08.09.2014 | 4961 |
აივ ინფექციის მკურნალობის პირველი შედეგი

დრო ასე ნელა არასდროს გასულა და დეპრესიაც უფრო ძლიერად გამიჯდა ძვალ-რბილში, იმდენად ძლიერად, რომ ჩემ თავის ტკივილებს ხანდახან წინასწარ ნაყიდი კეტონალიც არ შველის.

ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ აღმომაჩნდა ჯანმრთელობის პატარა პრობლემა, რომელიც აივ ინფექციასთან კავშირში არ არის, თუმცა, გონება ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს. ნებისმიერი დისკომფორტი, მაგალითად, ცუდად წოლის გამო კისრის გაშეშება პანიკაში მაგდებს, ხელით ვისინიჯავ ლიმფურ კვანძებს, გადიდებული ხომ არ არის, მცირე ალერგიულ გამონაყარს საათობით ვაკვირდები. მოკლედ, სრული პარანაოიაა. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მგონია, რომ ბოლოჯერ ვაკეთებ, არ მსურს ოჯახის წევრებთან საუბარი, შუა საუბრისას ვუთიშავ ტელეფონს, რადგან რომ წარმოვიდგენ რა დაემართებათ მე თუ ცუდად გავხდი, ამ წარმოდგენილზე უფრო ცუდად ვხდები. ვცდილობ მათ არ ვესაუბრო.

კარგი ის არის, რომ თავს ყველაზე კარგად მეგობრებთან ვგრძნობ, რომლებმაც იციან ჩემ პრობლემის შესახებ და ხანდახან არ მერიდება მათთვის
ყველაზე საშინელი აზრების გაზიარებაც კი :).  

 

შევწყვიტე აივ ინფექციის თემატიკაზე გადაღებული ფილმების ყურება და ამ ავადმყოფობაზე ინტერნეტში მასალების თვალიერება. ამ ფილმების დიდი ნაწილი ეხება 1980-იან წლებს, როცა აივ ინფექცია პირველად აღმოაჩინეს აშშ-ში, მართალია, ფილმებში ნაჩვენებია მთავარი გმირების შემართება, ბრძოლა და ა.შ. მაგრამ მათ ერთი მთავარი ნაკლი აქვს: ყველა მთავარი გმირი ბოლოს ტანჯვით, მალე კვდება. მართალია, მას შემდეგ მკურნალობის მეთოდები დაიხვეწა და ასე აღარ ხდება, მაგრამ მაინც ცუდად მოქმედებს.

როგორც იქნა დადგა 8 სექტემბერი. თავი დილიდან მტკიოდა. დავურეკე ჩემს ექიმს და ვუთხარი, იყო თუ არა ანალიზის პასუხები.

-ჰემოგლობინი ნორმაში, ღვიძლის ფუნქციები კრგი,  თირკმელი –  ფანტასტიური, ყველაფერი კარგია, – მეუბნება ტელეფონში. მინდა, რომ მთავარზე გადავიდეს, ეს ყველაფერი მანამდეც წესრიგში იყო. შევაწყვეტინე და ვთხოვე, ეთქვა იმუნიტეტმა მოიმატა თუ არა, ასევე, ხომ არ შემცრებულა სისხლში ვირუსის რაოდენობა.

მითხრა, რომ იმუნიტეტის პასუხი ჯერ არის, თუმცა, არის ვირუსების რაოდენობის კვლევის პასუხი და აქ მესმის სიხარულისგან გაოცებული ექიმის ხმა.

ჩემს სისხლში მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ვირუსების რაოდენობა 10 მილიონიდან 3 730-ზე ჩამოვიდა. ექიმი მეუბნება, რომ  ასეთ მოკლე დროში ეს არის ფანტასტიური შედეგი. მითხრა, რომ იმუნიტეტი აუცილებლად იქნება მომატებული, ამაში დარწმუნებულია და სანერვიულო არაფერი არ მაქვს.

სიხარულის ცრემლები ბოლოს როდის მოვიწმინდე არ მახსოვს, ვეცადე არავის დავენახე. თავის ტკივილმა იმ წამსვე გამიარა, თითქოს მუზარადი მომხსნესო. სათითაოდ ჩამოვურეკე და მივწერე ყველა მეგობარს. ძლივს დავმშვიდდი და დავწყნარდი, წერის ხასიათზეც მოვედი და ამ დადებითი ემოციების გაზიარება მომინდა ჩემი იმ ფეისბუქ მეგობრებისა და მკითხველებისთვის, ჩემთვის აქამდე სრულიად უცხო ადამიანებისთვის, რომლებიც დაუზარებლად მწერენ, მეკითხებიან, აინტერესებთ, მამხნევებენ. 

მკურნალობის პირველი შედეგი ჩემთვის დიდი სტიმული და იმედია, რადგან ბოლო ორ თვეში იმედები არაერთხელ გამიცრუვდა. პირველი იმედგაცრუება იყო მაშინ, როცა აივზე ანალიზი ჩავაბარე და პასუხის გასაგებად მივდიოდი, თან თავს ვარწმუნებდი, არაფერი არ იქნებოდა. მეორე იმედგაცრუება მაშინ მქონდა, როცა აივს ასე თუ ისე შევეგუე და თავი დავირწმუნე, რომ იმუნიტეტი 200-ზე ბევრად მაღალი იქნებოდა, მესამე იმედგაცრუება კი მაშინ, როცა ჯანმრთელობის სხვა პრობლემაც აღმომიჩინეს.

პ.ს. ჩემი ამბის მოყოლას შემდეგ პოსტებში აქტიურად გავაგრძელებ. ამ პოსტების მიზანია, ერთის მხრივ, დავეხმარო საკუთარ თავს სტრესის დაძლევაში და მეორეს მხრივ, ოდნავ მაინც ამაღლდეს ცნობიერება ადამიანებში აივ ინფექციაზე, ნაკლები ინერვიულონ იმაზე, რაც სანერვიულო არაა და იცხოვრონ ჯანსაღად. შემდეგ პოსტებშიც მოვყვები, როგორ ვებრძვი სტრესს, როგორ ვმკურნალობ და საერთოდ, რა პრობლემების გადალახვა მიწევს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზე.

წინა პოსტების ნახვა შეგიძლიათ აქ:

აივ/შიდსი და უსაფრთხო სექსი გამონაკლისის გარეშე

როგორ და ვისთან ერთად ვებრძვი აივ ინფექციით გამოწვეულ სტრესს

ორი კვირა აივ ინფიცირებულის დიაგნოზის დადგენიდან

პირველი შოკი – მე აივ ინფიცირებული ვარ