დღეს თამაში მაქვს წასაყვანი – უნდა მოვემზადო. ესე იგი:
- გადავავლო თვალი ორივე გუნდის სრულ შემადგენლობას და გავიგო მატჩზე გამოსაყვანი სავარაუდო „სასტავი“. თუმცა, ეს უკანასკნელი, ალბათ, შეუძლებელია.
- შევადგინო ორივე გუნდში მოთამაშე ვარსკვლავების (ან თუ არ ჰყავთ, ცოტთი მაინც გამორჩეული მოთამაშეების) მოკლე დოსიე – რომელ კლუბებში თამაშობენ, როგორი სეზონი ჰქონდათ, თავი რით გამოიჩინეს, ადრე სად თამაშობდნენ. დამჭირდება რამდენიმე პიკანტური – არა მხოლოდ საფეხბურთო – ისტორია და თვისებები, რომელიც მათ გამოარჩევს როგორც ფეხბურთელებს და როგორც პიროვნებებს.
- სტატისტიკა – ქულები, გოლები, წუთები და ამ ყველაფერზე მეტად ამბები:
- მსგავსი ინფორმაცია, ოღონდ უფრო ძუნწად – დამჭირდება მწვრთნელებზეც. ჰო, დაახლოებით რამდენი ფანი ჩამოჰყვა ორივე გუნდს.
- დასაწყისისთვის ორიოდ სიტყვა სტადიონზეც უნდა ვთქვა, რამდენს იტევს, როდის ააშენეს, როგორ აშენებდნენ.
- თამაში დაწყებისას არ დამავიწყდეს, განვმარტო, ვინ რა პოზიციაზე თამაშობს და ვინ არის თადარიგში – თუნდაც ეს ინფორმაცია საეკრანო ტაბლოზე გამოჩნდეს. ეგეც არ იყოს, თამაშის დროსაც გამომადგება.
- თუ მკვდარი და უსიხარულო თამაშია, უნდა შევეცადო და მეტი ვილაპარაკო – არ გამოვა, ცალკე ფეხბურთელებმა დააძინონ მაყურებელი და ცალკე ჩემმა ლაპარაკმა. არის მატჩები და გუნდები, კომენტატორი სულ არ ჭირდება – იქ, სჯობს, ზუსტი და სიტყვაძუნწი იყო და ხალხს ხელი არ შეუშალო – გაუშვი, უყურონ. „თავისუფალი სადღეგრძელოები“ უფრო მოსაწყენი მატჩების დროს ითქმის. მაგრამ აქაც ფხიზლად ყოფნა მმართებს – ფეხბურთია, თამაში რა ეპიზოდში აფეთქდება, არავინ იცის.
- წაყვანისას არ წამომცდეს ფრაზები:
- 1. ძალიან ახლო იყო გოლის გატანასთან
- 2. სახიფათო მომენტი – ძახილის ნიშნით! თუმცა, სიტუაციის კვალად რომ შევყვირო, არაფერი უჭირს, ოღონდ არა ამ სიტყვებით
- 3. ტერიტორიული უპირატესობა – ამაზე ჯერ კიდევ 60–ანი წლების ქართულ პროზაში (რეზო ჭეიშვილთან) ერთი პერსონაჟი აშაყირებს მეორეს – რა ტერიტორიული უპირატესობა, 100 მეტრია მთელი მინდორიო.
- 4. შანსი არ დაუტოვა – ამ ფრაზაზე საავტორო უფლება სხვას ეკუთვნის და ღმერთმა მოახმაროს.
- 5. დაჯარიმებული იქნა მსაჯის მიერ – ეს უკვე პატრულია და არა კომენტარი.
- 6. არაზუსტად დაარტყა – ამას სჯობს, ზუსტად თქვა, რა ქნა – დაახლოებით რა მანძილიდან დაარტყა, ძლიერად დაარტყა თუ ვერა, ზედა ძელს ოდნავ გადააცილა თუ კუთხურის ალმისკენ წაუვიდა ბურთი, მეკარე გაინძრა თუ არა ამ დარტყმაზე. მოკლედ, კლიშეებს უნდა ვებრძოლო და ვერიდო.
საერთოდაც, არ დამავიწყდეს, ვიყო კონკრეტული – ყოველ ჯერზე სახელებით ვიხსენიო ფეხბურთელები, თუ მატჩი დუნეა, მოვახდინო მისი, როგორც სურათის, ვიზუალის უფრო დინამიური სიტყვიერი დუბლირება და არცთუ იშვიათად, რაღაც განზოგადებებიც ჩავრთო – მატჩთან დაკავშირებული, ცხადია.
ისე, თუ ყველა მოქმედებას აღვწერ, უწყვეტი ლაპარაკი გამომივა – იმგვარი, სამხრეთ ამერიკელი კომენტატორებისგან რომ მახსოვს არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, უფრო ზუსტად, შემდეგ. მასპინძელთა გამარჯვებისადმი მიძღვნილი ერთი სიმღერა სწორედ კომენტატორის ინტენსიური რეჩიტატივის შემდეგ იწყებოდა, რომელსაც ასრულებდა წამღერებით თქმული უხანგრძლივესი ბგერა სიტყვაში „გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!“ – აი, დღეს მითამ ძალიან რომ ეცინებათ და წერენ LOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOL.
ეს კი სხვა ოპერიდანაა, მაგრამ მაინც.
პაუზა მეტყველებისას გარდაუვალია. უწყვეტი, გადაბმული, დაუსრულებელი კომენტირება არ არის ჩვენი ტრადიცია. ამიტომ მიწევს დავძლიო კიდევ ერთი შენაკადი ეროვნულ რიტორიკულ ტრადიციაში: ინტელექტუალური ზმუილი ლაპარაკის დროს, სიტყვებსა და ფრაზებს შორის პაუზის შევსება დაუნაწევრებელი მეტყველებით. „ეეეე“–სა და „მმმმ“–ს ძახილს სჯობს, ენას კბილი დავაჭირო და ხმა საერთოდ არ ამოვიღო, რაგინდ ქმედითად მეხმარებოდეს ამგვარი ხმიანობა ფიქრში და წამის შემდეგ სათქმელის ჩამოყალიბებაში.
მიკერძოებაც მოსულა. ზომიერად :–) სისულელეა, თითქოს კომენტატორი ნეიტრალური და ობიექტური უნდა იყოს. კომენტატორი იგივეა, რაც გაზეთში ან ჟურნალში – კოლუმნისტი. კომენტარი ნაწილობრივ აღწერაა, ნაწილობრივ – შეფასება. შეფასება სუბიექტივიზმის გარეშე არ გამოდის. თუმცა, კრიტიკის დროს ფრთხილად უნდა ვიყო: კომენტატორი მაყურებელს ხვდება მისი ძლიერი განცდების დროს და შეიძლება, ადეკვატურად ვერ გაუგონ. ისიც შეიძლება, ჩემი კრიტიკა უფრო არ მოეწონოთ, ვიდრე ის, რაც მართლა იმსახურებს ამ კრიტიკას.
ვიცი, რაც არის ჩემი პრობლემა – ინტონაცია. არ შემიძლია იმ მატჩების – ყურება არა – მოსმენა! – რომელთა კომენტატორიც ვიყავი. მოკლე ფრაზებით ვლაპარაკობ, რაც სწორია – ოთარ ჭილაძის პროზის სინტაქსი კომენტირებისას საჭირო არაა. მაგრამ ვერა და ვერ ვისწავლე წინადადების ბოლოს ინტონაციის დამართვა, დადაბლება, რათა მაყურებელსაც გაუჩნდეს აზრის დასრულების განცდა. წინადადებას კი არ ვამთავრებ – ვწყვეტ, ჰაერში გამოკიდებულს ვტოვებ, თან ყოველგვარი სასპენზის გარეშე: ანუ იქ, სადაც ფრაზა მიწყდება (ლაპარაკისას კი მგონია, რომ ვასრულებ), არავითარი დაძაბულობა, მოქმედების მწვავედ განვითარების ალბათობა არ არსებობს. ეს იმიტომაც მომდის, რომ ზუსტად არასოდეს ვიცი, რას მოვაყოლებ ნათქვამს. მაყურებელში ამგვარი ლაპარაკი, ვფიქრობ, ცრუ მოლოდინს აღძრავს, ცოტა ხანში კი უბრალოდ, თავს აბეზრებს. მე მაბეზრებს და მაყურებელს რას უზამს…
კოტე მახარაძე იყო ამ მხრივ შეუდარებელი. თამაშს, შესაძლოა, ჩემსავით ვერ წვდებოდა, მაგრამ მომაბეზრებელი არასოდეს გამხდარა. მატჩის კომენტირებისას თვითონაც თამაშობდა, ინტონაციას არეგულირებდა და ნებისმიერი განწყობა შეეძლო გადმოეცა არასიტყვიერად – სწორედ ინტონაციის ხარჯზე. ერთხელ, მახსოვს, „დინამო“ რომელიღაც მოსკოვურ კლუბს ეთამაშებოდა თბილისში. რუსები უხეშობდნენ, თან ძალიან ხშირად და თითქმის დაუნდობლად (მაგალითად, მოსკოვის „დინამოს“ ჰყავდა მცველი ნოვიკოვი, უხეშობის მხრივ ჯენტილე მასთან ის იყო, რასაც იტალიელის გვარი ნიშნავს. ნოვიკოვის კისერზე თუ ფეხებზეა ვლადიმერ გუცაევის ტრავმების უმეტესობა). მსაჯი, ასევე რუსი, პატიოსნად, მკაცრი მიმიკითა და ჟესტიკულაციით ნიშნავდა ჯარიმებს – ლამის ყოველ წუთნახევარში – მაგრამ ყვითელი ბარათი ერთხელაც არ ამოუღია. და აი აქ, ქართველი ფეხბურთელის მორიგი გაშხლართვის შემდეგ, კოტე მახარაძემ, ჩემს მეხსიერებაში დღემდე შემორჩენილი ინტონაციით – ერთად აღებული მსუბუქი ზიზღით, ბრაზით, ირონიითა და, მგონი, უმწეოდაც – თქვა: მსაჯი ლებედევი (თუ ვინც იყო) – დღევანდელი თამაშის მოვლენათა უტყუარი ფიქსატორი!
რაც არის, არის: ტელევიზორს ჩემს მოსასმენად მაინც არავინ ჩართავს. მთავარი თამაშია და უნდა მივაგნო მაყურებლისთვის მისი მიწოდების ხერხს, რაღაცნაირად არ დავიკარგო, შევდგე და ვრეალიზდე. კომენტატორის როლი არ არის მთავარი – მე ვარ დამხმარე პერსონალი. ეკრანზე და მინდორზე რაც ხდება – ხდება ჩემი ნებისგან დამოუკიდებლად და უნდა მოვასწრო ამ ყველაფერზე ზუსტი რეაგირება. ვატყობ, ლაპარაკის დროს ჟანრების ცვლაც მომიწევს, რიტმსა და ტემპზე რომ არაფერი ვთქვა.
არ ვიცი, არ ვიცი… ეგებ სულაც არ არის კომენტატორობა ჩემი საქმე?
არადა, დღეს თამაში მაქვს წასაყვანი.