თამარას ბლოგი ბავშვებისთვის

საბავშვო ლიტერატურა

01.04.2010 | 1415 |
საბავშვო ლიტერატურა

ბლოგისათვის მეორე ჩანაწერის გაკეთება ცოტა არ იყოს დამიგვიანდა. მართალია პირველივე ჩანაწერის შემდეგ შევარჩიე მორიგი თემა, თეზისებიც ჩამოვწერე (ჰო, ზედმეტად სერიოზულად ვუდგები ჩემს ბლოგს), თუმცა ვერ იქნა და დასრულებას თავი ვერაფრით მოვაბი, ბოლოს გადავწყვიტე უბრალოდ დამეწერა. მაშ ასე, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა საბავშვო ლიტერატურის ჟანრებია. სანამ წერას შევუდგებოდი, ცხადია, ვეცადე მომეძიებინა ლიტერატურათმცოდნეობითი ნაშრომები, რომლებიც საბავშვო ლიტერატურის ჟანრებს შეეხებოდნენ (რადგან ჟანრობრივი დაყოფის საკითხი ზოგადად ძალიან მაინტერესებს, ვიფიქრე, ამ მიმართულებით ფიქრი ჩემთვისაც სასიამოვნო იქნებოდა და მკითხველისთვის, იმედი მაქვს, სასარგებლო) ასე იყო თუ ისე, რამდენიმე საინტერესო წიგნს გადავაწყდი.თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ საბავშვო ლიტერატურის სხვადასხვა პრინციპით ყოფენ.

ამერიკაში, სადაც წიგნის ბაზარი ქართულთან შედარებით, წარმოუდგენელი მასშტაბისაა, საბავშვო ლიტერატურის კატეგორიები გამოყვეს (Nancy Anderson, associate professor in the College of Education at the University of South Florida, ნენსი ანდერსონი სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი):
·    ნახატიანი წიგნები
·    ტრადიციული ლიტერატურა, (ქვეჟანრებად გამოყოფილია, მითი, ზღაპარი, ბალადა)
·    მხატვრული ლიტერატურა, (ქვეჟანრებად გამოყოფილია ფანტასტიკური მხატვრული ლიტერატურა, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოებში შესული მხატვრული ტექსტები, რომელიც შესაძლოა ავტორთა ჯგუფის მიერ იყოს შემუშავებული, კონკრეტული მიზნისათვის, მაგალითად კითხვის უნარის შემოწმება)
·    დოკუმენტური პროზა
·    ბიოგრაფია
·    პოეზია
კატეგორიების გამოყოფისას, მკვლევარი არ მისდევს ჟანრობრივ ძიებებს, მეტად იგრძნობა რომ ე.წ. სამიზნე ჯგუფი, რომელსაც წიგნი უნდა მიჰყიდონ კარგადაა შესწავლილი, ნაშრომის კითხვისას ჩანს რა მასშტაბისაა წიგნის ბაზარი. არის კიდევ ერთი, ასაკობრივი  პრინციპი საბავშვო ლიტერატურის კატეგორიების გამოყოფისა:
·    0-5 წლამდე
·    5-7 წლამდე
·    7-11 წლამდე
·    7-9 წლამდე
·    9-12 წლამდე
·    13-18 წლამდე
ვკითხულობდი ამ ნაშრომს და მართალი გითხრათ, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მრჩებოდა, ვერც ჩემთვის საინტერესო ჟანრობრივ ძიებებს მივაგენი და თითქოს არც მკვლევარის დამოკიდებულებამ მომხიბლა, მოკლედ, ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანი იყო, პირშიჩალაგამოვლებული რომ რჩები, ვიფიქრე, სხვა ნაშრომებიც მენახა, ბევრი ვეძიე თუ ცოტა, ჩემთან ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი, ‘თავისი ფეხით’ მოვიდა, ეს გახლავთ ჯიმ ტრელისის ‘ხმამაღლა კითხვის სახელმძღვანელო’ (Jim Treseale,The Read-Aloud Handbook, 1982)

უნდა ვთქვა, რომ კარგა ხანია, ამ წიგნივით არაფერი მომწონებია, შესავალს ასეთი ლექსი უძღვის:
you may have tangible wealth untold:
Caskets of jewels and coffers of gold.
Richer than i you can never be_
I had a mother who read to me’
by Strickland Gillian
მიუხედავად იმისა, რომ საკლასიფიკაციო ნიშნები ამ წიგნში არსებითად იგივეა რაც ზემოთ ნახსენებ ნაშრომში, ავტორის გამოცდილება მას უნიკალურს ხდის.
თავიდანვე განგაწყობთ წიგნის მიძღვნაც:

‘ჩემს შვილიშვილებს, კონორს, ტაილერს, კირნანს და ტესის_საუკეთესეო მსმენელებს, როგორებიც კი ხანშიშესულ წყვილს შეეძლო ეპოვნა.

და ელვინ რ. შმიდტს, მეცხრე კლასის ინგლისურის მასწავლებელს ნიუ ჯერსიში, რომელმაც ნახევარი საუკუნის წინათ, გამონახა დრო თავისი ერთ-ერთი მოწაფის მშობლებისათვის მისაწერად, რომ ეთქვა, ნიჭიერი შვილი გყავთო. არც ის და არც მისი სიტყვები არასდროს მიეცემიან დავიწყებას’

მოკლედ, გარდა იმისა, რომ ამ წიგნით ავტორის მიერ ათწლეულების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას გაიზიარებთ, არის ამ წიგნში რაღაც ძალიან ღირებული რაღაც იმ საიდუმლო შეგრძნების მსგავსი ბავშვობაში წიგნის კითხვისას რომ განგიცდიათ, მოკლედ, ისიამოვნეთ, ჟანრობრივი დაყოფის მშრალ საკლასიფიკაციო ნიშნებზე კი სხვა დროს.