დათო გოგიშვილის ბლოგი

შეხვედრა მზიურში

14.02.2010 |
შეხვედრა მზიურში

ჩემს პირველ პოსტს ამ ბლოგზე სასიამოვნო შედეგები მოჰყვა. ადამიანები მეტნაკლებად გააქტიურდნენ და ინტერესიც ასე თუ ისე გაიზარდა. ზოგიერთს სატრანსპორტო საკითხების ექსპეტიც კი ვეგონე ( 🙂 ).

კარგია, რომ სტატიამ გარკვეული დაინტერესება მაინც გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ კომენტარების დიდ ნაწილში პესიმისტური განწყობა მეტი იყო. აქტიურობა გაიზარდა facebook-ზეც, განსაკუთრებით კი, “გადავარჩინოთ მზიური”-ს ჯგუფში.

პოსტის გაკეთებიდან რამოდენიმე დღით ადრე, რამოდენიმე ადამიანთან ერთად, ნელ-ნელა გავააქტიურეთ ჯგუფი, რისი “კულმინაციაც” სტატია იყო. ამ პერიოდში ჯგუფი დაახლოებით 400 წევრით გაიზარდა. თუმცა რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყოველთვის, ჯგუფის ალბათ მხოლოდ 1-2% აქტიურობს.

“ჯგუფის მეშვეობით დავთქვით შეხვედრა, თან ერთმანეთი გავიცანით თან გარკვეულ სამოქმედო გეგმებზეც შევთანხმდით. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის 1500-მდე წევრიდან შეხვედრისათვის მხოლოდ 20-მდე ადამიანმა გამონახა დრო. ალბათ დანარჩენები ზედმეტად დაკავებულები არიან და მზიურზე ზრუნვაც ჩვენ მოგვანდეს.

მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და პროცესიც რამოდენიმე ადგილას თანაბარი დატვირთვით მიმდინარეობს. თუმცა, მგონია რომ არც იმდენად აქტიურ ფაზაში, რომ მისი შეჩერება შეუძლებელი იყოს. ამასთან ერთად მინდა მოგილოცოთ, რომ მდინარე ვერე რკინის “გვირაბში” ჩაჯდება. ასე, რომ მშვენიერი, სუფთა და ლამაზი “მდინარე” გვექნება. სადაოა, რამდენად შეასრულებს თავის ფუნქციას გვირაბებსა და “სარკოფაგებში” ჩასმული მდინარე, თუმცა ამ სასიკეთო ცვილებას მუდამ ხაზს უსვამს ბატონი “საქ გზა მეცნიერების” დირექტორი. რამოდენიმე საათიანი დაკვირვებების შემდეგ შევთანხმდით რომ 1 კვირაში კვლავ შევხვდებით, კონკრეტულად 20 თებერვალს, თუმცა არ დაგვიკონკრეტებია ზუსტი დრო და შეხვედრის ადგილი (კვირის განმავლობაში დავაზუსტებ).

ამავდროულად იმედი გვაქვს, რომ შეხვედრაზე არამარტო რიგითი მოქალაქეებს, არამედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შევკრებთ, რომელთა უშუალო მოვალეობაა გარემოს დაცვა და მწვანე სივრცეებზე ზრუნვა. შაბათამდე კი შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები მოგვაწოდოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მაგისტრალის უარყოფითი ზეგავლენა ან თუნდაც შევაჩეროთ იგი (მე ამას ვისურვებდი). იდეები სლოგანების, პოსტერების და ა.შ. შესახებ.

პ.ს.შეხვედრაზე ასევე მოსულები იყვნენ ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” წარმომადგენლები. გადაიღეს მიმდინარე სამუშაოები და ჩვენი დისკუსია, მშენებლობასთან დაკავშირებით. ბოლოს მეც ჩამწერეს ამავე თემასთან დაკავშირებით ასე, რომ მომავალი კვირიდან მაგისტრალის მავნებლობაზე საუბრით არა მარტო ნაბეჭდით, არამედ ვიდეო კადრებიდანაც მოგიშლით ნერვებს.

ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ: