აივ დადებითი, 25 წლის

3 წელი აივ დადებითის დიაგნოზიდან და პრობლემები შიდსის ცენტრში

18.10.2017 | 5345 |
3 წელი აივ დადებითის დიაგნოზიდან და პრობლემები შიდსის ცენტრში

სამი წელიწადზე მეტი გავიდა, რაც გავიგე, რომ აივ დადებითი ვარ (სულ რვა წელია, რაც ვირუსი ჩემს ორგანიზმშია). სწორედ სამი წლის წინ დავიწყე ნეტგაზეთზე ანონიმურად წერა ჩემს განცდებზე, მკურნალობის პროცესზე და ა.შ. ნეტგაზეთის რედაქტორმა ცოტა ხნის წინ მომწერა, ხომ არ მსურდა დამეწერა ახალი სტატია ჩემ შესახებ. ბევრმა მოგვწერაო, აინტერესებთ, როგორ ხარ და საერთოდაც, ცოცხალი ხომ ხარო.

კი, ცოცხალი ვარ, ჯანმრთელი, ბედნიერი და ყველაფრით კმაყოფილი, რაც ჩემს გარშემო ხდება. არ მაწუხებს აბსოლუტურად არაფერი, არც ის საშიში გრიპი და გაციება, რომელიც მეგონა, რომ ბოლოს მომიღებდა. ორი წელია არც კი გავცივებულვარ, რადგან თავს ვუვლი, დროულად, ექვს თვეში ერთხელ ვიტარებ გამოკვლევებს, რეგულარულად ვიღებ წამლებს და ვიცავ ექიმის რეკომენდაციებს.

ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა – ყველაფერი უკეთესობისკენ და ისევ ისეთი უზომო ოპტიმიზმით ვარ სავსე, სანამ გავიგებდი, რომ ჩემს ორგანიზმში აივ/შიდსი ბუდობდა. მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზის გაგების პირველივე წუთიდან ვცდილობდი, არ დავეთრგუნე ცუდ ფიქრებს, მისგან ბოლომდე გასათავისუფლებლად დრო მაინც დამჭირდა. რაღაც ემოციები და ფატალისტური შეგრძნებები საერთოდ დამავიწყდა, დამავიწყდა, როგორ მიჭირდა წონასწორობის შენარჩუნება. ვკითხულობ ჩემს სამი წლის წინანდელ სტატიებს და თან მეცინება. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი, არ ვყოფილიყავი ცუდ განწყობაზე, ისეთი სიტყვები მაქვს გამოყენებული, ახლა ვხვდები, თუ როგორ ცუდად ვყოფილვარ. მაგალითად, ხშირად ვიყენებდი სიტყვებს “საბედისწერო”, “შოკი”, “სიკვდილი”,  “დეპრესია” და ა.შ. ახლა რომ ვფიქრობ, მეცინება, მაგრამ რეალურად ეს დამეხმარა ამ უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში, საკუთარი თავის დაბრუნებაში.

[blue_box]მკურნალობის პროცესი[/blue_box]

მკურნალობა ჩვეულებრივ მიდის. დღეში მხოლოდ ორ აბს ვსვამ და მორჩა, სულ ესაა. ექვს თვეში ერთხელ მივდივარ შიდსის ცენტრში და ჯანმრთელობის მდგომარეობას ვიმოწმებ. ყველაფერი ნორმაშია, საწუწუნო არაფერი მაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შიდსის ცენტრში დამხვდნენ ექიმები, რომლებიც პირველივე დღიდან აძლიერებდნენ ჩემში საკუთარი თავის რწმენასა და ბრძოლის უნარს. თუმცა, კარგი ექიმების გარდა, სერვისში, რომელსაც აივ/შიდსით ინფიცირებულებს გვთავაზობენ, გარკვეული ხარვეზებიც არსებობს, რომელზეც, ვფიქრობ, რომ დისკუსია აუცილებელია. ეს არის ის დეტალები, რომელიც ექვს თვეში ერთხელ მახსენებს იმ უსიამოვნო პროცესს, რომელიც გულისხმობს შიდსის ცენტრში ვიზიტს, წამლის წამოსაღებად მისვლასა და სისხლის ანალიზის ჩაბარებას ლაბორატორიაში.

პირველი და უმთავრესი დისკომფორტი ეხება თავად შენობას, სადაც ექიმები აივ დადებით პაციენტს კონსულტაციას გვიწევენ. შენობა მოძველებულია, ერთ ოთახში კი ორი ექიმი ზის, რომლებიც იძულებულნი არიან, პაციენტებს ერთდროულად მოემსახურონ. მაგალითად, როდესაც შევდივარ ჩემს ექიმთან და განვიხილავ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმავე ოთახში მყოფ ექიმსაც თავისი პაციენტი სტუმრობს და არ არსებობს პრივატულობის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ცდილობს მეჩურჩულოს, რათა ჩემი ჯანმრთელობის დეტალები სხვა პაციენტისთვის არ გახდეს ცნობილი, ეს მცდელობა, ძირითადად ამაოა. მაქსიმუმ 10-15 კვადრატულ ოთახში, რომლის კედლებზეც მუდმივად ჩანს წვიმის ნიაღვარის კვალი, წარმოუდგენელია, ორმა ექიმმა, ორ პაციენტს ერთდროულად შეუქმნას პრივატული სივრცე. ექიმისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, ეს ჩემზე უკეთ იციან, მაგრამ ამ ეტაპზე გამოსავალი არ ჩანს. არ ვიცი, ალბათ უფრო მეტი ხმაურია საჭირო, რომ ვინმემ ზემოთ ამის გამოსწორებაზე იზრუნოს. საზოგადოებაში ასეთი მძიმე სტიგმის არსებობის პირობებში, აივ დადებითებს გვაქვს უფლება, ინფორმაცია ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, იყოს სრულიად კონფიდენციალური და პრივატული. მე ამას ვერ ვგრძნობ. ისევ და ისევ ექიმის მიერ ჩურჩულით გადმოცემული ინფორმაციით ვკმაყოფილდები, ან ვიზიტისთვის ისეთ დროს ვარჩევ, როცა ვვარაუდობ, რომ ამ დროს სხვა პაციენტის ვიზიტის ნაკლები შანსია.

მეორე მნიშვნელოვანი დისკომფორტი ლაბორატორიას ეხება. ოთახი, სადაც ანალიზისთვის სისხლს გვიღებენ, იმავე ეზოს სხვა შენობაშია. როგორც წესი, ამ ოთახში ცოცხალი რიგია. აქ ერთდროულად ირევიან როგორც ანალიზის ჩასაბარებლად მისული აივ დადებითი ადამიანები, ისე – სხვადასხვა მიზეზით ჯანმრთელობის ცნობის ასაღებად მისულები. ამ ქაოსში ბევრი ქცევა და დეტალია, რომლითაც ეგრევე ვხვდები, ვინ აივ ინფექციის გამო აბარებს სისხლს და ვინ – საბუთის ასაღებად. ამ მეტად თვალსაჩინო განსხვავებებს დეტალურად არ აღვწერ, რადგან ხელი არ შევუწყო ისედაც დარღვეული პრივატულობის საბოლოოდ გაცამტვერებას.

ამავე შენობაში, სხვა ოთახში, თვეში ერთხელ მივდივარ კუთვნილი წამლის მისაღებად. პროცედურა ასეთია: შედიხარ წამლების ოთახში, მედპერსონალს ეუბნები შენს გვარს, ამოწმებს ელექტრობულ ბაზაში, შემდეგ ჩვეულებრივ ჟურნალში წერს შენს გვარს, იქვე აწერ ხელს, იღებ კუთვნილ წამალს და გამოდიხარ. თუმცა, სანამ ხელს აწერ, ძალაუნებურად კითხულობ იმ ადამიანთა სახელსა და გვარებს, რომლებმაც შენამდე აიღეს წამალი. ზუსტად ასევე კითხულობს შენს შემდეგ მოსული პაციენტი შენს სახელსა და გვარს იმ სიაში, სადაც თავად აწერს ხელს. თუ გაგიმართლა და ხელმოწერის ადგილი სიის ბოლოშია, შემდეგი პაციენტის მოსვლისას ჟურნალს გადაფურცლავენ და შენს სახელს ვერავინ დაინახავს, ყოველ შემთხვევაში, ამ თვეში მაინც. ბოლო მისვლაზე ჟურნალის სიას ზემოდან ქაღალდი ჰქონდა დაფარებული, თუმცა პერსონალური ინფორმაციის დასაცავად ეს არ მგონია საკმარისი.

მჯერა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვიმსახურებთ ისეთ სამედიცინო სერვისს, რომლის ხარისხთან ერთად, დაცული იქნება ჩვენი პერსონალური ინფორმაცია. ასევე, ექიმები იმსახურებენ უკეთეს სამუშაო პირობებს. მათ არ უნდა უწევდეთ ისეთ ოთახში პაციენტების მიღება, სადაც წვიმს და იძულებულნი არიან, პაციენტს ჩურჩულით ესაუბრონ, რათა მინიმალური სტანდარტით მაინც დაიცვან მათი პერსონალური ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე, არ უნდა უწევდეთ, მეორე სართულზე განთავსებულ სტაციონარში მყოფი პაციენტების ჩამოყვანა, ან აყვანა კიბეების გავლით, პანდუსისა და ლიფტის გარეშე. ამ და სხვა პრობლემების შესახებ, ალბათ, თავად უკეთ იციან. იმ ფონზე, როცა აივ/შიდსის მკურნალობას საქართველოში, ბიუჯეტთან ერთად, გლობალური ფონდიც აფინანსებს და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებიც დანერგილია, წარმოუდგენელიც კი არის, რომ მსგავსი სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები ხელის გულზე დევს, მოგვარებით კი წლებია ვერ გვარდება.  

 

ჩემი წინა პოსტების ნახვა შეგიძლიათ აქ:

აივ ინფექციასთან ბრძოლის 15 თვე

დიაგნოზი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

აივ/შიდსი და უსაფრთხო სექსი გამონაკლისის გარეშე

როგორ და ვისთან ერთად ვებრძვი აივ ინფექციით გამოწვეულ სტრესს

აივ ინფექციის მკურნალობის პირველი შედეგი

ორი კვირა აივ ინფიცირებულის დიაგნოზის დადგენიდან

პირველი შოკი – მე აივ ინფიცირებული ვარ