აივ დადებითი, 25 წლის

აივ/შიდსი და უსაფრთხო სექსი გამონაკლისის გარეშე

24.08.2014 | 6978 |
აივ/შიდსი და უსაფრთხო სექსი გამონაკლისის გარეშე

არასდროს ვყოფილვარ ნარკოტიკის მომხმარებელი, არასდროს მისარგებლია სექს მუშაკის მომსახურებით, არ მივეკუთვნები სხვა ე.წ. რისკ ჯგუფს (ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, MSM), მაქსიმალურად ვერიდებოდი შემთხვევით კავშირებს და თავს ვიცავდი თითქმის ყოველთვის, ბევრჯერ უარი მითქვამს სექსზე მხოლოდ იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში არ მქონდა თავდაცვის საშუალება – პრეზერვატივი. შესაბამისად, 2014-ის ზაფხულამდე სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ სქესობრივი გზით გადამდები არანაირი დაავადება არ მემუქრებოდა. თუმცა, წლების განმავლობაში იყო ორად ორი, ჩემი აზრით, ყველაზე უწყინარი გამონაკლისი, როცა სექსის დროს თავი არ დავიცავი.

სისხლში ვირუსის რაოდენობიდან გამომდინარე, ექიმმა მითხრა, რომ როგორც მინიმუმ, სამი წლის წინ მაინც ვიქნებოდი დაინფიცირებული და სწორედ მაშინ დამკრა თავში, გამახსენდა, რომ დროის ამ სავარაუდო მონაკვეთში მხოლოდ ერთადერთხელ მქონდა დაუცველი სექსი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელი თავგადასავალი ჩემთვის. ალბათ, არც არასდროს დამავიწყდება, აწი მითუმეტეს. იმ გოგოსთან მას შემდეგ კავშირი არ მქონია, ის თავის ქვეყანაში დაბრუნდა, არ ვიცი, იცოდა თუ არა იმ დროს, რომ ინფიცირებული იყო, ან ახლა როგორ არის, არაფერი არ ვიცი.

შეიძლება ბევრისთვის საინტერესო არ არის ჩემი პერსონალური ისტორია, მაგრამ ამას იმიტომ ვყვები, რომ რაც შეიძლება მეტმა გაიგოს: აივ ინფექციისგან მხოლოდ უსაფრთხო სექსი დაგიცავთ და ერთი, მხოლოდ ერთი გამონაკლისიც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ამ დროს კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მიეკუთვნებით თუ არა სპეციალისტების მიერ განსაზღვრულ ე.წ. რისკ ჯგუფებს. არ ვიცი რამდენად სწორია ამ რისკ ჯგუფების ამდაგვარად კლასიფიკაცია, შეიძლება სამედიცინო პრაქტიკისთვის ეს აუცილებელიცაა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი სტერეოტიპი, სტიგმა და აივ ინფიცირებულებისადმი დამოკიდებულება სწორედ აქედან გამომდინარეობს. 

 

საქართველოში 1989 წლიდან 2014 წლის 5 აგვისტომდე სულ 4463 აივ ინფიცირების შემთხვევაა რეისტრირებული. როგორც შიდსის ცენტრში მითხრეს, მათი რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, უბრალოდ, ადამიანებმა არ იციან, რომ ინფიცირებულნი არიან, არ იკეთებენ რეგულარულ ანალიზებს მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც ჰქონდათ თუნდაც ერთი დაუცველი კავშირი. დაუცველი სექსის დროს ერთ-ერთი არგუმენტი არის „ვენდობი, არაფერი არ სჭირს“. შესაძლოა შენ ენდობი, ისიც გენდობა, მაგრამ არცერთმა არ იცოდეთ, რომ თქვენ აივ ინფიცირებული ხართ, თან, ამ დაავადებას პირველ წლებში არანაირი სიმპტომი არ აქვს. შესაბამისად, ადამიანები ცხოვრობენ ისე, როგორც მე ვცხოვრობდი ბოლო 4 წელი – აივ ინექციით, მაგრამ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ.

ძალიან ცუდი პრაქტიკაა ისიც, რომ ადამიანები ქორწინების წინ, ან დაუცველი კავშირის წინ არ იტარებენ სამედიცინო გამოკვლევებს, არ ზრუნავენ საკუთარ თავსა და პარტნიორზე. ამის მიზეზი, ალბათ, ისევ და ისევ ე.წ. ნდობაა, მაგრამ აივ ინფექციამ ნდობა და სიყვარული არ იცის – ორგანიზმში მრავლდება, კლავს სისხლის ჯანმრთელ უჯრედებს და იმ დროს გამოგეცხადებათ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელით. ძალიან ბევრი ადამიანი ორსულობისას იგებს, რომ აივ ინფიცირებულია, არის შემთხვევები, როცა ბავშვები ინფიცირებულები იბადებიან იმის გამო, რომ მისმა მშობლემა თავის დროზე ორსულობა სწორად არ დაგეგმეს ა.შ.

აივ ინფექცია გადაეცემა სისხლით, ინფიცირებული დედიდან შვილს მუცლად ყოფნის, ან მშობიარობის დროს და ასევე, ნებისმიერი სახის დაუცველი სექსუალური კავშირით, იქნება ეს ვაგინალური, ანალური თუ ორალური. ადამიანთა ნაწილს ჰგონია, რომ ორალური სექსით აივ ინფექცია არ გადადის, თუმცა, ეს ასე არ არის. ინფექცია გადადის, მაგრამ გადაცემის რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაგინალური, ან ანალური სექსისას. უფრო დეტალურად გადაცემის გზების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. რაც მთავარია, აივ ინფექცია არ გადადის საკვების, ან სასმელის საერთო ჭურჭლის მოხმარებით, კოცნით, ჩახუტებით :).

მართალია, დღესდღეობით აივ ინფექციისგან სრულად განკურნება არ ხდება, მაგრამ მკურნალობის მეთოდები იმ დონემდე განვითარდა, რომ ეს ინფექცია მომაკვდინებელი არ არის. სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ეს არის მართვადი ქრონიკული დაავადება. მკურნალობის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ორგანიზმში მოცირკულარე სისხლში აივ ინფექციის რაოდენობა 0-ს უტოლდება და ექიმები წყვილებს, რომლებსაც ძალიან სურთ ბიოლოგიური შვილის გაჩენა, აძლევენ დაუცველი კავშირის უფლებას. ამ დროს ინფიცირებულიდან მის პარტნიორზე და შემდეგ მუცლად მყოფ ბავშვზე ინფექციის გადაცემის მხოლოდ 4%-იანი რისკი არსებობს. როგორც შიდსის ცენტრის ექიმებმა მითხრეს, ადამიანთა ნაწილი ამ რისკს იღებს და არის შემთხვევები, როცა ინფიცირებულმა წყვილებმა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გააჩინეს.

 

წყარო: საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრი
წყარო: საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრი

რაც შემეხება მე, ფსიქოლოგიურად ყოველ დღე უკეთ ვგრძნობ თავს. რამდენიმე დღის წინ ერთ მეგობარს მოვუყევი იმ სტრესული მომენტების შესახებ, რაც ცხოვრებაში მქონია და ვუთხარი, რომ ამ სტრესების დასაძლევად 1-2 დღეზე მეტი არ დამჭირვებია, საკუთარი თავი მყარი ფსიქიკის მეგონა, თუმცა დიაგნოზის დასმით გამოწვეულ სტრესს კი უკვე ერთი თვეა ვებრძვი და ჯერ თავი სრულად ვერ დავაღწიე-მეთქი.

მეტი რაღა სიძლიერე გინდაო, გაბრაზებულმა მითხრა. ხომ ხედავ, ბევრად უკეთ ხარ, ხალხთან ურთიერთობ, ხალისიანი ხარ და ყველანაირად ცდილობ სტრესის დაძლევას, აბა რა გინდოდა, ტაშით ხომ არ შეხვდებოდი ამ ამბავსო :). ვიცი გამამხნევა, მაგრამ თავმდაბლობის გარეშე კომპლიმენტად მივიღე. დარწმუნებული ვარ, თუ ამ ნერვიულობასა და შავ-ბნელ ფიქრებს თავი საბოლოოდ არ დავაღწიე, აივ ინფექციაზე მეტად, საკუთარი ფსიქიკა დამაზიანებს, ეს კი არ მინდა. მოკლედ, ყველაფერი წინ არის. 

პ.ს. ჩემი ამბის მოყოლას შემდეგ პოსტებში აქტიურად გავაგრძელებ. ამ პოსტების მიზანია, ერთის მხრივ, დავეხმარო საკუთარ თავს სტრესის დაძლევაში და მეორეს მხრივ, ოდნავ მაინც ამაღლდეს ცნობიერება ადამიანებში აივ ინფექციაზე, ნაკლები ინერვიულონ იმაზე, რაც სანერვიულო არაა და იცხოვრონ ჯანსაღად. შემდეგ პოსტებში მოვყვები, როგორ ვებრძვი სტრესს, როგორ ვმკურნალობ და საერთოდ, რა პრობლემების გადალახვა მიწევს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზე.

წინა პოსტების ნახვა შეგიძლიათ აქ:

როგორ და ვისთან ერთად ვებრძვი აივ ინფექციით გამოწვეულ სტრესს

ორი კვირა აივ ინფიცირებულის დიაგნოზის დადგენიდან

პირველი შოკი – მე აივ ინფიცირებული ვარ