თამარას ბლოგი ბავშვებისთვის

ქვეყანა, სადაც ლაპლანდიის უნივერსიტეტი მდებარეობს

12.05.2010 |
ქვეყანა, სადაც ლაპლანდიის უნივერსიტეტი მდებარეობს

ფინური განათლების სისტემა საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში. ფინეთში არ არსებობს ელიტარული და “მუშათა კლასის” სკოლები, განათლების კერძო სექტორში ფასები დანარჩენ სამყაროსთან შეუდარებლად დაბალანსებულია, (თუმცა კერძო სექტორი მთლიანი სტრუქტურის უმნიშვნელო ნაწილს შეადგენს). ფინური განათლების სისტემა უფასო და კარგად გამართულ ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან ერთად, კიდევ ერთი საამაყო ნაწილია სახელმწიფო პროგრამის, რომელიც მოიცავს ადამიანის ცხოვრებას, ლამის მუცლადყოფნიდან გარდაცვალებამდე.

ფინეთის მოსახლეობა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით,ჰომოგენურია. ეკლესიის (ლუთერანულის) როლი დაბალანსებულია, გასაკვირიც არ არის, თავად ლუთერის რეფორმა ხომ საბოლოოდ საერო, (მეფის) ხელისუფლების უზენაესობამდე მივიდა. პროტესტანტიზმში ბევრი რამ მომწონს, უფრო სწორად, ნათლად ვხედავ, რომ ბევრმა პროტესტანტულმა იდეამ ჩამოაყალიბა დღევანდელი სამყარო ისეთად, როგორიც არის.
მაგალითად, ცნობილია რომ პროტესტანტიზმმა, უფრო კი ლუთერანობამ ,მნიშვნელოვნად გაზარდა წიგნის (რა თქმა უნდა ბიბლიის) ბეჭდვა და მოხმარება (დანიშნულებისამებრ), სადღაც წამიკითხავს, რომ დანიელ დეფომ თავის მაგნუმ ოპუს „რობიზონ კრუზოს მოგზაურობაში“ იდეალური პროტესტანტის სახე დახატა. ანუ ადამიანის რომელიც ყველაფრის გარეშე, წიგნის, ბიბლიის ამარა რჩება, უკაცრიელ კუნძულზე.
პროტესტანტიზმში ადამიანის რელიგიურმა გრძნობებმა პომპეზური ტაძრების, მათი მხატვრობების, უძვირფასესი სასულიერო შესამოსელის და ათასი ამბის მერე, ისევ გულში დაიდო ბინა – მე ასე მგონია. გამიგრძელდა, თუმცა, რაღაც კავშირი ლუთერანობასა და ფინელების კარგად მოწყობილ სახელმწიფოს შორის, უთუოდ არის.

რა მომწონს ყველაზე მეტად ფინურ განათლების სისტემაში? ვითომ ბლოგი ის ადგილია, სადაც სტატისტიკა უნდა წარმოგიდგინოთ? მგონი რომ არა, ამიტომ ჩემს განწყობებზე მოგახსენებთ მოკლედ და დასასრულს, რამდენიმე საინტერესო ბმულს შემოგთავაზებთ.

მომწონს, რომ ჩვენს პლანეტაზე არის ქვეყანა, სადაც „an accident of birth” ფაქტორი არ მუშაობს- თუ ფინეთში დაიბადე, ეს შენთვის განვითარების თანაბარ პირობებს ნიშნავს, სხვა საკითხია, რომ დანარჩენ პლანეტაზე ნახსენები ფაქტორი ისევ წესად რჩება, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ ყველანი ფინეთში არ ვიბადებით, ანუ ყველას არ გვიმართლებს. ცხადია, ვხუმრობ.

მომწონს, რომ დაწყებით კლასებში, სიმყუდროვის შესაქმნელად ყველა იხდის ფეხსაცმელს. უცნაურია და კარგი. ოთახი, სადაც მეცადინეობები ტარდება მაქსიმალურად კომფორტულია და მოსწავლეებზე მორგებული, ეს მათი გარემოა. და მასწავლებლები? ერთ-ერთი აღმზრდელის ინტერვიუს ვუსმინე, (ევრონიუსზე სპეციალური რეპორტაჟი მიეძღვნა ფინურ განათლების სისტემას) რომელმაც თქვა, რომ ის სკოლის დედაა. და რა ბედნიერი ვიყავი როცა არაფერი მახინჯი ამ ნათქვამში არ შემინიშნავს, ანუ ეს იმ ადამიანის სიტყვები იყო, ვინც თავად არის რეალიზებული (ფინელ პედაგოგთა უმრავლესობა არ წყვეტს კავშირს საუნივერსიტეტო განათლებასთან, რაც ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია) და სურს დრო დაუთმოს სწავლებას, თანაც იცის ეს როგორ აკეთოს და თანაც სახელმწიფო ამის საშუალებას აძლევს.

რადგან სათაურშივე უნივერსიტეტი მოვიხსენიე, ვაპირებდი ერთ-ორი სიტყვა ფინურ უმარლესი განათლების სისტემაზეც მეთქვა, თუმცა აი აქ ვიგრძენი “მწუხარება სხვის სიკეთესა ზედა” ამიტომ პირდაპირ ავტორს წარმოგიდგენთ, ალბათ ფიქრობთ, რომ რახან ფინეთზე ვსაუბრობთ, დღევანდელი ავტორი ტუვე იანსონი იქნება, თუმცა არა, მინდა ვინმე „ახალი“ ვახსენოთ, ამიტომ ჰანნუ მაკელაზე შევაჩერე ყურადღება. არანაირი გათვლები, უბრალოდ მიყვარს ეს ავტორი. თქვენც გირჩევთ.

მომავალ შეხვედრამდე.

http://www.ulapland.fi/In_English.iw3
http://www.minedu.fi/OPM/