თამარას ბლოგი ბავშვებისთვის

ფუსუსუნას ძიებაში

02.03.2010 | 1114 |
ფუსუსუნას ძიებაში

ბევრი გოგონა, რომელიც მოულედნელად გაიზარდა, ოცნებობს პატარა წიგნის მაღაზიაზე, სადაც ერთ საღამოს ბავშვებისთვის წიგნის კითხვაში გაატარებდა.

არ ვიცი, ალბათ, ‘ლიგამუსელი’ მეზღაპრეც ცოტათი თავის ოცნებას ისრულებს, ასეა თუ ისე, შაბათობით, წიგნის მაღაზია ‘ლიგამუსში’ ბავშვებისათვის ზღაპრებს კითხულობენ, ამ საქმისათვის მყუდრო ოთახია გამოყოფილი. ყოველი შეხვედრა ახალ თემას და შესაბმის აქტივობებს ეთმობა, ყველაზე კარგი ის არის, რომ ბავშვები პასიური მსმენელები არ არიან — ზღაპრის დღე იმიტომაა მათთვის შემეცნებითი, რომ ერთ თემას სხვადასხვა მხრიდან დაინახავენ,(როგორც ეს ერთ-ერთ შაბათს მოხდა, როცა დღის თემა ‘წერო’ იყო). მეზღაპრე, რომელიც თავის ბლოგს უძღვება  წერდა: “ერთად გავიცნობთ წეროს, როგორც მფრინველს, ზღაპრის პერსონაჟსა და ხელოვნების ნიმუშს”-  მგონი, მშვენიერი ხერხია ცოდნის გასამთლიანებლად.  

თამაშით სწავლება ყველაზე დიდი სიამოვნებაა (ამას, ‘მასწავლებლის’ პოზიციიდან ვწერ), ცოდნით კი ალბათ, ნამდვილად იცი ის, რაც სხვასაც შეგიძლია ასწავლო და გაუნაწილო, მოკლედ, სწავლება ერთობ აზარტული საქმიანობა მგონია, ამას დაუმატეთ გადამდები ენთუზიაზმი, როგორითაც ‘ლიგამუსელები’ ზრაპრის დღეს აკეთებენ, ბოლოს ეს მშვენიერი ალბომიც გადაათვალიერეთ და დარწმუნებული ვარ, რაღაც კარგის გაკეთება მოგინდებათ. მე თანამშრომლობის სურვილი გამიჩნდა. მერე ლიგამუსელ მეზრაპრესთან ერთად სანდრო ასათიანის წიგნების კითხვა დავგეგმეთ. შედეგად მივიღეთ ზღაპრის დღე, ბავშვები ‘ცოცხალ’ ავტორს შეხვდნენ და მისგან მოისმინეს უჩვეულო ისტორიები. ყველა, ვინც ბავშვობაშიც იყო მკითხველი ან კი უბრალოდ მსმენელი, ადვილად მიხვდება, რა ჯადოქრობა დევს ამ ამბავში, რომ პატარა მკითხველი პირისპირ ხვდებოდეს იმ ადამიანს, ვინც წიგნებს წერს. დღე მრავალმხრივ იყო საინტერესო, ბავშვები ავტორის წაკითხულ წიგნებს უსმენდნენ და თან მათ მონიტორზე ათვალიერებდნენ, ბოლოს კი წიგნის პერსონაჟებიანი გასაფერადებლები გააფერადეს.