ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

შენი დედა… ჩემი დედა…

შენი დედა… ჩემი დედა…

ია მერკვილაძე, ნიუ–იორკი, აშშ

მეგობრის მანქანაში

 – რატომ იგინები? –   ვეკითხები გურამს. (მეუღლე თათა გვერდით უზის).
– ამის დედა მოვტყან. იმიტომ, რომ შემშალა, რა! . . .
რამ შეგშალა? სიტყვა „ამის“  „თათას“ ნიშნავს?
– აბა, ვის? მიშელ ობამას? ამის დედა მოვტყან. ორჯერ ვუთხარი, მობის დამტენი ჩადე მანქანაში – თქო და დაავიწყდა რა! . . .
რა ჰქვია შენს სიდედრს?
– რას მეკითხები? ქეთინო . . .
აბა, თქვი დამარცვლით : ქე თი ნო     მო  ვტყ  ან . . .
– გაგიჟდი?
–  თქვი!
– ქეთინოს ამბავში? გაგიჟდი? – ცოლს უყურებს, მერე უკან იხედება და მიცინის.
–  მე გავგიჟდი? მე?  ნონსტოპ იგინები! ჩვენს თანდასწრებით  ქეთინო, რაც დავთვალე, რვაჯერ  „არაპირდაპირი“ გზით დაუღალავად და ინტენსიურად  ჟიმე. დანარჩენი, ფაქტობრივად, კლასიკურად. უკვე გავიგე შენი სექსუალური გემოვნება. საკმარისია.  ამოვიდა ყელში. გადადი და თავად მოიტანე დამტენი. სახლიდან ოც მეტრში ვართ.
– რამ გიკბინა, ა? თათა, რა სჭირს შენს მეგობარს? – ეკითება ცოლს და თან უკან იყურება, მე მიღიმის . . . – კაი, რა, ია . . .  კაი, რაააა . . . ითვლიდი მართლა?
– გინებამ მიკბინა. აბა, დამარცვლით თქვი: ქე თი ნო მოვტყან. თქვი გამოთქმით და მხატვრულად. აი,  პირველ სადღეგრძელოს, მშვიდობის სადღეგრძელოს რომ სვამ ისე – არ ვიშლი.
–  ია, რა გჭირს? სერიოზულად ამბობ?! – მეკითხება თათა, სარკეს თავისკენ აბრუნებს და   იქედან შეშინებული მიყურებს.
–  ერთი კარგად დამაკვირდით. კარგად. ამოვიდა მართლა ყელში. გადავალ  მანქანიდან და შენ და შენმა ცოლმა ჟიმეთ ერთმანეთის დედები . . .  ზედ მამებიც მიაყოლეთ. ეგრე უსაქმოდ ნუ დატოვებთ. მოწმეებად. უფუნქციოდ ცოდონი არიან. . .
– აუუუუუ, ჩემი დედა . . .
– ია, რა იყო? – მეკითხება თათა.
არაფერი. გურამ, გინების დასრულება დაგავიწყდა. თუ არ შეწყვეტთ ამ ტყ –ებს,  გადავალ! თათა, მართლა გადავალ! გამიჩერეთ.
– გურამ, რა მოგივიდა?  მორჩი, რა! – თათა გურამს უბრუნდება, მკლავზე გვარიანად ორჯერ ურტყამს, თან მე მიყურებს და მიღიმის.
– ჰო, კაი, კაი. არ გაგიგონიათ ჯერ. ჩემ დედას შევეცი. . . (ცი–ზე განსაკუთრებული აქცენტით. ეს აქცენტი ლინგვისტურად გამოსაკვლევია). – იღიმის გურამი.
დედაშენს რა ჰქვია? – ვეკითხები მშვიდად.
– მერკვილაძე, რა გჭირს? – თათა თვალებს მიქაჩავს.
გამიჩერეთ მანქანა.
–  მთლად გაგიჟდი?
–  გურამ, დედაშენს რა ჰქვია? ლუბა, ჰო? აბა, თქვი დამარცვლით: ლუ ბა ს   შე ვე ცი!
–  ია, არ შემშალო!! –  ორივე ერთდროულად ყვირის. გურამი სვლას ანელებს. ორივე ჩემსკენ ბრუნდება.
მე შეგშალეთ?  მე?
–  აბა, ვინ?
მიდი, იქნებ შემაგინო მეც.  ოღონდ, რომ გადავალ მაშინ, კარგი? აი, რომ გადავალ, უკვე მესმის როგორ იგინები. მიდი. მიდი. აუტოტრენინგივითაა, არა?კარგი „რელაქსია“ ?
– იაკო, რა ბზიკმა გიკბინა? რამ გადაგრია? მანაქანას არ გავაჩერებ და როგორ გადახვალ, ამასაც ვნახავ. როდის იყო, რომ შემიგინებიხარ? კაი რაა?– სარკეში მიყურებს და დიდი შეთქმულივით თვალს მიპაჭუნებს.
„კოს“ დამატება, ჩემი „რელაქსისთვისაა“?  უღრმესი მადლობა, რომ არ შეგიგინებივარ. აი,  ჩემი ცხოვრების პროგრესი და წარმატება. გამიჩერე.
– არა. გეყოს. გეუბნები, გეყოს, რა! . . .
ოთხი წუთია ვითვლიდი. ვიჯექი და ვითვლიდი. ოთხ წუთში 26 – ჯერ შეიგინე. თუ 28 – ჯერ. თუ 31 – ჯერ.  თუ 33 – ჯერ. 25 – ზე მეტი იყო. ამერია. თავიდან დაიწყე. მიდი, დაიწყე. დავითვლი. საათს დავაკვირდები. მიდი, მოხსენი რეკორდი.
–  გააფრინე ხო? – თათა დაბნეული მიღიმის და თვალებს უარესად მიქაჩავს.
– გაგიჟდა, რა! ჩემს თავს  ვფიცავარ. – იცინის გურამი და თათას თვალს უპაჭუნებს.
კარგი იდეაა! აბა, დაფიცების მაგივრად თქვი: ჩემს თავს შევეცი. ა, ასე არ ჯობს? – ვხალისდები უეცრად.
– ია! – ორივე ყვირის. – მთლად გადაირიე, ჰო? ! . . .
კი, ასეა.  
– რა გეცა?
გურამ,  ჩემს თანდასწრებით ნუ შეიგინები. მითხარი, რას  გრძნობ, როცა იგინები?
–  „პროსტა“ ისე.  აბა, რა ვქნა? ვცემო? რა ვუყო ამას? ვცემო? – იცინის.
–  პროსტა ისე სცემ თუ ცემის დროსაც შეაგინებ?
–  შეიძლება წამომცდეს . . .
–  ხალისობ?
–  ნუ, აბა, სხვანაირად გაბრაზება როგორ გამოვხატო? ასე მასწავლეს. ადან–პაპადან ყველა ასე იგინებოდა და. . . ყველა დედას იგინება. მე რით ვარ ნაკლები?
ნუ, ნაკლები კი არა – მეტი. რეკორდიც მოხსენი. რომელი ასაკიდან იგინები?
– რაც დავიბადე, სულ გინებაში  არ ვარ?
თათას სიყვარული გინებით აუხსენი?
– რა ვი, მთვრალი ვიყავი. შევიგინე? –ეკითხება თათას.
– კი. არ გახსოვს? – იცინის თათა.
ძალიან რომატიკულია. განაგრძეთ, ოღონდ უჩემოდ.
– რა გინდა, ია. რა?! . ..
სიდედრთან ინტიმი ისტერიულად გინდა და კიდევ მე მეკითხები რა მინდა? გეუბნები, დავინიშნავ წამებს და  ხელახლა დაიწყე. არ მოგერიდოს, შინაურები ვართ. იქნებ საკუთარი რეკორდი მოხსნა . . .

***
ფეისბუკის ინბოქსში

– შენ  რა რელიგიის ხარ? – მეკითხება ქართველი მართლმადიდებელი მამაკაცი.
ქრისტიანი. მიწერია პროფილში. თქვენობით, თუ შეიძლება. არ ვიცნობთ ერთმანეთს.
– რატომ არ გიწერია, რომ მართლმადიდებლი ხარ? გეკითხები და მიპასუხე, ეკლესიურად ცხოვრობ?
– უკაცრავად?
– გეკითხები, მართლმადიდებლობა რატომ არ გიწერია?
ჩემი ნებაა.
– სამშობლო გიყვარს?
ერთად მომწერეთ ყველა კითხვა, თუ შეიძლება . . .
– ის სტატია შენია, ჰო?  გადაჯიშდი? დედ–მამა სად გყავს? ქართველები არიან?
კარგად ბრძანდებოდეთ.
–  შენი დედა მოვტყან . . .

***
ისევ ფეისბუკის ინბოქსში

(რუსულად, ლათინური ასოებით)
–  საქართველოში აზერბაიჯანლებს თუ იცნობ? – მწერს აზერბაიჯანელი ფრენდი მამაკაცი ( სამთავრობო უწყებაში მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, ასე უწერია. ორ საერთო მეგობარს, „ენჯიოშნიკს“ კარგად ვიცნობ.)
–  კი, ვიცნობ, ვმეგობრობთ კიდეც.
– ჩამოდით  ბაქოშო. კარგია აქ. არ მოიწყენთ.
 – ვიცი, ნამყოფი ვარ სამჯერ. მიყვარს ბაქო. ლამაზია. მეგობრები მყავს მანდ.
– როდის იყავით?
2001– ში, 2002–სა და 2003 – ში. გენდერის თემაზე ტრენინგების ჩასატარებლად მიმიწვიეს.
– ვიცი, გენდერი. როდის ჩამოხვალ (უცებ შენ–ზე გადადის)?
–  ჯერ  – არა.  თუ ჩამოვალ, ჩვენს საერთო  მეგობარს (სახელს ვეუბნები) შევატყობინებ და ის შეგატყობინებთ.
– მკერდის ზომა მითხარი შენი.
– ?
– რუსი არ ხარ?
– არა.
– შენი დედა მოვტყან . . .

***
საავადმყოფოში

       კოლეგას ვეკითხები. ფილიპო ტობინო იტალიელია. ფსიქიატრია. თანამშრომლების თანდასწრებით გინება არასოდეს „წამოსცდენია“. მაინც ვეკითხები: თუ იგინება, რატომ იგინება და გინების დროს რას გრძნობს?
–  კი, ვიგინები, მაგრამ უმეტესად, როცა მარტო ვარ. უმეტესად კი არა, სულ ასეა. ჩემს თავზე როცა ვბრაზობ. როცა რაღაც არ გამომდის. მერე ჩემს თავს ვუწყრები. ანუ ჩემს თავს ვჟიმავ ამით. მასტურბაციაა ერთგვარი. ბავშვობაში, ძმაკაცის დედებს წარმოვიდგენდი. განტვირთვაა. გინება ხომ სექსის „ფრიქციების“ ძალიან სუსტი იმიტაციაა . . . რას გრძნობს ამ დროს ადამიანი, ალბათ, ამის დაკონკრეტება არაა საჭირო.
– ცოლის დედის წარმოდგენა „მოსულა“?
– ვისაც გერონტოფილია აწუხებს, კი. უდოად, გინება, სექსუალური ინვექტივი პატრიარქალური კულტურის პროდუქტია. აბა, სხვაგვარად როგორ უნდა აჩვენოს კაცმა სხვებს და არა მარტო იმას, ვისთანაც სექსი ჰქონია, რა შეუძლია ყველაზე მაგრად ანუ კარგად? თანაც გამაგრებულით? ადრე სულ მიკვირდა, რატომ ახსენებენ სწორედ დედას ამ დროს?  ახლა არ მიკვირს. ფროიდიდან ნუ დამაწყებინებთ. თავადაც კარგად იცით.
–  ქალებიც იგინებიან. . .
– ქალის გინებაში აზრი და შედეგი არ დევს. ქალი წამხედურობს. მამაკაცს ბაძავს. ქალს არ აქვს ფალოსი, რომ ვინმე გაჟიმოს. ვინმეში გაათავოს. როცა ქალი იგინება, ეს მისი სისუსტის მაჩვენებელია. როცა მამაკაცი იგინება, იგი ამით თავის  პოტენციას აჩვენებს. ერთგვარი ექსჰიბიციონიზმია. კაცებს ისევ ჰგონიათ, რომ ქალს კაცის სასქესო ორგანო აშინებს. ეს დღეს, ჩემი აზრით, ილუზიაა. ფროიდი ფროიდად, მაგრამ დასავლურ კულტურაში დღევანდელი დღეცაა გასათავლისწინებელი. ვგულისხმობ ქალის ემანსიპაციას. დედის გინება კი ცალმხრივი ანუ მხოლოდ მამაკაცის „ემანსიპაციის“ პერიოდის ნარჩენია, როცა ქალი ძუკნად შეირაცხა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ძუკნა ევა, სარა, დედამიწა, ღვთისმშობელი (საერთო დედა), საკუთარი დედაა, და, ერთგული საყვარელი ქალი თუ მეძავია. ქვეცნობიერად ეს არაფერს ცვლის. ძუკნა ძუკნაა. ანუ ფალოსი ამ დროს მარტო სხეულის ხორციანი წანაზარდი კი არაა. იგი სიტუაციის მაკონტროლებელი სისტემაცაა და იმის მიმანიშნებელიც, რომ მხოლოდ ფალოსს აქვს საკვანძო მნიშვნელობა. ანუ ის ცოცხალია, გამნაყოფიერებალია, მზადაა გერონტოფილისთვის, პედოფილიისთვის, ინცესტისთვის და კიდევ სხვა „საგმირო“ საქმეებისთვის. ანუ ნებისმიერ სიტუაციაში ერეგირდება. მიმწოლია, სამუშაო მდგომარეობაშია. პენეტრაციისთვისაა მზად. ბარიერის გადამლახავია, ქალი, დედა, ცოლი კი პასიური უნდა იყოს. ანუ ის უნდა გაჟიმო. ის ვერ გაგჟიმავს. მოქმედების (ამ შემთხვევაში–სექსუალური) ვექტორი აქ ძალაუფლების ვექტორის თანმხვედრია. ანუ მდედრს ეს  არ ძალუძს. ადიულტერსაც იგივე დანიშნულება აქვს. ცოლის, საყვარელი ქალის პარალელურად იმის მტკიცება საკუთარი თავისთვის, ძმაკაცებისთვის და ძმაკაცის ვერგაჟიმული დედებისთვის და სხვებისთვის, რომ ფალოსი მუდმივ მზადყოფნაშია. რომ ყოველთვის მაგრდება ანუ მაგარია. სირბილე კი ქალის „დანიშნულებაა“.
–  გინება აუტოეროტიზმიცაა?
– რასაკვირველია. იგი ორალურია, მაგრამ გენიტალურ (ვაგინალურ) ფაზაზე გაჭედილი. წინ ვერ მიდის. „ნორმალურ“ ნარცისიზმშიც  ვერ გადადის. იგინებიან უბრალოდ უზრდელებიც და გენიტალურ ფაზაზე გაჭედილებიც. მაგრამ ყველა, ვინც გენიტალური ფაზაზეა გაჭედილი უზრდელი სულაც არაა და ყველა უზრდელი გენიტალურ ფაზაზე არაა გაჭედილი . . . აზრი არ აქვს გინების მოტივაციის ძებნას. იგი სიმპტომია. ცივილიზაცია კი სოციალური მუხრუჭების სისტემაა. არაა ჯანსაღი მუხრუჭი? ე.ი. არაა ცივილიზაცია. ამავე დროს გინება სოციალური, მათ შორის გენდერული დაკნინების  ბერკეტიცაა. უნდა დავაკვირდეთ თუ ვინ ვის აგინებს. თუმცა, როგორც წესი, ამ დროს მაღალ, საშუალო და დაბალ სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთმიმართების საკმაოდ დიდი ამპლიტუდა არსებობს.
– თქვენ სად „გაეჭედეთ“?
– ჯერ ეს ერთიც, მე საჯაროდ არ ვიგინები (მხოლოდ ჩემს თავს ვერჩი) და მეორეც: საკმაოდ ცივილიზირებული ვარ იმისთვის, რომ ყველას არ ვაჩვენო, თუ რომელ ფაზაში „გავეჭედე“. მესამეც, პროფესიულად და არა მარტო, საკმაოდ რეალიზებული მამაკაცი ვარ და უკვე არ მჭირდება ძმაკაცის დედიკოების დასიზმრება. ისინი უკვე ასაკში შევიდნენ ან ამ ქვეყნად აღარ არაინ. თანაც, მართალი გითხრათ, ნეკროფილია არასოდეს მხიბლავდა . . .
– რაღაც კვლევის თაობაზე მსმენია: არანორმატიული ლექსიკა ტკივილს აყუჩებსო . . .
– ადამიანი იმეორებს იმას, რაც მას ასწავლეს. ერთგვარი გენეტიკური მატრიცაა. მან იცის, რომ სექსი ბილწია, ცოდვაა. სექსი სიბილწედ ჩათვალეს, ტაბუ დაადეს და მას მერე ასე მოვდივართ, არ ვიღლებით  გინებით. . . ტაბუს „ვანგრევთ“. ჰოდა, ამ ტაბუსგან გათავისუფლება და მცირეოდენი სიტყვიერი აგზნება ენდორფინებს პროდუცირებს. თუმცა ეს მაინც საკამათოა . . .
– ფიზიოლოგიურად, ჰორმონების დონეზე როგორ აიხსნება?
–  არის კვლევები, რომელთა მიხედვით, როცა მამაკაცს სტრესი აქვს, იგი განტვირთვას, არა მისი გადაწყვეტის გზის ძიებით, არამედ სხვა რამით, მაგალითად, სექსუალური დაკმაყოფილებით ეძებს. ბუნებრივია, ეს ქალებსაც ეხებათ, მაგრამ  არა ისეთი ინტენსივობით, როგორც მამაკაცებს. ადამიანი ვერ ჰპოვებს გადაწყვეტას ან ეშინია, რომ არ არსებობს  გადაწყვეტის გზა, უსუსურობის განცდა ეუფლება და ამიტომაც იგინება.  გინების დროს კი მამაკაცი სუსტ ეროტიულ აღგზნებას განიცდის. თუმცა ეს, ბუნებრივია, არაა პრობლემის გადაწყვეტა და, როგორც წესი, ჩიხია. ანდა პრობლემების გამრავლებით მიმდინარეობს.
–  ბილწსიტყვაობა სხვადასხვა ფსიქოპათიებისა და დაავადებების დროსაა შესამჩნევი. მაგრამ როცა იგი,  ერთი შეხედვით, მიზეზგარეშეა?
– როგორც წესი, ინტენსიური და ჩვევად გადასული გინება მამაკაცის სექსუალური პოტენციის შემცირების სიმპტომია. ამავე დროს ამ ადამიანებს უჩნდებათ „გაბავშვების“ სურვილიც ანუ უნდათ დაემსგავსონ თინეიჯერებს, რომლებისთვისაც  ტურბულენტური „ჰიპერგინებაა“ დამახასიათებლი სწორედ იმირომ, რომ ძალიან უნდათ ემანსიპაცია – უფროსებს დამსგავსება. უფროსები კი ცდილობენ, თინეიჯერებს დაემსგავსონ, რადგანაც ჰირესექსუალობა, სწორედ თინეიჯერული ასაკისთისაა მახასიათებელია. თავად ხომ ახსოვთ, როგორები იყვნენ 12–16 წლის ასაკში. არსებობს გინების ნაირსახეობანი, მათ შორის არის ასევე გინება, რომელიც გაისმის ე.წ. ერთსქესიან თემში, როგორიცაა ჯარი, ციხე, სამოდელო კომპანიები და ა.შ. სადაც მას დაუფარავი ეროტიულ–დომინანტური ელფერი აქვს.
– შეიძლება ითქვას, რომ გინებას თავისი ეროვნული, თუნდაც ეთნიკურ–სლენგური მახასიათებელი აქვს? მაგალითად, თქვენ იტალიელი ხართ. შეიძლება ითქვას, რომ იტალიურ და ქართულ ინვექტივებს შორის „კულტურული განსხვავება“ ხილვადია? ქართულ გინების ისტორიაში ასე ორი ათეული წლის წინათ  ინცესტური ელემენტი მკვეთრად და უცბად გამძაფრდა.  ასევე დაგინება, ფაქტობრივად, დაფიცების ტოლფასი გახდა. თუმცა ინგლისურადაც დაფიცება და დაგინება ერთი და იგივე სიტყვით აღინიშნება.
– რასაკვირველია. ყველა კულტურას „თავისი გინების“ ისტორია აქვს, რომელთა განსხვავებაზე უფრო კომპეტენტურად, ალბათ, კულტუროლოგებს შეუძლიათ საუბარი. ფსიქიატრი, ფსიქოლოგი სხვაგვარად შიფრავს გინებას, ფილოლოგი, ეთნოგრაფი თუ კულტუროლოგი – სხვაგვარად. გინება  ეთნოსისთვის დამახასიათებელ რიტუალებისგან იღებს სათავეს. სრულფასოვანი გინებისთვის უნდა შეაგინო ის, რაც ამა თუ იმ კულტურაში საკრალურად თვლება. მაგრამ ნაახევრადსერიოზულად, როცა გინება რაოდენობრივად და ხარისხობრივად კრიტიკულ ნიშნულს აღწევს, ეს სიწმინდე, ფაქტობრივად, დევალვირდება. იაპონელები სხვა ადამიანის შეურაცხყოფისთვის სამეტყველო რეპერტუარში მწერებს ახსნებენ, ძველსაბერძნეთში გინებისას ღმერთს ახსენებდნენ,  იტალიელებისთვის „შე რქიანოა“ ყველაზე დამამცირებელი. თუმცა ჩვენ გინების დროს ღვთისმშობელ მადონასაც ვახსენებთ. დედას იმ საზოგადოებებში აგინებენ ყველაზე ხშირად, სადაც ნათესაური კავშირები მნიშვნელოვანია და სადაც ადამიანები დიდი ოჯახებით ცხოვრობენ. რამდენადაც ვიცი, ასეთი ოჯახები კავკსაიაშიცაა და აზიაშიც. ამერიკაში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები სამშობლოდან გამოყოლილი ოჯახური ცხოვრების წესის გადმოტანას ცდილობენ. თუმცა მეორე – მესამე თაობაში ეს უკვე აღარ შეინიშნება. თუ, რასაკვირველია, საუბარი ორთოდქსებზე არაა.
– შეიძლება ითქვას, რომ დედის გინება ეს უპირველესად მამაკაცური სამეტყველო, სასტასუსე კოდია?
– რასაკვირველია. იგი უკავშირდება ნაყოფიერების კულტს. როცა ქალი იგინება, ეს არაეთიკურია, მკრეხელობაა. მამაკაცის გინება ნაყოფიერების კულტურაში „ჰარმონიულად“ ჯდება. ანუ ეს მამაკაცის ტერიტორიაა. ქალი ვერ შეაგინებს ქალს (დედამიწას,  სხვის დედას) ანუ ვერ გაჟიმავს ისე, როგორც მამაკაცი – ქალს.   ქალმა თუ მამა (ღმერთი) შეაგინა, ეს მართლაც წარმოუდგენელ ცოდვად ჩაითვლება. ქალისთვის ეს „რიტუალი“ ტაბუირებულია. ქალს ამ ტერიტორიაზე ისევე არ მიუშვებენ, როგორც ძალიან ბევრ საწეს–ჩვეულებო რიტუალში, სხვადასხვა სახის დახურულ საზოგადოებებსა თუ საქმიანობის სფეროებში.

***
ქუჩაში

        77–ე  ქუჩაზე, „მეტროპოლიტენ მუზეუმთან“ მისასვლელ მეტროსთან ვდგავარ. იქვე პიცერიაა. ადამიანები გარეთ დგანან, ლაპარაკობენ, იცინიან, ზოგი ეწევა.  ველოდები გინების გაგონებას. არ აყოვნებს.  ჩემგან ოდნავ მოშორებით ასე 20–25 წლის აფრო–ამერიკელმა ტელეფონზე  შეიგინა და სანამ სხვასთან დარეკვას დააპირებდა, მივუახლოვდი.  თავი წარვუდგინე  და ვკითხე ის, რაზეც საუბარი მინდა გავუბა. გაეცინა. მითხრა: რატომაც არაო?
 – ხშირად იგინებით?
– შევიგინე?  მართლა? ახლა? –  სიცილს იწყებს.
– კი, შეიგინეთ.
– Motherfucker?
ჰო.
ეგ გინებაა?
არა?
არა.
მაშ, რაა?
– სიტყვები. უაზრო.
უარყოფითი ენერგეტიკა არა აქვს?
– რა ვიცი, აქვს. ალბათ. ყველა იგინება. მეც ვიგინები.
თქვენ ხშირად გაგინებენ ასე?
– არაა პრობლემა. შემაგინებს? შევაგინებ. შევაგინებ? შემაგინებს. კი. მივეჩვიე.
რატომ?
– სიტყვამ აზრი დაკარგა. რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვი? არავის ენაღვლება. არც მე.
საგნებმა, მშობლებმა, ადამიანებმაც დაკარგეს აზრი? სიტყვას ხომ არ აგინებთ, არამედ – დედას.
– მე ჩემს ძაღლსაც ვაგინებ. – გულიანად იცინის.
რომ აკრძალონ? აი,  როგორც  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევა აკრძალეს?
– არ ვეწევი. ცუდია ჯანმრთელობისთვის. რა ვიცი, ჯარიმები რომ დააწესონ,  იქნებ აღარ შეიგინონ. არც მე შევიგინები.
რამდენს დააწესებდით?
– 50 დოლარს. ან 80–ს ან 100 დოლარს. ისე, ნაკლებს აზრი არ აქვს.
რას გრძნობთ, როცა იგინებით. პროტესტის განცდაა?
– არაფერს განსაკუთრებულს. არაფერი მენაღვლება. ცოტა აგრესიასაცაა და თან რაღაცნაირი გრძნობაა. პროტესტი? არა. აი, სიტყვები რომ არ გყოფნის და არ იცი, რა თქვა ან რა გააკეთო. ერთი სიტყვით, Motherfucking და მორჩა. ყველაფერია ნათქვამი. . .
რა ყველაფერი?
– არც არაფერი . . .