ექსკლუზივი ლონდონიდან

როგორ დავძლიე სიმაღლის შიში

08.03.2010 | 1181 |
როგორ დავძლიე სიმაღლის შიში

მეთიუმ მიმატოვა, გამომეცალა ბურჯი. უიქ-ენდზე რომ ისვენებდა მთელი ლონდონი, სულ არ გამხსენებია. ეტყობა, შიგადაშიგ მავიწყდება, რომ საქართველოში არა ვარ. არა უშავს, მთლად ეგეთი უგულოც კი არ არის ჩვენი მეთიუ, შაბათ-კვირისთვის მომამარაგა: ჯერ ერთი, ნაციონალური თეატრის ჭკუისდასაკარგ წიგნის მაღაზიაში რასაც კი ხელი დავადე, ყველაფერი მიყიდა (იმდენი წიგნია, რომ სტუდიიდან სასტუმროში ერთ ჯერზე ვერ წამოვზიდე. გაითვალისწინოს, ვისაც ეხება :)) და ამას გარდა, სამი საღამოსთვის (პარ.შაბ.კვ.) სანახაობების ბილეთები დამაჭერინა ხელში.

პარასკევ საღამოს ოქსფორდ სტრიტზე წავბოდიალდი, სკანდალურად ცნობილი დრამატურგის, ფილიპ რიდლის პიესის, ‘მერკურის ბეწვის’ სანახავად. სპექტაკლი მინგრეულ (პირდაპირი გაგებით) ოთახში თამაშდებოდა, სულ 30 მაყურებელი ვისხედით (მეტის ადგილი არ იყო, არ გეგონოთ, რომ ბილეთი არ გაიყიდა, ასეთი რამ ჯერ ლონდონში არ მინახავს: ბილეთები ყველგან და ყოველთვის ბოლომდე იყიდება) და მთელი გულით მეცოდებოდნენ მსახიობები, ძალიან უნიჭოდ რომ თამაშობდნენ ამ საშუალო პიესის ძალიან ცუდ დადგმაში. მეთიუს ეს დადგმა არ უნახავს, ავტორის გამო მირჩია, უგემოვნობაში ვერ დავდებ ბრალს, ნამდვილად. მოკლედ, მთლად ცუდი დადგმის ბრალი იყო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მომეჩვენა, რომ რიდლი უბრალოდ ბაძავს ჩემს პირველ კერპს, მარკ რეივენჰილს და მეორე კერპს, სარა კეინს, კერძოდ კი მის პიესას ‘განწმენდილნი’. თუმცა, მარკის ბრწყინვალე იუმორი და სარას შესაშური პოეტურობა ნამდვილად აკლია. თნაც, რიდლის ‘სკანდალურობას’ ცოტა თვითმიზნურობის სუნი ასდის. აღარ ღირს ამაზე მეტი ლაპარაკი.

პარასკევს, გვიან ღამით, იანგ ვიკის თეატრის კაფეში ალქესანდერ ზელდინს შევხვდი. ეს ყმაწვილი ბრიტანელი რეჟისორია, თბილისში იყო შარშან, იქ გავიცანით. ჰოდა, სადაურსა სად წაიყვანო, შემთხვევით გადავეყარე ლონდონში. ალექსს საქართველოსთან და კერძოდ, რუსთაველის თეატრთან დაკავშირებით ფრიად შექსპირული გეგმები აქვს, თუმცა, თავს უფლებას ვერ მივცემ, დაუკითხავად მოგიყვეთ ამის შესახებ. სხვა დროს იყოს. როცა ალექსი ნიუ-იორკიდან დაბრუნდება და კიდევ შევხვდები.

შაბათი დილა სიცარიელით დაიწყო. საწოლზე ლონდონის უშველებელი რუკა გავშალე და იმაზე დავიწყე ფიქრი, სად წავსულიყავი. აი, როგორც გავშალე, ზუსტად ისევე დავკეცე – ვერაფერი მოვიფიქრე. ბრმად გავუყევი გზას, რაც ჩემი მხრივ იდიოტიზმის გამოვლინების უმაღლესი მწვერვალი იყო, ზუსტად ორ ნაბიჯზე სასტუმროდან ტრაფალგარის მოედანია, ამ მოედანს კი რა გადმოჰყურებს? რად უნდა ამას რუკა, რა თქმა უნდა, ეროვნული გალერეა, ზედ გადმოკიდებული უზარმაზარი წარწერებით ‘შესვლა უფასოა’.

ტეიტ მოდერნის შთაბეჭდილებებიდან ვისაც წყენა გამოგყვათ, რომ თანამედროვე ხელოვნების აზრზე არა ვარ, აქაც დაგამშვიდებთ – ისე გულგრილად დავდიოდი დარბაზებში, მეტი რომ არ შეიძლება, სანამ… უცებ იატაკი გაიპო, იქიდან ცეცხლის ყვითელი ენები ამოიკლაკნა, გული ამიჩქარდა და ელისივით გადავეშვი სადღაც. უნიჭო ვიყო, ერთ სიტყვას თუ ვაჭარბებდე. ცხვირწინ ვან გოგის ‘მზესუმზირები’ მეკიდა. არ დამიწყოთ ახლა, რომ ბანალური  ვარ და ა.შ. ვისაც უნახავს, დამეთანხმება. ვიდექი სულელივით, სანამ ერთი სანდომიანი ქალბატონი ლოდინით არ დაიღალა და მოკრძალებით მთხოვა, გაიწიეთ, ნახვა მეც მინდაო. არ ვიცი, ამას რა ქვია. ამ ფერს ვერანაირი რეპროდუქცია ვერ გადმოსცემს (ვერც ის, იქვე რომ ვიყიდე და სასტუმროში მობრუნებულს უკვე აღარ მომეწონა. ორიგინალის უნიჭო იმიტაციას ჰგავდა). ამის შემდეგ უგულისყუროდ ვათვალიერებდი ყველაფერ დანარჩენს, სანამ… იგივე ეფექტი, ოღონდ, უფრო ტალღისებურად – რემბრანდტის დარბაზი… სულ ათამდე ნამუშევარია, ამათაც ძალიან დიდხანს ვუყურე, ხელოვნებათმცოდნეობაში უდუდესი გადატრიალების ტოლფასი დასკვნა გავაკეთე, რომ რემბრანდტი ყველა დროის ყველაზე დიდი მხატვარია და ბოლომდე დაუთვალიერებელი გალერეიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი. (კიდევ დავბრუნდები-მეთქი, დავიქადნე). აი, რა დამხვდა მთავარ შესასვლელთან – შოტლანდიელი მუსიკოსი ჭაბუკის ირგვლივ ლონდონელი ფლეშ-მობერები საკმაოდ საინტერესოდ ანგლობენ:



არ გეგონოთ, რომ ლეონარდო გამოვტოვე. ჩემდა სამწუხაროდ, სარესტავრაციოდ წაუღიათ, დარბაზში მხოლოდ წარწერა ეკიდა.

თეატრის მარწუხებისგან თავდაღწეულმა სენტ პოლის კათედრალისკენ ავიღე გეზი (გზად რა ვჭამე და სად, არ მოვყვები, თუმცა, ძალიან გემრიელი კი იყო. ისე, ერთხელ საჭმელზეც უნდა დავწერო. ეგრე კი ნუ მიყურებთ, მერე რა, რომ ჯაკომეტის ქანდაკებებს შემადარეს, რაც ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტია. კიდევ კარგი, მაგალითად, ბოტეროს ტილოებს არ მადარებენ.)

ერთი სიტყვით, სეინტ პოლში შესასვლელი 12,5 ფუნტი გადავიხადე და დაიწყო: უშველებელი გუმბათის ქვეშ თუ დაჯდები, კისერს უკან გადააგდებ და თვალებს არ დახუჭავ, ჰალუცინოგენების გარეშეც იოლად დაიჯერებ, რომ ღმერთი არსებობს და ამწუთას სწორედ მას უყურებ. (შენიშვნა: ამ პოზაში იმდენ ხანს ვიჯექი, კისერი ახლაც მტკივა, გაითვალისწინეთ.) ნეტარი გაყუჩებიდან ორღანის ძლიერმა ხმამ გამომაფხიზლა. დავიწყე სტანდარტული ‘შემოვლა’. ჯონ დონის საფლავთნ ერთი შუა ხნის კაცი იმერელი აზნაურივით იგრეხდა ულვაშებს, ქრისტეს კარიკატურის მგსავსი დონის ქანდაკების ულვაშებს აშაყირებდა. ამ კაცის ორი შვილი ფრიად ხალისობდა. რაღა დაგიმალოთ და, მეც.

მთავარი მერე იყო – კიბე!!! უფრო სწორედ – კიბეები. ჯერ 259 ხის საფეხური და გუმბათის ფუძესთან ხარ, შიდა მხარეს, იატაკიდან 30 მეტრის სიმაღლეზე. გზად, ხვეულ კიბეზე, ისე გეხვევა თავბრუ, რომ როცა ქვემოთ, უზარმაზარ სივრცეს გადმოჰყურებ, შეიძლება გადმოვარდე კიდეც. იზრუნეს ამაზე – მოაჯირი ძალიან მაღალია. ცოტა ხანში სიმაღლეს ეჩვევი და როგორც ეს ტაძრის ბუკლეტში წერია, ცდილობ კედლისკენ პირით, ჩურჩულით ილაპარაკო, აბა, 32 მეტრის მოშორებით, საპირისპირო კედელთან მდგარი ადამიანი თუ გაიგონებს. ზოგი იჩემებს, სიტყვები გარკვევით მესმოდაო; ზოგი აღიარებს: რომ ვერაფერი გაიგონა. ქვემოდან კი ორღანის წამლეკავი ხმა ისმის. შემდეგი სიმაღლეა დასაპყრობი – კიდევ 119 საფეხური, გაცილებით ვიწრო და ხვეული – სულ მცირე 5-ჯერ გავჩერდი, გული რომ არ ამრეოდა და – აჰა! გუმბათის გარეთ, შუა ნაწილში ხარ და ქვის დიდ რიკულებს შორის ხედავ წარმოუდგენლად ჭრელ ლონდონს. თუმცა, არა! ბუკლეტი უფრო მეტს გთხოვს – კიდევ 152 საფეხური – ამას უკვე ხვეულიც აღარ ქვია, ეს ნამდვილად ჰიჩკოკის ‘ვერტიგოს’ გავს.


ჩიტი ბრდღვნად ღირს – როცა უკვე სიკვდილი გინდა, გეზიზღება საფეხურები, გული გერევა, დედა მოგენატრა, თავბედს იწყევლი – სწორედ ამდ როს ამოყოფ თავს არაჩვეულებრივ ადგილას – გუმბათის წვერზე – აქ უკვე ხედს აღარაფერი გიფარავს, მოაჯირიც უფრო დაბალია და ქალაქს 111 მეტრის სიმაღლიდან, თითქმის ციდან ათვალიერებ. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ქარი უბერავს და ძალიან ცივა, ჩამოსვლა აღარ გინდა, მაგრამ კიბეებს მეტი ხალხი აწყდება და იძულებული ხარ.

კიდევ დიდხანს დავრჩი კათედრალში, საღამოს 5 საათზე გუნდის კონცერტს ვუსმინე და მივხვდი: სიმაღლის აღარ მეშინია. მორჩა. დამთავრდა ჩემი ტანჯვა მშრალ ხიდზე (თბ.) გადასვლისას. ჩემი მეგობრის, რეჟისორ დათა თავაძის გასაგონად ვამბობ: ამიერიდან მზად ვარ, გმირულად ვიარო მოაჯირის მხარეს!

ეუფ, რამდენი დამიწერია! კეთილი, კოლუმბიელი მომღერალი ქალების და ნიგერიელი ბიჭის ამბები შემდეგ ნაწილში იყოს. პირობას ვდებ, რომ დროებით სეკვესტრირებულ თეატრალურ თემას ისევ დავუბრუნდები.

Theatre Partenrship Project between the National Theatre and the Rustaveli Theatre managed by the British Council and funded by  BP and HSBC Bank Georgia.