ექსკლუზივი ლონდონიდან

პოეტი და კომპოზიტორი კაცების მარტოობა

03.03.2010 |
პოეტი და კომპოზიტორი კაცების მარტოობა

წინა ჯერზე იმდენი ვიტრაბახე, შესანიშნავი ამინდია-მეთქი, რომ ამ დილით აცივდა, მოიღრუბლა კიდეც. თუმცა, თუ უნდა, გაწვიმდეს, ეგ მე არ ვიდარდო. 17 წელი ფოთში ვცხოვრობდი და წვიმა, ღრუბელი და სინესტე გამაკვირვებს?

ჩემმა ”შეფმა”, მეთიუმ გუშინ, თეატრში წასვლამდე მითხრა, რასაც ამ საღამოს ნახავ, შეიძლება, არ მოგეწონოს. თუმცა, ეს ნამდვილი, კლასიკური ბრიტანული თეატრია და მაინც ნახეო. წავედი და ვნახე. კიდევ კარგი!

ნაციონალური თეატრის სიდიდით მეორე სცენა, Lyttelton შემეგება გაშლილი ხელებით. საღამო თანამედროვე ბრიტანული თეატრის კლასიკოსის, ალან ბენეტის პიესას „ხელოვნება, როგორც ჩვევა“ დაეთმო, რომელიც არანაკლებ ცნობილმა ბრიტანელმა რეჟისორმა, ნაციონალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნიკოლას ჰაიტნერმა დადგა.

(ქართველ მაყურებელს უთუოდ ემახსოვრება მის მიერ გადაღებული მილერის ცნობილი პიესის ეკრანიზაცია „The Crucible“, დენიელ დეი ლუისით და უანონა რაიდერით მთავარ როლებში.) პიესა ორი დიდი ბრიტანელის, პოეტ უისტან ჰიუ ოდენის და კომპოზიტორ ბენჯამინ ბრიტენის ამბავს მოგვითხრობს. დაბერებულები მრავალი წლის შემდეგ კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, ბრიტენი ოპერას წერს თომას მანის მოთხრობის „სიკვდილი ვენეციაში“ მიხედვით, ოდენი კი ლოთობას და პატარა ბიჭებთან გართობასაა გადაყოლილი. ორივეს მძიმე დრო დადგომია ცხოვრებაში, წარსული დიდების ჩრდილში არიან. ამბიციური ბრიტენი თავს არ უტყდება, რომ მისი მუსიკა უკვე დიდი ხანია, აღარავის აღელვებს, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ოდენი კი განუწყვეტლივ იმეორებს, ვმუშაობ, მაგრამ აღარაფერს ვქმნიო. მასვე ეკუთვნის ფრაზა, სხვანაირად არ შემიძლია, ხელოვნება ჩვევად მექცაო. მათ შორის მრავალი წლის წინ დამთავრებული სასიყვარულო ურთიერთობისგან არაფერი დარჩენილა. ან კი იყო საერთოდ ასეთი?

ეს ყველაფერი ძალიან მოსაწყენი სანახავი უნდა ყოფილიყო სცენაზე, მაგამ ალან ბენეტის შეუდარებელი იუმორი, მე ვიტყოდი, ხულიგნურიც კი, ერთი წამით არ მოგაწყენთ. მით უმეტეს, რომ პიესას უკვე მრავალჯერ გამოყენებული, მაგრამ მაინც საინტერესო ფორმა აქვს: ოდენი და ბრიტენი მსახიობები არიან, სპექტაკლში თამაშდება სპექტაკლის რეპეტიცია, დრამატურგიც აქ არის, ბუზღუნა მსახიობები, რომელთაც ტექსტი არ მოსწონთ, ტექნიკური რეჟისორიც და ასე შემდეგ. მსახიობებს ერთი სული აქვთ, როდის მორჩებიან რეპეტიციას, ზოგს პიესა საერთოდ არ მოსწონს, ზოგი თავისი როლით უკმაყოფილოა და ა.შ. ოდენის როლის შემსრულებელ მსახიობს მაგალითად, ტექსტში ხშირად ნახსენები სიტყვა „ყლე“ ეხამუშება, მაგრამ პროფესიონალიზმი აიძულებს, მაინც ღირსეულად ითამაშოს. ბრიტენის როლის შემსრულებელი მსახიობი მეძავი ბიჭის შემსრულებელს „პროფესიულ“ რჩევებს აძლევს, თან აღიარებს, წიგნებში ამოკითხულით კი არ ვხელმძღვანელობ, ცხოვრებაში გამომიცდიაო. ნიკოლას ჰაიტნერის სადა, მსახიობებზე ორიენტირებული რეჟისურა კიდევ ერთხელ გარწმუნებს, რომ თეატრი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, არასოდეს მოკვდება. არავითარი ეფექტი(!), ბრწყინვალე, ჩახლართული დიალოგები, უცვლელი განათება და ტრადიციული სცენოგრაფია დღეს ისევე აქტუალურია, როგორც, დავუშვათ, 50 წლის წინ იქნებოდა. სიტყვის და მუსიკის კაცები სევდანარევი იუმორით გვიმტკიცებენ, რომელი ჯობია: პოეზია თუ მუსიკა. სინამდვილეში კი სპექტაკლი მსახიობებზეა, რომელთაც თამაში უწევთ, რომელთათვისაც ხელოვნება დიდი ხანია, ჩვევად იქცა.

ახლა ვზივარ ნაციონალური თეატრის სტუდიაში, ფანჯრიდან აი, ამ ხედს ვუყურებ

 

და ველოდები მეთიუს, რომ შთაბეჭდილებები გავუზიარო. ის, როგორც ჩვევია, მეტყვის: „ეუ, მააველას! ბრრილიანთ!“ და ვინ იცის, ამ საღამოს საით გამამწესებს. აგვიანებს. რა გაეწყობა, წავალ, Queen’s Walk-ზე გავისერინებ და თან აი-პოდში ჩატვირთულ ბენჯამინ ბრიტენის მუსიკას მოვუსმენ. იქნებ ამ სპექტაკლის მერე მაინც მომეწონოს. ოდენი ისედაც ყოველთვის მიყვარდა. კარგი სპექტაკლი იყო, რახან ვერ ვიშორებ და მეორე დღესაც მასზე ვფიქრობ, ესე იგი, კარგი იყო. ნამდვილად.

(შენიშვნა: ამ ვიდეოში რომ მუსიკა ისმის, ემანდ, ბრიტენი არ გეგონოთ, ბალდასარე გალუპია და არტურო ბენედეტი მიკელანჯელი უკრავს).

Theatre Partenrship Project between the National Theatre and the Rustaveli Theatre managed by the British Council and funded by  BP and HSBC Bank Georgia.