თამარას ბლოგი ბავშვებისთვის

ქართული გამომცემლობები და საბავშვო ლიტერატურა

26.05.2010 |
ქართული გამომცემლობები და საბავშვო ლიტერატურა

ცხადია, თბილისის ბოლო წიგნის ფესტივალის შესახებ ბევრი რამ ითქვა, საინფორმაციო საშუალებებს კულტურის განყოფილებაში გასაშუქებელი თემაც მიეცათ. ამ მოვლენას საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთმა თოქ შოუმაც დაუთმო დრო.  თოქ შოუში რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა დაისვა, მაგალითად, ბეჭდური წიგნის მომავლის, მწერლის სოციალური როლის, უფრო სწორად კი, მისი არარსებობის შესახებ საქართველოში.  ავტორებმა და გამომცემლებმა ქართველი ავტორების საერთაშორისო წიგნის ბაზარაზე მოხვედრის პრობლემებზეც ისაუბეს.  გადაცემის მსვლელობისას  რეალური პრობლემა გამოიკვეთა, რომელიც კვლევების არარსებობას უკავშირდება. ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ დავფიქრდი, როცა წიგნის ფესტივალს ერთი ამოცანით ვესტუმრე, მსურდა გამომცემლებისაგან გამერკვია, რა საგამომცემლო პოლიტიკა არსებობს საბავშვო წიგნებთან დაკავშირებით, (რადგან საინფორმაციო საშუალებები გვატყობინებდნენ, რომ წლევანდელ ფესტივალზე მთავარ სიახლედ „მსხვილი“ ქართული გამომცემლობები  სწორედ საბავშვო გამოცემებს წარმოადგენდნენ).

ალბათ,  გახსოვთ, ბლოგის მეორე ჩანაწერში საბავშვო ლიტერატურის ჟანრობრივი დაყოფის პრობლემის შესახებ მოკლედ ვისაუბრეთ  და ახლა, მინდოდა გამერკვია, ქართული გამომცემლობები რის მიხედვით ახდენენ საბავშვო ლიტერატურის კლასიფიკაციას. გამომცემლობებიდან ორი შევარჩიე, იმის მიხედვით, თუ რომლის სტენდზე იყო მრავალფეროვანი საბავშვო ლიტერატურა წარმოდგენილი. ‘დიოგენეს’ წარმომადგენელმა მითხრა, რომ მათი საბავშვო გამოცემები წინასწარი კვლევების შესაბამისად არ გამოიცემა, ასეთი კვლევების არარსებობის გამო, ხოლო საბავშვო სერიებიდან– მუსიკის, სპორტისა და მსოფლიო რელიგიების შესახებ, ცნობილ ფრანგულ საგამომცემლო ჯგუფ Larousse-თან თანამშრომლობით მომზადებული სამი საყმაწვილო ენციკლოპედია წარმომიდგინა.  

შემდეგ იმავე კითხვებით  “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის’ წარმომადგენელს მივმართე. აქ ჩემს კითხვაზე საინტერესო პასუხი მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ არც ამ გამომცემლობას უწარმოებია წინასწარი კვლევა რომლიმე გამოცემის მომზადებამდე,  გამომცემლობის წარმომადგენელმა ორი ძირითადი ჯგუფი დამისახელა: საბავშვო ილუსტრიებული და საბავშვო საკითხავი წიგნები. მაინტერესებდა, ხომ არ იზიარებენ ქართული გამომცემლობები ჩვენს მიერ ერთ-ერთ ჩანაწერში აღწერილ ამერიკულ ტიპს, რომელშიც წიგნების კლასიფიკაცია ასაკობრივი ჯუფების მიხედვით ხდება.  ეს ასე არ აღმოჩნდა და ამით კმაყოფილიც დავრჩი. შემდეგ ამ ორი გამომცემლობის ვებ გვერდებსაც ვეწვიე. “სულაკაურის” საიტზე კატეგორიათა ჩამონათვალში საბავშვო საკითხავი და საბავშვო შემეცნებითი განყოფილებები შემხვდა.

მოკლედ, ერთმნიშვნელოვნად ვერ გეტყვით, როგორ ახდენენ ქართული გამომცემლობები საბავშვო ლიტერატურის კლასიფიკაციას. ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ: მხოლოდ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით არ ახდენენ (კლასიფიკაცია უმეტეს შემთხვევაში ჟანრობრივია, რისი მიზეზი, რაღაც თვალსაზრისით, ბაზრის სიმცირეც არის).. ამასთან, ჩვენი  და მედიის საშუალებებით დაკვირვების შედეგად, ფესტივალის გაშუქების შემდეგაც გამოიკვეთა, რომ გამომცემლები არ ეყრდნობიან რაიმე კვლევას საბავშვო ლიტერატურის გამოცმის წინ. შეიძლება, ეს სულაც არ არის მათი „ნაკლი“, თუმცა, წინასწარი კვლევების არსებობა, უდავოდ, თანამედროვე საგამომცემლო საქმის ნაწილია. ჩვენს შემთხვევაში კი, ვფიქრობ, ნათლად შეიძლება დაგვანახოს, ბავშვებში და მოზარდებში როგორია კითხვის უნარი,  კულტურა თუ სურვილი.