ექსკლუზივი ლონდონიდან

ჯერემი აირონსი და ჯონათან პრაისი

18.03.2010 | 1416 |
ჯერემი აირონსი და ჯონათან პრაისი
ეს კვირა სასიამოვნო ამბით დაიწყო, ორშაბათ დილით მეთიუმ მითხრა, ამ საღამოს სცენაზე ჯერემი აირონსს ნახავო. ეს უკვე თავისთავად კარგი ამბავია, მაგრამ რომ გავიგე, თურმე დენის კელის ახალ პიესაში თამაშობს, მთლად გადავირიე და მთელი დღე კომპიუტერთან გავატარე, სპექტაკლის მოლოდინში სხვას ვერაფერს ვაკეთებდი. ამიტომაც იყო, საღამოს 5 საათისთვის, როცა ნაციონალური თეატრის სტუდიას ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე მოადგნენ, მოკითხვის შემდეგ პირველი, რაც მკითხეს, რა სახე გაქვს, კაიფში ხომ არა ხარო. ნატა და ნიკა სტუდიის მოწვევით ლონდონში 2 კვირას დარჩებიან, მე კი ახლა ისევ ჯერემი აირონსს დავუბრუნდები. 7 საათზე უკვე ჰემფსთედის თეატრში ვიყავი და მოუთმენლად ველოდი სპექტაკლის დაწყებას. დენის კელის ახალი პიესა, “ღმერთის გოდება”  160 გვერდიანია, ამან ცოტა კი დამაფრთხო, მაგრამ არა უშავს. აჰა, დაიწყო – უზარმაზარი მაგიდის თავში აირონსი დგას, დიდი კორპორაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი. აწ უკვე დაბერებული, ჭეშმარიტი ბრიტანელი ლორდის დიქციით, დიდხანს უყვება თანამშრომლებს უცნაურ, საშინელ სიზმარს, რომელსაც თავი და ბოლო ვერ გაუგო. ეს მონოლოგი სიმპტომატური აღმოჩნდა – ვერც პიესას და შესაბამისად, ვერც 3საათიან სპექტაკლს, მე პირადად, თავი და ბოლო ვერ გავუგე. როგორც ჩანს, პირველი მოქმედების შემდეგ სანახევროდ დაცლილი დარბაზი იმაზე მეტყველებს, რომ მე ერთადერთი არ ვყოფილვარ. მოქმედება ასე ვითარდება – აირონსის გმირი ორ თანამშრომელს გამოარჩევს და კომპანიის ხელმძღვანელობას მათ გადააბარებს, ისინი ჯერ აირონსს ებრძვიან, მერე კი ერთმანეთს უპირისპირდებიან. აქამდე ყველაფერი რეალისტურ გარემოში, ჩვეულებრივად ვითარდებოდა, აი, ამის შემდეგ კი სცენაზე კოშმარი იწყება – ნამდვილი ომი, ალოგიკური და უკიდურესად სასტიკი. ანგრევენ დეკორაციას, სამხედრო ფორმებში გამოწყობილები, ავტომატებითა და დანებით ხოცავენ ერთმანეთს – თან გაიძახიან, ეს სამყაროს დასასრულია და ვერსად გაიქცევიო. საკუთარი შვილის მიერ სასტიკად ნაცემი აირონსის გმირი კი თავს ერთ გოგონას აფარებს. ეს გოგონა ობოლია, მამამისს აირონსის გმირმა კარიერა დაუნგრია, რის გამოც გოგონას ოჯახი დაიღუპა. ბარბარა (ასე ქვია გოგოს) ერთგულად უვლის უცნობ მოხუც კაცს. ქალაქი იბომბება, კომპანიის დაპირისპირებული შეფები ამ სასტიკ ბრძოლაში არავის ინდობენ. მოხუცი და ბარბარა ტყეში გარბიან. ბარბარა შეიტყობს კაცის ვინაობას, თავიდან იშორებს, მაგრამ ეცოდება ავადმყოფი მოხუცი და მაინც ეხმარება მას. სპექტაკლის ბოლო 1 საათი ნამდვილი ‘მეფე ლირი’ იყო და აი, სწორედ აქ ვერ ივარგა აირონსმა – ძალიან არათანაბარი აქტიორული ნამუშევარი შემოგვთავაზა. ფინალურ სცენაშიც უსაშველოდ ყალბი იყო, როდესაც გოგონას შემთვევითი ტყვია მოკლავს, ის კი სიგიჟის ზღვარზე მყოფი დაიტირებს თავის ‘კორდილიას’. 
დაბრაზიდან ძალიან დაბნეული გამოვედი. მეორე დილით კი, მეთიუს შტაბეჭდილებებს რომ ვუზიარებდი, ვუთხარი, მე ამ სპექტაკლს 5 კითხვის ნიშანს დავუწერდი-მეთქი ვარსკვლავების ნაცვლად. მართლა დავიბენი, შიგადაშიგ ვიცინოდი, შიგადაშიგ მბეზრდებოდა გაწელილი სცენები… საბოლოო ჯამში ეს რეჟისორის, დრამატურგის და მსახიობების საერთო დამსახურებაა. ვერ ვიტყვი, რომლის უფრო მეტად, ან – ნაკლებად. ერთი კია, ჯერემი აირონსს ყოველ მეორე დღეს ნამდვილად არ ვნახულობ სცენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ როლში ჩავარდნები ჰქონდა, უთუოდ იგრძნობდი, რომ ნამდვილად დიდ არტისტს უყურებ და იმ დილით, უბრალოდ, ცუდ ფეხზე ადგა. 
***
სამშაბათს კი ორი სპექტაკლი უნდა მენახა – აქედან პირველი, ნაციონალური თეატრის ‘ნაცია’ 
პირველი მოქმედების შემდეგ გულის დაწყვეტის გარეშე დავტოვე. ეს მდიდრული, მაგრამ ერთობ შეუკრავი საბავშვო დადგმა მეტისმეტად მოსაწყენად მომეჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლისთვის პრეტჩეტის რომანის ინსცენირება თავად მარკ რავენჰილმა გააკეთა. მაპატიე, ჩემო კერპო, მაგრამ ეს აშკარად არ იყო შენი კარგი ნამუშევარი. თუმცა, მესმის შენი, კომერციული შეკვეთები ყველას გვჭირდება. ფული ხომ გვინდა…
***
საღამოს სპექტაკლამდე ნატასთან და ნიკასთან ერთად ფეხით იმდენი ვიბოდიალეთ ლონდონის ქუჩებში, რომ სპექტაკლებზე ღრმად და გემრიელად გამოსაძინებლად მოვეზადეთ სამივენი. თუმცა, ნ. & ნ. იმ საღამოს ’საომარ ცხენზე’ მიდიოდნენ (წინა ჩანაწერში რომ მოგიყევით ცრემლების ამბავი), მე კი, ტრაფალგარ სტუდიოში ჰაროლდ პინტერის ’დარაჯი’  უნდა მენახა. პინტერის ლეგენდარული პიესის ამ დადგმის შესახებ პრესა სულ აღმატებით ხარისხში წერდა, რომ კრისტოფერ მორეჰენის ეს ინტერპრეტაცია ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ბრიტანულ სცენას 1960 წლის შემდეგ უნახავს. განსაკუთრებული პატივი კი ჯონათან პრაისს ერგო, მთავარი როლის შემსრულებელს. პრესის რეცენზიებს ამ შემთვევაში სულით და გულით ვეთანხმები. ეს იყო მინიმალისტური, ძალიან გააზრებული და ზუსტი დადგმა – არავითარი მუსიკა. უცვლელი დეკორაცია და ბრწყინვალე მსახიობები (ჯონათან პრაისს ნამდვილად ღირსეულ პარტნიორობას უწევენ ახალგაზრდა მსახიობები). ნახევრად ცარიელ დარბაზში, პირველ რიგში ვიჯექი და ვტკბებოდი უგრძეის მონოლოგებით – სადაც მსახიობების ოსტატობას, გადაუჭარბებლად ვიტყვი, საზღვარი არ ჰქონდა. პინტერის ეს ცნობილი პიესა ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ სულ სხვანაირად აღვიქვი, ბევრად უფრო საინტერესო, სასაცილო და აბსურდული, ამოუცნობი მეჩვენა, ვიდრე აქამდე მეგონა.
 
ნატას და ნიკას (თავის მხრივ, ისინი ’საომარი ცხენით’ აღფრთოვანდნენ!) შთაბეჭდილებები გავუზიარე, ვურჩიე, აუცილებლად ენახათ ეს დადგმა. მერე საღამოს ჩაიც დავლიეთ, მე და ნატა სიგარეტის მოსაწევად ქუჩაში ჩამოვედით და დღეც დამთავრდა. 
 ახლა მოვრჩი ამ ტექსტის აკრეფას და არიქა, კისრისტეხით უნდა გავვარდე კოვენტ გარდენზე, შესანიშნავ ადამიანთ, ჯეკ ბრედლისთან შეხვედრაზე. დღის განმავლობაში კი ორი სპექტაკლი უნდა ვნახო. ასე რომ, ხვალამდე.