ტყუილად არ ველოდი ჩემს მფარველ ანგელოზს, მეთიუს გუშინ დილით. საერთო ჯამში, გუშინ 2 თეატრში 6 საათი (!) გავატარე. ორივეგან ძალიან მომეწონა (ერთგან სეპქტაკლი, მეორეგან – შენობა).
პირველი ჰემფსთედ თეატრი იყო – გადასარევი თანამედროვე დრამატურგის, დევიდ გრეიგის პიესა ‘დანსინანი’
– შექსპირის ‘მაკბეტის’ ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც Royal Shakespeare Company-სთვის სპეციალურად დაიწერა. ინგლისელი ჯარისკაცები ბირნამის ტყედ გარდაისახებიან და მაკბეტს მოკლავენ. მაგრამ ჯერ სადა ხართ, სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ლედი მაკბეტი ცოცხალია და უბრალოდ კი არა, ძალიანაც ცოცხალია. შვილიც ჰყოლია პირველი ქმრისგან. სახელად გრუახი ქვია და ძალიან უნდა, რომ მისი შვილი გამეფდეს, კანონიერი მემკვიდრე სწორედ ისაა. რას არ გაიგებ კაცი… მოგვატყუეს, რომ გვეუბნებოდნენ, გაგიჟდა და მოკვდაო. საღ-სალამათია, კიდევ უფრო ვერაგ ინტრიგებს ხლართავს და სრულიად სამართლიანად სთხოვს ინგლისელ მხედარმთავარს, სიუარდს, წაეთრიე ჩემი შოტლანდიიდან, ინგლისელებს აქ არაფერი გესაქმებათო. ერთი სიტყვით, ამ 3საათიან სპექტაკლზე ნამდვილად ვერ მოიწყენ, მიუხედავად იმისა, რომ დადგმა საკმაოდ საშუალო ხარისხისაა (რეჟ. როქსანა სილბერტი), ბრწყინვალე ტექსტი არ მოგცემთ ამის საშუალებას. დევიდ გრეიგი – ეს სახელი კარგად დაიმახსოვრეთ, წიგნი ვიყიდე და ვინ იცის, იქნებ ეს პიესა შემომეთარგმნოს კიდეც. ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო ქართულ სცენაზე მისი ნახვა. მანამდე კი, აგერ, ამ ბიჭებს უყურეთ, სპექტაკლში ისინი ძალიან სასაცილოები არიან – ინგლისელ ჯარისკაცებს თამაშობენ, შოტლანდიას დედას რომ აგინებენ (პირდაპირი გაგებით), ეს სად აღმოვჩნდით, რა საშინელი ქვეყანაა, რა მკაცრი კლიმატია და ქალებიც არ იძლევიანო. აი, ასეთ დროს ატარებენ კულისებში, სანამ სცენაზე გაცვივდებიან ბინძურ კოსტიუმებში გამოწყობილები და ხმლების ქნევას დაიწყებენ:
ერთი უმნიშვნელო დეტალი: ჰემფსთედ თეატრის კაფეში, სპექტაკლის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივედი. პიესა ვიყიდე და ერთი უშველებელი ფინჯანი კაპუჩინოც შევუკვეთე. ყურადღება არ მიმიქცევია, ბარმენმა გოგონამ რა თანხა მითხრა, მექანიკურად გავუწოდე 10ფუნტიანი კუპიურა. საწყლად შემომხედა და მკითხა, უფრო წვრილი არაფერი გაქვთ, ყავა 1,8 ფუნტი ღირსო. ხურდა არ ჰქონდა, ერთი სიტყვით… გეცნოთ სიტუაცია? ქართული მაღაზიების და სუპერმარკეტების მარადმწვანე პრობლემა… ჩემდა ბედად, მქონდა ხურდა. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ხომ ისაა, რომ შესანიშნავი პიესა წავიკითხე და ვნახე სცენაზე. დევიდ გრეიგი წარმოუდგენლად თავისუფლად დაცურავს შექსპირის სტილიზაციასა და ძალიან თანამედროვე ინგლისურ ენას შორის. მართლა სასაცილო ტექსტია, ძალიან სერიოზული სათქმელით და უსერიოზულესი ფინალით. რატომ არა ვარ რობოტი, რომელიც ამ ყველაფერს მექანიკურად, მაგრამ ხარისხიანად თარგმნიდა?
მერე მეტროში ჩავხტი, სასწრაფოდ ვატერლოოს სადგურისკენ გამოვქუსლე, რომ შემდეგი სპექტაკლისთვის მიმესწრო.
საღამოს იანგ ვიკის თეატრი მელოდა არტურ შნიცლერის პიესით, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, თავად ლუკ ბონდიმ დადგა. სპეციალურად ამ დადგმისთვის შნიცლერის პიესა Liebelei ცნობილმა ბრიტანელმა დრამატურგმა, დევიდ ჰაროუერმა გადააკეთა და მას Sweet Nothings დაარქვა (როგორც გაგიხარდებათ, ისე თარგმნეთ). ერთი სიტყვით, სახელების რახა-რუხი ნამდვილად იყო. აი, რას ლაპარაკობენ სპექტაკლში დაკავებული მსახიობები და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამ დადგმის შესახებ:
/>თუმცა, ძალიან შთამბეჭდავი სცენოგრაფიის გარდა, სპექტაკლს არაფერი ჰქონდა საინტერესო. მსახიობების საკმაოდ უღიმღამო ნამუშევარი, მოსაწყენზე მოსაწყენი, გაწელილი სცენები და შნიცლერის ცარიელი დრამატურგია. მსოფლიოში აღიარებულმა ლუკ ბონდიმაც კი ვერ უშველა ამ საკმაოდ მარტივ მელოდრამატულ სიუჟეტს: ახალგაზრდა, თავქარიანი ყმაწვილი, ფრიცი შარში გაეხვევა – გათხოვილ ქალთან რომანმა ასე იცის, განრისხებული ქმარი მოადგება სახლში და დუელში იწვევს. ამასობაში კი ფრიცი ერთ გოგონასთან, კრისტინესთან ერთობა, რომელიც სასიკვდილოდ განწირულს მთელი სერიოზულობით შეუყვარდება. ფინალში ფრიცს კლავენ, კრისტინე კი, რომელიც სულით-ხორცამდე შეძრულია ფრიცის სიყვარულით, ისტერიკაში ვარდება და კედლებს აწყდება. მისი მწუხარება განუზომელია.
არ ვიცი, რას დაწერენ ლონდონელი კრიტიკოსები ამ სპექტაკლზე, დაძლევენ თუ არა სნობიზმს და ლუკ ბონდის (გვარი ფრანგული აქცენტით უნდა წარმოითქვას, აუცილებლად!) გააკრიტიკებენ, მაგრამ მე პირადად ორი სიტყვით ასე შევაფასებდი სპექტაკლს: ‘საყვარელი არაფერი’ (უი, შემთხვევით სათაურის თარგმანიც გამომივიდა). ჰო, ასეა: ლამაზი სცენოგრაფია, ლამაზი მსახიობები, მაგრამ დანარჩენი – არაფერი.
ამაღამ Royal Court Theatre მელოდება. ჰოი, ძრწოდე და გეშინოდეს, როიალ ქორთო 🙂 მოვდივარ. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, დღეს ტეიტ მოდერნ გალერიში ვიყავი და ამასთან დაკავშირებით ინტიმური დეტალების მოყოლას ვაპირებდი, მაგრამ ეგ ხვალისთვის იყოს. დღეს თეატრმა შეიწირა მთელი მოცულობა. ხომ ვამბობდი, ლონდონი ბევრია-მეთქი. ჰოდა, ამ ბევრში თეატრიც ძალიან ბევრია. რას ვიზამთ. ვერაფერს. Cheers!
Theatre Partenrship Project between the National Theatre and the Rustaveli Theatre managed by the British Council and funded by BP and HSBC Bank Georgia.