ფეისბუქზე „რა ხდება შენს თავს“ სტატუსის შეცვლა რაიმე საკითხზე აღშფოთების გამოსახატავად ან იმისთვის, რომ მეგობრებს სიყვარული დაუმტკიცო კარგია, მაგრამ რადგანაც ფეისბუქის პროგრამისტების მიერ დაწერილი კოდი სტატუსში სიტყვების ლიმიტირებული რაოდენობის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და რადგანაც ჩემი ბრაზი აკადემიის მიერ პრიზების გადანაწილებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ დამცხრალა, ლიმიტირებულ 250 სიტყვაზე მეტი ასოთშეთანხმება უნდა გამოვიყენო. 250 ან თუნდაც 3 ასოიანი კონსტრუქციები აკადემიის წევრებთან მიმართებაში, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია.
რაღაი გრძელი სიტყვა გრძლადაც შეიძლება ითქვას, დავიწყოთ იქიდან, რომ ენ ჰეთევეი სკოლის მოსწავლესავით იქცეოდა და არც ალენ გინსბერგის როლის შემსრულებელი ჯეიმს ფრანკო აღმოჩნდა ისეთი რთული საქმისთვის თავის პატიოსნად გამრთმევი, როგორიც ოსკარების ყოველწლიური ცერემონიის მასპინძლობაა. ელენ დეჯენერესი რომ არ იქნებოდა არც ერთი თავიდანვე გასაგები იყო. სად აქვს ჰეთევეის თავი დამსახურებული ლესბოსელი იყოს ან წესიერი ხუმრობები მაინც მოიფიქროს ჰომოსექსუალი წყვილის შვილების მამებზე. მოკლედ, ეს ნაწილი გადავლახეთ. ძალიან დიდი გაღიზიანებაც ფაქტთან დაკავშირებით ზედმეტი ყურადღება იქნებოდა ცერემონიის წამყვანთა მიმართ მაშინ როცა, აგერ ოსკარმოპოვებულ ფრანგ ღვაწლმოსილ კლასიკოსს, ჟან-ლუკ გოდარს შარშან კალიფორნიისკენ არც გაუხედავს ოქროსფერი ხარკის ასაღებად. მაგრამ ჩვენ ხომ მემარცხენე გოდარები არ ვართ. პატიოსნად მივჩერებივართ რას გადაწყვეტს ამერიკული კინოელიტა ჯერ გლობუსების ჩამორიგებაში, შემდეგ კი ოქროკაცების პოტენციური მფლობელების გადათამაშებაში (ვინ იყო „ოქროკაცის“ ავტორი??? არ მახსოვს, არც შინაარსი მახსოვს, ერთადერთი რასაც ვიხსენებ, 5 კლასით უფროსი მეზობლის ჯიბრზე ერთ კვირაში დავასრულე ეგ სქელო რომანი და ბატიბუტი უნგრული კერძიაო, ეგეც ეწერა მანდ, თუ არ ვცდები სქოლიოში).
ჯიბრზე განვაგრძოთ. მოსაზრება, რომ ჯიბრი, ბრაზი და ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილი შემოქმედებითი იმპულსების აღმძვრელ ფაქტორთა შორისაა, აქვე დავასახელოთ და გადავახტეთ, როგორც კი გავიხსენებთ დევიდ ფინჩერისეულ ახნას თუ რატომ გადაწყვიტა ან რის საფუძველზე გადაწყვიტა მარკ ცუკერბერგმა ფეისბუქის შექმნა ფილმში „სოციალური ქსელი“.
რამდენიმე საათში ლექცია მეწყება, ამიტომ ისევ მოკლედ მოჭრა ჯობია: ფინჩერი თანამოძმე ამერიკელებმა წელსაც დაჩაგრეს, ისევე როგორც ორი წლის წინ, როცა ბენჟამენ ბატონი რამდენიმე ნომინაციეზე იყო წარდგენილი და პრიზები ტანცა-ტუნცებს დაურიგეს. საუკეთესო ფილმად „სოციალური ქსელი“ რომ არ აირჩიეს, კეთილი, ჯანდაბას, გასაგებია. უფრო სოლიდურ, წარმოსადეგ, გნებავთ პრეზენტაბელურ სურათს მიანიჭეს უპირატესობა და ტაატით, „ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი მე ნელა“ მონათხრობ ისტორიასთან შედარებით ვიღაც ცხვირმოუხოცავი, ჩაჩაჩულშარვლიანი, თუნდაც ჰარვარდელი ცუკერბერგის ამბავი სუფრასთან რა მოსატანი იქნებოდა. მაგრამ – აქ დიდი მაგრამ. რომელი ბრიტანელი გაბრაზებული ტელევიზიონშიკი ტომ ჰუპერია დევიდ ფინჩერზე უკეთეს რეჟისორად რომ დაასახელეს? სირცხვილი და თავის მოჭრა ქალბატონებო და ბატონებო. ძლიერი მსახიობები, დრამატული მუსიკა, კარგი კამერა რომ გყავს და გაქვს, სცენარიც რომ გამართულია თანამედროვე კინემატოგრაფში ხშირად რეჟისორის გამორჩეულ ნიჭზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზე, რომ ქყვეყანას ე.წ. მაღალი პროდუქციის კინოწარმოება აქვს. მაგრამ პროდუქციის სიმაღლეებს შეჭიდებული კინო რომ აუცილებლად კარგი კინო არაა ეგეც ცხადია. ალბათ უკვე გადმოწერეთ და ნახეთ, მაგრამ ბარემ აქვე დავაზუსტებ, რომ ჰუპერის „მეფის სიტყვა“ საათივით აწყობილი ფილმია. ნაწილ-ნაწილ ჭანჭიკებად შეგიძლია დაშალო-ააწყო, დაშალო-ააწყო და ყოველ ჯერზე ერთნაირი გამოვა. იმიტომ რომ იცი ძაღლივით გაწვრთნილი მსახიობები გყავს (მსახიობებმა არ მისწყინონ, ძაღლივით გაწვრთნილობაში მხოლოდ პროფესიონალიზმს, ე.წ. ჰაი კლასს ვგულისხმობ, აი, ყველაფრის გაკეთება რომ შეუძლიათ), ისევე როგორც შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრები და ერთ დაძახებაზე ყველა პატიოსნად შეასრულებს საკუთარ საქმეს. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მცირედი ნიჭისა და გაქნილობის პატრონი და თავდაუზოგავად შრომისმოყვარე რეჟისორი „მეფის სიტყვის“ მასალისგან იმას გამოძერწავს, რაც უკვე ვიხილეთ ეკრანებზე.
ფინჩერს რაც შეეხება, არამც და არამც არ მინდა იმის გამოგონება, რომ ამ საწყალ კაცს პატრონი არ ყავს ან მდინარეს არავინ გაუთბობს ზამთარში წყალში ჩახტომის სცენის გადასაღებად. როგორ გეკადრებათ, პირიქით, უფრო მეტიც, რომელი ჰოლივუდელი ვარსკვლავი არ გადავარდება წყალში მეტად პატივსაცემი ფინჩერის გამო. ანუ რამე რომ იყოს, ფილმის აწყობა და ეკრანზე საათის მექანიზმის შექმნა არც მას გაუჭირდება. მაგრამ ჰუპერისგან განსხვავებით ფინჩერს ეკრანზე დროის ჩვენება შეუძლია.
კიდევ რა შეუძლია? აი, მაგალითად, ადგება და როცა არავინ ელოდება, გრიგის მუსიკალურ თემას შემოაგდებს, არც მეტი არც ნაკლები ტრენტ რეზნორის ინტერპრეტაციით + დაპირისპირების მონტაჟით გულანთებულებს აქამდე ნანახის რიტმიდან ისე ოსტატურად ამოგაგდებთ და მერე ასევე ოსტატურად ჩაგსვამთ სურათის დრამატურგიული ქარგის კალაპოტში, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ. გაცინებას კი ბატონო, თუ ერთი ეპიზოდით ადრე ქათმის ისტორიის შედარებით იაფფასიან იუმორზე არ გაგეღიმათ, რეგატებზე ამხედრებული ყმაწვილკაცების ბრძოლას შეგიძლიათ მხიარულად დაუსტვინოთ. მაგრამ როგორც ჩანს აკადემიის წევრებს ამ ეტაპზე ექსცენტრიკოსები არ აინტერესებთ და მაგრად გაშალაშინებული ფილმებით ტკბებიან, ნომინაციებს საკუთარი დროის გმირების ისტორიებს ანიჭებენ, ოღონ სელექიურად. ოსკარების წლევანდელმა გადანაწილებამ პირველი ადგილი ისეთ დაუთმო, რომელიც სასამართლო პროცესებში არ მონაწილეობს, მამას უჯერებს და ახალ ისტორიას კი არ ქმნის, არამედ აგრძელებს მას და ომში მიმავალ ქვეყანას რწმენაში აძლიერებს. კინოელიტას ახალი მედიის შესაძლებლობების კი არა, BBC-ის მიკროფონების სჯერა, საზოგადოებრივი სტრუქტურის შეცვლის კი არა, ეკრანზე სამეფო კარის კონსერვატიზმის ნახვა უნდა, სადაც გამონაკლისები დასაშვებია, მაგრამ ლიმიტირებული. ულიმიტო, გახსნილი სივრცეები და თავისუფალი აზრი თავის სატკივარაა, ისევე როგორც „სოციალური ქსელის“ მთავარი პერსონაჟი, მარკ ცუკერბერგი და ძმანი მისნი ამა ქვეყნისანი.