ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ქართული ფოლკლორი ამერიკულ უნივერსიტეტებში და „სუფრა! ქართული მუსიკის ზეიმი”

ქართული ფოლკლორი ამერიკულ უნივერსიტეტებში და „სუფრა! ქართული მუსიკის ზეიმი”

ბოლო დეკადების განმავლობაში აშშ–ის არაერთი უნივერსიტეტის სამუსიკო ფაკულტეტებზე გარდა იმისა, რომ ქართული პოლიფონიური მუსიკა სასწავლო პროგრამის ორგანულ ნაწილი გახდა, ქართული ხალხური მუსიკის გუნდებს მასტერკლასების/მინიკონცერტების ჩასატარებლად საქართველოდანაც ხშირად იწვევენ. ამას წინათ ქართული ხალხური/ტრადიციული მუსიკის ანსამბლი „ადილეი” (2012) აქაურ უნივერსიტეტებში ამერიკელი სტუდენტების გასაცნობად ჩამოვიდა: კოლუმბიის, დარმუტის, ბრანდეის, იელისა და უესლეიანის უნივერსიტეტები და ნიუ ინგლენდის კონსერვატორია.

აშშ–ში “ადილეიმ” ისეთ არააკადემიურ ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა ნიუ იორკში ბალკანური/აღმოსავლეთ ევროპული მუსიკის ფესტივალი; კონცერტების სერია კი გამართა ქვეყნის დედაქალაქში, მასაჩუსეტსის, ნიუ ჰემფშირის, ნიუ იორკის, პენსილვანიის, ლუიზიანასა და სხვა შტატების თეატრების სცენებზე. ერთი თვის მანძილზე “ადილეი” 14 ქალაქს ეწვია, ჩაატარა 18 კონცერტი, 10 ვორქშოფი და 4 სემინარი. წელს “ადილეიმ” თავისი პირველი ალბომიც გამოუშვა, რომელიც აშშ–ში იანვრიდან იყიდება. ალბომის ტექსტის მთარგმნელი ამერიკელი მარინა კაგანოვაა, რომელიც დისერტაციას ქართული ხალხურ სიმღერაზე წერს და თავადაც კარგად მღერის.

"ადილეი" ნიუ ორლეანში

“ადილეი” ნიუ ორლეანში

აშშ–ში მოღვაწე ქართული ფოლკლორული მუსიკის ანსამბლის – „სუფრულის“ მომღერალი და მისი დამფუძნებლის კარლ ლინიხის მოსწავლე მარინა კაგანოვა კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სადაც იგი პოეზიას, შემოქმედებით წერას სწავლობდა მაგისტრატურაში, მერე კი დოქტორანტურისთვის ანთროპოლიგიის ფაკულტეტზე ჩააბარა და ახლა უკვე ერთი წელია, რაც საქართველოში უნივერსიტეტში კულტურული ანთროპოლოგიის ფაკულტეტზეც სწავლობს.

მარინა კაგანოვა

მარინა კაგანოვა

მარინა მიყვება, რომ “ადილეის” მომღერლები თბილისში რეპეტიციაზე, 2015-ის სექტემბერში გაიცნო და სწორედ იმ პერიოდში ქართულის ინტენსიური შესწავლა დაიწყო. 2016 წელს, ზაფხულში, გურიაში ყოფნისას “ადილეის” მიერ შესრულებული სიმღერები ცოცხლად მოისმინა და ძალიან მოეწონა. მერე იგი და “ადილეის” მომღერლები ბათუმში კონფერენციაზე ერთად მოხვდნენ და დამეგობრდნენ. ასე დაიგეგმა ქართული ანსამბლის ამერიკული ტური. კოლუმბიის უნივერსიტეტში კი შედგა დისკუსია თემაზე “ქართული ფოლკლორული მუსიკის შესრულების ავთენტურობა”, რომელზეც მკვლევარებმა კარლ ლინიხმა, ქეროლაინ ბითელმა და ბრაიან ფაირლეიმ ქართული ფოლკლორის სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს.

„ქართული ხალხური მრავალხმიანობა განსაკუთრებული ფენომენია. მეც ვმღერი ქართულ სიმღერებს და დამერწმუნეთ, კარგ მეგობრებთან სიმღერას არაფერი ჯობს,“ – მიყვება მარინა. „– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შესრულების ცოცხალი პრაქტიკა; “ადილეი” კი ამას ძალიან კარგად აკეთებს და ამიტომაც გადავწყვიტე მათთვის ამერიკული ტური მომეწყო”.

მარინას ქართველი ბებია თამარ კასრაძე ჯერ თბილისში, მერე მოსკოვში, მერე კი არიზონაში ცხოვრობდა. მარინამ ქართულის სწავლა კი არც ისე დიდი ხნის წინათ დაიწყო, ჯერ თავისით, მერე კი კარლ ლინიხის დახმარებით. “ქართული სიმღერები ჯერ კინოფილმებიდან მოვისმინე, უნივერსიტეტში კი ერთი სემესტრი ქართული ენის სემინარებზე დავდიოდი. ჩემი პირველი ქართული სიმღერებიც მახსოვს – ვიმღერე “ჩაკრულო” და “ორთამელური”.

***

„ქართული სიმღერები ტრადიციულად დაკავშირებულია ყოველდღიური ცხოვრების მოვლენებთან – სიმღერები შრომაზე, სინანულზე, ისტორიულ მოვლენებზე და თარიღებზე; რიტუალური, სამკურნალო სიმღერები, სამოგზაურო, კომიკური და საცეკვაო სიმღერები; ძილისპირული. სუფრული სიმღერები კი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ჟანრია, თავად რიტუალური წვეულება (სუფრა) კი სადღეგრძელოებითა და სიმღერებით დეტალურადაა დაგეგმილი და იგი ქართულ ტარდიციულ კულტურაში ცენტრალურ ადგილს იკავებს” – ეს გახლავთ ქართული სამუსიკო ფოლკლორის მცოდნეებისა და გულშემატკივრების, კარლ ლინიხისა და კლეიტონ პარის CD წიგნის – „სუფრა! ქართული სიმღერის ზეიმი“ – ანოტაცია. CD წიგნი 18 ქართული სიმღერისგან შედგება, იგი 2016 წელს შეიქმნა და მისი შეძენა ონლაინაა შესაძლებელი.

sufra

კარლ ლინიხი ამბობს, რომ CD წიგნის შექმნის იდეა 2005–ში მის კოლეგას კლეიტონ პარს გაუჩნდა. იგი თბილისის კონსერვატორიაში ფულბრაიტის გრანტის მხარდაჭერით მუშაობდა და ამავე დროს კარლ ლინიხის მიერ შექმნილ უცხოელთა გუნდში, სახელად – “ოქროს სტუმრები” – მღეროდა.

„წიგნს ასეთი სახელი იმიტომ დავაქვით, რომ ვიცით –  სუფრა ქართველებისთვის ულამაზესი და ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალია. ჩემს გუნდს, რომელიც ნიუ იორკში შევქმენი, “სუფრული” დავარქვი. თუ ერთ დღეს უცხოელი ქართული სიმღერის შესწავლას დაიწყებს, მან აუცილებლად უნდა გაიგოს (ცოტა მაინც), სწორედ ქართული სუფრის შესახებ. ჩვენთვის მთავარი ამ წიგნში იყო სიმღერების გაშიფვრა და მათი ჩრდილოეთ ამერიკის ქორალურ გუნდებში გავრცელება” – ამბობს კარლი.

– ვისზეა გათვლილი „სუფრა” და რა მოლოდინები გაქვთ?

აშშ–ში „ჰალ ლენარდი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული გამომცემლობაა. მის მიერ გამოცემული ნოტები და კრებულები ყველგან იყიდება. ჩვენი წიგნი აკადემიურ გუნდებზეა გათვლილი და იმედი გვაქვს, რომ ამერიკელები ქართული სიმღერების შესახებ უფრო მეტს გაიგებენ და მათი შესწავლის სურვილიც გაუჩნდებათ.

რომელი სიმღერები შეკრიბეთ და ახლავს თუ არა მოკლე განმარტებები?

სიმღერები აღებულია „ოქროს სტუმრების“ რეპერტუარიდან: „აღდგომასა შენსა“, „ალილო“, „ალილუია“, „არაგვისპირული ლაშქრული“, „ბრძანა სოლომან”, „ეს აკვანი”, „ქრისტე აღდგა”, „იმერული ლაშქრად წასვლა”, „მუმლი მუხასა”, „მოკლე მრავალჟამიერი”, „მოკლე შემოძახილი”, „ნანინა”, „პატარა სიმონია”, „ფაცხა”, „ფერად შინდი”, „საოხუნჯო ფერხული”, „შენ ხარ ვენახი”, „წინწყარო”. CD წიგნს განმარტებითი ტექსტები ახლავს და იგი ქართული სიმღერის შესრულების მეთოდსა და ქართული ენით მეტყველების მანერას ხსნის.