ექსკლუზივი ლონდონიდან

სნობიზმი. ცრემლი. ფურთხი

16.03.2010 |
სნობიზმი. ცრემლი. ფურთხი

ისე მოხდა, რომ ამ შაბათს ვესტ-ენდის ათვისება დავიწყე, საფუძვლიანად და სიღრმისეულად. ღმერთო, რამდენი სნობიზმია ჩემში – თუ იქნებ, ამას სნობიზმი არ ქვია, უბრალოდ, თვალსა და გულს უხარია კოხტა და მდიდარი ვესტ-ენდი და დასაძრახი ამაში არაფერია?

 

ასეა თუ ისეა, შაბათ დილით პირველ რიგში სომერსეტ ჰაუსი დავლაშქრე. შვებით ამოისუნთქებს ჩემი მეგობარი, სოფო თორთლაძე: პარასკევს რომ ველაპარაკე და სომერსეტ ჰაუსში არ ვყოფილვარ-მეთქი, ვუთხარი, კომპიუტერის მონიტორიდან ლამის გამოძვრა აღშფოთებული, აქამდე რას მიკეთებდიო. ჰოდა, მივდევ სოფიოს მცნებასა და არც ვნანობ. სომერსეტში ამჟამად მიქელანჯელოს ჩანახატების და ესკიზების გამოფენაა, კორტოს გალერეის ბოლო სართულზე. ექსპოზიცია ისე ჭკვიანურადაა აწყობილი, დარბაზიდან დიდხანს ვერ გახვალ, ყველაფერს კითხულობ, რაც სურათების გვერდით მიუკრავთ. მიქელანჯელოს ამ ნამუშევრების დაახლოებით ნახევარი, მისი უდიდებულესობის, ინგლისის დედოფლის პირადი საკუთრებაა და გამოფენაზე მითითებულია, ეს ნამუშევარი გულომწყალედ გვათხოვა Her Majesty The Queen -მაო.

 

როგორც იქნა, მოვტყავდი გამოფენას, რომელსაც “მიქელანჯელოს სიზმარი” ქვია და თავი მეორე სიზმარში ამოვყავი – კორტოს მოცულობით არც ისე დიდ, მაგრამ დაუჯერებლად მდიდარი გალერეის სხვა დარბაზებში. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ჩემი არ იყოს, სულმნათ კორტოსაც ძალიან ყვარებია ფრანგული იმპრესიონიზმი და სურათების კოლექციონირება ამ სიყვარულის გამო დაუწყია გასული საუკუნის 30-იან წლებში. ჰოდა, ამ მყუდრო, თბილად განათებულ დარბაზებში თავი მართლაც სიზმარში გგონია. სიზმარია, აბა, რა არის, როცა ერთ კედელზე ერთმანეთის მიყოლებით სეზანის 6 თუ 7 პეიზაჟი კიდია. ამ მთლიანობაში ნათლად ხედავ განუმეორებელ მომწვანო სინათლეს, ხეებს შორის რომ აღწევს. სეზანი აქ კიდევ ბევრია. ბევრია ედგარ დეგაც – განსაკუთრებით ქანდაკებები. ბალერინები, ბალერინები და ისევ ბალერინები. თითქოს ერთმანეთის მსგავსი, მაგრამ მაინც მოუყირჭებელი. იმ წუთას ძალიან მომინდა, იმ დარბაზში სოფო კილასონია ყოფილიყო, ბალეტზე შეყვარებული არტ-კრიტიკოსი. კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო: სიორა, ტულუზ-ლოტრეკი, მანე, მონე, გოგენი, ვან გოგის ერთ-ერთი პირველი ყურახვეული ავტოპორტრეტი… თუმცა, ამ უკანასკნელზე არაფერს ვიტყვი, ‘მზესუმზირების” შემდეგ ბაბუაჩემად მიმაჩნია და მიკერძოებაში ჩამეთვლება. კიდევ ბევრია აქ გამოფენილი, რენუარი, კანდინსკი, ქვედა დარბაზებში რუბენსი, ბოტიჩელი, ფრა ანჟელიკო და ა.შ. კორტოს გალერეიდან კმაყოფილი გამოვდივარ და ვხვდები, რაშია მისი საიდუმლო – აქ ყველაფერი ზომიერადაა მოწოდებული, ტეიტ მოდერნისა და ნაციონალური გალერეისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთი გრანდიოზულობით უბრალოდ, განადგურებენ და თავს არარაობად გაგრძნობინებენ. იქ სურვილი გიჩნდება, ყველაფერი ერთბაშად ნახო, არაფერი გამოგრჩეს- რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ერთდ დღეში და ეს საერთო შთაბეჭდილებასაც აფუჭებს. ცალკეული ნამუშევრების წინ ჩამოჯდომის, წამოწოლის ან აყუდების საშუალება არა გაქვს, გვერდიდან სხვა ტილო გექაჩება, ან სულაც, სხვა დარბაზი…

 

სულიერ საზრდოსთან ერთად არსობის პურიც ხომ სჭირდება ადამიანს, ჰოდა, დამაშვრალმა მივაშურე დრური ლეინს, სადაც 3-ის ნახევარზე სპექტაკლი უნდა მენახა. სპექტაკლამდე ბევრი დრო იყო, მივდექი, მოვდექი ამ კოხტა, მდიდრული თეატრებით სავსე ქუჩაზე და იაპონურ ფასტფუდში ამოვყავი თავი. რომ გითხრათ, სუშის დანახვაზე ნერწყვს გამოვყოფ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ გამახსენდა, რომ უკიდურესი სნობიზმის დღე მქონდა და გადავწყვიტე, გამერისკა. დავიხვავე მაგიდაზე სუშის, ასე ვთქვათ, ‘ასორტი’ და დავიწყე. ჰო, მართლა, სადმე ჩინურ-იაპონურ-ტაილანდურ ან მსგავს სამზარეულოს თუ გაეკარებით ლონდონში, აქედანვე იცოდეთ, რომ დანა-ჩანგალს არავინ მოგაწვდით, ჩხირებით მოგიწევთ ჭამა. ძალიან თუ შეეხვეწებით, აუხსნით, რომ განვითარებადი ქვეყნიდან ხართ, სადაც გლობალიზაციას ჯერ მთლად ასე არ შევურყვნივართ, რომ ჩხირების მოხმარება მასობრივად გვესწავლა, შეიძლება, მოგცენ კიდეც დანა-ჩანგალი. არ ვიცი, მე არ მითხოვია, ჩემი მეგორბის, ნატო ცაავას წყალობით, ჩხირებს დიდი ხანია, სულ მცირე მესამე თაობის ჩინელი ემოგრანტივით მოხერხებულად ვხმარობ.

 

ჰოდა, სუშის რომ დავუბრუნდეთ – ‘კომპლექტში’ რამდენიმე სახის მოსასხამ-მოსაპკურებელი მოჰყვა (dressing -ის უკეთესი თარგმანი თუ გეგულებათ, არ დამიმალოთ), კიდევ ბლომად ბალახ-ბულახი, შიგ ჩაყრილი გოგრის მოხალული თესლით. არ ვიცი, ამ გემოს რა ქვია, მაგრამ თბილისური საშინელება, რასაც იქაური რესტორნების მეპატრონეები სუშის ეძახიან, თურმე სულ არ ყოფილა სუში. გემო იმდენად ნაზი და დახვეწილია, რომ მთელ თაიგულს გამოარჩევ. მიჭირს აღწერა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჰემინგუეის საყვარელი მარკის ბლოკნოტში, Moleskine -ში ვწერ, მისი მადლი აშკარად არ გადმოსულა ჩემზე, თორემ როგორც ჰემინგუეი “ფიესტაში” აღწერს საჭმელ-სასმელს, მეც ეგრე უნდა ვირჯებოდე ახლა. ეტყობა, მართლა ძალიან უნდა გიყვარდეს სმა-ჭამა, ამ თემაზე დამაჯერებლად რომ წერო. მოკლედ, უბრალო სიტყვაზე მენდეთ – სუში საოცრება იყო. ამასობაში 2 საათიც გახდა. სეპქტაკლის დაწყებამდე მოსაწევად და დრური ლეინზე ჩასასეირნებლად გავედი, ტევისტოკ სტრიტამდე (როგორ სნობურად ჟღერს, თქვით?!)

 

 ნაწილი 2: ცრემლი

ნიუ ლონდონ თეატრში ნაციონალური თეატრის გახმაურებული დადგმა, ‘საომარი ცხენი’   ვნახე. ცოტა უნდობლად ვიყავი განწყობილი აფიშებზე ჩაწიკწიკებული 5ვარსკვლავიანი შეფასებების მიმართ, ყველა (!) ლონდონურმა გაზეთმა ერთხმად რომ დაუწერა სპექტაკლს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეფასება საერთოდ ძალიან იშვიათია.

 

რახან ამ სპექტაკლს ცოცხალი გადავურჩი, სენტ პოლის ირგვლივ მეტანიები უნდა შევასრულო მადლიერების ნიშნად. ეს არის ბიჭის და ცხენის მეგობრობის ამბავი, მოქმედება პირველ მსოფლიო ომამდე იწყება და მასთან ერთად მთავრდება. სოფლელი ბიჭი პატარა ჯიშიან კვიცს გამოზრდის, სახელად ჯოს დაარქმევს და ისე შეეჩვევა, რომ მისთვის სიცოცხლის დასათმობადაც კი მზადაა. მერე ცხენს ბრინატული არმიის ოფიცერს მიჰყიდის ხარბი და ლოთი მამამისი და იწყება ნამდვილი ეპოპეა. ცხენი მრავალ პატრონს გამოიცვლის, გულჩვილი გერმანელის ხელშიც კი აღმოჩნდება, ზარბაზნებსაც ათრევს ბრძოლის ველზე… სანამ მის საძებნელად ომში წასული 16 წლის პატრონი რაღაც სასწაულით არ მიაგნებს და სიკვდილისგან იხსნის უსაყვარლეს მეგობარს. ვიცი, ბანალურად ჟღერს, ერთი უბრალო, საბავშვო ისტორიაა, მაგრამ რომ იცოდეთ, რა ხდებოდა სცენაზე! მსახიობებთან ერთად სპექტაკლში ნატურალური ზომის მარიონეტი-ცხენები მონაწილეობენ. ტყავის, ხისა და ნაჭრისგან შექმნილ საოცრად მოქნილ თოჯინებს სამ-სამი მეთოჯინე მართავს. ცხენებს ყველაფერი შეუძლიათ, ყურების, კუდის, კისრის, ფეხების მოძარობა და ა.შ. სპექტაკლის დაწყებიდან ათიოდ წუთში საერთოდ ვეღარ ამჩნევ, რომ მარიონეტებს ადამიანები მართავენ და მათ ნამდვილ ცხენებად აღიქვამ. ფანტასტიური მხატვრობა, ბრწყინვალე განათება, ფოლკლორულად სტილიზებული მუსიკა და სიმღერები, შთამბეჭდავი ბატალური სცენები, არაჩვეულებრივად გულწრფელი მსახიობები, შიგადაშიგ კეთილი იუმორი და მძიმე, დრამატული ისტორია კეთილი ფინალით. პირველი მოქმედების დროს რამდენჯერმე შევიკავე თავი, რომ არ მეტირა. ასე არასოდეს გამხარებია ანტრაქტი, სუფთა ჰაერზე გამოვვარდი და დასამშვიდებლად ღრმად ვსუნთქავდი. სიგარეტი არც კი გამხსენებია. მეორე მოქმედებაზე კი უკვე აღარ ვცდილობდი თავის შეკავებას, სრულიად მოურიდებლად ვტიროდი. ერთგან ინგლისელი ოფიცერი ამბობს, კავალერიამ ომში აზრი დაკარგა, ცხენები ქვემეხების წინააღმდეგ რას გახდებიან, სულ ტყუილად ვხოცავთო.

 

სულ ტყუილად… არა მხოლოდ ამ სპექტაკლში და არა მხოლოდ პირველ მსოფლიო ომში… რაღად უნდა ამას მეტი განვრცობა.

გვერდით მრავალშვილიანი ოჯახი მეჯდა, ჩემთან ყველაზე ახლოს პატარა გოგონა, დაახლოებით 4-5 წლის. ჰოდა, ჩემი არ იყოს, ეს ბავშვიც ცრემლად იღვრებოდა, თან დედას ეხუტებოდა და ცდილობდა, მისი ცრემლები არავის დაენახა. ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ სცენაში, როცა ჯოს მეგობარი ცხენი იღუპება, ბავშვი დედას მოსცილდა და აზლუქუნებულმა დარბაზს დაუწყო თვალიერება – ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ამის შემდეგ თამამად ვტიროდით მეც და პატარა ქეითიც. სპექტაკლი რომ დამთავრდა, ბავშვს დედა აწყნარებდა. სწორედ ამ დროს გამოველაპარაკე, ქალბატონო, ბავშვი კი არა, აგერ, ამხელა კაცი სულელივით ვბღაოდი-მეთქი. გოგონას გაეღიმა და მითხრა, ქეითი მქვიაო. მე და ქეითი ყველაზე დიდხანს ვუკრავდით ტაშს და გარეთ გამოსულებს დაწითლებული თვალების სულ არ გვრცხვენოდა.

 

 

ნაწილი 3: ფურთხი

 

შენ გაიხარე, მეთიუ, იმავე დღეს მეორე, სრულიად განსხვავებულ სპექტაკლზე რომ დამიჯავშნე ბილეთი, თორემ ცხენების და ადამიანების დარდი არ დამაძინებდა. საღამოს ფინბოროს თეატრში ანდერს ლუსტგარტენის ‘ერთი დღე რასისტთან’ ვნახე. 

ვესტ-ენდური ბრწყინვალებისგან სრულიად დაცლილი, ციცქნა დარბაზი, სულ 40 მაყურებლისთვის. დაბრაზში ცოტა ოფლის და ცოტა ფეხის სუნი, ქუჩიდან შემომავალი სირენების ხმა და მაყურებელთან დაპირისპირებული, ძალიან ახლოს მდგარი უბრწყინვალესი მსახიობები, რომლებიც აღშფოთებულნი ლამის სახეში გაფურთხებენ. პიესა თანამედროვე ბრიტანეთისთვის სუპერ აქტუალურ პრობლემას, ემიგრანტებს და ნაციონალიზმის აღზევებას ეხება. მთავარი გმირი შუა ხნის ინგლისელი კაცია, რომელსაც სიღარიბეში უწევს ცხოვრება და ნერვებს უშლიან ემიგრანტები, მისი თქმით, ‘ლუკმას რომ ართმევენ’. ჰოდა, დაკრავს ფეხს და ბრიტანეთის ნაციონალურ პარტიაში გაწევრიანდება. თან ამტკიცებს, რასისტი ნამდვილად არა ვარ, უბრალოდ, ჩვენ, ნამდვილ ბრიტანელებს დაგვიბრუნონ ყველაფერი, რაც მთავრობის მხრიდან ემიგრანტებზე განსაკუთრებული ზრუნვის გამო დავკარგეთო. თქვენ იკითხავთ, რამ მაიძულა, ბოლომდე მენახა ამ საკმაოდ მოსაწყენ თემაზე დადგმული ორმოქმედებიანი სპექტაკლი? რამ და, რასაც ბრიტანულ დრამაში in-yer-face-theatre  ქვია, 90-იანი წლების დიდი ტრადიცია, როცა დრამატურგები აქტუალურ პრობლემებზე შეურბილებლად, სრული და რელობის იდენტური სისასტიკითა და სიმართლით წერენ. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, ჩვენთან, საქართველოში რომ დაედგათ ამის მსგავსი პიესა, რა თქმა უნდა, ქართულ რეალობაზე მორგებული.

 

არ ვიცი, ვერ ვიწინასწარმეტყველებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია – კარგი გალაწუნება in-yer-face სტილში ნამდვილად არ აწყენდა ქართულ თეატრს, რომელიც კარგა ხანია უკვე, თითქმის მთლიანად საღმეჭ მაიმუნობად და უაზრო გართობად გადაიქცა. გართობის და მხიარულების მტრად ნუ გამომიყვანთ, მაგრამ იმაზე ოცნების უფლება დამიტოვეთ, 40კაციან, გაოფლილ და ფეხის სუნიან დაბრაზში მაინც ვნახო სპექტაკლი საქართველოში, სადაც მსახიობები მე, ქართველ მაყურებელს სახეში შემაფურთხებენ (ორივე მნიშვნელობით). ჰქონდეს ამ ალტერნატივასაც არსებობის უფლება, თორემ გართობა, მიუზიკლები და კომედიები რომ ლონდონში უყვართ, იცოცხლე, ჩვენ არასოდეს დაგვესიზმრება. თუმცა, პარალელურად, უმძიმესი და უსერიოზულესი სოციალური თემები არასოდეს ჩამოდის სცენებიდან. ვინ თქვა, რომ ‘შეკვეთა’ განაპირობებს ‘მიწოდებას’? საიდან მოვიტანეთ, რომ ქართველ მაყურებელს სცენაზე პრობლემის ჩვენება არ სჭირდება? რა ვაჩვენეთ და რა არ მიიღო?

 

ბოდიშს ვიხდი, ძალიან შევიჭერი მსაჯულის როლში, ლუსტგარტენის პიესის პათოსი გადმომედო, როგორც ჩანს. თუმცა, იმედია, ეს პათოსი არ გადამივლის ცოტა ხანს მაინც. რა ვიცი, იქნებ გამომადგეს.

 

პ.ს. დაგღალეთ და მეც დავიღალე. შემდეგი ჩანაწერი, იმედია, მოკლე და მხიარული იქნება. უბრალოდ, შაბათი დღე იყო ასეთი – ძალიან ჭრელი და მდიდარი. ალბათ, ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, საუკეთესოც (ჯერჯერობით).

 

Theatre Partenrship Project between the National Theatre and the Rustaveli Theatre managed by the British Council and funded by BP and HSBC Bank Georgia.