რედაქტორის ბლოგი

შენ ხარ აგენტი

03.03.2010 |
შენ ხარ აგენტი

არა, შენ (თქვენ) კი არა ხარ აგენტი. უბრალოდ, შეიძლება გითხრან. ჩემთვისაც უთქვამთ.
 
პირადად არ უთქვამთ. მეგობარმა მითხრა, “ასე მითხრესო”.   ახლა კი მეჩვენება სასაცილოდ, მაგრამ მახსოვს, იმ წუთში როგორ შევცბი. ისე რომ,  მე თავად რომ ვყოფილიყავი იმ ჩემი მეგობრის ადგილას, შეიძლება დავვეჭვებულიყავი კიდეც –  თუ არ არის, ასე რატომ დაიბნა?

მოკლედ, ამ ვერსიის თანახმად, ასლან აბაშიძის აგენტი ვიყავი. აჭარაში, 2004 წელს, აბაშიძის მმართველობის დროს, “რუსთავი 2″–ის რეპორტიორად ვმუშაობდი.  ჰოდა “ჩემი აგენტობაც” ამ პერიოდს ემთხვევა. ახლა აღარ მოვყვები რა სირთულეებთან იყო მაშინ დაკავშირებული ჟურნალისტობა, მაგრამ მაშინ, რამდენიმე წამით, ძალიან მომინდა მივსულიყავი იმ “ვიღაცასთან” და მეკითხა: საიდან იცით?

ეს ჩემი საყვარელი კითხვა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სწორედ აგენტობის კონტექსტშია – პოლიტიკურ კონტექსტებზეც რომ არ ვიფიქროთ, ალბათ ყველას (მეც) უფიქრია  ვიღაცაზე, რომ “ის”  რუსეთის სპეცსამსახურების  ან “კაგებეს” ყოფილი აგენტია.
 
ჰოდა, საიდან ვიცით?

უნდა გამოვაქვეყნოთ სტატიები, რომ ვიღაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, მაშინ როცა ამაზე ჩვენი სპეცსამსახურები ინფორმაციას ოფიციალურად არ ავრცელებენ, თუ არა? უნდა დავწეროთ, რომ ვიღაცა ყოფილი კაგებეშნიკია, მაშინ როცა ჯერ კიდევ არა გვაქვს კანონი ლუსტრაციის შესახებ, თუ არა? ან მოვახდინოთ იმის ტირაჟირება, როცა ამას სხვა ამბობს? სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ცილისწამებას შორის? საერთოდ, არის ასეთი ზღვარი?
 
რატომ არ მიიღო დღემდე საქართველომ კანონი ლუსტრაციის შესახებ? რა ბედი ეწევა დეპუტატ გია თორთლაძის კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში 2009 წლის სექტემბერში შევიდა და დღემდე არ განუხილავთ? ან, შეცვლის კი ეს კანონი რაიმეს, მაშინ როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში აცხადებენ, რომ საბჭოთა უშიშროების არც ერთი საიდუმლო თანამშრომლის პირადი საქმე არ ინახება? და თუ არ შეცვლის, მაშინ რა არის გამოსავალი?

ამ საკითხებზე დისკუსიის წამოწყება ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები მისამართზე info@netgazeti.ge და სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ.