სულ რაღაც 20 წლის წინ, იმ დროს, მოსკოვამდე ბილეთი 37 მანეთი რომ ღირდა და’’ მიმინოსაც ‘’ ლარისა ივანოვნა ‘’უნდოდა’’, მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე სახელმწიფო ‘’საქართველო“ -ს ვერ იპოვნიდით, თუმცა, ხმელეთის ერთ მეექვსედზე გადაშლილ სსრკ-ს სხეულზე, ამავე სახელწოდების ქვეყანას თავისი ‘’ღირსეული’’ ადგილი ეკავა.
იმ ქვეყანას იმ დროისთვის შესაფერისი საზოგადოება ჰქონდა. ერთი პარტიით, ერთი იდეოლოგიითა და შესაბამისად, ერთი ‘’არჩევანით’’ . შემდეგ, საბჭოთა სახელმწიფო 15 ნაწილად დაიშალა და ნანატრი თავისუფლებაც მოვიდა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, მოუმზადებელი დავხვდით. ამ არასრული 20 წლის მანძილზე გადავიტანეთ შიდა ომების ყველა შესაძლო ნაირსახეობა, სახელმწიფო გადატრიალება, სამხედრო აბოხების სერია, ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლა, ომი – ოკუპაცია და დღემდე მოვაღწიეთ ტერიტორიის 20 პროცენტიანი დანაკლისით. ახალი გარემოება ახალ გამოწვევებს ქმნის, გამოწვევებს პასუხი კი საზოგადოებამ უნდა გასცეს.
დღევანდელი საზოგადოება შეუძლებელია იყოს ძველებურად ერთფეროვანი და კომუნისტურ-წითელი. ახალმა დრომ ახალი ფერებით ჩაანაცვლა 73-წლიანი ერთფეროვნება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალ დროში ფერთა გამა სხვადასხვა ზომის, ხარისხის, სიმძაფრისაა და ამიტომ ხშირად ერთი ფერი მეორეს ვერ ეგუება. საზოგადოება სხვადასხვა გემოვნების, ინტერესების და მისწრაფებების მქონე ადამიანებისგან შედგება და ჩნდება საკითხი: რომელი ჯგუფის გემოვნებით უნდა მოეწყოს ჩვენი სახელმწიფო? ‘’თამაშის წესები’’ საზოგადოების რომელმა ნაწილმა უნდა დაადგინოს?
როგორც ყველგან, ჩვენშიც არსებობს სხვადასხვა ნიშნით უმრავლესობა და უმცირესობა. საზოგადოება, ამ სიტყვის სრული გაგებით, ჯერ არც გვაქვს. ის დღეს ჩვენ თვალწინ ყალიბდება და საკუთარ შეცდომებზე სწავლობს ‘’ცდისა და ცდომის’’ პრინციპით. ხშირად ეს შეცდომები სისხლის ფასადაც გვიჯდება და ჩვენ უკვე ვიცით, რომ შეიარაღებული გზით ხელისუფლების შეცვლა არ შეიძლება – ამით წაგებული რჩება მთელი ქვეყანა. თითქმის ვისწავლეთ, რომ საკუთარ ქვეყანაში ეთნიკური შუღლის გაღვივება არ შეიძლება – ეს აზარალებს სახელმწიფოს. ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ, რომ განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანი აუცილებლად ჯოჯოხეთში არ მოხვდება და ‘’სხვა’’ ურჯულოდ არ უნდა მოიხსენიო. ჯერ არ გვისწავლია, რომ ამ ქვეყნის წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მტერი არ არის. ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ სხვადასხვა უმცირესობა საზოგადოების სრულუფლებიან წევრად მივიჩნიოთ.
დღეს ისევ მორიგი გარდატეხის ეტაპზეა ჩვენი ქვეყანა. იმედია ამ წინაღობას უსისხლოდ გადავლახავთ და ერთი საფეხურით წინ წავიწევთ. მორიგი ‘’განხეთქილების ვაშლი’’ კი ‘’მართვის და ფლობის’’ საკითხია. კერძოდ ის, თუ ვინ უნდა ფლობდეს სახელმწიფოს მართვაზე უფლებას ? ვინ უნდა მართოს, ეს გასაგებია –ხელისუფლებამ, მაგრამ ვინ უნდა ფლობდეს ‘’აქციების საკონტროლო პაკეტს’’ და მმართველს-ხელისუფალს ‘’მუსიკას ვინ უნდა უკვეთავდეს’’, ჯერ კიდევ გასარკვევია. პრობლემა კი ის არის, რომ უმრავლესობას თავის გემოვნებაზე სურს მოაწყოს აქაურობა და სხვა ჯგუფების სურვილის გათვალისწინება არ უნდა.
სახელმწიფოს ფუნქციონირების არაიდეოლოგიზირებული სექტორები დავას არ იწვევს. მაგალითისთვის: საჯარო რეესტრი ყველას ერთნაირად სჭირდება და პასპორტის თუ ავტომობილის ნომრების აღება ყველას სწრაფად, რიგში დგომის გარეშე უნდა. ბიუროკრატიის ეფექტურად ფუნქციონირება თანაად სჭირდება : მემარცხენეს, მემარჯვენეს, ‘’ელენს თუ იუდეველს’’ მაგრამ აღებულ პასპორტში უნდა ეწეროს თუ არა ეროვნება, ამაზე დიდი დავა და სჯა-ბაასი იმართებოდა არც ისე დიდი ხნის წინ. საზოგადოების შემადგენელ განსხვავებულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება განათლების სისტემაში, მასმედიასა და კულტურის სფეროშია. ანუ იქ, სადაც იდეოლოგიაა. რას ასწავლიან ბავშვებს სკოლებში?(ქართველობას ხომ არ აკარგვინებენ ? ) რას გვიჩვენებენ და გვასმენინებენ მასმედიით? (ხომ არ გვრყვნიან) რას წერენ და გაკითხებენ მწერლები (რომელიმე მეფეს ხომ არ შეურაცხყოფენ?) რას დგამენ თეატრში ( ‘’ანტიეროვნულ ’’ სპექტაკლს ხომ არა?), რას გვიჩვენებენ კინოთეატრში? ( ქართული ფასეულობების შეურაცხმყოფელს ხომ არა?) ეს და კიდევ მრავალი ცრურწმენა და სტრეორიპი აწუხებს დღეს ხალხს. აქტიური საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი მხარე მისტიკას და მაგიას იშველიებს კამათში არგუმენტად. მეორეს ეს სასაცილოდ არ ყოფნის. ერთი პათეტიკური და მაღალფარდოვანია, მეორე კი ირონიული და ცინიკური. ერთი წარსულს ებღუჭება და მითებით იკვებება, მეორეს ცვლილებების იმედი აქვს და უკეთეს მომავალს ელის. ორივე მხარეს ერთად კი აწმყო არ აწყობს. საზოგადოების ამ ორ ჯგუფს შორის მენტალური უფსკრული სულ უფრო ღრმავდება და ერთმანეთის სულ უფრო ნაკლებად ესმით. უმრავლესობა ცდუნებას ვერ უძლებს და ამ ქვეყანას საკუთარი გემოვნებით მოწყობას უპირებს ისე, რომ უმცირესობის აზრს არ ითვალისწინებს. მათი აზრით, იმას, რაც ‘’ქართულ მენტალიტეტში არ ჯდება’’, არსებობის უფლება არ აქვს. ადრე თუ გვიან, ალბათ, მოუწევთ შეეგუონ განსხვავებულ აზრს, გემოვნებას, მაგრამ ეს ‘’უმსხვერპლოდ’’ მოხდება თუ არა, მთავარი საკითხი სწორედ ეს არის. არასასურველი შედეგების თავიდან არიდების მთავარი გარანტი ისევ დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეაა. ყოველგვარი დაპირისპირება სახელმწიფოს ანგრევს და თუ მსოფლიო ხალხთა შორის, საკუთარი ხმა და ’’ საავტორო უფლებები’’ გვინდა გვქონდეს , თავად გარემოება გვაიძულებს, რომ სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ. დაპირისპირება კი სახელმწიფოს ვნებს და განვითაებას აფერხებს.
ყველამ და პირველ რიგში უმრავლესობამ უნდა შეიგნოს, რომ ქვეყანა საზოგადოების ერთი ჯგუფის გემოვნებით ვერ იქნება მოწყობილი. მოქალაქის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს, ამ აზრს თითქმის ყველა შეგუებულია. საჯარო სივრცე, სადაც განსხვავებული და ხშირად დაპირისპირებული ჯგუფებს თანაცხოვრება გარდაუვალია, ნებისმიერი იდოლოგიისგან მოცილებული, ნეიტრალური და ზოგადი უნდა იყოს იმდენად, რომ არავინ არ გამოირიცხოს საზოგადო ცხოვრებიდან. სკოლებში არ უნდა ისწავლებოდეს არც ერთი რელიგია და რაიმე იდეოლოგიისადმი ერთგულება. ადამიანებმა უნდა წერონ, იკითხონ და უყურონ იმას, რაც უნდათ. ასევე ტირაჟირება გაუკეთონ საკუთარ ნაწერს, წაკითხულს და ნანახს. ეს ელემენტარული ჭეშმრიტებაა, მაგრამ ჯერ ყველა არ იზიარებს მას და თვლის, რომ უფლება აქვს, სხვას რაიმეს წაკითხვა, დაწერა და ტირაჟირება აუკრძალოს. ამგვარ ქცევას კი იმით ამართლებს, რომ წინაპრების ტრადიციებს მისდევს და ვალს იხდის მათ წინაშე, რადგან წინაპრებმა ამ ტრადიციისთვის თავი გასწირეს (თუმცა ზოგი ‘’მრავალსაუკუნოვანი’’ტრადიცია სსრკ-ს დროინდელია). აქ ერთი რამ შეიძლება ითქვას: ჩვენი წინაპრები, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ხალხები, იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. იმ დროს თავისუფლება გარკვეულ ფასეულობებში გამოიხატებოდა. თავისთავად, ეს ფასეულობები ტრადიციებში იყო ასახული. არ არსებობს სამუდამო ტრადიცია, ყველაფერი დროებითი და ცვალებადია. მუდმივი და უცვლელი მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლა და სრულყოფილებისკენ სწრაფვაა.
ბუნებაში არ არსებობს ქართველობის განმსაზღვრელი ‘’მატრიცა’’, ერთგვარი სამუდამო კრიტერიუმები, რისგან გადახვევაც არაქართულ ქცევად შეიძლება ჩაითვალოს. ქართველობა წოდება არ არის, რომ ვინმეს მინიჭონ ან ჩამოართვან. ქართველია ყველა, ვინც თავის თავს ქართველად თვლის. საზოგადოების ‘’სახის’’ ფორმირების უფლება ნებისმიერ ქართველს თანაბრად აქვს და რაიმე სიახლის შემოტანა, მითიური, ხილული და უხილავი მტრისგან თავს მოხვეული კი არა, სრულუფლებიანი მოქალაქის თავისუფალი არჩევანია. საზოგადოების ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი ბედი და მოიქცეს პირადი მრწამსის მიხედვით. დავა იმაზე თუ ვისი გემოვნებაა ‘’სწორი’’ აზრს მოკლებულია, რადგან აქ შეთანხმება შეუძლებელია. საკუთარი ეთიკური თუ ესთეტიკური ნორმების სხვისთვის თავსმოხვევა ფუჭი ძალისხმევაა–არაფერი არ გამოვა. საჯარო სივრცე, სახელმწიფო ინსტიტუტები რომელიმე ჯგუფის მრწამსით ვერ მოეწყობა–ეს შეუძლებელია. გამოსავალი ის არის, რომ მრწამსის მიხედვით პირად ცხოვრებაში იმოქმედო და განსხვავებული მრწამსის ადამიანებს შორის ურთიერთობა კანონმა არეგულიროს, კანონოთ კი მხოლოდ ერთი რამ–ძალადობა უნდა იკრძალებოდეს.
საზოგადოების განვითარების გზა არსებულის მუდმივად გადაფასება და ახლის დამკვიდრებაა. საზოგადოების თავისუფლება მისი წევრის მიერ, საკუთარი ნებით არჩევანის გაკეთების საშუალებას ნიშნავს. ხოლო, არჩევანი რომ გააკეთო, ასარჩევი უნდა გქონდეს.