ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

“არტექსპო” – კალეიდოსკოპი ქართული ხელოვანების ნამუშევრებით

“არტექსპო” – კალეიდოსკოპი ქართული ხელოვანების ნამუშევრებით

ნიუ იორკულიარტექსპო” (ArtExpo New York),  რომლის დაარსებიდან წელს ორმოცი წელი შესრულდა,  2018-შიც მისთვის დამახასიათებელი ჩვეული თუ უჩვეულო მრავალფეროვნებით წარსდგა.

თავისი არსებობის მანძილზე “არქტექსპო”  არა მარტო ცნობილი, არამედ უცნობი არტისტების, გალერეების პრეზენტაციისა და  საქმიანი კავშირების გაბმის უნიკალურ შანსად იქცა. “არტექსპოს” თავისი ნამუშევრებით სტუმრობდნენ: ენდი უორჰოლი, პიტერ მაქსი, რობერტ რაუშენბერგი, რობერტ ინდიანა, ქეით ჰარინგი და ლერონი ნეიმანი. წელსაც, მანჰეტენის ერთ–ერთ პირსზე (“პირს 94″)  ათასზე მეტი ხელოვანის ნამუშევარი გამოიფინა: ფერწერა, სკულპტურა, პრინტი, ფოტოგრაფია, კერამიკა, ლითოგრაფია, მინა და თექაც. სხვათა შორის, ამ “არტექსპოზე” თექის მხოლოდ ერთი სტენდი იყო და ისიც აშშ–ში მცხოვრებ ქართველ მხატვარს ლალი ხარებავას ეკუთვნოდა, რომელმაც თავისი ნამუშევრები ამ სახელოვნებო ფორუმზე პირველად გამოიტანა.

წმინდა სამხატვრო თემის გარდა, “არტექსპო” ასევე მოიზრებს ლექციებსა და ტრენინგებს არტ–მარკეტინგში, ლიცენზირებაში, კრეატიული სტრატეგიების დაგეგმვასა და მცირე ბიზნესის მართვაში, ასევე  პიარ ტექნოლოგიების სწავლებას, მათ შორის, სოცმედიაში. გარდა ამისა, აქ შესაძლებელია ავტორის პირადად გაცნობა, მისი პირადი ისტორიის მოსმენა, ნამუშევრის ყიდვა და შევაჭრებაც.

“არტექსპო” მნიშვნელოვანი საერთაშორისო დემოკრატიული ფორუმია, რომელიც ყოველწლიურად 30 000 –ზე მეტ მნახველს სტუმრობს. აქ ყველა ასაკისა და ჟანრის არტისტს შეხვდებით. წელს ოთხდღიანი “ტრეიდშოუს” განმავლობაში, მგონი, ყველაზე მეტი ნამუშევარი (38 ნახატი) ინდოეთიდან ჩამოსულმა ოთხი წლის მხატვარმა ედვაირ კოლარკარმა გაყიდა, რომელმაც ჯეროვნად არც კი იცის თუ რას ხატავს, მაგრამ იცის, რომ მისი ნახატები ფერადია.

ჩემთვის შთამბეჭდავი იყო ამერიკელი სტეფან ფარლანდის სკამებისგან, სავარძლებისგან “გამოძერწილი” სკულპტურები სახელწოდებებით: “მე ვარ გამარჯვება“, “მე ვარ ძმური სიყვარული“, “მე ვარ შემოქმედი“, “მე ვარ სულიერი კაცი“. ძველი და ახალი, უძრავი, მოსაწყენი სკამისგან შექმნილი კონსტრუქციები ფრაგმენტაციისა და ინტეგრაციის შეგრძნებას ბადებდა.

სტეფან ფარლანდის სკულპტურა

კანადელი ჯეიმს პატერსონის ფერადი მინებით მოვარაყებული სიფრიფანა, შავი ფერის სინის ფიგურები, ხაზებში მოთავსებული იმპულსებით, დახვეწილობისა და ამავე დროს მაცოცხლებელი ანცობის ნაზავია, შორეულ ბავშვობისდროინდელ  ანიმაციას რომ ჰგავს. მხატვარი მათ “ლოცვის მანქანებს” უწოდებს და ასეთ სახელებს არქმევს: “სად გაიარა ექსტრავაგანტულობამ?”, “იყო სიჩუმე, რომელიც მეხუტებოდა“, “არ გაუშვა შენი სასწაული“.

“არტექსპოზე  ამერიკელი ფოტოგრაფის დენი კ. ლოიდის ნიუ იორკის პეიზაჟური, “ასფალტის” ფოტოგრაფია ქალაქის ე.წ. “ამერიკანა” პოპკულტურით ამ მეგაშოუს ერთ–ერთი გამორჩეული მაჟორული აკორდი იყო. ჩვენთან, ასეთ ხელოვანს, ალბათ, “ქალაქის მგოსანს” შეარქმევდნენ.

ნათია მალაზონია

“არტექსპოზე” ჩემი ძველი ნაცნობებიც შემხვდნენ: მინანქარზე მომუშავე ნათია მალაზონია, რომელმაც ამჯერად ფერწერაც გამოფინა; მამა – შვილი მიხეილ და გიორგი მიქაბერიძეები, რომელთა ნახატები თავისი ვიტალური ფერებით, ხალისიანი სიუჟეტებითა და თბილისური ინტონაციებით ნიუ იორკის ამ არტშოუზე უკვე რამდენიმე წელია ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სტენდია და სამი ქართველი არტისტი, რომლებმაც “არტექსპოზე” თავიანთი ხელოვნება პირველად წარადგინეს.

მიხეილ და გიორგი მიქაბერიძეები

გიორგი მიქაბერიძის ნამუშევრებში მამის გავლენა იგრძნობა. არტისტი, რომელმაც სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურა – ინტერიერის დიზაინის კურსი გაიარა,  ბავშვობიდან ხატავდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ გიორგის გამოფენა ბერლინში ჰქონდა. იგი არაერთი არქიტექტურული პროექტების ავტორია და მონაწილეობას  სხვადასხვა სახელოვნებო კონკურსებში იღებს.

სამხატვარო აკადემიის  კურსდამთავრებულის, ლალი ხარებავას ნამუშევრების ექსპოზიციები თბილისში, ლიონსა და ნიუ იორკში გამოიფინა. იგი თექაზე სპეციალური ტექნიკით მუშაობს, რის შედეგადაც თექა რელიეფური და მოცულობითი ხდება. “არტექსპოზე” ლალის თექის ყვავილები ერთგვარი სამგანზომიელებიანი, თვალისმომჭრელი სხივები იყო, რომელიც არა მარტო ძველქართული ეთნოგრაფიული ნიმუშების გახსენებაა, არამედ ავტორის შრომატევადი ინდივიდუალური ხელწერაც. 

ლალი ხარებავა

ლალი მხოლოდ ბუნებრივ მასალას, ბუნებრივ საღებავებს იყენებს. მხატვარი ამბობს, რომ მისი ნამუშევრების შერჩევის პროცესში “არტექსპოს” ორგანიზატორები, როცა შესრულების ტექნოლოგიური თავისებურების დახასიათება მოითხოვეს, დაიბნენ. ერთი შეხედვით, ეს ბუნებრივიც იყო, რადგან 3D განზომილებიანი თექა, ჩარჩოში ჩასმული, ნახატის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. ლალის სწორედ ამ ახალი საინტერესო მიდგომისათვის ერთგვარი ,,შეზღუდვებიც” კი დაუწესეს.

“მიუხედავად იმისა, რომ  15-მდე ნამუშევარი მქონდა, მხოლოდ სამის გამოფენის უფლება დამრთეს. გარდა ამისა, რატომღაც ნამუშევრების წინ მაგიდისა და სკამის დადგმის საშუალება არ მომცეს” – ამბობს ხელოვანი.

“არტექსპო” ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ბაზრობას, იმ განსხვავებით, რომ აქ მხოლოდ მხატვრული ნამუშევრები იყიდება. მხატვრები დაკავებული კედლის ფართობში ფულს იხდიან და ცდილობენ ყოველი სანტიმეტრი მაქსიმალურად გამოიყენონ. ჩემი გამოცდილებით, ორგანიზატორები ნამუშევრების განლაგების სხვადასხვა წესებს მიმართავენ, ნამუშევრების ტიპის და იდეური დატვირთვის მიხედვით.

“არტექსპო” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მხატვართა ნამუშევრების კოლეიდოსკოპია. აქ არეულია მხატვრული მიმართულებები, ჟანრები, სხვადასხვა ქვეყნების კულტურები, ტრადიციები და ტექნოლოგიები.  მინდა ქართველ მხატვრებს ვაცნობო, რომ ამ გამოფენაზე მოხვედრა სავსებით შესაძლებელია და ამავდროულად – აუცილებელიც, რადგან “არტექსპო” არა მარტო ხელოვნების მოყვარულებს, არამედ კოლექციონერებსა და მსოფლიო საგამოფენო ბიზნესის ორგანიზატორებსაც იზიდავს. თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი ნამუშევრები ხალხის სამსჯავროზე გამოტანას საჭიროებს, მაშინ “არტექსპოზე” მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოთ. ეს გამოფენა თვითრეკლამის კარგი საშუალებაა, დანარჩენი კი დროისა და იღბლის  საქმეა” – ამბობს ლალი ხარებავა.

ნესტან ჯოლია

“– ძველი ხალხების ხელოვნება ძალიან მიყვარს,”– მიყვება ნესტანი, “-კერძოდ კი ძველი ეგვიპტის ფაიუმის პორტრეტები, ძველი რომის, პომპეის კედლის მხატვრობა, ბიზანტიური და, რა თქმა უნდა, ჩვენი, ქართული უნიკალური ფრესკული მხატვრობა. ტექნიკის თვალსაზრისით ვიყენებ ე. წ. ენკაუსტიკის ტექნიკას: გაცხელებული თაფლის სანთლის საღებავით, რომელშიც პიგმენტი და კანიფოლი ზავდება. ამ ტექნიკას იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები მუმიაზე მიმაგრებული პორტრეტებისთვის, ბერძნული ხატები კი ენკაუსტიკის ტექნიკით იწერებოდა. მიყვარს პორტრეტული ჟანრი, ძველი ბერძნული რელიეფები და მრგვალი ქანდაკებაც. 2018 წლის “არტექსპოზე” ჩემი ხუთი ნამუშევარი წარვადგინე, თემატურად  –  ფრესკული ჟანრის  მეომრები და პორტრეტები. მომწონს დაძველების ეფექტის გამოყენება და ფრაგმენტულად ადგილების აქცენტირება, რათა მნახველს იდეის შესაბამისად ნახატის კონკრეტულ ადგილი მივუთითო“.

ნატო სალარიძე განათლებით იურისტი, დაზღვევისა და რისკების მართვის მაგისტრია და მისი ძირითადი საქმიანობა სადაზღვევო კომპანიას უკავშირდება. იგი მიყვება, რომ მხატვრობა ბავშვობიდან იტაცებდა, მაგრამ იმ პერიოდში ხელოვნებისადმი სერიოზული დამოკიდებულება არ ჩამოუყალიბდა, სამი წლის წინათ კი  სამოყვარულო დონეზე დაწყებულმა გატაცებამ იგი წელს ნიუ იორკის “არტექსპოზე” ჩამოიყვანა. ამბობს, რომ  ერთი გამოკვეთილი სტილი არა აქვს, თუმცა უპირატესობას  ექსპრესიონიზმს ანიჭებს. ამ ეტაპზე აკრილში მუშაობს.

ნატო სალარიძე

” – ჩემი არც ერთი ნამუშევარი არ მეორდება”, – მიყვება ნატა, “– რადგან ყველას შექმნა კონკრეტულ მოვლენას, შთაბეჭდილებას უკავშირდება. ყველა მხატვარს მისთვის განსაკუთრებით საყვარელი ნამუშევრები აქვს, ისეთები, რომელთა შექმნისას სრულყოფილების გრძნობა ეუფლება და აღარაფრის შესწორება ან დამატება უნდა. “არტექსპოსთვის” სწორედ ასეთები შევარჩიე, რომელიც ჩემს გრძნობებსა და მოგონებებს უკავშირდება.”