ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ქართული გემოები Summer Fancy Food Show-ზე ნიუ იორკში

13.07.2026
ქართული გემოები Summer Fancy Food Show-ზე ნიუ იორკში

2026 წლის ივნისის ბოლოს ნიუ იორკი კვლავ იქცა მსოფლიო გურმანული ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარი შეხვედრის ადგილად. Summer Fancy Food Show-ზე (დელიკატესური საკვების საზაფხულო გამოფენა/ საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა. SFFS) ათასობით კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან ძველ და ახალ პროდუქტებსა და საკვების თანამედროვე ტენდენციებს წარადგენს.

იტალიაში დაბადებული იმპორტიორის, მარიო ფოას მიერ 1952-ში, ამერიკაში დაფუძნებულმა „სპეციალიზებული საკვების ასოციაციამ” ამავე წელს მანჰეტენის რამდენიმე მაღაზიაში მომხმარებელს კლასიკური იტალიური პროდუქტი გააცნო და გურმანული ინდუსტრიის ამ გრანდიოზულ შოუს სწორედ ამ კერძო ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი. მრავალი კომპანია თავის ახალ პროდუქტს პირველად სწორედ აქ წარადგენს და ხშირად ის ნაწარმი, რომელიც დღეს პავილიონის საგამოფენო დახლებზე დევს, რამდენიმე თვეში უკვე ამერიკული სუპერმარკეტების თაროებზე ჩნდება.

გამოფენის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს “სოფი ჯილდო /SOFI Awards”-ის (“სპეციალური საკვების განსაკუთრებული ინოვაციის ჯილდო”) გადაცემის ღონისძიება.

“სოფი” პრესტიჟული პრიზია, რომელსაც „სპეციალიზებული საკვების ასოციაცია” უმაღლესი კატეგორიის საკვებ პროდუქტებს/ბრენდს ანიჭებს. ეს ჯილდო ხშირად მოიხსენიება როგორც „სურსათის ინდუსტრიის ოსკარი“, რადგან სწორედ აქ ხდება იმ პროდუქტების გამოვლენა, რომელიც ინოვაციით, ხარისხითა და ბაზრის ტრენდების წინასწარი განსაზღვრით გამოირჩევა.

წლევანდელ გამოფენაზე (რომელიც 1997 წლიდან “ჯევიტს ცენტრში” ტარდება) განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საერთაშორისო მონაწილეობის მასშტაბი – 55 ქვეყანა.

ია მერკვილაძის ფოტო

32 000 კვადრატულ მეტრზე, სამ სართულზე განლაგებულ საგამოფენო სივრცეში ეროვნული პავილიონი სახელად – “საქართველო. ჩვენ ვქმნით. თქვენ გრძნობთ” – ქართულ პროდუქციას საერთაშორისო აუდიტორიას აცნობდა. 2023 წლიდან Summer Fancy Food Show-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მონაწილეობს.

ნიუ იორკის ამ გლობალურ ფორუმზე მსოფლიოს მსხვილმა, საშუალო და მცირე მწარმოებლებმა და ბრენდებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს, ხოლო სუპერმარკეტების, ონლაინმაღაზიების, დისტრიბუტორების, იმპორტიორებისა და რესტორნების წარმომადგენლები ახალი პარტნიორებისა და პროდუქციის მოსაძიებლად შეიკრიბნენ.

გამოფენა, რომელიც თითქმის სამოცდაათი წელია სპეციალიზებული საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმად ითვლება, იმპორტიორ-ექსპორტიორების გარდა შეფ-მზარეულებს, კერძების ფოტოგრაფებს, ბლოგერებს, ჟურნალისტებსაც აერთიანებს. აქ ყალიბდება ის გლობალური Food Trend-ები, რომლებიც მომდევნო წლებში მსოფლიო ბაზარს განსაზღვრავს.

კოვიდამდე ეს იყო ე.წ. სუპერსაკვები (მაგალითად: კენკროვანი, პარკოსანი, ქინოა, ისპანახი, ავოკადო, მწვანე ჩაი, სელისა და ჩიას თესლი) ეტიკეტზე დატანილი, მარტივად წასაკითხი/გასაგები ინგრედიენტების სიით. ეს მიდგომა “სუფთა ეტიკეტის” (Clean Lebel) კონცეფციაა, როცა ეტიკეტზე დატანილი ინგრედიენტები მარტივად გასაგებია/წასაკითხია, ხოლო საკვები ხელოვნური დანამატებს არ შეიცავს.

ორი-სამი წლის წინათ ეს იყო ფუნქციონალური საკვები (ცილა, პრობიოტიკი, უშაქრო, ხელოვნური დანამატების გარეშე, იმუნიტეტის მხარდამჭერი), წელს კი: ინსტაგრამ – მეგობრული, ორგანული და ჰიბრიდული საკვები, რომელიც აერთიანებს აზიურ, ლათინურ, ახლოაღმოსავლურ, ამერიკულ გემოებს და, რაც მთავარია, ფუნქციურია. მაგალითად, ხილის წვენი არაა მხოლოდ წყურვილის დამაკმაყოფილებელი, არამედ – მომხმარებლის კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობაზე მზრუნველი და სტრესის დამრეგულირებელიც. მუდმივ ტრენდად რჩება “ცილა ყველაფერში”, რადგან პროტეინი წონის კონტროლთან, დანაყრების შეგრძნებასთან და ენერგიასთან ასოცირდება.

ყველაფერი კი დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში დაბრუნებული ამერიკელი ჯარისკაცების ინტერესით, რომლებმაც იტალიელების, ფრანგების, აღმოსავლეთ ევროპელებისა და იაპონელების “პირის გემოები” ჩამოიტანეს.

მსოფლიო კრიზისის შემდეგ ამერიკის ეკონომიკურმა ზრდამ, ურბანიზაცია/ჯენტრიფიკაციამ, ძლიერი საშუალო კლასის გაჩენამ ხელი შეუწყო იმას, რომ ამერიკელებს აღარ აკმაყოფილებდათ მხოლოდ ნარინჯისფერი “ამერიკული ყველი” და ჰოთდოგი. გაჩნდა ინტერესი არა მარტო განსხვავებული, ეგზოტიკური, ეთნიკური გემოებისადმი, არამედ – უფრო ორგანიზებული, ქსელური საკვების ბიზნესის არსებობისადმი.

ათასობით პროდუქტის ერთი სავაჭრო წერტილის სახურავქვეშ გაყიდვის ანუ სუპერმარკეტის მოდელი მალევე დაინერგა და ამოქმედდა. შეძლებულმა და არა მარტო შეძლებულმა ამერიკელებმა არაამერიკული საკვების ყოველდღიური მოხმარება დაიწყეს და ამის კარგი მაგალითია იტალიელი ემიგრანტების მიერ ამერიკული კვების კულტურის შეცვლა და მისი “გამეინსტრიმება”.

იტალიელებმა XX საუკუნის მეორე ნახევრიდან აშშ-ის ბაზარზე მასობრივად შემოიტანეს ზეითუნის ზეთი (Extra Virgin -ის ტიპის), ბალზამიკო, მრავალნაირი პასტა (საბჭოურად – “მაკარონი”), ბრინჯი (“კარნოლი, “არბორიო”), ყველი, ღვინო; ტომატზე დაფუძნებული საკვები კი, ფაქტობრივად, ამერიკელების საბაზისო პროდუქტი გახდა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი მომზადებულ ნიადაგზე აშენდა – იტალიურ ბრენდინგს დახვდა ნეაპოლიტანური/სამხრეთ იტალიური პიცა, რომელიც აშშ-ში წინა საუკუნის დასაწყისში ღარიბი ემიგრანტების ძირითადი საკვები იყო, თუმცა მალევე იგი იტალიური უბნებიდან და ქუჩის “ფასტ ფუდიდან” ქალაქებსა და შტატებს მოედო, წვეულებებზე და კამპუსებში პროფესორებისა და სტუდენტების კომფორტულ საკვებად (თუ “ცუდ ქოლესტერინს” არ ჩავთვლით) გადაიქცა და ახლა პიცის მრავალნაირი სახეობა ამერიკული კვების ინდუსტრიის მასობრივი მოხმარების პროდუქტია. აშშ-ში პიცის ორი პარალელური სამყაროა: სწრაფი, ინდუსტრიული (მათ შორის, გაყინული) პიცა და მაღალი ხარისხის, ასე ვთქვათ, ხელნაკეთი პიცა.

ჩემი შეფასებით, 2026 წლის ნიუ იორკის ამ “დელიკატესების ბაზრობაზე” იტალიის პავილიონებს მთელი საგამოფენო სივრცის ლამის 40 პროცენტი ეკავა. ყოველწლიურად აპენინის ქვეყანა ამ გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონაწილეა არა მხოლოდ რაოდენობა-მრავალფეროვნებით, არამედ თავისი კულინარიული გავლენითაც.

იტალია ამ შოუს ერთგვარი „გემოს ცენტრია“, სადაც ზეითუნის ზეთი, ხელნაკეთი პასტა, ყველის ტრადიციები და რეგიონული დელიკატესები მაღალი სტანდარტის ვიზუალურ და სენსორულ გამოცდილებას ქმნის. სწორედ ამიტომაც პიცის სამშობლო ამ სივრცეში მხოლოდ მონაწილე არ არის — ის ხშირად ტრენდების დამნერგავი და გურმანული ინდუსტრიის სტანდარტის ლამის უმთავრესი დამწესებელია.

ნიუ იორკის Eataly არის უმაღლესი დონის “ფუდ-ჰოლი”, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია ბაზარი, რესტორნები, კულინარიული სკოლა და იტალიური პროდუქტის კულტურა. ვიზიტორი აქ იღებს გამოცდილების სრულ პაკეტს — საკვებს, ცოდნასა და გასტრონომიულ ატმოსფეროს.

ია მერიკვილაძის ფოტო

ია მერიკვილაძის ფოტო

Eataly-ს, რომელიც ნიუ იორკში იტალიური ავთენტურობის ყველაზე ცოცხალი, ხმაურიანი გამოხატულებაა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დაახლოებით ორმოცი (საფრანგეთი, იაპონია, კატარი, საუდის არაბეთი, ბრაზილია და ა.შ.) ფილიალი აქვს და ის თანამედროვე საკვები კულტურის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება. ეს კონცეფცია საინტერესო მაგალითია ქართული კულინარიული ტრადიციის საერთაშორისო წარმოჩენისთვისაც, ისევე როგორც, მაგალითად, ნიუ იორკში მდებარე “სკანდინავიური სახლი” – ხმაურიანი ქალაქის მშვიდი ალტერნატივა ნორდიკული კულტურისა და კულინარიის სივრცე, რომელსაც ხშირად ვსტუმრობ, მათ შორის, ბალტიისპირეთის ფილმების ფესტივალისას.

თუ აშშ-ში იტალიური კულინარიის პოპულარიზაციის ყინულმჭრელი საკვები (პიცა, პასტა) იყო და მხოლოდ ამის მერე – იტალიური ღვინო; საქართველოს შემთხვევაში ქართული ღვინო აღმოჩნდა ჩვენი “სრულუფლებიანი ელჩი”, რომელიც 1990 – იანები წლების ბოლოდან აშშ-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა და ცდილობს.

ცხადია, 8 000 წლოვანი მეღვინეობის ისტორიის მიუხედავად, აშშ -ის ბაზარზე მარტივი არაა გახდე მეწინავე, რადგან ამერიკული ბაზარი ფრანგულ, იტალიურ, ჩილეურ და კალიფორნიულ ღვინოებზეა ორიენტირებული. ამას ემატება ისიც, რომ ქართული ღვინო არაა შეტანილი სომელიეების საერთაშორისო სასწავლო პროგრამებსა და ღვინის განათლების სისტემაში და მასზე სისტემატურად არ იბეჭდება სპეციალიზებულ მედიაში (ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა), აღარაფერს ვამბობ მსოფლიო დედაქალაქის ავტორიტეტულ თუ სხვა ადგილობრივ მასმედიის საშუალებებზე. არადა 2013 წლიდან ქვევრის ღვინის დაყენების წესი UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია; ქართული ღვინის ამერიკელი დისტრიბუტორები ღვინის ტესტირებებსაც აწყობენ, ამავე “ჯევიტს ცენტრში” ღვინის ექსპოებზეც საქართველო მუდმივი წარმომადგენელია და პირველად ნიუ იორკში ქართული ღვინის ფესტივალი Amber – Georgia – ც ჩატარდა.

ნიუ იორკში, ბრუკლინში, ქართველი ემიგრანტების რაოდენობის პროპორციულად ქართული რესტორნებისა და საცხობების რაოდენობა იმატებს, თუმცა გაკოტრების შემთხვევებიც არსებობს.

კანტი-კუნტად კერძებზე მწერალი ამერიკელი ავტორების ძალიან იშვიათ სტატიებს თუ არ ჩავთვლით, პირობითად, ქართული ღვინისა და ხაჭაპურ/ხინკლის პოპულარიზაცია კერძო ინიციატივების დონეზე რჩება და იგი, ძირითადად ყოფილი სსრკ – ის რესპუბლიკების წარმომადგენლების მეხსიერებას უფრო შემორჩა, ვიდრე მასობრივად ახალი გულშემატკივარი შეიძინა.

ნიუ იორკში ქართული მინერალური წყლები, წვენები, მწნილები, საწებლები გაბნეულია მცირე, საშუალო სავაჭრო ცენტრებში და ისეთ დიდ სუპერმარკეტებში, როგორიცაა NetCost Market, Cherry Hills; ღვინო კი მანჰეტენზე ალკოჰოლის მაღაზიებში, ცხადია, გხვდება, მაგრამ მისი სავაჭრო ბრუნვის 90 პროცენტი ბრუკლინზე მოდის.

ძირითადად, ქართული კულინარია ბრუკლინის ლოკაციის “ერთგულია”, რადგან აქ მანჰეტენთან შედარებით დაბალი ფასებია, დიასპორა კი თავისთავად სტაბილურ ბაზარს ქმნის.

ხშირად ქართული პროდუქტი ქართული მაღაზიების (რომელსაც შესასვლელთან აფრიალებული ქართული დროშით შორიდანვე აუცილებლად იცნობთ) გარდა, რუსულ და უკრაინულ მაღაზიებში იყიდება. ბრუკლინი ნიუ იორკში ქართული კულინარიის მთავარი სივრცეა, სადაც დიასპორული ცხოვრება და აღმოსავლეთ ევროპული კვების ტრადიციები ბუნებრივად გადაიკვეთა. ამ პირობებში მომხმარებელთა არჩევანზე მოქმედებს ბოლო ათწლეულების გეოპოლიტიკური ფონიც — ქართველები, უკრაინელები, პოლონელები რუსული პროდუქციის მაღაზიებს თავს არიდებენ და უფრო ხშირად ირჩევენ ქართულ, სხვა ეთნიკურ და საერთაშორისო კვების ობიექტებს. ასეთ რეალობაში ქართულმა სამზარეულომ კიდევ უფრო მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი, რის გამოც ბრუკლინი მისთვის მხოლოდ ლოკაცია კი არა, არამედ – სახლად ქცეული გარემო.

2026-ის “დელიკატესების გამოფენაზე”, სადაც მსოფლიოს 3 000 – მდე საკვების ბრენდია წარმოდგენილი (საქართველოს პავილიონს 16 კომპანია წარადგენდა), ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ პროდუქტებს ასევე ახლდეს Storytelling -ის ეფექტი, იქნება ეს ღვინის, ჩურჩხელა/ფელამუშის თუ აჭარული ხაჭაპურის პრეზენტაცია, რადგანაც ამ შოუზე პროდუქტი მხოლოდ გემოთი ან სერტიფიკატებით არ იყიდება, არამედ – საინტერესო ისტორიით. თუნდაც ადვილად დასამახსოვრებელი სლოგანებით, მაგალითად, “საქართველო – ღვინის უძველესი სამშობლო”. ხაჭაპური კი დიდი ხანია უბრალოდ “ყველიანი პური” კი არა, არამედ ქართული ბრენდია, რომელიც იმერეთის, აჭარის, სვანეთის თუ სამეგრელოს სოფლების ღუმელებიდან თუ ქალაქის მრავალსართულიანების სამზარეულოს გაზქურებიდან ნიუ იორკის საუკეთესო რესტორნებსა და საერთაშორისო კულინარიულ გამოფენებზე თავის გემრიელ ნიშას იკავებს.

დალილა ხორავა, კომპანიის “ჩიზზზი – არაჩვეულებრივი აჭარული/Chizzzy – Unbelievable Acharuli” წარმომადგენელი:

„კომპანია “ჩიზზზი” 2021 წლიდან გაყინულ აჭარულ ხაჭაპურს აწარმოებს. ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში იმაზე ვმუშაობდით, რომ აჭარული ხაჭაპური მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გამხდარიყო – სახლში, ოფისში ან “ფუდსერვისში”. მისი გამოცხობა ათ წუთშია შესაძლებელი.

პროდუქტი მზადდება საფირმო ცომითა და ნამდვილი ყველით. ტრადიციული გემოსთვის რეკომენდებულია კვერცხის გულისა და კარაქის დამატებაც. ბრენდი ყურადღებას აქცევს ხარისხს, “სუფთა ეტიკეტს”, ცილის მაღალ შემცველობას და პრემიუმ გემოს. “ჩიზზზი” არ იყენებს ხელოვნურ დანამატებს და რაფინირებულ შაქარს, რომელიც თაფლითაა ჩანაცვლებული. ეს არ არის უბრალოდ გაყინული კერძი. ეს არის ქართული კულინარიული გამოცდილება, რომელიც სწრაფად და მარტივად ცხვება.

კომპანია “ჩიზზზი – არაჩვეულებრივი აჭარული/Chizzzy – Unbelievable Acharuli” SFFS – ზე. ია მერკვილაძის ფოტო

საერთაშორისო ბაზრებისთვის “ჩიზზზი” – მა შექმნა აჭარული ხაჭაპურის საექსპორტო ვერსია, რომელიც მზადდება მაღალი დონის სერტიფიცირების მქონე პარტნიორ საწარმოში. კომპანიის მიზანია ქართული ხაჭაპური უფრო ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს. ხაჭაპური უკვე პოპულარულია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის კაფეებში, საცხობებსა და რესტორნებში, თუმცა მაღაზიებსა და სურსათის სავაჭრო ქსელებში ის ჯერ კიდევ ნაკლებად არის წარმოდგენილი.

ჩვენი მიზანია ხაჭაპურისთვის ახალი კატეგორიის ნიშის შექმნა.

ნიუ იორკამდე წელს “ჩიზზზი” წარმოდგენილი იყო Gulfood-ზე, დუბაიში. ორივეგან აჭარული ხაჭაპურის დეგუსტაციამ დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს აჩვენებს, რომ ქართული ხაჭაპური უცხოელი მომხმარებლისთვის ახალი, საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოცდილებაა“.

ხოსე ლუის როდრიგესი, აშშ-ში ქართული ღვინის კომპანიის “კაპისტონი” წარმომადგენელი:

„საგურამოში განლაგებული მარანი “კაპისტონი” საქართველოს ოთხმოცსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციის ოჯახური ინტერპრეტაციაა. ღვინო მზადდება ქართული ტრადიციული მეთოდებით, ხშირად ქვევრშიც, პარალელურად ხარისხის კონტროლისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება; აქცენტი კეთდება ექსპორტზე, განსაკუთრებით აშშ-ისა და ევროპული ბაზრებისთვის. ბრენდი ცდილობს ქართული ღვინის ისტორიისა და თანამედროვე იმიჯის შერწყმას: საფერავი, რქაწითელი, შავკაპიტო, გორული მწვანე, ქარვისფერი ღვინოები “კაპისტონის” წარმოებისაა.

კომპანია “კაპისტონი” SFFS- ზე. ია მერკვილაძის ფოტო

აშშ – ში ბევრმა არ იცის თუ სადაა საქართველო, მაგრამ ქართულმა ღვინომ და კულინარიულმა ბუმმა თავისი საქმე მაინც გააკეთა. არაფერი ხდება უეცრად, იზოლირებულად… ადამიანი, რომელიც ჰყიდის ხაჭაპურს და მას საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული, ყურადღებას იპყრობს. ქართული ღვინო, რესტორნები და საცხობები საქართველოს არაფორმალური ელჩებია. მე ძალიან მიყვარს შქმერული, ჩაშუშული, კარგია მწვადიცა და ხინკალიც; აი, ხაჭაპური ვინ არ იცის და ვის არ უყვარს…“

ბექა გოგინაშვილი, აშშ-ში კომპანიის – “ტკბილი კახეთის/Sweet Kakheti” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი:

„ჩვენი კომპანია უკვე სამი წელია ერთგულად ემსახურება ქართული ტრადიციული ნატურალური ტკბილეულის წარმოება-პოპულარიზაციას და სამი წელია აშშ-ის ბაზარზეა წარმოდგენილი.

ჩვენი საწარმო მდებარეობს კახეთის გულში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, სადაც ქართული კულინარიული ტრადიციები თანამედროვე სტანდარტებთანაა შერწყმული. სწორედ აქ იქმნება პროდუქცია, რომელიც ინარჩუნებს საუკუნოვან რეცეპტებს, ამავე დროს სრულად პასუხობს საერთაშორისო ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. პირადად ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ ამერიკელ მომხმარებელმა ქართული ტკბილეული მხოლოდ დესერტად კი არ აღიქვან, არამედ საქართველოს ისტორიის, ბუნების, კულტურის ნაწილად და ქართულ ავთენტურ გემოდ.

კომპანია “ტკბილი კახეთი” SFFS -ზე. ია მერკვილაძის ფოტო

„ტკბილი კახეთის“ ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა პრემიუმ კლასის ხელნაკეთი შოკოლადის წარმოება, რომელიც ხათუნა მაზანიშვილის ექსკლუზიური რეცეპტებით მზადდება. თითოეული შოკოლადი მაღალი ხარისხის ბელგიური შოკოლადის გამოყენებით იქმნება, განსაკუთრებული ყურადღებით შერჩეული ინგრედიენტებითა და ხელით შესრულებული დიზაინით, რაც მას უნიკალურ ვიზუალსა და დახვეწილ გემოს ანიჭებს.

ჩვენი ჩურჩხელა, ჩირი, თხილეული და სხვა ტრადიციული ტკბილეული კი კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის თამარ ჩიბარაშვილი უშუალო მონაწილებითა და კონტრილით მზადდება. წარმოების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბუნებრივ ინგრედიენტებს, პროდუქტის უსაფრთხოებასა და გემოვნურ თვისებებს.

ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია როგორც კლასიკური ქართული ჩურჩხელა, ასევე სხვადასხვა ხილის ბუნებრივი წვენით დამზადებული ახალი სახეობები, რაც მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

გარდა ამისა, ვაწარმოებთ ენერგეტიკულ ტკბილეულს, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტების წყალობით ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის საინტერესო ალტერნატივას წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის ნატურალური ხაზი, უშაქრო. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ასევე ვამზადებთ კოშერისა და ჰალალის სტანდარტების შესაბამის პროდუქტებს, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა რელიგიური და კულტურული ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

საშემოდგომო სეზონისთვის „ტკბილი კახეთი“ მომხმარებლებს განსაკუთრებულ სიახლესაც შესთავაზებს — სასაჩუქრე კალათებს, რომლებშიც კომპანიის მიერ წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქცია იქნება თავმოყრილი. ეს იქნება ქართული გემოს, ტრადიციისა და ესთეტიკის ერთიანობა, რომელიც იდეალური საჩუქარი იქნება როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორებისა და უცხოელი მომხმარებლებისთვის.

ბექა მიქაძე, კომპანიის – “გიორგიწმინდას მარანი” წარმომადგენელი:

„კომპანია 2018 წელს საგარეჯოში დაარსდა და იგი საოჯახო ტიპის მეღვინეობაა. ღვინის წარმოება ტრადიციული (ქვევრის) და თანამედროვე მეთოდებით ხდება. მარანი იდელაურია კულინარიული ტურიზმისთვის: ღვინის დეგუსტაციები, ღვინის წარმოების პროცესზე დასწრება, ღონისძიებები ვენახებში.

კომპანიას მზარდი კავშირები აქვს საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის, ჩინეთში და ახლა, იმედია, ამერიკაშიც. ნიუ იორკის ამ საერთაშორისო ბაზრობაზე “გიორგიწმინდას მარნის” დებიუტია, რომელიც წარმოდგენილია კომპანიის შვიდი პროდუქტით: ქისი, ქვევრის ქისი, რქაწითელი, საფერავი, მანავი და როზე“.

კომპანია “გიორგიწმინდას მარანი” SFFS-ზე. ია მერკვილაძის ფოტო

სანდრო ბუაძე, კომპანია “კამპას” ხელმძღვანელი:

„ჩვენი კომპანია 2008 წლიდან წვენებსა და სასმელებს აწაროებს. პროდუქცია არის როგორც როგორც მინის, ასევე ქაღალდის შეფუთვაში, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს არჩევანი საკუთარი საჭიროებისა და უპირატესობის მიხედვით გააკეთოს. ამჟამად “კამპას” პროდუქცია 15 ქვეყნაში გაგვაქვს. აშშ -ის ბაზარზე ახლები ვართ, გვყავს სტაბილური ექპორტიორები და ეს სეგმენტი ჯერ დიდი არაა, მაგრამ, მზარდია“.

თეონა მჭედლიძე, კომპანია “იმედას მეღვინეობის” წარმომადგენელი:

„ჩვენს სავიზიტო ბარათს ასე აწერია – “სიყვარული ღვინოში – ჩვენი ოჯახიდან თქვენს ოჯახამდე”. ესაა ლონდარიძეების გვარის საოჯახო ბიოღვინო – აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სერთიფიცირებული.

ჩვენი ვენახები გაშენებულია სიღნაღში, ტიბაანის მიკროზონაში, ფილოსოფია კი მარტივი გვაქვს: მიწის პატივისცემა, პროცესისადმი მოთმინება და ხარისხისადმი ურყევი ერთგულება. 5-6 წელი მოვანდომეთ ვენახების გაშენებას, წელს უკვე ჩვენი ღვინო ბოთლში ჩამოვასხით და ნიუ იორკშიც ჩამოვიტანეთ.

ამერიკა ჩვენთვის მეორე საგამოფენო ქვეყანაა. მანამდე ვიყავით ნარინჯისფერი/ქარვისფერი ღვინის ფესტივალზე სლოვენიაში, ქალაქ იზოლაში.

ამჟამად გვაქვს სამი სახის ღვინო: ქისი, რქაწითელი და წითელი საფერავი. ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი ღვინო არ კეთდება, არამედ ყალიბდება – თითოეული ვაზის ზრუნვიდან დაწყებილი ვიდრე ტრადიციულ ქართულ ქვევრებში ფერმენტაციამდე. ჩვენი მინიმალური ჩარევის მიდგომა საშუალებას აძლევს ჩვენი ვენახების უნიკალური ტეროარი ყოველ ბოთლში სრულად გამოიხატოს“.

კომპანია “იმედას მეღვინეობა” SFFS -ზე. ია მერკვილაძის ფოტო

მიხეილ კაბილნიცკი, კომპანია “კორუს იმპორტსის“ [Corus Imports] წარმომადგენელი:

„წელს ამ გამოფენაზე “თელავის ღვინის მარანს” წარმოვადგენ რვა ღვინით, რომელსაც განსახვავებული ღირებილებითი კატეგორია აქვთ: თეთრი, ქარვისებრი და წითელი ღვინოები. ჩვენ ქართულ ღვინოებს ძირითადად “ვაინექსპოზე” წარმოვადგენთ ხოლმე, დელიკატესების ამ გამოფენაზე კი პირველად ვართ.

აქ უფრო მეტი ხალხია, მეტი რესტორნული ინდუსტრია მონაწილეობს და, მართალი გითხრათ, საკვების, კერძებისა და ღვინის შეხამება უფრო მომწონს — რადგან აქ უკეთ ჩანს გემოების მრავალფეროვნება, შეფების შემოქმედება და ის, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს კერძები და ღვინო“.

გურამ გელაძე, კომპანიის “ახმეტის ღვინის სახლი” წარმომადგენელი:

„ახმეტაში, შესანიშნავი მიკროკლიმატით გამორჩეულ კახეთის ამ ისტორიულ რეგიონში მდებარე ეს მცირე, მაგრამ ამბიციური მარნები ეფუძნება ძველ ქართულ მეთოდს — ქვევრში ღვინის დაყენებას, სადაც ღვინო ბუნებრივად, მინიმალური ჩარევით, დროში გამჯდარი ტექნოლოგიით მწიფდება. აქ ღვინო მხოლოდ პროდუქტი არ არის — ეს არის ოჯახის, მიწის და ტრადიციის გაგრძელება.

კომპანია “ახმეტის ღვინის სახლი” SFFS -ზე. ია მერკვილაძის ფოტო

ჩვენი მეღვინეობა, რომელიც 2014 წელს დაარსდა, წარმოადგენს კახეთის მეღვინეობის იმ ხაზს, სადაც ტრადიცია არ არის მხოლოდ მემკვიდრეობა, არამედ – ყოველდღიური პრაქტიკა. აქ ღვინო ქვევრში მზადდება, მინიმალური ჩარევით, ბუნებრივი ფერმენტაციის გზით, იმ სტილით, რომელიც საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე ავთენტურ ფორმად ითვლება.

ნიუ იორკში “ახმეტის ღვინის სახლმა” წარადგინა ქისი ქვევრი, საფერავი ქვევრი, საფერავი, ქინძმარაული, რქაწითელი და როზე — ჩვენი გამორჩეული ქართული ღვინოები, სადაც ტრადიცია და თანამედროვე გემო ერთიანდება. ეს ღვინოები პოპულარულია იმ საერთაშორისო აუდიტორიაში, რომელიც ახალ და ავთენტურ გამოცდილებას ეძებს“.