ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ანა კ.ე.-ის ორი კონტინენტი

ანა კ.ე.-ის ორი კონტინენტი

„ჩემი ორივე პროექტი, რომელიც წელს გაზაფხულზე ნიუ იორკის გალერეებში იქნა წარდგენილი, კონცეპტუალურად ერთმანეთისგან განსხვავებული იდეიდან წამოვიდა,“ – მიყვება მხატვარი ანა კ.ე., რომელიც გერმანიიდან ახლახან მისი ორკონტინენტოვანი პროექტის ამერიკული ნაწილის გასახსნელად ჩამოვიდა. „– ერთ–ერთი პროექტი იყო ბარბარა ლონდონის, რომელიც დაახლოებით ოცდაათი წელია MoMA – ს ვიდეო-საუნდისა და პერფორმანსის დეპარტამენტის მთავარი კურატორია. ფაქტობრივად, მუზეუმის დონეზე ვიდეოინსტალაციის განყოფილება ბარბარა ლონდონის მიერ არის შექმნილი. არც ისე დიდი ხნის წინათ კი იგი “მომადან” წავიდა და ახლა ნიუ იორკის მუზეუმებში მოხალისედ მუშაობს. არადა, მამაჩემმა, მხატვარმა გია ეძგვერაძემ და ბარბარამ ერთმანეთი ჯერ კიდევ 1996  წლის ვენეციის „ბიენალეზე“ გაიცნეს. რამდენჯერმე ერთმანეთს შეხვდნენ კიდეც, ბარბარა ლონდონი ძალიან აფასებს გიას და ყოველთვის მეუბნება, რომ იგი ძალიან საინტერესო პიროვნებაა.

Teen Factory NY - Simone Subal gallery

Teen Factory NY – Simone Subal gallery

Teen Factory Berlin - Barbara Thumm gallery

Teen Factory Berlin – Barbara Thumm gallery

გვიამბეთ მაიამიში გამართული გამოფენის შესახებ.

ოთხი წლის წინათ მაიამიში გამართულ “არტ ფეარზე” სკულპტურა მქონდა წარდგენილი. ამ სკულპტურაში ჩამალული იყო ექვსწუთიანი ვიდეო. ბარბარას ის ორჯერ უნახავს და უთქვამს გალერისტისთვის, რომ ძალიან საინტერესო ნამუშევარია. მერე კი ნიუ იორკში Artbook D.A.P. –ის გამომცემელმა და დისტრიბუტორმა ჩემი პირველი მონოგრაფიის A Well to Do Man… (მონოგრაფიის შემოკლებული სახელწოდება – ავტორის შენიშვნა) პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გაქმოქვეყნდა 2012 წელს გერმანიის Publishing House Hatje Cantz –ის მიერ. ლონდონი იქაც მოვიდა, მოგვიანებით კი მოულოდნელად შემომთავაზა სხვა ორ ქალ მხატვართან ერთად მონაწილეობა მიმეღო ნიუ იორკში დაგეგმილ გამოფენაში.

ნიუ იორკში რომელი ნამუშევრით წარსდექით?

ნიუ იორკში, “ფრიდმან გალერეაში” ბარბარა ლონდონის ინიციატივით ჩემი ნამუშევარი “შუბლის კრიალი” გამოიფინა. ბარბარას უნდოდა სხვადასხვა სკოლისა და თაობის სამი ფემინისტი მხატვრის წარდგინება. გამოფენისთვის კურატორს, ბარბარა ლონდონს ზუსტად მივეცი ინსტრუქცია, თუ რა უნდა აეშენებინათ. ესაა MDF-ისგან, ხისგან, შექმნილი სადა კონსტრუქცია სივრცეში, რომელზეც თერთმეტწუთიანი ვიდეოა მინათებული. ეს ის ვიდეოა, რომელიც 2011 წელს გადავიღე, როცა ნიუ იორკში ჩამოვედი. კადრში ჩანს სახელოსნო და უცებ რაღაც ფიგურა შემოდის, ეს ფიგურა კი ადამიანის უკანალია. გაიხედავ და სულ სხვა არსება გიდგას თვალწინ. იგი მოცემულ სივრცეში “ფოკუსირებულად” მოძრაობს, აქეთ–იქით “დაბორიალობს“, სახელოსნოში არსებულ საგნებს ეხება და ამოძრავებს, ადგილს უცვლის, თითქოს აინსტალირებს. წინ კი ჩახდილ შარვალსა და უკანალს ხედავ. ამ არსებას ადამიანიად ვერ აღიქვამ, ხანდახან ფიქრობ, რომ სულ სხვა, უცნობი ტანი გიდგას თვალწინ, ერთი მხრივ, ეს უკანალი ამ არსების თავს და პენისსაც გაგონებს.

Video Still: "Gloss of a Forehead"

Video Still: “Gloss of a Forehead”

დასაწყისში ქორეოგრაფიულად და ენერგეტიკულად ჩაპლინის მოძრაობასავითაა, იუმორია, სასაცილოა, მერე კი დაღლილობა მოდის. იმის ასოციაცია გიჩნდება, რომ ეს არსება უძლურია; მისი სხეული ძლივს მოძრაობს. და უცებ დრამა შემოდის, აბსტრაქციაში გადადის და თითქოს ამ დედამიწაზე უკვე აღარაა. მაგიდაზე კი წიგნი დევს, თანდათან იკვეთება წიგნიცა და მისი სახელწოდებაც. ეს არის ჟან პოლ სარტრის ნაწარმოები “გულისრევა”. ამ წიგნთან ასოციაციით და კონტექსტით სხვა იდეები გიჩნდება. ვიდეოს დამთავრებისას ისეთი განცდა გიჩნდება, რომ ამ ვიდეოს დასასრული და დასაწყისი არა აქვს. “მთავარი გმირი” დიდი ენერგიით შემოდის და მერე გადის, თითქოს კვლავ გრძელდება მისი “ძიებანი”.

ეს ვიდეო კონსტრუქციაზეა მინათებული, შეგიძლია მასზე ჩამოჯდე, ხოლო იმ ჩამოსაჯდომში გაჭედილია შუქი, ნეონის მილები. და თუ მასზე ჩამოჯდები, ის შენს “ტაკოსაც” გაანათებს. სივრცეში ამ კონსტრუქციას ისე უჭირავს თავი, რომ საგამოფენო დარბაზიდან გამოყოფილია და თითქოს ცალკე ცხოვრობს, თითქოს საგამოფენო დარბაზში სახელოსნოს სივრცე მოინიშნა.

Video Still: "Gloss of a Forehead"

Video Still: “Gloss of a Forehead”

როგორი კონცეფცია ჰქონდა “ფრიზს”, რომელიც ლონდონის სახელოვნებო ბაზარია, ახლა კი ის ნიუ იორკმაც იყიდა და ამიერიდან ორივე ქალაქში გაიმართება ხოლმე?

ფიზიკურად ძალიან საინტერესო სივრცეა. კუნძულზე Randalls Island, წყალთან უზარმაზარი “კარავია” აშენებული. მას სპეციფიკური არქიტექტურა აქვს და აგებულია ე.წ. ოფისის „SO – IL Architects” – ით.
ნიუ იორკის “სიმონე სუბალის” გალერეამ ჩემი და კიდევ ორი მხატვარი ქალის ნამუშევრების ექსპოზიცია მოაწყო. Art Fair–ის სივრცისთვის ავაშენე ინსტალაცია, რომელიც ხუთი ნაწილისგან შედგებოდა. ის სივრცეში ქმნიდა სკულპტურას, რომელშიც ჩემი ხუთივე ნამუშევარი ჯარისკაცივით დგას და თითქოს სივრცეს ბლოკავს. აქ ბევრი მასალის ურთიერთთამაშია და თითოეული თავის თავში ან ნახატს, ან ფოტოგრაფიას, ან ვიდეოს მოიცავს. ერთ-ერთი ფოტონამუშევარი, რომელიც ამ ინსტალაციაშია ინტეგრირებული, აჩვენებს ბაღში საქანელებს: ერთ-ერთი საქანელას ქვეშ წყალია; მეორის ქვეშ – წყალი ამომშრალია. თავისებური ატმოსფერული დეტალები ამ ანონიმურ ინსტალაციას ადამიანურსა და პრივატულს ხდის.

Post Hunger Generation II

Post Hunger Generation II

“ფრიზზე” ქართულწარწერიანი ლითონის ფირიფიტა იყო “გაუმარჯოს საქართველოს” და ერთი ასო გადახაზული იყო. ბევრს ეგონა, რომ ავტორი თქვენ იყავით.

არა, ეს ნამუშავარი ჩემი არ იყო. ის ეკუთვნოდა ორ მხატვარს (რომლებიც ერთად მუშაობენ) და ჰქვიათ “სლავს ენდ თათარს”, რომლებმაც ქართული შრიფტი გამოიყენეს. მათ სხვადასხვა ენაზე ლითონზე დაბეჭდილი სიტყვების სერია აქვთ.

სივრცეზე განსაკუთრებული აქცენტი თქვენს სხვა ნამუშევრებშიც შევნიშნე…

ჰო, ასეა. ზოგადად ძალიან მაინტერესებს სივრცე და ქორეოგრაფია სივრცეში. მაინტერესებს, თუ როგორ დგას ობიექტი და როგორ განიცდის მას მაყურებელი, თუ როგორ ინტეგრირდება მასში სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. სახელოვნებო ბაზრობაზე ვიცოდი, თუ რა ფორმის დარბაზი გვექნებოდა და ინსტალაციის ტიპის თაობაზე გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მივიღე. თითქოს ქორეოგრაფია ნამუშევრის გარშემოა შეკრული, ანუ არის ის, რაც სივრცეში ნამუშევრებს აერთიანებს.

ამ ბოლო დროს ევროპაში გამართული თქვენი გამოფენებიდან რომელს გამოარჩევდით?

რასაკვირველია, ახალ პროექტს, რომელიც ბაზელში არტ ბაზარზე იხსნება და ჰქვია Late Checkout.
გალერისტი სიმონი ჩემი და ჩემი ბოიფრენდის, არტისტის ფლორიან მეისენბერგის ერთობლივ ნამუშევარს წარადგენს. ჩვენ ერთად ამ ფორმით (პერფორმანსის გარდა) არასოდეს გვიმუშავია და ჩავთვალეთ, რომ ამგვარი ჩანაფიქრის განხორციელება ძალიან საინტერესო იქნებოდა. შევქმენით ცამეტი ფერწერა, რომელიც “ტექნიკურად” ასე გამოიყურება: თეთრი ზეწრები დიდ ციფრულ ნახატებს აჩვენებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს კოლაბორატიულ ვიდეოსთან. მე და ფლორიანი ნახატებს მის მობილურში ხშირად ერთად ვხატავთ, მერე კი ციფრულიდან ზეწრებზე გადაგვაქვს.

პროექტის Late Checkout ვიდეოში გამოვიყენე ნიუ იორკის საგამოფენო დარბაზში -The Kitchen – გამოფენილი კოსტუმები, რომლებიც ჩემს ტანზე იყო მორგებული. ეს ვიდეო ექვს სხვადასხვა სასტუმროშია გადაღებული, სადაც მე ეს კოსტუმები მაცვია. დავბორიალობ სასტუმროს ოთახში, როგორც “უცხოპლანეტელი”, მაგიდაზე ან სხვა საგნებზე ვდგები და თან სულ ჩემი მობილურის ტელეფონის ეკრანს ვუყურებ – ამას ფლირიანი კამერით იღებს და მე ჩემს მობილურზე ზუსტად იმას ვხედავ, რასაც ფლორიანი – მის ეკრანზე. ასე ვთქვათ, ჩვენ ერთსა და იმავეს ვუყურებთ, რადგანაც ჩვენი ეკრანები ინტრენეტითაა დაკავშირებული და ამგვარად ვიდეოს ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე ვიღებთ. ერთი და იმავე დროს მე მსახიობიც ვარ და რეჟისორიც, ისევე როგორც – ფლორიანი. ეკრანზე უცნაური გარემო იქმნება. ვართ შენობებში და ზოგადად ისეთ სასტუმროებს ვირჩევთ, რომლის კედლები შუშისაა. ისეთი იმიჯი იქმნება, თითქოს ჩვენც ეკრანის მიღმა ვდგავართ. ქორეოგრაფიულად ეს დამალულ ცეკვას ჰგავს. მე ვრეაგირებ იმაზე, რასაც ფლორიანი ხედავს და იმისდა მიხედვით ვმოძრაობ.

Collaboration Florian beisenberg Anna K.E. video stills: Late Checkout I

Collaboration Florian beisenberg Anna K.E. video stills: Late Checkout I

Collaboration Florian beisenberg Anna K.E. video stills: Late Checkout II

Collaboration Florian beisenberg Anna K.E. video stills: Late Checkout II

Collaboration Florian beisenberg Anna K.E. video stills: Late Checkout iii

Collaboration Florian beisenberg Anna K.E. video stills: Late Checkout iii

სასტუმრო ტრანზიციის ადგილია. სპეციალურადაა შერჩეული?

ამ სერიაში ტრანზიციის განცდა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის “არამუდმივი” სივრცე, სადაც არ ჩერდები და მისი პრივატიზება არასოდეს ხდება, ისევე როგორც სასტუმროში, აეროპორტებში ან მეტროში… ტრანზიცია, როგორც თემა, ძალიან მოგვეწონა და ჩვენთვის კონცეპტუალურია, მით უმეტეს, Late Checkout –ის სერიაში.

ორ კონტინენტზე მიმდინარე გამოფენაც ერთგვარი ტრანზიციაა…

ამ შემოდგომაზე ორ კონტინენტზე ერთდროულად გაიხსნა ჩემი ორი გამოფენა – გერმანიაში, ბერლინში, გალერეაში “ბარბარა თუმი” და აშშ–ში, ნიუ იორკში ასევე სიმონე სუბალის გალერეაში. ორი კონტინენტი ერთმანეთს უსაფრთხოების კამერებით უკავშირდება. ბერლინში იქმნება იმის პროექცია, რაც ნიუ იორკში ხდება და ნიუ იორკის გალერეაში იმისა, თუ რა ხდება ბერლინში. ამ გამოფენებზე ვაჩვენებ სკულპტურებს, რომლებზეც ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. სერიის სახელია Teen Factory (“თინეიჯერების ფაბრიკა”.)

გარდა ამისა, ნიუ იორკში High Line Art –ზე მიმდინარეობს ჩემი და კიდევ სამი არტისტის ნამუშევრების ვიდეოგამოფენა სახელწოდებით: Open Studio, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გაიხსნა და გაისად, შვიდ იანვარს დასრულდება. კურატორის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ურბანულმა არქიტექტურამ მოიცვას სახელოსნოსა და სივრცეში მყოფი მხატვრისა და მისი ინტიმური პროცესის გარემო. მეთოთხმეტე ქუჩის გაყოლებაზე – სახელგანთქმულ High Line Art–ზე არის დიდი პროექტის კედელი და მასზე ყოველდღიურად, დღის ოთხი საათიდან საღამოს ცხრამდე ვიდეოების სერია იქნება წარდგენილი. იქ მხატვრების- ალექს ლარსონის, ლეიდი ჩურჩმანის პროექტებთან ერთად იქნება ჩემი ორი ნამუშევარიც: “საკმარისი შაქარი” (2011) და “კულტურული კატალისტი, რომელიც პოპულარულ გლობალურ დიალოგს ატარებს” (2012).


* A well-to-do man is cruising in his fancy car when a small hen runs out on the road in front. The driver seems amused. Then, perplexed at seeing the hen easily running ahead of his gleaming vehicle, he accelerates. The bird runs faster, too, remaining in front of the car. Irritated, the driver applies more gas – but can’t outpace the hen. Now furious, he floors the accelerator – but still the bird is faster. Suddenly, it turns into a courtyard full of hens. Now highly curious, the driver follows, and sees a farmer in the courtyard. Driver: So, tell me about that hen over there. Farmer: We bred it for speed. Driver: I saw that it’s fast. But tell me, how does it taste? Farmer: No idea – no one ever caught it.