ექსკლუზივი ლონდონიდან

თქვენ – არა, ჩვენ გავაფრინეთ!

10.03.2010 | 1190 |
თქვენ – არა, ჩვენ გავაფრინეთ!

ორშაბათი და სამშაბათი თეატრალურად კონტრასტული დღეები აღმოჩნდა. ორშაბათს მე რომ არ მიყვარს, ისეთ დარბაზში ვიყავი – წითელ ხავერდგადაკრული სავარძლები, ჩუქურთმებიანი აივნები, პროსცენიუმი, ერთი სიტყვით, სიმდიდრე და ბრწყინვალება ოლდ ვიკის ძველებურ შენობაში. სპექტაკლი კი კლასიკურად ამერიკული იყო, ჯონ გუარის ‘დაშორების ექვსი ხარისხი’ უკვე მერამდენედ იდგმება ლონდონის სცენებზე, დათვლა გამიჭირდა. ამჯერად დადგმას თბილად გამოეხმაურა პრესა, აქეს და ადიდეს მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები, რეჟისორი და ყველა, ვისი ქებაც არ დაეზარათ. აგერ, შეხედეთ, პრემიერაზე რა ვარსკვლავთცვენა იყო:

ფილმი გახსოვთ? უილ სმიტის პირველი სერიოზული როლი, დონალდ საზერლენდი, იან მაკელენი და ბევრი სხვა. ერთი სიტყვით, 1990 წელს დაწერილი ეს პიესა დღემდე განაგრძობს სიცოცხლეს ამათუიმ ფორმით. არტ-დილერის მდიდრულ ოჯახში უცებ შემოჭრილი შავკანიანი ყმაწვილი ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. სახლის მდიდარ პატრონებს მოატყუებს, კოლეჯში თქვენს შვილებთან ერთად ვსწავლობდი და რაც მთავარია, სიდნი პუატიეს შვილი ვარო. ესენიც იჯერებენ, იმდენად ოსტატურად იტყუება ნიჭიერი ყმაწვილი. მერე ყველაფერი ირკვევა, ბიჭი ერთი უსახლკარო, შეუმდგარი აფერისტი აღმოჩნდება და ციხეში ამოყოფს თავს. მდიდარი არტ-დილერის ცოლს კი სინდისი ქენჯნის, ამ ბიჭს ხომ მხოლოდ კარგი და უზრუვნელყოფილი ცხოვრება უნდოდა, და ვინ იცის, ასეთ ნიჭიერს შესაბამისი ხელშეწყობა რომ ჰქონოდა, მისგან რა ან ვინ დადგებოდა. პათეტიკა, ცოტა ცრემლი, ამერიკული მორალიზმი და ყალბი სინდისის ქენჯნა: რამდენ ადამიანს სჭირდება ჩვენი დახმარება, ჩვენ კი გულგრილად გვერდს ვუქცევთ მათ… ერთი სიტყვით, მიუხედავად ალაგ-ალაგ საინტერესო გამონათებებისა, ბროდვეის საუკეთესო ტრადიციებში დადგმულმა სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამერიკული მეინსტრიმ თეატრი ნაგავია და ბევრს არაფერს არ ვკარგავ, ზედმიწევნით კარგად რომ არ ვიცნობ მას. ასე რომ, მშვიდად ვარ.
 
***
სამშაბათს ქრის ქემპბელს შევხვდი, ნაციონალური თეატრის ლიტგანყოფილების თანამშრომელს – ბევრი ვილაპარაკეთ თანამედროვე ბრიტანულ დრამატურგიაზე, ახალი სახელები მირჩია, ბლოკნოტში თავისი ხელითაც კი ჩამიწერა. ვკითხე, როგორ ხდება, რომ ყველა სპექტაკლზე ყოველთვის სავსეა დარბაზები-მეთქი, აბა, რა გითხრა, ამის ლოგიკური ახსნა თვითონაც არა მაქვს, უბრალოდ, ქალაქი დიდია, ეს ერთი და მეორე – ბრიტანეთში თეატრში სიარული ძალიან ჩვეულებრივი რამაა, ყველა დადის, ასაკის, განათლების და სოციალური ფენის მიუხედავადო. ამას გარდა, ისიც აღნიშნა, გულისტიკივილით, უცხოურ დრამატურგიას საკმაოდ იშვიათად დგამენ ლონდონის თეატრები, ერთის მხრივ იმიტომ, რომ ადგილობრივი იმდენია, სად წავიღოთ არ ვიცითო. (სიმწრისგან კინაღამ ცრემლები მომადგა თვალებზე 🙂 საქართველოში რა ხდება ამ მხრივ, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. არავითარი თეთრი და კეთილშობილი შური – უშავესი შურით მშურს ბრიტანელი დრამატურგების! აი, ასე!) ქრისმა ისიც დაამატა, ბრიტანული პიესები კი დამოგზაურობს მსოფლიოში, სხვადასხვაგან იდგმება, მაგრამ რეჟისორებს ნაკლებად იწვევენ სამუშაოდ, რადგან აქაური მუშაობის სტილი კონტინენტური ევროპისგან ძალიან განსხვავდებაო. ამაში, ალბათ, ის იგულისხმა, რომ ბრიტანელი რეჟისორების უმრავლესობა ტექსტის მონაა, არ ფიქრობს გარეგნულ ეფექტებზე, ძალიან უღრმავდება თითოეულ სიტყვას და მსახიობებთან მუშაობას ანიჭებს უპირატესობას. შესაბამისად, უყურებ სპექტაკლს და ფიქრობ, რა კარგად თამაშობს ესა თუ ის მსახიობი, მაგრამ გავიწყდება, რომ ეს არა მხოლოდ ამ მსახიობის, არამდე რეჟისორის დიდი დამსახურებაცაა (ყოველ შემთხვევაში, ბრიტანეთში ასეა).
***
სამშაბათის გიჟური დასასრულისთვის მეთიუმ ამჯერად ძალიან კარგად იზრუნა. მეთიუს შემოვევლე, ეს რა კარგ ადგილას გამიშვა! მაშ ასე, თავი ნამდვილ სურეალიზმში ამოვყავი – წარმოდგენას ერქვა ‘ფული’, მას ერთი კონკრეტული რეჟისორი, დრამატურგი და ა.შ. არა ჰყავს, ეს მთელი შემოქმედებითი ჯგუფის ერთობლივი ნამუშევარია. შედიხარ რაღაც საწყობის მსგავს შენობაში, რომლის შიგნითაც უზარმაზარი კონსტრუქციაა აგებული. ჯერ ჩაფხუტიანი მოტოციკლისტ-პოლიციელის ფორმაში გამოწყობილმა ყმაწვილმა, რატომღაც, ბუშტები ჩამოგვირიგა. მერე, როცა მაყურებელი მოგროვდა ამ გარაჟ-საწყობში, უხეშად წაგვართვა ეს ბუშტები, სანთლებიც ჩაგვიქრო და ხელით გვანიშნა, კონსტრუქციაში შებრძანდითო. ამის პარალელურად ასევე გამოწყობილი მეორე ყმაწვილი ბოლო ხმაზე მღეროდა ჟაკ ბრელის ცნობილ სიმღერას:

დაინტრიგებული პუბლიკა სადღაც სიბნელეში შეგვდენეს, შუქი ჩაგვიქრეს და სრულ სიბნელეში ისეთი ხმაური ატყდა, თან რომ გეცინება, მაგრამ გულის სიღრმეში გეშინია. მერე, როცა შუქი აინთო, მატარებლის ვაგონ-რესტორნის მსგავს სივრცეში ამოვყავით თავი… გამცილებლები შემოდიოდნენ და გადიოდნენ, გვაცინებდნენ, გვემუქრებოდნენ, ერთ-ერთი ძალიან ფიცხი იყო და ყველაფერზე ბრაზდებოდა, იმაზეც კი, რომ მის რიტორიკულ კითხვებს არავინ პასუხობდა. მერე ბუმბულებმიწებებული, მოკალიბანო არსება ჩამოეშვა ჭერიდან, მერე მეორე სართულზე აგვიყვანეს, რომელიც სინამდვილეში მესამე აღმოჩნდა და ეს ბუმბულებიანი არსება აგრესიულად მოგვქეცა, სანამ იქაური ბარმენი თითო ბოკალ შაპანურს გვთავაზობდა ყველას. არსებამ პლასტმასის ბურთები დაგვიშინა, ჩვენც უკან დავუბრუნეთ, ერთი ათად. მერე მეორე სართული განათდა, რომელიც პირველი მეგონა და ახდილი იატაკის ქვეშ წყლით სავსე აუზი გამოჩნდა, მერე აუზი გაქრა და აუზის ქვეშ ფინური საუნა გაჩნდა, ესეც არ გვაკმარეს, მე-19 საუკუნის სტილში გაწყობილი სასტუმრო ოთახიც Gგამოჩნდა პირველ სართულზე თუ სარდაფში, თუ რაც ქვია. ბურთების ომით რომ დავიღალეთ, ისევ ქვემოთ ჩაგვიყვანეს და ამჯერად ლორდთა პალატაში ამოვყავით თავი, სადაც დებატები მიდიოდა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე… საათნახევრიანი წარმოდგენის მანძილზე ბევრჯერ მოასწრებდი დაბნევას, მერე ამ დაბნევიდან აზრის მსგავსი რაღაც გამოგიყვანდა, როცა გეჩვენება, რომ მიხვდი, რაზეა სპექტაკლი, მაგრამ იმწამსვე ახალი, დაუჯერებელი უცნაურობა ხდება, რომელსაც ლოგიკურ ახსნას ვერ უძებნი და ა.შ. და ა.შ. თანდათან ხვდები, რომ შენ არ გაგიფრენია, ყოველ შემთხვევაში, ყველა დანარჩენ მაყურებელთან ერთად გააფრინე, რადგან მათაც გაკვირვება ახატიათ სახეზე.

მთავარი გმირები რამდენჯერმე გვიხდიან მადლობას იმ ფულისთვის, რაც აქ მოსასვლელად დავხარჯეთ და რაც ბილეთებში გადავიხადეთ. ეს უშველებელი და ჯადოსნური კონსტრუქცია კი, სადაც სპექტაკლი თამაშდება, მათი თქმით ერთგვარი ‘საწარმოა’ რომელსაც ფული შემოაქვს. ფული ყველგან და ყველაფერში. თუ შემოსავალი იკლებს, გმირები პანიკაში ცვივდებიან, თუ იმატებს, მშვიდად და ბედნიერად გრძნობენ თავს. აჯობებს, აქ შევწყვიტო, ამის მოყოლა შეუძლებელია – როგორც სიზმარს ვერ მოყვები, ან თუ მოყვები, ძალიან გააუბრალოებ.

ისევე, როგორც ეს ვიდეორგოლი აუბრალოებს წარმოდგენას. აქ ამ კონსტრუქციას ნახავთ, რომელშიც შედიხარ ნორმალური და გამოდიხარ გიჟი. სრულებით გიჟი თუ არა, ოდნავ გიჟი მაინც. და მაინც მგონია, რომ მივხვდი, რაზეა სპექტაკლი – ძალიან მარტივად – ფულზე. სიზმარსაც ხომ ვერ უძებნით ბოლომდე ლოგიკურ ახსნას, მაგრამ რაღაც დასკვნას ხომ ყოველთვის აკეთებთ? ჰოდა, ეგრე.  

Money from Susanne Dietz on Vimeo.

პ.ს. მიყვარს თეატრი. ასეთიც მიყვარს, როცა ასე ნიჭიერად და ბოლომდე აფრენენ.

 

 

Theatre Partenrship Project between the National Theatre and the Rustaveli Theatre managed by the British Council and funded by BP and HSBC Bank Georgia.