როცა რონალდ კუმანმა გენუას ,,სამპდორიას” დამატებით დროში ყუმბარისებული ჯარიმა გაუტანა და კატალონიის სიამაყეს და მსოფლიო ფეხბურთის მშვენებას ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასი მოაგებინა – მახსოვს, ბებიასთან სახლში დავრბოდი პატარა ფოხნით და რაღაც მიხაროდა. არ ვიცი, რა მესმოდა 9 თუ 10 წლის ბავშვს, მაგრამ ბიძაჩემის ემოციურობა ,,ჭირივით” გადმომედო და მას მერე, რაც დავადგინე რონალდ კუმანის წარმომავლობა, ავიკვიატე, ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი უნდა გავხდე – მეთქი.
გავა კიდევ ცოტა ხანი და უკვე იმ დიდი „ბარსას“ დიდი მწვრთნელის ვინაობას დავადგენ…
აქ კი… არ შემიძლია, არ ,,გამოვირთო” ცოტა ხანი.
პიერ პაოლო პაზოლინი ფეხბურთს ბუნებასთან ყველაზე ახლოს მყოფ და ყველაზე ადამიანურ მოვლენად თვლიდა. ესთეტიკის კატეგორიად განიხილავდა მას. თუმცა, ფეხბურთი (ალბათ) ერთადერთი ნაწყვეტია სამყაროში დაბადებული სხვადასხვა სოციალური თუ არასოციალური მოვლენებიდან, ცნებებიდან, ფილოსოფიიდან და კონცეფციებიდან, რომლის ნაციონალურობასაც ვცნობ და ყველა ქვეყნის პაზოლინისეულ ,,ესთეტიკას” ერთმანეთისგან ვყოფ.
მაშინ, როცა, 70 – იან წლებში თავი ამოწურა სამხრეთ ამერიკულმა ,,შოუმ”, გაცვდა და ერთ ადგილზე დაიწყო ქანაობა პელეს და გარინჩას ,,რომანტიკამ”, როცა უძრაობა და მოძრაობა ერთმანეთში აირია და გაიყინა, როცა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა საკუთარი წარმოსახვების და სენტიმენტების ნანგრევებში ჩაიტანა ,,მოსწრებული” თაობა, ადამიანები, ვის თვალწინაც რაღაც გენიალური, რაღაც ამაღლებული, რაღაც არაადამიანური, რაღაც მკაცრი – სილამაზესა და გონებას შორის, რაღაც მათთვის (ფეხბურთის ნამდვილი ქომაგებისთვის),,წმინდა” და ნატიფი დამთავრდა… მსფოლიო ფეხბურთის ისტორიამ თითქმის 70 წელი მოითვალა და სწორედ ეს ჩემპიონატი გახდა ერთგვარი სიმბოლო და გარდატეხა ტრანსფორმაციისა მომავალი, ტოტალური ფეხბურთის უფრო მეტად რაციონალურ, უფრო სხარტ და უფრო დატვირთულ ეპოქაზე – რინუს მიხელსის და იოჰან კრუიფის ეპოქაზე…
რა იყო ტოტალური ფეხბურთის ძირითადი არსი და ,,მუღამი”?
ტოტალური ფეხბურთის ძირითადი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შექმნილიყო კოლექტივი, რომელშიც ყოველ წევრს შეეძლებოდა ნებისმიერ მომენტში საჭიროებისამებრ გაეცვალა ერთმანეთისთვის ფუნქციური როლი მოედანზე. უნივერსალურ მოთამაშეთა ნაკრები, რომელშიც ყველა ფეხბურთელს შეეძლებოდა როგორც თავდაცვითი, აგრეთვე, შეტევითი ფუნქციების შესრულება. თამაშის მიმდინარეობისას თითოეული ფეხბურთელი განუწყვეტლივ იღებს ფაქტიურ ან არაპირდაპირ მონაწილეობას გუნდის ყოველ მოქმდებაში.
საერთო სტრატეგია მდგომარეობდა შემდეგში: გუნდი იწყებდა თამაშს 1-4-3-3 ტაქტიკით, მაგრამ თამაშის მსვლელობისას ეს პირვანდელი მონახაზი გადადიოდა ეგრეთ წოდებულ „ ორგანიზებულ ქაოსში“, სადაც გადაადგილება და ურთიერთქმედებები ხორციელდებოდა, როგორც ხაზებში, ასევე ხაზებს შორისაც. ხდებოდა განუწყვეტელი მანევრირება ბურთით, უბურთოდ და მეთოდურად ხდებოდა მეტოქის დაცვის ხაზების გარღვევა. ბურთით მყოფ ფეხბურთელს ჰქონდა უდიდესი არჩევანი პარტნიორის მონახვისა შეტევის შემდგომი გაგრძელებისთვის. კარგად არის აწყობილი თამაში როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. ჰოლანდიელები გრძნობდნენ თამაშის არითმიას და მომენტალურად გადადიოდნენ პოზიციური შეტევიდან უსწრაფეს თავბრუდამხვევ ტემპზე და პირიქით.
როგორც წესი, შეტევით ოპერაციებში მონაწილეობას იღებდა 8 – 9 ფეხბურთელი. მანევრირება ხდება, ძირითადად, მაღალ სისწრაფეებზე. შეტევის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფდა: დროული გადაცემები, თავისუფალ სივრცეზე გასვლა, თავდამსხმელების სისტემატიური გადაადგილება, რათა გახსნილიყო დერეფნები ნახევარმცველებისა და მცველების შეტევის წინა ხაზზე სწრაფი შეჭრისთვის. ფაქტიურად შეტევით ოპერაციებში მონაწილეობდა მთელი გუნდი, სტოპერიდან დაწყებული ცენტრფორვარდით დამთავრებული. შეტევა იყო როგორც ფეთქებადი, აგრეთვე, პოზიციური ხასიათის და გუნდის გადაწყობა ხდებოდა მომენტალურად. გუნდის შეტევის დროს მანძილი ბოლო ფეხბურთელსა და უკიდურესად წინ მყოფ ფეხბურთელს შორის არასოდეს არ აღემატებოდა ნახევარ მოედანს, ხოლო უაღრესად მობილური დაცვის ხარჯზე კონტრშეტევების დიდი უმრავლესობა მთავრდებოდა თამაშგარე მდგომარეობით.
თვადაცვაში მონაწილეობას იღებდა აბსოლუტურად მთელი გუნდი. ცენტრალური თავდამსხელიდან დაწყებული მეკარით დამთავრებული, რაც საშუალებას იძლეოდა, რომ ბურთიან მოწინააღმდეგესთან ყოველთვის მომენტალურად ჩნდებოდა 2 – 3 ჰოლანდიელი. მოწინააღმდგეს გადასალახი ჰქონდა სამი დაცვითი ზღუდე. დაცვის სწრაფი გადაადგილების შედეგად, ძალიან მარტივად ხვდებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები.
ამ გუნდში კი მართლაც მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე შემოქმედი, იმპროვიზაციის საოცარი უნარით და უდიდესი ფანტაზიით დაჯილდოებული ,,მოთამაშე – პოეტები” დაფრინავდნენ! დიახ, ისინი რევოლუციონერი პოეტები იყვნენ, ნოვატორები, დადაისტები, სიურეალისტები, რომლებმაც მთლიანად დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს ფეხბურთის აღქმის სტანდარტული, კლასიკური ხედვები, ალბათ, ამიტომაც არის რომ პუშკაშს, ეუსებიოს, პელეს, გარნიჩას და სხვათა მომსწრე ქომაგები ბოლომდე ვერ ,,ცნობენ” ტოტალური ფეხბურთის და მისი ჰაეროვნების ამ შესანიშნავ ერთობლიობას. დიახ, ისინი იყვნენ ფეხბურთელი პოეტები, მფრინავი ჰოლანდიელები, რომელთა სახელები დღემდე რევოლუციასთან, რომანტიკასთან, მოძრაობასთან, მღელვარებასთან, ტრაგედიასთან, ტოტალურ უიღბლობასთან და უბრალოდ სილამაზესთან ასოცირდება – დიდი იოჰან კრუიფი, იოჰან ნეესკენსი, რუუდ კროლი, ჯონი რეპი და ასე შემდეგ, უდიდესი ვარსკვლავების პლეადა, რომელთა ოცნება საბოლოოდ იმ ავადსახსენებელმა ძელმა დაასამარა. არ დაგვავიწყდეს, რომ 70 – იან წლებში მოიგო ზედიზედ სამი ჩემპონთა თასი ჰოლანდიური ფეხბურთის სიამაყემ და ამჟამად ნიჭიერი ფეხბურთელების ,,ქარხანად” ქცეულმა ამსტერდამის „აიქასმა“. ეს იყო კრუიფის და მიხელსის ეპოქა! რომელსაც, სამწუხაროდ, მხოლოდ შემორჩენილი ჩანწერებიდან და ფეხბურთის თეორიტიკოსების ნაშრომებიდან ვიცნობ.
/>
დავუბრუნდეთ ბებიაჩემის სახლს, სადაც სამოქალაქო ომისგან და ათასი პრობლემისგან გადაღლილი ჩემი ოჯახის მამაკაცი წევრები (სამწუხაროდ, მდედრებს ფეხებზე კიდიათ ფეხბურთი) ფეხბურთის საყურებლად და ლუდის დასალევად იკრიბებოდნენ ხოლმე. სწორედ რონალდ კუმანის ჯარიმა, მარკო ვან ბასტენზე მონათხრობი ისტორიები, გულიტის ქარიზმა და რაიკაარდის ხუჭუჭა თავი… და შემდეგ ლაწირაკი კლუივერტის გოლი „მილანის“ კარში და ისევ რაღაც ახალი, რაღაც დიდის დასაწყისი… ლუი ვან გაალი და მისი ,,აიაქსი”, დენის ბერgკამპი და ძმები დებურები, ედგარ დავიდსი და ვან დერ საარი… თითქოს ეს ახალი ეტაპი უნდა ყოფილიყო იმ შეუმდგარი და დამსხვრეული ოცნებების, რომლებიც იმ ავადსასენებელმა ძელმა შეიწირა. თითქოს, ამ თაობას უნდა შეეძლო და მოეგო ის ნანატრი ჯილდო, რომელიც ფეხბურთის ახალი ეპოქის ფუძემდებლებმა დაიმსახურეს და ვერაფრით მიიღეს.
დანარჩენი შემდეგი ბლოგების თემაა. ხშირად და დეტალურად დავუბრუნდები ისტორიას, რომელიც სწორედ 1993 წელს დაიწო ჩემს მეხსიერებაში.
ახლა კი…
14 ივნისს პირველ მატჩი აქვს ჰოლანდიის ნაკრებს დანიასთან. მუნდიალის პირველი ომი, მით უმეტეს, ნაკრებთან, რომელიც ყოველთვის ჰოლანდიის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა. ახალი ძალა, ახალი გუნდი, ახალი სისხლი – სნეიდერის, ვან დერ ვაარტის, რობინ ვან პერსის, არიენ რობენის ლიდერობით მზად არის! იმედია წელს მაინც არ განმეორდება ,,ძელი”, არ დაინიშნება ეს წყეული თერთმეტმეტრიანები, არ იმსაჯებს ივანოვი… და რაც მთავარია, იმას, რასაც საფეხბურთო ფორტუნას უწოდებენ – წელს ჰოლანდიას გადმოხედავს.