მსოფლიო ჩემპიონატი 2010

არ მიყვარს საფეხბურთო პროგნოზები

11.06.2010 | 1193 |
არ მიყვარს საფეხბურთო პროგნოზები

ზვიად ქორიძე

ფეხბურთი მიყვარს გულშემატკივრობისთვის და განცდისთვის და არა პროგნოზებისთვის. მე ვერ ვმარჩიელობ. არასდროს ვთამაშობ ტოტალიზატორში, როდესაც ჩემი გუნდი თამაშობს. თანაგანცდისა და ნერვიულობის გარეშე ფეხბურთი უაზრობაა. ამიტომ ვგრძნობ უხერხულად თავს თბილისურ პაბებსა და რესტორნებში მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში, სადაც ფესბურთის გულშემატკივრები მხოლოდ ხერხემლის ტვინით უნდა ამოიცნო, რადგან აქ უფრო ხშირად შეხვდები ხალხს, ვინც გადმოცემით იცის, რომ ფეხბურთი ჩვეულებრივ ორი ტაიმი გრძელდება და 90 წუთს გასტანს. უფრო უხერხულად ვგრძნობ თავს, როდესაც ასევე უხერხულ კითხვებს მოვკრავ ხოლმე ყურს. ფეხბურთს უყვარს გულშემატკივრობა.

მე არ ვიცი, ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი 2010 წელს:
არ ვიცი, მოიგებს თუ არა კაპელო იმას, რაც აქამდე არ მოუგია;
არ ვიცი, შეძლებს თუ არა ესპანეთი ევროპის “ოქრო” მსოფლიო ხარისხში აიყვანოს;
არ ვიცი, რომელ იტალიელს მოუწევს მატერაცის “გმირობის” გამეორება, ან დასჭირდებათ კი? ეს ხომ საჩემპიონო ფანდი იყო;
არ ვიცი, იქნება თუ არა ისეთივე საფეხბურთო თილისმა დიეგო მარადონა სამწვრთნელო სკამზე, როგორც მოედანზე იყო;
არ ვიცი, მიიკრავენ თუ არა ბრაზილიელები მაისურაზე მეექვსე საჩემპიონო ვარსკვლავს და მერე ყველას იქედნურად გადახედავენ;
არც ის ვიცი, გააღწევს თუ არა ჩემპიონატის ნახევარფინალში რომელიმე აფრიკული კლუბი, რადგან, იოზეფ ბლატერის გაანგარიშებით, ასეთი რამ სჭირდება ფეხბურთის პოპულარიზაციას;
ბევრნი არიან, ვინც ყველა ამ კითხვაზე პასუხიც იციხ, ნიძლავსაც დაგიდებს და ტელეფონითაც დადებს სოლიდურ ფსონს ტოტალიზატორში. მე არ ვიცი.

მე ვიცი, რომ ფეხბურთის თამაში ყველა გრანდმა იცის და ყველას შეუძლია დიდი სანახაობა გვანახოს;
ისიც ვიცი, რომ ყველას შეუძლია დღეს სიურპრიზის შემოთავაზება, ამიტომ ყველა მატჩი იქნება დაძაბული;
ისიც ვიცი, რომ საზეიმო განწყობას მხოლოდ მატჩების რაოდენობა ეყოფა: ერთ თვეში – 64 თამაში;
ისიც ვიცი, რომ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი თუ მიმაჯაჭვავდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხოლო თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუტანდა იგავმიუწვდომელ რეიტინგს;

თავისთავად კარგია, რომ ამდენი რამ ვიცი და ისიც, რომ ამდენი რამ არ ვიცი. თუმცა მე ხომ მსოფლიო ჩემპიონატი პროგნოზებისთვის არ მინდა. მე მსოფლიო ჩემპიონატი გულშემატკივრობისთვის მინდა. მე-20 საუკუნის ცნობილი ინგლისური საფეხბურთო აფორიზმის პერიფრაზი რომ გავაკეთო, მინდა ყველამ კარგი ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ მოიგოს გერმანიის ნაკრებმა. და მინდა, რომ 13 ივნისს, საღამოს გერმანელებმა თავის პირველ მატჩში დიდი ანგარიშით დააამარცხონ ავსტრალიელები. ეს უფრო მე მჭირდება სტიმულისთვის, ვიდრე თავად გერმანელ ფეხბურთელებს, თუმცა მათაც არ აწყენდათ. თუ ასე არ მოხდა, ამასაც არა უშავს: ნერვიულობა უხდება გულშემატკივრობას.

ამიტომ მიყვარს ფეხბურთი.