დიეტური ბლოგი

We Can Do It

07.02.2010 |
We Can Do It

„მაინც ხომ დიეტაზე ხარ, იქნებ დაწერო ბლოგი შენი დიეტების შესახებ?“ – შემომთავაზა გასულ კვირას „ნეტგაზეთის“ მენეჯერმა. ბევრი არ მიფიქრია, რატომაც არა?! დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი თითქმის ყველას ერთნაერად აინტერესებს, იმის მიუხედავად რამდენ კილოს იწონის, რა ზომა ტანსაცმელს იცვამს, როგორი სექსი აქვს და აქვს თუ არა საერთოდ…

 
იცით როგორ ვგრძობ თავს?  როგორც ანონიმ ჭარბწონიანთა კლუბის  პირველი წევრი.  ახლა წესით უნდა ვთქვა: მე მქვია ესა და ეს, ვარ ამდენი წლის…  არაფერ ამდაგვარს არ ვაპირებ, თქვენთვის უბრალოდ პაჩოკა ვიქნები და ალბათ ერთხელაც მოგიყვებით, რატომ ავირჩიე ეს ნიკი.

დასაწყისისთვის გულახდილად უნდა გითხრათ: ვერასოდეს ვერ ვიტანდი დიეტებს. ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ მკაცრად, რეცეპტივით გაწერილ დიეტებს  ჩემთვის მხოლოდ ტანჯვა,  სიმწრით დაკლებული კილოგრამების ხელახლა აკრეფა და არასულფასოვნების  განცდა მოაქვთ. მაგრამ როცა ხვდები, რომ ვერაფრით ვერ ირგებ ტანსაცმელს, რომელიც რამდენიმე წელია აგე უქმად გიდევს კარადაში, არაფრით არ გემეტება გასაჩუქებლად და ახალი, სასწაულმოქმედი  დიეტის ორშაბათიც არა და არ დადგა, დროა მიხვდე  –  ყველაფერი უნდა შეცვალო.  

მთავარი ის არ არის, რომ გემრიელი ნამცხვრები, კამფეტები და ათასი მავნე, მაგრამ გემრიელი რამე–რუმეები მიყვარს – ამის გარეშეც თავისუფლად ვიცხოვრებ, მთავარი პრობლემა წარმოდგენებშია. სიტყვა რომელიც დეპრესიაში ადგებს მილიონობით ადამიანს: დ ი ე ტ ა. არადა ეს სიტყვა უბრალოდ ცხოვრების წესს, გარკვეული კვების რეჟიმს გულისხმობს. თუ თავდაპირველ  მნიშვნელობას ვიგულისხმებთ, გამოდის, უკვე დიეტაზე ვარ, ახლა მთავარია ამ დიეტის მენიუ სწორად შევადგინო.

რა თქმა უნდა არ მაქვს ილუზია, რომ ერთ კვირაში, ან ერთ თვეში ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.  ერთ კვირაში მომხდარი ცვლილებები ზუსტად ერთ კვირას გაგრძელდება, მერე კი ისევ თავიდან წახვალ მოჯადოებულ წრეზე, რომელიც  იაფფასიანი მარგარინით გაკეთებული ფენოვანი ხაჭაპურებითაა მოფენილი.  

არ ვაპირებ დაგტანჯოთ აღტაცებული  ტექსტებით, რომელის დაწერის იდეაც სავარაუდოდ ყოველი დაკლებული კილოგრამის შემდეგ გამიჩნდება.  ეგოისტური და ჰუმანური სურვილი მამოძრავებს: ვერასდროს ვერ შევძელი დიეტა არა მარტო საჭირო, არამედ სასიამოვნო საქმედ მექცია. მინდა საკუთარ თავს და სხვა ადამიანებსაც დავეხმარო, რომ  უფრო ჯანმრთელი და საინტერესო ცხოვრება გვქონდეს.

ეს არ იქნება ბლოგი მხოლოდ ჭარბწონიანი ადამიანებისათვის, მნიშვნელობა არა აქვს რამდენი კილოა ადამიანი, (საერთოდ არ ვიცი ვინ მოიგონა ადამიანების აწონვა, ჩემი აზრით ძალიან არაჰუმანურია),  მინდა ეს ბლოგი  ყველაფერზე იყოს: დიეტები, მსუბუქი კერძები, იოგა, ვარჯიში… ყველაფერი, რაც  გვეხმარება კომფორტულად ვიგრძნოთ თავი.

მრავლობით რიცხვში რომ ვწერ, შემთხვევითი არ არის. ბლოგის თანაავტორი შესაძლებელია ნებისმიერი წონის ადამიანი გახდეს; იქნებ ვინმეს წონაში მომატება სურს (ასეთი ბედნიერი ადამიანებიც არიან),  ვაშლის განსაკუთრებული თვისებებზე უნდა რომ მოგვიყვეს, ან ახალი ფილმის შესახებ, რომელმაც ვეგეტარიანელობა გადააწყვეტინა…   ამ თემებზე შედევრები შეიძლება დაიწეროს.    

ველი თქვენს გამოხმაურებებსა და იდეებს.
პაჩოკა