გია მარიამიძის ბლოგი

შეთქმულების თეორია

შეთქმულების თეორია

‘’გაიხედეთ გარშემო და დააკვირდით საზოგადოებას. ის სავსეა ასე ვთქვათ ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულებით. მათ თავი სამყაროს ცენტრში წარმოუდგენიათ და დღენიადაგ ეჭვიანობენ, რომ ეს სამყროში ხდება ყველაფერი მათ საწინაააღმდეგოდ და არა თავად მათში. ზრდასრულობა რაში გამოიხატება? ამაზე თავის დროზე ერთმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა თქვა: ”ზრდასრული ხარ, როცა იცი, რომ სამყაროს არ გააჩნია შენს მიმართ განზარხვები”, ეს უკვე ზრდასრულის აღქმაა”.

მერაბ მამარდაშვილი.

 

‘’ეს შეთქმულების თეორიაა’’, ‘’კონსპირაციული თეორიების განხილვას არ ვაპირებ’’- ბოლო დროს ეროვნული ტელეარხების ეთერიდან  ამგვარი გამონათქვამები ხშირად ისმის.  მოპაექრე პოლიტიკოსებს ამით იმის თქმა სურთ. რომ კონსპიროლოგია სისულელეა და არგუმენტად არ გამოდგება. შეთქმულების თეორიების  მიმართ ასეთი  დამოკიდებულება რა თქმა უნდა მისასალმებელია. თუმცა  ტელეეთერის გარეთ ცხოვრება ჩვეული გზით მიედინება და ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ნაირ–ნაირი შეთქმულების თეორიები მთავარი სულიერი საზრდოა.   

კლასიკური კ.თ. (კონსპირაციული თეორიები)  როგორც წესი  გლობალურია. მათში  კაცობრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება  და პლანეტარული მასშტაბის ბოროტება სიკეთეს ებრძვის. კონსპიროლოგების ( კ.თ.-ს  ავტორები ან ასეთი თეორიების მიმდევრები ) აზრით  მსოფლიოს ძლევამოსილი და საიდუმლო ორგანიზაციები მართავენ.  შეთქმულთა ვიწრო ჯგუფები ხალხებზე გაბატონებას და  პლანეტის მთელი მოსახლეობის დამორჩილებას ლამობს.

ბოროტმოქმედი საიდუმლო ორგანიზაციების მიზნებზე კონსპიროლოგთა აზრი ორად იყოფა. ერთი ვერსიით შეთქმულებებს წმინდად მატერიალური ინტერესით გვიწყობენ – ჩვენს ხარჯზე მდიდრდებიან. მეორე ვერსია ‘’იდეალისტურია’’– ჩვენი გარყვნა და გათახსირება სურთ. თუ კონსპიროლოგებს დავუჯერებთ საიდუმლო ორგანიზაციების წევრები ზებუნებრივი ძალისა და უნარების პატრონი ხალხია. ისინი ყველას და ყველაფერს აკონტროლებენ. შავბნელ საქმეებს ოსტატურდ გეგმავენ და ასი ნაბიჯით წინ იყურებიან. მილიონობით ადამიანის ფიქრებს კითხულობენ. ეროვნულ მთავრობებს ამხობენ და რევოლუციებს აწყობენ. კლიმატური იარაღის მეშვეობით ამინდის გაფუჭება შეუძლიათ.  სეისმურ იარაღს ულმობლად იყენებენ და  მიწისძვრებს იწვევენ.  ყველა სიკეთესთან ერთად  ეს ძალები უზნეობის ნიმუში გახლავთ.  მათთვის წმინდა არაფერია ამ ქვეყანაზე.  კაცთა მოდგმის გარყვნას და ზნეობის საბოლოოდ წართმევას ცდილობენ.

  ამ ყველაფრის ადამიანებს სრიოზულად სჯერათ. აშშ–ს მოსახლეობის 10 % -ი დარწუნებულია რომ  11 სექტემბრის ტერაქტიCIA-მ მოაწყო. მსფლიოს კი საიდუმლო ორგანიზაციები მართავენ. კ.თ.-ს აყოლილი ადამიანების  რაოდენობა საქართველოშიც დიდია.  გლობალისტური კ.თ.  ჩვენს პირობებში  ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს მოერგო  და ‘’გაქართულდა’’. წვრილფეხა ლოკალური მასშტაბის თეორიები კი თითქმის ყოველდღიურად ჩნდებიან. ჩვენში ფეხმოკიდებული ნებისმიერი ტიპის  კ.თ. სულ რაღაც ორსიტყვიან ლოზუნგამდე შეგვიძლია დავიყვანოთ : ‘’ქართველობას გვართმევენ’’.

მსოფლიოზე გაბატონებული საიდუმლო ორგანიზაციების მთავარი სამიზნე რა თქმა უნდა საქართველოა. რამეთუ ბოროტებასა და სიკეთეს შორის გადამწყვეტი ბრძოლის გამართვა ჩვენს ტერიტორიაზეა დადეგმილი. საშუალო სტატისტიკურ ქართველს ამის  მტკიცედ სჯერა. ნაირ-ნაირი ფობიებით დაწყვეტილი ნერვული სისტემის მიუხედავად ეს დაჯერებულობა რიგით ქართველ ადამიანს ქვეცნობიერ სიამოვნებას ანიჭებს. სინამდვილეში კ.თ.-სადმი მიდრეკილება  ჩვენს შემთხვევაში ნარცისისტული ვნებითაა ნაკარნახები. კონსპიროლოგია კოლექტიურ ეგოს სასიამოვნოდ ფხანს – მსოფლიო ბოროტება  მებრძვის და ქართველობას მართმევს ე.ი.  მაგარი ვარ. კოლექტიური ნარცისიზმი კი თავის მხრივ  ღრმა პროვინციალიზმის შედეგია. თუმცა ამ თვალსაზრისით საქართველო უნიკალური და გამონაკლისი შემთხვევა არ გახლავთ. მსოფლიო ცივილიზაციურ თუ ეკონომიკურ პროცესებს მოწყვეტილი და გლობალურ კონკურენციაში ხელმოცარული ხალხები თავს  როგორც წესი მითოლოგიით იმშვიდებენ. მაგალითისთვის არაბული სამყაროც საკმარისია. ერთ დროს ყოველმხრივ მოწინავე ცივილიზაცია დღეს ვერაფერს ქმნის და ეკონომიკურ კონკურენციაში მარცხდება. შედეგად თვითკომპლიმენტარულ მითოლოგიას იგონებს და  ე.წ. ‘’ისლამურ სახელმწიფო’’ წარმოსახვით ‘’ბოროტებასთან’’ (ჯვაროსნებთან და სიონისტებთან) უკანასკნელი ბრძოლის გასამართად ემზადება. სამამულო წარმოების ‘’ივერია გაბრწყინდებაც’’ ამავე ‘‘ოპერიდანაა’’.  გაბრწყინება ვერა და ვერ დადგა . ისღა დაგვრჩენია დამნაშავეები  ვეძებოთ და კ.თ. ვაცხოთ. საქართველოში   ჭორებმაც კი კონსპირაციის ჟანრული გავლენა განიცადეს.  ‘’ამის  უკან ვინ  დგას’’–ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების  მთავარი საკითხია. აქ  ჩემოდანს ყოველთვის ორი ფსკერი აქვს და შიგ რაღაც იმალება.  

[red_box]გამხეცებული ნიშნები[/red_box]

თეა წულუკიანის გამინისტრების შემდეგ  იუსტიციის სამინისტრომ სპეციალური სარეკლამო კამპანია წამოიწყო. სოციალური ტელე-რეკლამა  მოსახლეობას ID ბარათების აღებას მოუწოდებდა. რეკლამა მთელი სერიოზულობით გვარწმუნებდა, რომ პირადობის მოწმობაში ე.წ. მხეცის ნიშანი არ იმალება. კამპანიამ ბევრი გაამხიარულა და ფეისბუქ ხუმრობების მიზეზად იქცა. თუმცა  მხეცის რიცხვზე  მონადირე პერსონაჟები არსად გამქრალან. კონსპიროლოგიით შეპყრობილ ადამიანებს როგორც წესი ჩიპოფობია სჭირთ.  შესაბამისად ქართული ID ბარათიც ეჭვმიტანილთა სიაშია.

‘’ მხეცის რიცხვთან ’’  დაკავშირებული კ.თ. 1970-იან  წლებში ამერიკელი  ფუნდამენტალისტი პროტესტანტების თემში  წარმოიშვა. (მათაც სჯერათ, რომ ამერიკელობას ართმევენ).  თეორიის გაჩენა სასაქონლო შტრიხ -კოდების გამოგონებას მოყვა. კონსპიროლოგთა აზრით ამ  შტრიხ- კოდებში რიცხვი 666 იმალება. შტრიხ-კოდით მარკირებული პროდუქციის შეძენის შესახებ ინფორმაცია მთავარ კომპიუტერში იგზავნება. კომპიუტერი კი ბრიუსელში მდებარეობს და მას სახელად ‘’მხეცი’’ ჰქვია. თეორიის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით  ასეთ  შტრიხ-კოდებს  შემდგომში ადამიანებსაც  მიაწეპებდნენ.  გადახდის ელექტრონული საშუალებებისა და პლასტიკური ბარათების ხმარებაში შემოსვლის შედეგ  სცენარი შეიცვალა და კონსპიროლოგები საყოველთაო ‘’დაჩიპვის’’ პრობლემაზე გადაერთნენ.

თუმცა  666-თან დაკავშირებული კ.თ.-ს ორივე ვერსია ერთნაირად მთავრდება :  ბოლო სერიაში სამყაროს ანტიქრისტე მოევლინება და ჯადოსნურ კომპიუტერს ხელში ჩაიგდებს. ამის შემდეგ ჩვენს პლანეტაზე წარმოებული ვაჭრობის და აღებ-მიცემობის ამბები მის მიერ გაკონტროლდება.ანტიქრისტეს  ნებართვის გარეშე ვერაფერს ვიყიდით. ნივთების შეძენის უფლება მხოლოდ მისდამი მორჩილებს შეეძლებათ. ანტიქრისტე სუპერმარკეტების, ბუწიკების, მაღაზიებისა და ბაზრობების მბრძანებელი გახდება.

თეორიის  ბოდვითი ხასიათი ახლახანს დიდ ბრიტანეთში  ჩატარებულმა ე.წ. ბრექსიდმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ეს ქვეყანა ევროკავშირს გამოეყო. (საფრანგეთიც კინაღამ თან მიჰყვა). მოკლედ ევროკავშირი დანაწევრების გზას დაადგა. გლობალიზაციის ნაცვლად მსოფლიოში დეზინტეგრაციის პროცესები დაიწყო  და კონსპიროლოგიური შიშები ამჯერადაც არ მართლდება.

გლობალიზაციას თავი დავანებოთ და ისევ ‘’მხეცის ნიშნებს’’ დავუბრუნდეთ. ამ  საკითხის მიმართ არაჯანსაღ ინტერესს ჩვენში ტელეკომპანია ‘’დროს’’ მაყურებელი და მამა ბასილ ახვლედიანი იჩენენ.  ეს სასულიერო პირი თავს კიბერტექნოლოგიების მცოდნედ ასაღებს. სატელევიზიო გამოსვლების დროს ჩიპებზე და შტრიხ -კოდზე ხშირად საუბრობს.

შტრიხ -კოდის შექმნის აუცილებლობა  ბანალურმა მიზეზმა განაპირობა. სამრეწველო  საქონელზე პარამეტრების (მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებლის ვინაობა და ა.შ)  დატანა ვაჭრობის გაადვილებისთვის აუცილებელი პირობაა.  წარმოების, გადაზიდვებისა და საცალო ვაჭრობის მასშტაბების ზრდამ  საქონლის სწრაფად და უშეცდომოდ იდენტიფიცირების აუცილებლობა გააჩინა. ასეთ შესაძლებლობას კი მხოლოდ პროცესის ავტომატიზაცია იძლევა.  შტრიხ-კოდის შექმნის იდეა აზრად  ნორმან ჯოზეფ ვუდლანდს მოუვიდა. მან თავის გამოგონებაში მორზეს ანბანის პრინციპი გამოიყენა.  შტრიხ-კოდის თითეულ ხაზში გარკვეული სახის ინფორმაციაა კოდირებული (ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრები).  ლაზერული სკანირების აპარატი ხაზებსა და ხაზებს შორის ინტერვალებს ‘’კითხულობს’’ და ციფრული კოდი კომპიუტერში შეყავს.  კომპიუტერი კოდს შიფრავს და საქონლის პარამეტრებს აფიქსირებს.  ამ პროცესის ალია- ბალია დაახლოებით ასეთია.  

კონსპიროლოგთა ყურადღება შტრიხ-კოდის სამმა:  შუაში და ბოლოებში დატანილმა ხაზებმა  მიიქცია. ეს ხაზები უნივერსალურია და ყველა შტრიხ-კოდზე გვხვდება.  მათი მეშვეობით წამკითხავი მოწყობილობა უნიკალური ინფორმაციის დიფერენცირებას ახდენს. კონსპიროლოგებმა ამ ხაზებისგან გრანდიოზული დრამა შექმნეს.  ადამიანები სერიოზულად კამათობენ. ერთნი ამტკიცებენ, რომ  ეს სამი გამყოფი ხაზი ციფრ ექვსიანს შეესაბამება. მეორენი ამტკიცებენ, რომ  პირველნი იდიოტები არიან.  დავუშვათ და ეს მრავალტანჯული ხაზები ციფრ  ექვსიანს მართლაც ნიშნავს.  ნიმუშის სახით ავიღოთ ერთი შტრიხ-კოდი და მასზე აღნიშნული ციფრები  ჩამოვწეროთ. ( ‘’დამალული’’ ექვსიანები კი  მსხვილი შრიფტით გამოვყოთ)

[blue_box]699720767100146  –ვინც ‘’მხეცის რიცხვის’’ დანახვა მოახერხა ვუდლანდს[/blue_box]

ჩიპი  პირველმა ესროლოს. როგორც ვხედავთ რეალური თუ მონაჩმახი 6-იანები ერთად არაა განლაგებული. თუმცა ამას რა მნიშვნლობა აქვს? 6-იანების ადგილას წყვილი 3-იანები რომ ეწეროს კონსპიროლოგები ამ 3-იანებს ერთმანეთს მიუმატებდნენ და ‘’მხეცის ნიშანს’’ მაინც გამოიყვანდნენ.

ვუდლანდისეული ლინეალური  შტრიხ-კოდის გამოგონებიდან დიდი დრო გავიდა. დღეისთვის ხმარებაში უფრო რთულიQR კოდი შემოვიდა, რომელშიც მხეცის ნიშნები ჯერ არ აღმოუჩენიათ. მეცნიერები სამგანზომილებიანი (რელიეფური) სასაქონლო კოდის შექმნაზეც მუშაობენ. ძველი შტრიხ-კოდების გამოყენება თანდათანობით მცირდება და იმედია კონსპიროლოგები ახლა მაინც დაწყნარდებიან.  

თანამედროვე სამყაროში ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების გაკონტროლების შესაძლებლობაზე საუბარი სისულელეა. ინტერნეტი და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები პირადიმიდალური-იერარქიული პრინციპით არ მუშაობს. ტექნოსფეროში ერთი სამართავი ცენტრი არ არსებობს. ჰორიზონტალური-ქსელური სისტემის ერთ ხელში მოქცევა შეუძლებელია. მსოფლიო არა  ცენტრალიზების არამედ დეცენტრალიზების და ვერტიკალურ ურთიერთობებზე გადასვლისკენ მიდის. ამის საუკეთესო მაგალითი კრიპტოვალუტების გაჩენაა. ბიტკოინს და ბლოკჩეინ სისტემას ჩვენშიც ხშირად ახსენებენ. კრიპტოვალუტები კერძო პირებისა თუ ჯგუფების მიერ დაარსებული ელექტრონული ფულია. კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა ფულადი ნიშნების გამოშვებაზე სახელმწიფოთა მონოპოლია მოშალა. ფულის გამოშვება ინდივიდუალურადაც გახდა შესაძლებელი. ელექტრონული ფულით ვაჭრობა ძალას იკრებს.  გადახდის ამგვარ საშუალებას უკვე  არაერთი სავაჭრო ობიექტი იყენებს. ბიტკოინის გარდა კიდევ ასეულობით კრიპტოფულის სახეობა არსებობს. მათი გაკონტროლება შეუძლებელია.  

საყოველთაო დაჩიპვის შიშებმა საქართველომდეც  ჩამოაღწია. ზემოთ ნახსენები სასულიერო პირი რესპუბლიკის მთავარ ჩიპოლოგად შეგვიძლია  მივიჩნიოთ. ის ამ საკითხს დიდ დროს უთმობს და დაუჯერებელ ზღაპრულ ისტორიებს ყვება. მისი აზრით  ახლო მომავალში წიწიბურას მარცვლის ზომის ჩიპებში ელექტრომაგნიტური ტალღების მიმღები და გადამცემი მოწყობილობის მოთავსება შესაძლებელი გახდება. შემდეგ ამ სასწაულმოქმედ ჩიპს ადამიანების თავის ტვინებში ჩაამონტაჟებენ და ჩვენს ქცევას დისტანციურად გააკონტროლებენ. სამწუხაროდ მეცნიერებას ამხელა სიმაღლეები ჯერ არ დაუპყრია. ასეთი რთული ტექნოლოგიები სავარაუდოდ ვერასოდეს შეიქმნება და ბატონი ახვლედიანის ფანტაზიებს ახდენა არ უწერია.

ხელის  კანქვეშ ჩიპის  ჩაკერება კი დღესვეა შესაძლებელი.  ბიონიკით გატაცებულ ადამიანებს პლასტიკური ბარათების ჯიბით ტარება ეზარებათ  და ჩიპს ‘’ხელში’’ ატარებენ. თუმცა ასეთი შემთხევები ცოტაა. ბიონიკა ზოგადად საინტერესო მეცნიერული მიმართულებაა. სხეულის მოდიფიცირება და გაძლიერება-ბიონიკური კუნთის მეშვეობით ადამიანი უფრო ძლიერი ხდება, ეკზო სკილეტის დახმარებით ჯარისკაცი ამტანობას იძენს, უკეთ იბრძვის, ბიონიკური პროტეზის მეშვეობით ადამიანები დაკარგულ კიდურებს ‘’იბრუნებენ ’’, ბიონიკური თვალი დაკარული მხედველობის აღდგენის საშუალებას მოგვცემს  და ა.შ. თუმცა ახალი ამაშიც არაფერია. გაფუჭებული  კბილის  ამოღება და ფაიფურის კბილის ჩადგმაც ერთგვარი ბიონიკა და სხეულის მოდიფიცირებაა.

‘’მხეცის ნიშნების’’ ისტერიული ძებნა და მასთან დაკავშირებული კონსპიროლოგია შთაგონებას იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნიდან იღებს. ტექსტში   ანტიქრისტეს დეედამიწაზე მოსვლის ფანტაზიური სცენაა აღწერილი.

‘’17. რომ არავის შეძლებოდა ყიდვაგაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანიმხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი. 18 . აქ არის სიბრძნე. ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი.’’

ანტიქრისტეს მიერ  შტრიხ-კოდების თუ ჩიპების მეშვეობით ადამიანების დამორჩილების ლეგენდა აქედან მოდის.  ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების გაკონტროლების შეუძლებლობაზე უკვე ვილაპარაკეთ. რაც შეეხება  თავად წინასწარმეტყველებას-გონებასთან ახლოს მყოფი თეოლოგების თუ რელიგიის მკვლევართა აზრით იოანე ღვთისმეტველის ტექსტში ლაპარაკი რომის იმპერატორ ნერონზეა.ტექსტი იმხანადრომისიმპერიაშიგავრცელებულმითქმა-მოთქმას ეხმიანება. რომ თითქოს  იმპერატორინერონი გაცოცხლდა (მეორევერსიითარმომკვდარადაგანიკურნა).რომშიგაჩნდატერმინი Nero redivivus -ნერონიმკვდრეთითაღმდგარი.ამცნობამქრისტიანებში  საფრთხისმოლოდინიგააჩინა.(ნერონის დროს ქრისტიანები  იდევნებოდნენ).აპოკალიფტურიწინასწარმეტყველებასწორედამგანსაცდელისმოლოდინითარისნაკარნახები.ცნობილია,რომბერძნებსდა ებრაელებსციფრების მათემატიკური სისტემაარჰქონიათ.ამკულტურებშირიცხვებიანბანისასო-ნიშნებისმეშვეობითიწერებოდა.გარკვეულიასონიშანიკონკრეტულ ციფრსშეესაბამებოდა.რიცხვ 666-ისქვეშდაშიფრულსახელშიიმპერატორინერონიიგულისხმება.ლათინურიNero redivivusძველ ებრაულად ტრანსკრიბცირდებაროგორც -Nrwn qsr (nun=50 + resh=200 + waw=6 + nun=50 + qoph=100 + samech=60 + resh=200)-ანუ 666.

იოანე ღვთისმეტყველის თანამედროვენი მეორედ მოსვლას საკუთარ ეპოქაში,  მათივე სიცოცხლის განმავლობაში ელოდნენ.  ამის მიუხედავად ესქატოლოგიური მოლოდინები დღემდე გრძელდება.   რელიგიური ინსტიტუციები კი ასეთ  მოლოდინებს სათავისოდ იყენებენ. შუასაუკუნეების ევროპაში (ქრისტეს შობიდან 1000 წელს) მსგავსმა მოლოდინებმა ადამიანები იმსხვერპლა. მეორედ მოსვლის მოლოდინში ხალხმა მიწის დამუშავებას თავი დაანება. მართლაც და რა  დროს ხვნა- თესვაა, როცა სამყაროს აღსასრული კარს მოდგვდგომია? როგორც ვხვდებით მეორედ მოსვლა არ შედგა. მაგრამ დაიწყო შიმშილობა, რომელსაც ბევრი ადამიანი შეეწირა.

სხვა და სხვა სიმბოლოებში არქიტექტურულ დეტალებში ზოგადად ვიზუალურ  იერ-ხატებში  ‘’დაფარული’’ ნიშნების აღმოჩენა და მათი თავისებური ინტერპრეტირება  კონსპიროლოგთა საყვარელი სპორტია. მაგალითისთვის აშშ-ს გერბი გამოდგება – არწივს კლანჭებით ზეთისხილის რტო უკავია, რომელზეც  ცამეტი ნაყოფია გამოსახული.  მეორე ფეხის კლანჭებში  ასევე ცამეტი ისარი მოსჩანს. აქედან დასკვნა : 13 ეშმაკისეული ციფრია და ამერიკა სატანისტური ქვეყანაა. საქმე იმაშია, რომ აშშ დაარსების დროს ცამეტი შტატისგან შედგებოდა. შემდეგ შტატების რაოდენობა 50 გახდა. გერბი კი არ შეცვლილა.

[yellow_box]დალესის ‘’პლანი’’[/yellow_box]

‘’დალესის გეგმად’’ წოდებული ტექსტი საქართველოში 1990-იან წლებში გამოჩნდა და დღემდე პოპულარობას არ კარგავს. ინტერნეტის ეპოქაში ტექსტი  ლინკიდან ლინკზე გადადის და მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მმკ-ს მესვეური სასულიერო პირები ამ ვითომ გეგმას ვიდეოლექციებს უძღვნიან იუთუბზე ანთავსებენ და მრევლს ზაფრავენ.

სინამდვილეში ე.წ. დალესის გეგმა ბუნებაში არ არსებობს. ამ ნაყალბევი ‘’დოკუმენტის’’ წარმომავლობის შესახებ რეალური ინფორმაციის   მოპოვება იოლია. კონსპიროლოგებმა ანატოლი ივანოვის რომანიდან  აღებული ტექსტი ‘’დალესის გეგმად’’ გაასაღეს. ამ შემთხვევაში საქმე ლიტერატურულ მისტიფიკაციასთან გვაქვს. მაგრამ  კ.თ.-ს მოყვარულები ვერ ცხრებიან  და  უხარისხო ლიტერატურით ხალხს მაინც „აბოლებენ“. ასეთ ადამიანებთან კამათს აზრი არა აქვს. ცრურწმენების წინააღმდეგ ფაქტი და რაციონალური არგუმენტი უძლურია. ‘’დალესის გეგმასთან’’დაკავშირებით ინტერესის საგანს მეორე ტიპის ადამიანები წარმოადგენენ. ამ ადამიანებს რეალური ინფორმაციის მიღება და გააზრება შეუძლიათ. თუმცა საქმის არსში გარკვევის შემდეგ ასეთი დასკვნა გამოაქვთ :  ‘’რა  მნიშვნელიბა აქვს დალესის გეგმა ნამდვილია თუ არა? რაც გეგმაში წავიკითხე  მართლაც ხდება ’’…  ანუ დალესის გეგმა არ არსებობს, მაგრამ მოქმედებს.

ყურადღებით წაკითხვის შემთხვევაში ამ ტექსტში უამრავ აბრა-კადაბრას აღმოვაჩენთ. გეგმის მიხედვით ‘’სამიზნე ხალხებში’’ ნაციონალიზმი (ანუ ეროვნულობა)  უნდა გაღვივდეს.  ამავე დროს იგივე ხალხში კოსმოპოლიტიზმის დამკვიდრებას ლამობენ.  ‘’დალესის გეგმის’’ საბოლოო მიზანი სსრკ-ს დაშლა (ანუ მათ შორის საქართველოს გათავისუფლებაც) ყოფილა. კ.თ.- ს  მიმართ იმუნიტეტის არმქონე ადამიანებში განსაკუთრებულ ყურადღებას ტექსტის ეს ნაწილი იქცევს :

‘’ლიტერატურა, თეატრი, კინო ადამიანის ყველაზე უფრო მდაბალი გრძნობების ამსახველი და გამავრცელებელი იქნება. ჩვენ ყველანი პირადად მხარს დავუჭერთ და შევაქებთ ეგრეთ წოდებულ მხატვრების შეგნებაში სექსის, ძალადობის, სადიზმის კულტსერთი სიტყვით, ყველაფერს ამორალურს. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და მაწანწალობა, ლოთობა და ნარკომანია, ცხოველური შიში ერთმანეთისადმიუსირცხვილობა, ნაციონალიზმი და ხალხთა შორის მტრობაყველაფერი ეს ოსტატურად და შეუმჩნევლად იქნება კულტივირებული და აყვავდება მძაფრი ფერებით. მხოლოდ ზოგიერთნი მიხვდებიან და გაიგებენ კიდეც თუ რა ხდება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ ჩავაყენებთ არამოდურ მდგომარეობაში და ქვეყნის სასაცილოდ გავხდით. მოვძებნით ხერხს, რომ მათ ცილი დასწამონ და ისინი საზოგადოების ნაძირალებად გამოაცხადონ. ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვქრთამოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდობისაგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებს, კოსმოპოლიტებს.

თუმცა რაიმე ახალი არც ამ სიტყვებშია ნათქვამი. საშუალო სტატისტიკურ ქართველს ისედაც მტკიცედ სწამს, რომ მთელი მსოფლიო ჩვენს გარყვნა -გადაგვარებაზე მუშაობს. ყველა ჩვენ გვერჩის და  მორალურ საფუძვლებს გვირყევს. ასე ვთქვათ-ტრადიციებს გვინგრევენ და ქართველობას გვართმევენ. ზემოთ მოტანილი ტექსტის სულისკვეთება ჩვენს ქვეცნობიერ თუ ცნობიერ  შიშებთან ამიტომაც რეზონირებს. ამ თვალსაზრისით ანატოლი ივანოვის ‘’ანტიუტოპია’’ უნივერსალური ხასიათისაა და  განზოგადების საშუალებას იძლევა.

საქმე იმაშია რომ 13, 8 მილიარდი წლის წინ ერთ წერტილში კონცენტრირებულმა სინგულარულმა ენერგიამ იფეთქა რის შედეგადაც წარმოიშვა მატერია დრო და სივრცე. პირველ ეტაპზე მატერია ერთგვაროვანია. შემდგომ ნივთიერი სამყარო ევოლუციას განიცდის-მარტივი ფორმიდან რთულისკენ. შემდეგ ჩნდება ვარსკვლავები, მათი აფეთქების შედეგად პლანეტები, გალაქტიკები და ა.შ.

მოკლედ, სამყაროს  მთავარი თვისება  განვითარება ანუ მარტივი ფორმიდან რთულ ფორმებზე გადასვლაა. დანაწევრება, დიფერენცირება,  ნიუანსირება, დეტალიზება-ერთფეროვანი უსახო მასიდან ‘’გვაქვს უთვალავი ფერისა’’ მიღება არა მხოლოდ მატერიის არამედ ადამიანის და ზოგადად კულტურის მთავარი თვისებაცაა. პრობლემის არსიც სწორდ ამაშია-ადამიანების დიდ ნაწილს სირთულე და მრავალფეროვნება აფრთხობს. პროგრესი როგორც მოვლენა საფრთხედ აღიქმება. (თუმცა იგივე ადამიანები სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევებით ხარბად სარგებლობენ).  როგორც წესი  პრობლემა სოციო-კულტურულ პროგრესთან შეჯახების დროს ჩნდება ხოლმე. როდესაც სიახლე და ცვლილება მტრულ მოვლენებად აღიქმება.

პროგრესს მხოლოდ საქართველოში არ უფრთხიან. ასეთი მიდგომა უნივერსალურია და ყველგან გვხვდება. ზოგადად  კულტურის მიმართ ორგვარი დამოკიდებულება არსებობს: პირველი – ე. წ. ოქროს ხანის და  მეორე – პროგრესის იდეა. პირველი მიდგომა  მიიჩნევს, რომ კაცობრიობის (და ლოკალურად ჩვენი) საუკეთესო ხანა წარსულ დროში მდებარეობს. ადამიანი ადრე  უკეთესი სრულყოფილი და მაღალზნეობრივი იყო. შემდეგ დაკნინდა და უარესობისკენ მიექანება. პროგრესის იდეა ასეთ მიდგომას ეწინააღმდეგება. კაცობრიობა დროთა განმავლობაში მეტ და მეტ ცოდნას იძენს და აგროვებს. ტექნოლოგიური და სოციალური პროგრესის წყალობით დღევანდელი ადამიანი  უფრო რთულ დახვეწილ და სამართლიან საზოგადოებაში ცხოვრობს. დროთა განმავლობაში კულტურა უფრო კომპლექსური მრავალწახნაგოვანი და ჰუმანური ხდება -ადამიანი მიზანია და არა საშუალება.  

საჯარო თუ კერძო სივრცეში ასეთ გამონათქვამებს ხშირად მოისმენთ : ‘’ნეტა დავით აღმაშენებელის დროში მაცხოვრა’’.  ხალხს ავიწყდება, რომ იმ დროში  მოსახლეობის 95 % ყმა და ბატონის საკუთრება იყო.  იმხანად უთანასწორობა ნორმა და ცხოვრების წესი გახლდათ. არ იყო გაუტკივარების საშუალებები და განგრენიზებულ კიდურებს  ხერხით მოგაჭრიდნენ. ან მოკვდებოდი, რადგან ანტიბიოტიკებიც არ არსებობდა. სიცოცხლის  საშუალო ხანგრძლივობა 45 წელს არ აღემატებოდა და ყოველი მესამე ბავშვი მშობიარობის დროს იღუპებოდა. ეპიდემიები  მოსახლეობას ანახევრებდა და შიმშილობაც არ იყო უცხო ხილი. მოწეულ მოსავალს ჭირნახული ანუ ჭირით ნახული ერქვა.  შუასაუკუნეების დროინდელი ‘’სიკეთეები’’ ამ ჩამონათვალით არ შემოიფარგლება და სია უსასრუოდ შეიძლება გაგრძელდეს.

‘’ადამიანი მთავარი ფასეულობაა’’, ‘’სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანისთვის და არა პირიქით’’- ამ სიტყვებსაც ხშირად ვიმეორებთ. სინამდვილეში ადამიანი მთავარი ფასეულობა არასოდეს ყოფილა.  ამ მდგომარეობას მხოლოდ ჩვენს დროში ( მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში) მივაღწიეთ.  ადამიანმა საკუთარი აზრის გემოვნების ცუდზე და კარგზე ინდივიდუალური წარმოდგენის ქონის უფლება მოიპოვა. (იმ პირობით რომ სხვას არაფერს დაუშავებს).  ერთი სიტყვით კულტურა გამრავალფეროვნდა და გართულდა. სამწუხაროდ ბევრს ამ სირთულის აღქმა ეზარება ან უბრალოდ არ ძალუძს. სირთულისგან დაბნეული ადამიანები ისევ მარტივ გამოსავალს პოულობენ-‘’ოქროს საუკუნეში’’ დაბრუნებას ცდილობენ. ‘’უკან მომავალში’’ ანუ ადვილად გასაგებ  სიმარტივეში.  აწმყო დროში არსებული მრავალფეროვნება და რთულად მოწყობილი კულტურა კი გარყვნილებად საღდება.

განმანათლებლობის ეპოქამ საზოგადოებრივ მორალზე  დროის შესაფერისი ხედვა გამოიმუშავა-ძალადობის ნებისმიერი ფორმა და ტყუილი უზნეობაა. სხვა დანარჩენი ინდივიდუალური მორალის სფეროა და ზნეობრივი ნორმების არჩევაში ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს. ე.წ.  ტრადიციულ საზოგადოებებში მორალის კერძო და საჯარო სფეროებად დაყოფა არ არსებობს. ასეთი საზოგადოება ინდივიდს არ სცნობს. ტრადიციულ  საზოგადოებაში ადამიანს ჭეშმარიტება ეძლევა და  ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია. თანამედროვე საზოგადოებაში ჭეშმარიტება ძიების საგანია. ცხოვრება  კი შემოქმედებითი პროცესი. ‘’ტრადიციებს გვინგრევენ’’-ამგვარ შიშებს სინამდვილეში სიახლე, ცვილებები, რთულად კონსტრუირებული კულტურა და ზოგადად შემოქმედებითობა იწვევს.  კ.თ.  პრიმიტივიზმის მხრიდან რთული და მრავალფეროვანი სამყაროს წინააღმდეგ გალაშქრების მცდელობაა. კონსპიროლოგიის მეშვეობით ადამიანები მათთვის  ძნელად გასაგები სირთულის და კომპლექსურობის ახსნას  და  ‘’რაციონალიზებას’’ ახდენენ.

და ბოლოს

კარლ  პოპერი  კ. თ.-ს მოდერნის ხანის პროდუქტად მიიჩნევს. განმანათლებლობის  ეპოქის რაციონალიზმმა  საზოგადოებრივი დისკურსიდან მაგია, მისტიკა და ირაციონალური ელემენტები განდევნა. კულტურა განჯადოვდა.  შუასაუკუნეების ადამიანი  მის თავს დამტყდარ უსიამოვნებებს მარტივ ახსნას უძებნიდა–გვალვა და დაბალმოსავლიანობა ღვთის სასჯელია. შავი ჭირის ეპიდემია კი კუდიანებს და ალქაჯებს ბრალდებოდა.  განმანათლებლობა  ამგვარ მისტიკურ ‘’არგუმენტებს’’ აუქმებს. მაგრამ უსიამოვნებები არსად გამქრალა–ფინანსური სიძნელეები,  წარუმატებლობა,  ავადმყოფობა  და ა.შ. თავს ისევ გვახსენებს. ახალი დროების ადამიანი მის წინაშე არსებულ პრობლემებს ისევ მარტივ ახსნას უძებნის–ალქაჯები და  კუდიანები მასონურმა ლოჟებმა და რეპტილოიდთა საიდუმლო ორგანიზაციებმა ჩაანაცვლეს. განტვების ვაცის როლი ახლა უკვე მათ დაიკავეს.

კონსპიროლოგიის მამები როგორც წესი თავდაჯერებული ხალხია.  სახის სერიოზული გამომეტყველება უჭირავთ და  ყველა კითხვაზე მზამზარეულ პასუხს იძლევიან. ყველაფერი იციან- სად, რა, როდის და  რაც მთავარია რით დასრულდება ესა თუ ის ამბავი. მათთვის ყველაფერი წინასწარაა ცნობილი. სინამდვილეში ეს ხალხი თვითდაჯერებული ბრიყვობის ნიმუშები არიან. კონსპიროლოგია ტიპური მცდარი ცნობიერებაა. ის ფაქტების გაანალიზებით შეჯერებით ზოგადი კანონზომიერებების აღმოჩენით და ბოლოს დასკვნის გამოტანით თავს არ იწუხებს.  კონსპიროლოგია ჯერ აბსურდულ დაშვებებს აკეთებს,  შემდეგ  კი ყველა ფაქტს ამ მცდარ წარმოდგენებს არგებს. ასეთი მიდგომა არამეცნიერულია. შეთქმულებები როგორც ასეთი რა თქმა უნდა ბუნებაში არსებობს და ზოგჯერ ხორციელდება კიდეც. მაგალითად ისტორიიდან ვიცით, რომ იულიუს კეისარი შეთქმულებმა მოკლეს.ისიც ვიცით, რომ კეისარს სიკვდილის წინ აღმოხდა : შენც ბრუტუს?.. ჩვენსავე ისტორიიდან შეგვიძლია ცოტნე დადიანი გავიხსენოთ, რომელიც თანამეინახეებთან ერთად იმდროინდელ ოკუპანტს შეთქმულებას უმზადებდა. მაგრამ კონსპიროლოგები შეთულებას ცალკეულ ეპიზოდურ შემთხვევად არ განიხილავენ. მათთვის  უახლესი ისტორია ერთი გაბმული შეთქმულების პროცესია. ცალკეული საყურადღებო მოვლენები და ფაქტები კი გრანდიოზული შეთქმულების ნაწილი. საღ აზრსა და კონსპიროლოგიას შორის პრინციპული სხვაობა სწორედ ამაშია-კონსპიროლოგების აზრით შეთქმულება პროცესია და არა ცალკეული მოვლენა. ყოველი მნიშვნელოვანი ამბის  უკან ისინი საიდუმლო თუ არასაიდუმლო ძალების ხელს ხედავენ. ამ ძალებს გაუგონარი საორგანიზაციო ნიჭი მიეწერებათ. კონსპიროლოგები შემთხვევითობას, სპონტანურობას, ექსცესს როგორც ასეთს არ აღიარებენ. მათი აზრით  ისტორია გრანდიოზული გეგმის მიხედვით ვითარდება.  ისტორიის დასასრული კი რა თქმა უნდა წინასწარ იციან.  სინამდვილეში ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის. ყველაფრის დაგეგმვა და  მსოფლიოს ფარულად მართვა შეუძლებელია.

კონსპიროლოგია რთულ და კომპლექსურ მოვლენებზე მარტივ პასუხებს იძლევა. მისი პოპულარობის მიზეზიც ამაშია. თუმცა ნებისმიერი კ. თ.  თავის თავში თვისობრივ დეფექტს შეიცავს – როგორც კი რაიმე ‘’შეთქმულებას’’ ვამხელთ უმალვე ახალი კ.თ.  ჩნდება :  ეგებ ჩემი აღმოჩენა სინამდვილეში მხილება კი არა შეთქმულების სცენარის ნაწილია? გეგმის ავტორმა შეთქმულების სცენარში სიმულაციური მხილების შესაძლებლობა განზრახ ჩადო. შეთქმულების მზაკვრული მიზანი კი სინადვილეში სულ სხვაგანაა. ამ შესაძლებლობის გააზრებისთანავე ახალი თავსატეხი ჩნდება : ეგებ ჩემს მიერ ამის  გააზრებაც ასევე წინასწარ ჩაფიქრებული სცენარის ნაწილია? კონსპიროლოგიური ძიება უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

ზოგადი კონსპირაციული მსოფლხედვა  სამყაროს მტრულ მოვლენად აღიქვამს. მისთვის ადამიანი როგორც სახეობა ბოროტი არსებაა.  ალტრუიზმი კი ცარიელი სიტყვა. სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის იდეა  კონსპირაციული ცნობიერებისთვის უცხო ხილია. ყველასა და ყველაფრისადმი უნდობლობა ასეთი ცნობიერების მთავარი თვისებაა. კონსპიროლოგიით შეპყრობილი ადამიანი როგორც წესი ლოკალურ თუ საერთაშორისო ინსტიტუტებს და თამაშის წესებს არ ენდობა. ასეთი ადამიანების აზრით მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური  კულტურული თუ სპორტული პროცესების ბედი წინასწარაა განსაზღვრული. ყველაფერი ჩაწყობილი და კორუმპირებულია. მათთვის აზარტი, გატაცება, თავისთავად პროცესით სიამოვნების მიღება მიუწვდომელი განცდებია. შესაბამისად ამგვარი ცნობიერების მატარებელი საზოგადოებები არსებული მსოფლიო წესრიგის გაუმჯობესების პროცესიდან ამოვარდნილნი არიან. ისინი ვერაფერს ქმნიან, ვერ ვითარდებიან და სამუდამოდ მაჩანჩალობისთვის არიან განწირული.

დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნები ორ პირობით ტიპად: თვითგადარჩენაზე და შემოქმედებითობაზე ორიენტირებულ საზოგადოებებად შეიძლება დაიყოს. თვითგადარჩენის იდეაზე ორიენტირებული საზოგადოება მუდმივად შინაურ და გარეულ მტრებს იგერიებს,  წარსული დიდებით იკვებება, თვითიზოლირებისკენაა მიდრეკილი და ვერ ვითარდება. შემოქმედებითობაზე ორიენტირებული კულტურა თავის თავში  დამატებით ენერგიას პოულობს და ცვლილებებს არ უფრთხის. ასეთ საზოგადოებაში სიახლე ცნობისმოყვარეობა მუდმივი თვითქმნა ძირითადი ფასეულობებია. ასეთ კულტურაში ღირებულებათა იერარქია შეძენილ თვისებებს თანდაყოლილ თვისებებზე  მაღლა აყენებს. შექმნა ქმნადობა შემოქმედებითი პროცესი  სამყაროს ზუსტი სურათის დანახვას თავისთავად  გაიძულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს შექმნი და ხელი მოგეცარება. შესაბამისად ცრურწმენების მითების და კონსპირაციული თეორიებისთვის ასეთ საზოგადოებაში ადგილი აღარ რჩება.