მსოფლიო ჩემპიონატი 2010

უთავბოლო ჩანაწერი მას შემდეგ, რაც გასრულდა 12 ივნისი

13.06.2010 |
უთავბოლო  ჩანაწერი მას  შემდეგ, რაც  გასრულდა 12 ივნისი

ფაბიო კაპელო არა, ისა.

სტენლი  როუსი და ტოფიკ ბახრამოვი – აი, რა სჭირდება ინგლისის ნაკრებს.

სტენლი  როუსი ფიფას პრეზიდენტი იყო XX საუკუნის შუახანებში. როცა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს ინგლისმა უმასპინძლა – 1966 წელს – როუსი სათავეში ედგა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი შეეშველა თანამემამულეებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში. როგორც ერთი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი (ო არა, ის არ იყო ბოროტი ენა! – ბევრად მეტი გაქანებისა გახლდათ) წერდა, როუსმა ინგლისის ნაკრებს აკრძალული ხერხებით გაუკვალა გზა ჩემპიონობისკენ.

ტოფიკ ბახრამოვი  კი ერთი ბაქოელი კაცი იყო. მსაჯად მუშაობდა. ფინალში  მოთამაშე ინგლისელებს სწორედ ის დახვდა ლაინსმენად.

იმ ფინალის ამბავი ვინ არ იცის – ყველა საფეხბურთო ანალებსა თუ ქრესტომათიაშია შესული. ინგლისი – გფრ (იყო ასეთი ქვეყანა), ძირითადი დრო 2:2. დამატებით დროში ჯეფრი ჰერსტმა გაიტანა გოლი, რომელზეც დღემდე ვერ შეთანხმებულან, გოლი იყო თუ არა. ბურთი ზედა ძელს მოხვდა, მიწაზე დაეცა, ჰერსტი გახარებული გაიჭრა თანაგუნდელებისკენ, გერმანელები აპროტესტებდნენ – ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთიაო (მე მეჩვენება, რომ ზედ კარის ხაზზე დაეცა). რეფერი, რუსი ლატიშევი გადაწყვეტილების მისაღებად გვერდით მსაჯს დაეთათბირა. იმას არ უყოყმანია – გოლი დაადასტურა: 3:2. ამის მერე ჰერსტმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ინგლისი ჩემპიონი გახდა.

რამდენიმე წლის წინ ტოფიკ ბახრამოვს  ბაქოში ძეგლი დაუდგეს და მისი სახელი სტადიონს უწოდეს. სხვათა შორის, ძეგლის გახნას 1966 წლის ფინალის გმირი, ჯეფ ჰერსტი დაესწრო. არ ვიცი, მადლიერების,  არ ვიცი, პატივისცემის, არ ვიცი, უბრალოდ, ხსოვნის ნიშნად. მაგრამ ბაქოში ჩავიდა.

„ეკვეთა, როგორც მძიმე  ლოდი, კლდეს  მოხეთქილი,

როს შემოდგომით მთის ნაკადი ანგრევს წახნაგებს,

თქეში გააპობს პიტალო კლდის საძირკველს მტკიცეს,

ლოდი  მოფრინავს, ტკაცა–ტკუცი  ხეებს გაუდის,

არსად არ უხვევს, ჯიქურ  მოდის, სანამდის ველზე

დაენარცხება. იქ კი ბოლოს  წყნარდება შმაგი“.

 

ჰომეროსი

ეს არის ფრაგმენტი ჰომეროსის „ილიადიდან“. რომან მიმინოშვილის თარგმანი. რომან მიმინოშვილი იყო მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი, მთარგმნელი, მწერალთა კავშირის მდივანი და კომპარტიის ცეკას კულტურის განყოფილების გამგე თუ მოადგილე – ზუსტად აღარ მახსოვს. დამოუკიდებელ საქართველოში, 90–ან წლებში პარლამენტის წევრი და კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მშვენიერი იუმორის გრძნობა ჰქონდა. მაია მიმინოშვილი – გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი – მისი შვილია.

1966 წლის  მსოფლიო ჩემპიონატის მერე  რომან მიმინოშვილმა დაწერა  პაროდიები საფეხბურთო  თემაზე. პლანეტის, სსრკ–ისა  თუ საქართველოს მასშტაბით  ცნობილ მწერალთა წერის  მანერას იშველიებდა და, მაგალითად, ასე წერდა:

„მატკბობდით, როგორც კომშის მურაბა

როცა ბურთს  ფეხებს უხათქუნებდით.

აგევსოთ სხვისი კარის ყულაბა

თქვენი  გოლების უზალთუნებით“.
 

იოსებ გრიშაშვილის  ამ პაროდიაში ერთი ასეთი  სტრიქონიც იყო: „ეგ თქვენი ბურთი, მესხისფეხება“.

რაც შეეხება  ჰომეროსს, ის მთელ ჩემპიონატს ერთიან ბატალური სცენად „განიხილავდა“ და  ამ სიტყვებით ასრულებდა პასაჟს:

„…ამ დროს თვით ზევსმა

ბედის სასწორი  გადაულოცა ტოფიკ ბახრამოვს“.


http://moniquemonicat.files.wordpress.com/2008/10/zeus-198.jpg რა ვქნა, დღემდე მეცინება ზევსისა  და ტოფიკ ბახრამოვის ამ შეხვედრაზე. არადა, მინიმუმ ერთი საერთო ხომ აღმოაჩნდათ: ძეგლებს ზევსსაც უდგამდნენ.  

ორიოდ სტრიქონიც  საფეხბურთო ჰომეროსიდან:

„თვალდახუჭული ქვებს ტყორცნიდა პარკუიანი,

თუმც ზევსის ნებით ყველა ლოდი მიზანს ხვდებოდა“.

 

ვალერი პარკუიანი

ეს პარკუიანი  საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო, გადმოცემით –  დიდი ვერაფერიშვილი ფეხბურთელი, მაგრამ ინგლისის ჩემპიონატზე  რამდენიმე გოლი გაიტანა. გაუვარდა, რა.

ერთხელ  ვიფიქრე, რა წაეხმარა რომან  მიმინოშვილს ამ პაროდიების წერაში–მეთქი და მგონი, პასუხი ვიპოვე. ინგლისში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი იყო პირველი, რომელსაც ტრანსლირებდა საბჭოთა კავშირი. სტიმული იყო ალბათ ძლიერი და ცინცხალი შთაბეჭდილება, შესაძლოა, შეზავებული წყენასთან, რომ სსრკ ნაკრების მწვრთნელმა მოროზოვმა ჩემპიონატზე არ წაიყვანა მიშა მესხი და მას სრულიად უსახური გალიმზიან ჰუსაინოვი ამჯობინა.

გალიმზიან ჰუსაინოვი

ანაც, უბრალოდ, ტრანსლაცია, სხვათა დიდი ფეხბურთის  პირველად ნახვა, ყოველგვარი ჰუსაინოვების (მაგრამ არა ბახრამოვის!) გარეშე. ჩვენზე მსგავსი ზემოქმედება, ვფიქრობ, ექნება ფეხბურთის ყურებას დიდ ეკრანზე, სრულფასოვან სამგანზომილებიან გამოსახულებაში, როცა მატჩის მონაწილედ ვიგრძნობთ თავს.  

„მაგრამ არ დადგა უქმად ღმერთი პოსეიდონი,

ომს და კვეთებას რომ  დამზერდა მთის მწვერვალიდან…

ზღვის წიაღიდან ამოსული სთნავდა დანაელთ,

ტროელთა ძალით დათრგუნვილებს, დრტვინავდა ზევსზე“.

ეს კი ისევ ნამდვილი „ილიადაა“. დანაელებმა ტროელ… უკაცრავად, კორეელებთან  რომ წააგეს, იმაზე გამახსენდა.

სტენლი როუსის კი სახელი და საქმე შემორჩა.

დიდებული  ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან.

სტენლი  როუსი