ზვიად დიასამიძის ბლოგი

ალიანსის ,,ერთიანობის ფორმულა”

22.02.2010 | 1256 |
ალიანსის ,,ერთიანობის ფორმულა”

გასული კვირის ერთ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება უდავოდ ირაკლი ალასანიას ეკუთვნის, რომელიც საზოგადოების წინაშე ოპოზიციური ძალების ერთიანობის პროცესის ხელშეწყობის ინიციატივით წარსდგა.

მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე, ,,ალიანსი საქართველოსათვის” წევრი პარტიების ,,ახალი მემარჯვენეებისა” და ,,რესპუბლიკელების” ლიდერების დავით გამყრელიძისა და დავით უსუფაშვილის განცხადებში ნათლად გამოიკვეთა ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის ალიანსეული ფორმულის ძირითადი პრინციპები: ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამბიციების დათმობისადმი მზადყოფნას და აქედან გამომდინარე თბილისის მერობის ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე შეთანხმებას გულისხმობს. თუმცა, აქვე გაჟღერდა ერთი წინაპირობა: აღნიშნულ პროცესიდან ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური მოძრაობის სრული იზოლირება.  

მიუხედავად თავისი მოულოდნელობისა,  ირაკლი ალასანიას გუნდის ეს განცხადება კარგად გათვლილ პრაგმატულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს, რომელიც უპირველეს ყოვლისა ,,ალიანსი საქართველოსათვის” პოზიციების გაძლიერებისა და წინასაარჩევნო რისკების მინიმალიზაციით არის ნაკარნახევი.

ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებრივ სპექტრში საკმაოდ პოპულარული იდეის –   თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის ინიციატივის ავტორობა, სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული კარგად გათვლილი პრაგმატული ნაბიჯია, რომელიც უცილობლად შეუწყობს ხელს ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში ირაკლი ალასანიას გუნდის პოზიციების მომაგრებას.

ამავდროულად, ალიანსის ერთიანობის ფორმულაში ,,ნოღაიდელის წინაპირობის” ჩადებით თავიდანვე ნათელი ხდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური სპექტრის ყველა მნიშვნელოვანი ძალის გაერთიანების აუცილებლობის შესახებ ალიანსის ლიდერების მიერ ხმამაღლა გაკეთებული განცხადებებისა, ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ გაერთიანება და მასთან ერთად ე.წ. პრაიმერის იდეის მხარდამჭერი პოლიტიკური სუბიექტები, სრულიად არ წარმოადგენდნენ ალიანსის  განცხადების სასურველ ადრესატებს.

უფრო მეტიც, ,,ალიანსი საქართველოს” მიერ ამ ფორმით გაკეთებული განცხადების ერთ ერთი უმთავრესი მიზანი ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში საკმაოდ არაპოპულარული ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური მოძრაობის რუსული კურსისაგან ღია დისტანცირებაა. ნაბიჯი – რომელიც უცილობლად შეუწყობს ხელს ქვეყნის შიგნით ალიანსის პოზიციების მომაგრებას.

ამავდროულად, ,,ალიანსი საქართველოს” ლიდერებს კარგად აქვთ გააზრებული ნოღაიდელის პოლიტიკური კურსიდან მკვეთრი დისტანცირებისაგან მოსალოდნელი დადებითი გამოხმაურებები დასავლეთშიც, სადაც გარკვეული შეშფოთებით ადევნებენ თვალს ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში რუსული კურსის მხარდაჭერის იდეას.

ბუნებრივია, ამ ნაბიჯით ალიანსი დასავლელ პარტნიორებში თავისი პოზიციების გაუმჯობესებასთან ერთად ასევე ცდილობს ხელი შეუშალოს ნაციონალური მოძრაობის მცდელობას ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური კურსის მკვეთრი კრიტიკით წარმოადგინოს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მხოლოდ სახელისუფლებო გუნდი, როგორც დასავლური ფასეულობების უპირობო დამცველი საქართველოში.
 
არასაპარლანეტო ოპოზიციის დანარჩენი ძირითადი სუბიექტების: ეროვნული ფორუმისა და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევების ბოიკოტის და ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ძალის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მხრიდან ყოველგვარი ოპოზიციური გაერთიანების იდეისაგან დიტანცირების ფონზე, ნათელი ხდება რომ ,,ალიანსი საქართველოს” განცხადების ერთ ერთ მთავარ ადრესატს, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე წარმოადგენს.

პოლიტიკოსი, რომელმაც ერთხელ უკვე შეძლო თბილისში მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება და რომელიც ყოველთვის უსვამს ხაზს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მხრიდან თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის აუცილებლობას, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს თავისი კანდიდატურის დაყენებისათვის მზადყოფნას ოპოზიციური ბანაკიდან შესაბამისი წინადადების არსებობის შემთხვევაში.

დღეისათვის, საკმაოდ რთულია პროგნოზირება, თუ რამდენად ითვალისწინებს ალიანსის ოპოზიციის ერთიანობის ფორმულა შემდეგ ნაბიჯად ოპოზიციური სპექტრის ერთიანი კანდიდატის სასარგებლოდ ,,ალიანსი საქართველოს” მიერ დასახელებული კანდიდატურის მოხსნას, თუმცა ზემოთ აღნიშნული ალიანსის წინასაარჩევნო რისკების მინიმალიზაციის აუცილებლობიდან გამომდინარე, ირაკლი ალასანიას გუნდის მიერ შემოთავაზებული ,,ერთიანობის ფორმულა” ამ ნაბიჯსაც არ უნდა გამორიცხავდეს.