რედაქტორის ბლოგი

სიამოვნების 24 დღე

16.06.2010 | 1279 |
სიამოვნების 24 დღე

ვფიქრობ, არც ისე მაგარი გუნდია წელს გერმანიის ნაკრები, მაგრამ მე მაინც “ძველი სიყვარულის”  ერთგული ვარ – მინდა გერმანიამ გაიმარჯვოს. ძალიან მინდა.
“წინა ცხოვრებაში”,  ანუ თინეიჯერობის დროს, ფეხბურთის თავგადაკლული ფანი ვიყავი – სულ ზეპირად ვიცოდი ფეხბურთელების სახელები, გვარები, გუნდები, გატანილი გოლები, კუთხურები, ჯარიმები, შედეგები. ბევრი უსარგებლო თუ სასარგებლო ინფორმაცია მქონდა თავში. ფეხბურთზე. ვინც კი მეტ-ნაკლებად მიცნობდა, თვლიდა, რომ არანორმალური გოგო ვიყავი. ვიღაც ეჭვის თვალითაც კი მიყურებდა, მაგრამ მე “მეკიდა”:)
სულ ერთი ციდა ვიყავი, როცა 24 კაცის სირბილით მოვიხიბლე. და სულ ჩემი ძმის დამსახურებით _ მარადონაზე გიჟდებოდა (ბევრი “ვარსკვლავისგან” განსხვავებით ამ ადამიანთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია დღემდე მაინტერესებს). მერე გერმანია გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და მეც, თანამედროვედ რომ ვთქვა, გერმანიის ნაკრების თავგადაკლული ფანი გავხდი. ყველაზე უფრო კლინსმანი მიყვარდა.
20 წლის წინ, როცა საჯარიმოში გერმანელი ფორვარდი შედიოდა, ფეხებს ვერ ვაკონტროლებდი, ხან ბურთს ვარტყამდი, ხან ვეცემოდი… სამი დღის წინაც ზუსტად ისე იყო, დაძაბულ მომენტი რომ მთავრდებოდა, ვხედავდი, რომ ფეხები იქ არ მეწყო, სადაც შეტევის დაწყებამდე “დავტოვე”. და ასე იყო თამაშის დამთავრებამდე. მოკლედ, ვიღლები და ვისვენებ, როცა გერმანელები დასდევენ ბურთს სტადიონზე.
ძალიან დიდ ხანს მეგონა, რომ გერმანიის ნაკრები ნებისმიერ თამაშს მოიგებდა. მაშინაც კი, როცა აგებდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად შეცვლიდა თამაშის შედეგს. ალბათ ბევრს დაგვამახსოვრდა, როგორ აგებდნენ გერმანელები 2:0-ს და როგორ მოიგეს ბოლო წუთებზე 3:2. (ზუსტად არ მახსოვს ის წელი, როცა გერმანელები ჯადოქრებად იქცნენ სტადიონზე. ისე, თარიღს რა მნიშვნელობა აქვს). აი, სწორედ ამ თამაშის შემდეგ გამიჩნდა რწმენა, რომ “ჩემი ნაკრები” ნებისმიერი თამაშის შედეგს შემოატრიალებდა.
ბევრი მწარე მარცხის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ასე არ იყო. მაგრამ გერმანული მანქანა წელსაც კარგად დაიქოქა, ძალიან კარგად. დასაწყისში კლოზემ მანერვიულა, ცოტათი, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა.

პოდოლსკის პირველ გოლზე სულ კივილით “დავანგრიე” სახლი. შენიშვნაც კი დავიმსახურე შუაღამით კივილის გამო, მაგრამ სულ არ მენაღვლებოდა ვიღაც რომ გავაღიზიანე. არ შემიძლია და არ მინდა თავის კონტროლი, როცა გერმანია თამაშობს. დიახაც ვიყვირებ, მთელი ხმით!
ბოლო ორი წელი ლიგის ფინალს თუღა ვუყურებდი, ამიტომ მეგონა, რომ ასაკმა თავისი ქნა: გონებაში ფეხბურთის ფანების რიგებიდან საკუთარი თავი ჩამოვწერე კიდეც, ისე როგორც ჩემს ირგვლივ ბევრმა ქალმა, მაგრამ შევცდი. აღმოვაჩინე, რომ ჩემში ფეხბურთის ფანს მხოლოდ ეძინა:) ჰო, გავიღვიძე. და მთელი 24 დღე მაქვს. დიდი სიამონების მისაღებად კი 24 დღე ცოტა სულაც არ არის.