ნიუ იორკში, ჩელსიში მდებარე გალერეა Art Mora, რომლის მფლობელი სამხრეთ კორეელი სანი შინია, ხოლო გალერეის სახელწოდება კორეის ერთ-ერთი სოფლიდან მომდინარეობს, ახალგაზრდა მხატვრების ხელშემწყობი ორგანიზაცია-პლატფორმაა, სადაც ექსპოზიციების გარდა საინტერესო სასწავლო პროგრამები და ლექციები იმართება. ამას წინათ Art Mora–მ ქართველი მხატვრის, სალომე რიგვავას ფერწერას უმასპინძლა. ექსპოზიციაზე, სახელწოდებით – “გოგონას სამყაროში” (გამოფენის კურატორები ლეა სალზანო და მარიამ ოთხმეზური – ჩარლტონია) მხატვრის ფოტორეალისტურ, ფიგურატიულ სტილში შესრულებული ფერწერული ნამუშევრები გამოიფინა.
გაგრელი სალომე რიგვავა ნიჭიერთა ათწლედისა და სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის ფერწერის მაგისტრატურის კურსდამთავრებულია. შემდეგ იგი DAAD-ის სტიპენდიის ფარგლებში შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. სალომეს საქართველოსა და გერმანიაში არაერთი გამოფენა ჰქონდა. მოგვიანებით კი მან აშშ-დან, “არტ მორა გალერიდან” ორთვიანი რეზიდნეტურისა და გამოფენის გამართვის შემოთავაზება მიიღო.
„ჩემს ნამუშევრებში ხშირია და, ზოგადად, ჩემთვის ახლობელია ბავშვის თემა,“ = – ამბობს სალომე რიგვავა, „- აქ ისინი ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან. მიტოვებულები, დათრგუნულები, ზოგჯერ, თითქოსდა, ბავშვობასა და დიდობას შორის გაჭედილები არიან. ალბათ, ამ შემთხვევაში გარკვეულ როლს საკუთარი ბავშვობისდროინდელი, ომიდან შემორჩენილი მძიმე განცდებიც თამაშობს. ამავე დროს ეს თემა არ მინდოდა მკვეთრი, გამაღიზიანებელი ყოფილიყო, არამედ მხოლოდ ქვეტექსტით გადმოცემული და ამიტომაც ზოგჯერ ემოციების გასამძაფრებლად არა იმდენად სიუჟეტი, არამედ, ნახატების ოდნავ ცივი, ხშირად მოიისფრო ფერები მაქვს გამოყენებული. თუმცა მაქვს ტილოები ნათელი ფერებით, მაგალითად, ყვითელი ფერების დომინანტით, რაც ადამიანში დადებით ემოციას ქმნის („დრეს კოდი”, „რძე”, „პეპელა”). ზოგიერთ ჩემ ტილოში რეალური პერსანაჟებიც არიან გამოსახულნი: ზოგჯერ, ჩემი მეგობრები, ხშირად საკუთარი თავი და ჩემი წარსული ცხოვრების ამბებიც.
მაქვს „მწვანე ვაშლის სინდრომიანი” ნახატებიც – ადამისა და ევას ისტორიის ჩემეული ხედვა. ამ თემაზე წლების წინ დავიწყე ხატვა და ახლაც მას ხშირად ვუბრუნდები. ვაშლი ხომ ჩვენთვის განხეთქილებისა და ცდუნების სიმბოლოა, თუმცა კი ის, რაც ამ ისტორიაში ვაშლსა და “ვაშლის სინდრომს” უკავშირდება, ალბათ, პირველ რიგში, მაინც რაღაცისაკენ სწრაფვის, საკუთარი თავისა და საკუთარი ემოციების, გრძნობების, ტკივილისა თუ სიხარულის შეცნობის საშუალებაა. ეს გზაა, რომელიც ხშირად სახიფათოა, სარისკო, მაგრამ, რაკიღა მას შევამჩნევთ, უკვე იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ ვხვდებით – მისთვის ყველაფრის დათმობა შეიძლება.
ზოგიერთ ჩემს ნახატს ახლავს ალისა, ჩემი საყვარელი გმირი კეროლის “ალისა საოცრებათა ქვეყნიდან”, რომელიც რეალური ცხოვრებიდან არარეალურში გადადის. მე კი თითქოს პირიქით, ზღაპრიდან ცხოვრებაში გადმოვიყვანე, რაც, ჩემ ცხოვრებასა და რეალობასთან ხშირად ძალიან ახლოსაა. ალისა ხომ ჩემი ბავშვობის თანამგზავრი და საყვარელი პერსონაჟია. რატომ კვლავ ბავშვები? ალბათ, იმიტომაც, რომ მალე დედა გავხდები”….